Facebook Twitter

საქმე №ა-1536-შ-32-2021 10 ნოემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „T. H. M. B.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-ე.“ (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (GAFTA) 2021 წლის 16 თებერვლის 17-810 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 6.2.1 პუნქტი (საარბიტრაჟო საქმე №17-810)

შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა - მოწინააღმდეგე მხარის სახელზე რეგისტრირებული მოძრავი ნივთების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა

დავის საგანი – საარბიტრაჟო ხარჯების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G.) 11.10.2019წ. გადაწყვეტილებით (საარბიტრაჟო საქმე №17-810) შპს „გ-ე–ს“ (შემდეგში - საარბიტრაჟო მოპასუხე) შპს „T.H.M.B ”-ის (შემდეგში - საარბიტრაჟო მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი) სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 39 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 19.03.2019წ.-დან გადახდის თარიღამდე წლიურად 4%, რომელიც დარიცხული იქნება 3 თვიანი პერიოდის მქონე რთული პროცენტის სახით, აგრეთვე, არბიტრაჟის ხარჯები.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით 28.05.2020წ. მიმართა საარბიტრაჟო მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა. შუამდგომლობის ავტორმა ასევე მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და საარბიტრაჟო მოპასუხის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საარბიტრაჟო მოპასუხეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 39 000 აშშ დოლარი, ხოლო, არბიტრაჟის ხარჯების დაკისრების ნაწილში, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა განუხილველი დარჩა, იმ მოტივით, რომ უცხო ქვეყნის, წარმოდგენილი გადაწყვეტილება არ შეიცავდა მითითებას, კონკრეტულად რა ოდენობის ხარჯი დაეკისრა მოწინააღმდეგე მხარეს.

4. შუამდგომლობის ავტორმა, საქართველოს უზენაეს სასამართლოს კვლავ მომართა შუამდგომლობით, მოითხოვა, საარბიტრაჟო ხარჯის დაკისრება საარბიტრაჟო მოპასუხისთვის.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვა შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე, იმ მოტივით, რომ ცნობისა და აღსრულებისთვის წარმოდგენილი გადაწყვეტილება არ შეიცავდა განსაზღვრულ დათქმას, თუ ვის უნდა დაკისრებოდა საარბიტრაჟო ხარჯი და ვის მიმართ.

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს კვლავ მომართა, შუამდგომლობის ავტორმა, მოითხოვა, მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G.) 2021 წლის 16 თებერვლის 17-810 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 6.2.1 პუნქტის, რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ 8 278 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის გადახდა დაეკისრა (საარბიტრაჟო საქმე №17-810), ცნობა-აღსრულება, ასევე მოითხოვა საპროცესო ხარჯების გადახდა - იურიდიული მომსახურების ხარჯი - 773 ევრო, ნოტარიუსის ხარჯი - 44.12 ლარი, 2020 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების მიღებისთვის გაწეული საფასური - 975.12 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი, 2021 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების მიღებისთვის გაწეული საფასური - 964.40 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი და გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 200 ლარი. ამასთან, შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა, წარმოდგენილი, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, საარბიტრაჟო მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული 7 სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების გასხვისება და აკრძალვა (ორ ავტომობილზე დაწესდა შეზღუდვა).

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G–A) 2021 წლის 16 თებერვლის 17-810 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 6.2.1 პუნქტის (საარბიტრაჟო საქმე №17-810) ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და აღსასრულებლად მიექცა მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G–A) 2021 წლის 16 თებერვლის 17-810 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 6.2.1 პუნქტი (საარბიტრაჟო საქმე №17-810), რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა არბიტრაჟის გადასახდელებისა და ხარჯებისთვის - 8 278 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის გადახდა, აგრეთვე, შუამდგომლობის ავტორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარი.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორმა, მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება.

10. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარეს, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით ცნობილი და აღსასრულებლად მიქცეული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ნაწილისა, დამატებით უნდა დაეკისროს შუამდგომლობის ავტორის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების ხარჯი 773 ევრო, ნოტარიუსის ხარჯი 44.12 ლარი, 2020 წლის 10 აგვისტოს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების მიღებისთვის გაწეული ხარჯი 975.12 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი და 2021 წლის 16 თებერვლის უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების მიღებისთვის გადახდილი საფასური 964.40 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი არგუმენტაციით:

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.

12. აქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35620 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

13. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული ნიუ-იორკში, 1958 წლის 10 ივნისს (შემდგომში - „ნიუ-იორკის კონვენცია“), გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

14. ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს, როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება. იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებისთვისაც გამოიყენება ეს კონვენცია, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას არსებითად უფრო მძიმე პირობები ან უფრო მაღალი ბაჟი ან მოსაკრებლები იმასთან შედარებით, რომლებიც არსებობს შიდა გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის.

15. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შუამდგომლობის ავტორმა, საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით დამატებით ორჯერ მომართა. პირველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით უარი ეთქვა შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე იმ მოტივით, რომ ცნობისა და აღსრულებისთვის წარმოდგენილი 2020 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანი იყო, კერძოდ, არ ირკვეოდა თუ ვის წინაშე იყო მყიდველი პასუხისმგებელი გადაეხადა ნასყიდობის საფასური. მეორედ წარმოდგენილი, იმავე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნის პასუხად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ნაწილში დარჩა განუხილველი. კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ 2021 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი საარბიტრაჟო ხარჯების დაკისრების ნაწილში ბუნდოვანი იყო, არ შეიცავდა მითითებას, კონკრეტულად რა ოდენობის საარბიტრაჟო ხარჯი დაეკისრა მოპასუხეს.

17. ამდენად, საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში მოხმობილი მსჯელობისა და დასახელებული განჩინებების გაანალიზების საფუძველზე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ნაწილობრივ, მხოლოდ იურიდიული მომსახურებს - 773 ევროს დაკისრებისა და ნოტარიული ხარჯის - 44.12 ლარის დაკისრების ნაწილშია საფუძვლიანი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 10 აგვისტოსა და 2021 წლის 16 თებერვლის უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილები ბუნდოვანი იყო, რის გამოც მხარეს დამატებითი ღონისძიებების გატარება დასჭირდა, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა, აღნიშნული ვერ გახდება მოწინააღმდეგე მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „T.H.M.B“-ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „გ. ე–სს“ შპს „T.H.M.B“-ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების 773 ევროსა და ნოტარიუსის ხარჯის გადახდა 44.12 ლარის ოდენობით.

3. შპს „T.H.M.B.“-ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს „გ.ე–თვის“ 2020 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების მიღებისთვის 975.12 ბრიტანული ფუნტი სტერლინგისა და 2021 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების 964.40 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე