Facebook Twitter

საქმე №ას-1513-2022 26 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს–კი ...“, გ.კ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.ბ.ჯ–ა“(მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „გ.ბ.ჯ–ამ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს–კი ...-ისა“ (შემდგომ – მოპასუხე შპს) და გ.კ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 900 ლარის ანაზღაურების შესახებ. (იხ. სარჩელი, ს.ფ.5).

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2018 წლის 17 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე შპს-ს შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას, მოპასუხისათვის სარეალიზაციოდ მიეწოდებინა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური პროდუქცია, კერძოდ ლუდი „აისი“, „ჰაინეკენი“, „კრუშოვიცე“ და სხვა.

3. 2018 წლის 17 მარტს მოპასუხემ, მოპასუხე შპს-თან ერთად, სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა, ზემოხსენებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე (მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოშობილი დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე). პროდუქციის მიწოდება ხორციელდებოდა 2017 წლის 8 აგვისტოდან 2018 წლის 11 მაისამდე პერიოდულად, გაყიდვების მაჩვენებლისა და მოპასუხე შპს-ს შეკვეთის გათვალისწინებით, მოპასუხის ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, ამასთან, საფასურს მხარე იხდიდა ძირითადად მიწოდებისთანავე, ნაღდი ანგარიშსწორებით. შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ადგილს წარმოადგენდა მოპასუხის ფაქტობრივი მისამართი (რაც დასტურდება თანდართული ზედნადებებით).

4. მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ოდენობამ ერთობლივად შეადგინა 2037.32 ლარი, საიდანაც მოპასუხე შპს-ის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 1581.60 ლარი, შესაბამისად, არსებული დავალიანებაა 455.62 ლარი, რაც, მოსარჩელის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ არ გადაიხადა. 2018 წლის 17 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.2%-ს, შესაბამისად, 2018 წლის 11 მაისიდან (დავალიანების წარმოშობიდან) მოყოლებული 2019 წლის 7 ნოემბრამდე, სულ - 7463.05 ლარს.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ - 455.2 ლარის ძირი თანხის დავალიანების ნაწილში ცნეს, ასვე მიუთითეს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 900 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 455.62 ლარი და პირგასამტეხლო - 444.38 ლარი.( იხ. ს.ფ.116).

7. საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის განჩინებით მოპასუხეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად ( იხ. ს.ფ.139), რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინებით ( იხ. ს.ფ.161) მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 365-ე მუხლით და განმარტა, რომ ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა მოითხოვეს გადაწყვეტილების სრულად გაუქმება, რომლითაც მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 900 ლარის გადახდა. აღნიშნულზე დაყრდნობით, სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 900 ლარს, რაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, დავის საგნის ღირებულების კუთხით, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, ამდენად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა არ არსებობს.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განიხილა მათ მიერ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივარი, როგორც სააპელაციო საჩივარი და უკანონოდ დატოვა იგი განუხილველად, რადგან დავის საგანი 2000 ლარს არ აღემატებოდა.( იხ. კერძო საჩივარი, ს.ფ. 168).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

15. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ №ას-506-2021, 12 ნოემბერი, 2021 წელი).

17. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.

18. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 900 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 455.62 ლარი და პირგასამტეხლო - 444.38 ლარი.

19. საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის განჩინებით მოპასუხეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ აღემატება.

21. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტი, რომ მათ შეიტანეს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით და არა სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან მოპასუხეთა საჩივარზე 2021 წლის 18 მაისის განჩინებით იმსჯელა საქალაქო სასამართლომ. საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, რაზეც მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

22. საკასაციო პლატაა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის თანახმად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით. (სუსგ №ას-16-2022, 04 მარტი, 2022 წელი).

23. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების თაობაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის მიმართ, დაცული უნდა იქნეს სსსკ-ის 365-ე მუხლის დანაწესი. ( იხ. ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თეორია და პრატიკა, თბ., 2022, გვ.202).

24. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა სსკ-ის 365-ე მუხლთან მიმართებით და კანონიერად დატოვა იგი განუხილველად აღნიშნული საფუძვლით. ( შდრ: სუსგ №ას-1040-2021, 01 დეკემბერი, 2021 წელი).

25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს–კი ..-ის“და გ.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე