საქმე №ას-1578-2022 26 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი– ლ.ღ–ი, მ.ღ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე– ი.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი–უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ი.გ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ღ–ისა (შემდგომ – პირველი მოპასუხე) და მ.ღ–ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საკუთრების უფლება გააჩნია სადავო უძრავ ნივთზე, რომელსაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობენ მოპასუხეები და, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, სადავო ქონებას არ ათავისუფლებენ.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მათი მითითებით, მხარეებს შორის რეალურად დაიდო არა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რასაც ფიზიკურ პირებს შორის კანონმდებლობა კრძალავს. მხარესთან მიდიოდა მოლაპარაკება ვადის გაგრძელების თაობაზე, რათა ვალდებულება შესრულებულიყო, თუმცა ხელშეშლა გამოიწვია მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ და მსოფლიო პანდემიამ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა - სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. ამავე სასამართლოს 2021 წლის21 დეკემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, ხოლო მოპასუხეთა საჩივარს ეთქვა უარი, რაც მათ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ დარჩა ძალაში შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2021 წლის 8 ივლისს, 12 საათზე.
7. 2021 წლის 8 ივლისის სასამართლო სხდომა პირველი მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო სხვა დროისთვის, ვინაიდან განცხადებაში მხარემ მიუთითა, რომ ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ „კოვიდ 19“, ხოლო თავად იმყოფებოდა თვითიზოლაციაში (განცხადებს თანდართული დოკუმენტი არ ჰქონია). მომდევნო სასამართლო სხდომა ჩაინიშნა 2021 წლის 30 სექტემბერს, რაც მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ.
8. 2021 წლის 30 სექტემბერს მოპასუხეთა წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, ვინაიდან მოცემულ დღემდე საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებით ვალდებულება მხარეს მის მიმართ შესრულებული არ ჰქონდა და მხოლოდ იმავე დღის 14.10 საათზე აცნობეს, რომ 16 საათზე ჩანიშნული იყო სასამართლო სხდომა, თუმცა წარმომადგენელი ვერ შეძლებდა გამოცხადებას, რადგან იმ დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჰქონდა ჩანიშნული სხდომა (განცხადებს თანდართული დოკუმენტი არ ჰქონია). ადვოკატმა 2021 წლის 13 ოქტომბერს წარადგინა ცნობა მცხეთის რაიონული სასამართლოდან, მისი სხდომაში მონაწილეობის თაობაზე (ს.ფ. 59-61).
9. 2021 წლის 30 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა ამავე სხდომაზე გადაიდო 2021 წლის 19 ოქტომბერს, 14.00 საათზე. სასამართლო უწყებას სხდომაზე ხელი მოაწერა მოსარჩელემ (ს.ფ. 57), ხოლო მოპასუხე მხარეს, კერძოდ, ადვოკატს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით (ს.ფ. 58).
10. 2021 წლის 19 ოქტომბერს, 14:00 საათზე გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეები არ გამოცხადდნენ. სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელის შუამდგომლობის შესაბამისად, საქმეზე მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
11. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სხდომის თარიღისა და დროის შესახებ მოპასუხეების წარმომადგენელს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნულის შესახებ შედგა სატელეფონო აქტი (იხ. რწმუნებულება ს.ფ. 39-40; აქტი ს.ფ. 58).
12. 2021 წლის 19 ოქტომბერს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები (მათი წარმომადგენელი) და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის, ხოლო მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო.
13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 230-241-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას სასამართლოს უფლება აქვს, გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოუცხადებელი მხარის მიმართ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური საფუძველი წარმოიშობა გარკვეული წინაპირობების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში. საქმე შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოპასუხეების მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, რისთვისაც პირველ რიგში უნდა შეფასდეს, თუ რამდენად არსებობდა მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი, რაც გულისხმობს შემდეგი წინაპირობების დაცულობას: 1) მოწინააღმდეგე მხარე მოწვეული უნდა იყოს სასამართლოს სხდომაზე სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით; 2) არ უნდა არსებობდეს სსსკ-ის სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები; 3) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.
14. საქმის მასალებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2021 წლის პირველ ოქტომბერს მოპასუხეების წარმომადგენელს ეცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 19 ოქტომბერს, 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომისა და სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდების მოვალეობა ეკისრება გამოუცხადებელ მხარეს. მოპასუხეებს (წარმომადგენელს) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.
16. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება და მიიჩნია, რომ მოპასუხეთა გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული არ ყოფილა.
17. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
18. სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია, განემარტა კანონმდებლის დათქმა - „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად ხელს შეუშლის მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ წარდგენილ 2021 წლის 21 დეკემბრის №622 ცნობაში (ს.ფ. 103), რომელიც ერთვის სააპელაციო საჩივარს, ასახული ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ პირდაპირ არ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით, მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ ვერ მიიჩნევა. მეტიც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ცნობაში მითითებული მკურნალობის დაწყებამდე 2 თვით ადრე იქნა მიღებული, შესაბამისად, ცნობა არა თუ არ ადასტურებს მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, არამედ საერთოდ არარელევანტურია, რადგან სრულებით არ ემთხვევა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროსა და თარიღს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ 2021 წლის 21 დეკემბერს არის მიღებული განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, სსსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე, მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. ამდენად, აღნიშნული კიდევ ერთი საფუძველია იმისა, რომ 2021 წლის 21 დეკემბერს მხარის გამოცხადება სავალდებულო არ იყო და საპატიო თუ არასაპატიო მიზეზის არსებობა ამ შემთხვევაში არარელევანტურია.
19. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მითითება, რომ მათ სურდათ მორიგება და სადავო ქონება მათი ერთადერთი საცხოვრებელი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის გათვალისწინებით, მხარეებს ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში მორიგდნენ. აღნიშნული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების არ მიღებას ან უკვე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ამ საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების რაიმე წინაპირობა არ არსებობს.
20. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობად არ შეაფასა სააპელაციო საჩივარში ასახული მითითებაც, რომ სადავო უძრავი ქონება მოპასუხეთა ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენდა, მსგავსი კატეგორიის საქმეებში აღნიშნული გარემოების მითითება არავითარ ზეგავლენას არ ახდენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებაზე, ვინაიდან სსსკ-ის 233-ე მუხლში დასახელებული მხოლოდ 4 გარემოების არსებობა არის ის საფუძველი და წინაპირობა, რომელსაც შეუძლია დღის წესრიგში დააყენოს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკითხი და მოქმედი კანონმდებლობა სხვა რაიმე საფუძველს არ ითვალისწინებს.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ არც მოპასუხეები და არც მათი წარმომადგენელი, თუმცა გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ მათ სასამართლოსათვის არ უცნობებიათ. ამასთან, არც მოგვიანებით წარმოუდგენიათ რაიმე სახის მტკიცებულება საპატიოობასთან დაკავშირებით.
22. სააპელაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობა არ ყოფილა გამოწვეული საპატიო მიზეზით, ამასთან, მხარეებს და მათ წარმომადგენელს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ მიუთითებიათ, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებები.
23. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები ითვლება დადასტურებულად, მაგრამ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ ეს დადასტურებულად (დამტკიცებულად) ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას, ხოლო თუ არ ამართლებენ, მაშინ სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელზე უარის თქმის შესახებ.
24. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციისს ასამართლოს მსჯელობა, რომ სასამართლომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანესსაკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
26. კასატორმა მხარემ მიიჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილითა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით.
27. მხარის მითითებით, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ უსწორობას ქმნის ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტთა სურვილი, სასამართლოს დახმარებით მიეღწია მოსარჩელესთან მორიგებისათვის. სააპელაციო პალატამ აღნიშნულის გამო სასამართლო სხდომის ჩანიშვნა საჭიროდაც კი არ ჩათვალა.
28. კასატორებმა აღნიშნეს, რომ პროცესის დღეს აცნობეს სასამართლოს გამოუცხადებლობის საფუძვლები, რაც ამ უკანასკნელმა არ გაითვალისწინა. სამართლებრივი თვალსაზრისით წინამდებარე დავა მარტივია, მაგრამ ფაქტობრივად საქმე ეხება ერთადერთი საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხის გამოსახლებას. სადავო ფართში მოპასუხეებთან ერთად ცხოვრობენ მისი ხანდაზმული დედა, შვილი და არასრულწლოვანი ბავშვი. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლით განმტკიცებული უფლებანი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად და უფლება, უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში. ადამიანის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ბინით ანუ საცხოვრებელი სახლით, არსებითად დაირღვევა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
30. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
32. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2021 წლის 8 ივლისს, 12 საათზე.
33. 2021 წლის 8 ივლისის სასამართლო სხდომა პირველი მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო სხვა დროისთვის, ვინაიდან განცხადებაში მხარემ მიუთითა, რომ ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ „კოვიდ 19“, ხოლო თავად იმყოფებოდა თვითიზოლაციაში (განცხადებს თანდართული დოკუმენტი არ ჰქონია). მომდევნო სასამართლო სხდომა ჩაინიშნა 2021 წლის 30 სექტემბერს, რაც მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ.
34. 2021 წლის 30 სექტემბერს მოპასუხეთა წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, ვინაიდან მოცემულ დღემდე საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებით ვალდებულება მხარეს მის მიმართ შესრულებული არ ჰქონდა და მხოლოდ იმავე დღის 14.10 საათზე აცნობეს, რომ 16 საათზე ჩანიშნული იყო სასამართლო სხდომა, თუმცა წარმომადგენელი ვერ შეძლებდა გამოცხადებას, რადგან იმ დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჰქონდა ჩანიშნული სხდომა (განცხადებს თანდართული დოკუმენტი არ ჰქონია). ადვოკატმა 2021 წლის 13 ოქტომბერს წარადგინა ცნობა მცხეთის რაიონული სასამართლოდან სხვა საქმის განხილვაში მისი მონაწილეობის თაობაზე (ტომი 1, ს.ფ. 59-61).
35. 2021 წლის 30 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა ამავე სხდომაზე გადაიდო 2021 წლის 19 ოქტომბერს, 14.00 საათისათვის. სასამართლო უწყებას სხდომაზე ხელი მოაწერა მოსარჩელემ (ტომი 1, ს.ფ. 57), ხოლო მოპასუხე მხარეს, კერძოდ, ადვოკატს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით (ტომი 1, ს.ფ. 58).
36. 2021 წლის 19 ოქტომბერს, 14:00 საათზე გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეები არ გამოცხადდნენ. სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
38. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით. ორივე მხარის მონაწილეობას პროცესში აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობა, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლოს საშუალებას აძლევს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მაგრამ, რა უნდა მოიმოქმედოს სასამართლომ, როცა საქმის განხილვაზე არ ცხადდება ერთ–ერთი მხარე (რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ) და არც არაფერი აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ? საქმის განხილვა და ამ საქმეზე მრთლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ერთ–ერთი მხარის ნება - სურვილზე.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს ერთ–ერთი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას იმ მხარის წინააღმდეგ, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე. დაუსწრებელი გადაწყვეტილება - ესაა სასამართლო სხდომაზე ( როგორც მოსამზადებლ სხდომაზე, ასევე მთავარ სხდომაზე) გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. (ასევე მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში).
40. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. (იხ. დამატებით: ს.ჩხაიძე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო პროცესში - ძირითადი პრობლემები, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, „მართლმსაჯულება და კანონი“№4 (35), 2012, გვ.41.).
41. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, 4. სარჩელში მითითებული გარემოებები (ფაქტები) იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ( იხ. ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თეორია და პრატიკა, თბ.,2022, გვ. 46).
42. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა სასამართლოს მხრიდან მოიაზრებს დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.
43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ სასამართლო „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
44. მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც მოსარჩელე მხარე სარჩელში უთითებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან. რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც საქმის განმხილველი შემადგენლობა ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. საქმის განხილვაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობა, თუნდაც ეს არასაპატიო მიზეზით იყოს განპირობებული, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება, გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს გამოცხადებული მხარის ყველა პრეტენზია. სწორედ ამგვარი თვითნებობის თავიდან აცილებას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა.
45. მოცემულ შემთხვევაში კასატორი მხარე საკასაციო საჩივარში შემოიფარგლა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმის განხილვის დღეს აცნობა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ.
46. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
47. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომლებიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
48. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეეებმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთეს ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც საქმის განხილვაზე მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეფასდებოდა.
49. წინამდებარე დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას.
50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).
51. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
52. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინაამდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
53. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
54. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვიდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში; ( შდრ: სუსგ №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022).
55. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუს 3.02.2021წ. საქმე ას-136-2019, 29.01.2021წ., საქმე №ას-1437-2020, 24.12.2020წ., საქმე №ას-1274-2020 31.02.2020წ.).
56. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ირიცხება მოსარჩელე, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხეების მფლობელობაშია. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და სააპელაციო პალატამ იგი კანონიერად დატოვა ძალაში.
57. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორთა მითითება, რომ სადავო ფართი მათი ერთადერთი საცხოვრებელია. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა ვერ გახდება.
58. პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც პირის უფლების აღიარება, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით (ჩეპმენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Chapman v. the United Kingdom), განაცხადი no. 27138/95, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2001 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 99) ან როგორც პირის უფლება, იცხოვროს გარკვეულ ადგილას (გარიბი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Garib v. the Netherlands), განაცხადი no. 43494/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 141). კონვენციის მე-8 მუხლის ძალით სახელმწიფოზე დაკისრებულ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის გამყოფი ზღვარი ხშირად რთული დასადგენია. შესატყვისი პრინციპები მსგავსია. ორივე შემთხვევაში უნდა დამყარდეს სამართლიანი წონასწორობა კონფლიქტურ ინტერესებს შორის. „შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა უნდა იყოს ცხადი, წინასწარგანჭვრეტადი და სათანადოდ ხელმისაწვდომი. პირს უნდა შეეძლოს კანონის შესაბამისად მოქმედება. აგრეთვე, ცხადად უნდა იყოს განსაზღვრული საჯარო ხელისუფლებისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში სათანადო ღონისძიებების მიღება. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა გონივრული სიცხადით უნდა მიუთითებდეს იმ ფარგლებსა და გზებზე, რომლითაც უნდა განხორციელდეს საჯარო ხელისუფლებისთვის დელეგირებული დისკრეცია ისე, რომ პირები უზრუნველყოფილნი იყვნენ დაცვის მინიმალური ხარისხით, რომლის უფლებაც მათ აქვთ სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში. რაც შეეხება წინასწარგანჭვრეტადობას, ფრაზა „კანონის შესაბამისად“ ამ კონტექსტში გულისხმობს, inter alia, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა საკმარისად განჭვრეტადი უნდა იყოს, რათა სათანადოდ მიანიშნოს ინდივიდებს იმ გარემოებებსა და პირობებზე, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც, ხელისუფლებას უფლება აქვს, გამოიყენოს უფლებათა შემზღუდველი ღონისძიებები. ევროპული სასამართლო მოითხოვს, რომ პირებს უნდა შეეძლოთ, გონივრულად განჭვრიტონ, სულ მცირე, იურისტის რჩევით, რომ მათზე შეიძლება კანონის მოქმედება გავრცელდეს“ (იხ. საცხოვრისის უფლება /საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის მიმოხილვა/; ავტორი - ნანა მჭედლიძე; 2019; 38-39; რედაქტორი- ნინო კალატოზიშვილი).
59. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სავინდიკაციო სარჩელის შემთხვევაში მოპასუხის არგუმენტი, რომ ის უსახლკაროა და არ აქვს სხვა საცხოვრისი, არ არის საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ, რომ შეაფერხოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელება ან საერთოდ გამორიცხოს მისი დაკმაყოფილება ( იხ. სუსგ-ები: № ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022 წ.; №ას-870-2021, 6 ივლისი, 2022 წ.; 6.07.2022წ; №ას-509-2020, 31 ივლისი, 2022 წ.;№ ას- 1326-2021, 13 აპრილი, 2022 წ.; № ას-5-2022, 28 მარტი, 2022 წ.; № ას-1377-2021, 23 მარტი, 2022 წ.).
60. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიმართ არ დარღვეულა არც მორიგებით დავის დასრულების უფლება, ვინაიდან სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მორიგების მიღწევა, მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც, შესაბამისად, აღნიშნული კუთხით კასატორის კანონიერი ინტერესი არ დარღვეულა.
61. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
62. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
63. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
64. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ფ.კ–ას მიერ 2022 წლის 26 დეკემბერს №15553054425 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ღ–ისა და მ.ღ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს - ლ.ღ–სა (პირადი №......) და მ.ღ–ს (პირადი №.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ფ.კ–ას მიერ 2022 წლის 26 დეკემბერს №15553054425 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე