Facebook Twitter

საქმე №ას-1450-2022 24 იანვარი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,ჰ.ლ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ქალაქ თბილისის N169-ე საჯარო სკოლა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სსიპ ქალაქ თბილისის N169-ე საჯარო სკოლის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ჰ.ლ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 01 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი საიჯარო ქირის 26307,25 ლარის გადახდა, ასევე საურავი, გადაუხდელი ანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6887,43 ლარის ოდენობით გადახდა, ასევე დარჩენილი კომუნალური გადასახადები 4368.32 ლარი.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მოპასუხის წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის ქვედა ინსტანციაში დაბრუნება არსებითად განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლითაც კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში დაევალა ხარვეზის შევსება.

აღნიშნულ განჩინებაზე კასატორმა ხარვეზის შევსების ვადის დაცვით წარადგინა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით კასატორს დამატებით გაეზარდა ხარვეზის შევსების ვადა ხუთი დღით, რომელიც ჩაბარდა სატელეფონო კომუნიკაციის გზით 2023 წლის 09 იანვარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ჰ.ლ–ის“ დირექტორს დამატებით განესაზღვრა ხუთ დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. აღნიშნული განჩინება კასატორს ეცნო სატელეფონო კომუნიკაციის გზით 2023 წლის 09 იანვარს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ხუთ დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 10 იანვარს და ამოიწურა 16 იანვარს (14 და 15 იანვარი იყო შაბათ-კვირა).

მოცემული პერიოდის მანძილზე, კასატორს არ შეუვსია ხარვეზი, ასევე არ წარმოუდგენია შესაბამისი სახის შუამდგომლობა, რის გამოც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა გაუშვა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადა, რაც წარმოშობს საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივ წინაპირობას.

რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ჰ.ლ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე