Facebook Twitter

საქმე №ას-1512-2022 26 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.ა-ო–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ო–ძე(მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ა.ო–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ა-ო–ნის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 8000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 27 მარტს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გაცემული მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილება მიანიჭა მოპასუხეს, მოეხდინა მოსარჩელის კუთვნილი ბინის პრივატიზება და შეესრულებინა ყველა ის მოქმედება, რაც საჭირო იყო ამ დავალების შესასრულებალად.

3. 2014 წლის 7 აპრილს მოსარჩელემ გასცა ახალი მინდობილობა მოპასუხის სახელზე, რომელიც ბინის პრივატიზაციისა და მოსარჩელის სახელზე აღრიცხვასთან ერთად, უფლებას აძლევდა მოპასუხეს, მოეხდინა სესხის უზრუნველსაყოფად ამ ბინის იპოთეკით დატვირთვა.

4. 2015 წლის 14 მაისს მოპასუხესა და მაია სირაძეს (შემდგომ - ფიზიკური პირი) შორის დაიდო სესხის, იპოთეკისა და ბინათსარგებლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ ფიზიკური პირისაგან ისესხა 7 000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონება. ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკურ პირს უფლება ჰქონდა, ეცხოვრა იპოთეკით დატვირთულ ბინაში. მოსარჩელისათვის ბინის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე ცნობილი არ იყო. აღნიშნული ფაქტი მან მხოლოდ 2018 წლის ნოემბერში შეიტყო.

5. 2016 წლის 27 აპრილს შედგენილი ხელწერილით მოპასუხემ აღიარა ფიზიკური პირისაგან 7000 აშშ დოლარისა და დამატებით 1000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. ხელწერილით განისაზღვრა, რომ სესხის დაბრუნების ბოლო ვადა იქნებოდა 2018 წლის 27 აპრილი.

6. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ნასესხები თანხა მოიხმარა მხოლოდ პირადი საჭიროებისათვის, მოსარჩელისათვის არაფერი გადაუცია და არც კრედიტორისათვის თანხა არ დაუბრუნებია. ბინის დაკარგვისათვის თავის აცილების მიზნით, მოსარჩელე იძულებული გახდა, თავად დაეფარა სესხი და კუთვნილი უძრავი ქონება იპოთეკისაგან გაეთავისუფლებინა. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ მოსარჩელეს თანხა არ აუნაზღაურა.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ - 3 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხეს 2014 წლის 27 აპრილსა და 2014 წლის 7 აპრილს გაცემული მინდობილობის საფუძველზე მოსარჩელემ მიანიჭა უძრავი ქონების პრივატიზების უფლებამოსილება, რომელიც უნდა აღერიცხა მოსარჩელის სახელზე და სესხის უზრუნველსაყოფად დაეტვირთა იპოთეკით. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება იპოთეკით იყო დატვირთული. მოპასუხის მიერ სესხის სახით აღებული თანხიდან 5 000 აშშ დოლარი მოხმარდა მოსარჩელის ბინის რემონტს, კერძოდ, მოპასუხემ შეიყვანა გაზი, შეცვალა სანტექნიკა, დაამონტაჟა რკინის კარი. ასევე, გასწია ხარჯები მოსარჩელის მამის მკურნალობისა და დაკრძალვისათვის. მოსარჩელის მიერ იპოთეკარისათვის თანხის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, რადგან ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული არ იყო, შესაბამისად, არ არსებობდა არც ბინის დაკარგვის რისკი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 000 აშშ დოლარის გადახდა ( იხ. ს.ფ.130), რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ( იხ. ს.ფ.179) შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის, სახელმწიფო ბაჟის - 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, ემსჯელა სახელმწიფო ბაჟისაგან აპელანტის გათავისუფლების შუამდგომლობაზე.

11. ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს. გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2022 წლის 30 ივნისს, ხოლო ამავე წლის 4 ივლისს აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ.

12. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა მხარეს გაუგრძელდა, თუმცა აპელანტის წარმომადგენელმა 3 აგვისტოს კვლავ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ.

13. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა დამატებით 10 დღით. მითითებული განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს. გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2022 წლის 30 აგვისტოს, ხოლო ამავე წლის 2 სექტემბერს აპელანტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადავადება.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის წარმომადგენელს უკვე არაერთხელ ეთქვა უარი სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ იმ საფუძვლით, რასაც წარმომადგენელი შუამდგომლობაში უთითებდა. ამასთან, პალატამ განუმარტა მხარეს, რომ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი არ შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ის გარემოება, რომ აპელანტი იმყოფება საზღვარგარეთ. სასამართლო უფლებამოსილი იყო, გადაევადებინა ან შეემცირებინა სახელმწიფო ბაჟი, თუ მხარე სათანადო მტკიცებულებით, დამაჯერებლად დაასაბუთებდა თავის მძიმე ქონებრივ მდგომარეობასა და ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. მხარისათვის ასეთი შეღავათის მიცემა დამოკიდებული იყო მის ქონებრივ მდგომარეობაზე. ქონებრივი მდგომარეობის შეფასება უნდა მომხდარიყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარის მიერ წარდგენილი ამ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე.

15. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ მუხლი 5), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც მათ სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს. შესაბამისად, მხარეებმა არ შეიძლება ბოროტად გამოიყენონ მათი უფლება-მოვალეობები, საქმის გაჭიანურების ან მეორე მხარის უფლებების ხელყოფის მიზნით.

16. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული სამოქალაქო საქმე განსახილველი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, გადაეცა სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისს. მას მერე სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და რამდენჯერმე მიეცა დამატებით გონივრული ვადა მითითებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. მიუხედავად ამისა, მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს აპელანტის მიერ საქმის განხილვის ვადის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობა, რაც ზიანს აყენებს მოწინააღმდეგე მხარის კანონით დადგენილ უფლებებს. ამდენად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხის წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

19. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, რადგან აპელანტი სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონეა და, მძიმე ქონებრივი მდგომარების გამო, ვერ შეძლებდა ამ ეტაპზე თანხის გადახდას. ამასთან, აპელანტი იმყოფებოდა საზღვარგარეთ, შესაბამისად, ესაჭიროება დრო თავისი გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარსადგენად. (იხ. კერძო საჩივარი, ს.ფ. 190).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

22. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

23. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

24. განსახილველი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის, სახელმწიფო ბაჟის - 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, ემსჯელა სახელმწიფო ბაჟისაგან აპელანტის გათავისუფლების შუამდგომლობაზე. აღნიშნული საპროცესო ვადა აპელანტის თხოვნით გაგრძელდა. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 აგვისტოს განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა დამატებით 10 დღით. მითითებული განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს. გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2022 წლის 30 აგვისტოს, ხოლო ამავე წლის 2 სექტემბერს ამ უკანასკნელმა კვლავაც მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადავადება თავდაპირველად მითითებული საფუძვლით, რომ აპელანტი იმყოფება საზღვარგარეთ.

25. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

26. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტ მხარეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, სრულიად საკმარისი და გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, დადგენილი ხარვეზი მხარეს არ აღმოუფხვრია - სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია და არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოსათვის, რომ იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, არამედ კვლავაც იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იმავე საფუძვლით, რომელზეც მანამდე არაერთხელ ეთქვა უარი.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ვალდებულია, გონივრული ვადა დაუდგინოს მხარეს და ხელი შეუწყოს არსებული ხარვეზის აღმოფხვრაში, თუმცა საპროცესო ვადის უსაფუძვლოდ გაგრძელება გამოიწვევს საქმის განხილვის გაუმართლებელ გაჭიანურებას და უარყოფითად აისახება მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესზე, მიიღოს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება.

29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს (სსსკ-ის მე-5 მუხლი). ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარის ერთი და იგივე შინაარსის დაუსრულებელი შუამდგომლობები ამ შედეგის მიღწევის მიზანს სცილდება. ზემოაღნიშნულის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე -იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. ევროსასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლო ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.

30. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

31. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში.

33. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დაარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.

34. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები ( შდრ: სუსგ №ას-1324-2018, 16 ნოემბერი, 2018; №ას-743-2022, 4 ივლისი, 2022 წელი).

37. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე ვერ დაასაბუთა, რის გამოც მის მოთხოვნას მართებულად ეთქვა უარი, ხოლო წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კი სწორად დარჩა განუხილველად.

38. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ა-ო–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე