საქმე №ას-1029-971-2015 26 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი–შპს „ხ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ს–ი (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა – უძრავი ქონების მიმართ დადგენილი შეზღუდვის მოხსნა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
1. მოწინააღმდეგე მხარე შპს „ხ–ი“ კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს კასატორ დ.ს–ს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი მორიგების აქტის დამტკიცებიდან შემდგომი 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში ყოველთვიურად, ყოველი თვის ბოლო კალენდარულ დღეს 2083,33 (ორი ათას ოთხმოცდასამი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდით;
2. თანხის გადახდა უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დ.ს–ის საბანკო ანგარიშზე, შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: მიმღები: დ.ს–ი, პირადი № ...... ბანკი: თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22; ა/ა GE35TB7942645064300004;
3. თანხის სრულად გადახდამდე შპს „ხ–ს“ აეკრძალოს ქ.თბილისში, ......... (ნაკვ. #...) მდებარე კუთვნილი 8904 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების /მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ..... გასხვისება, რისთვისაც საჯარო რეესტრში შპს „ხ–ის“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდეს შეზღუდვა;
4. მორიგებით გათვალისწინებული პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ (მორიგების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევა გადახდის ნებისმიერ ეტაპზე) შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს „ხ–ს“ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველდღიურად 25 ლარის ოდენობით. საპატიოდ ჩაითვლება და პირგასამტეხლოს დარიცხვას არ გამოიწვევს ვადაგადაცილება არაუმეტეს 20 დღისა;
5. ამ მორიგების აქტით დადგენილი გრაფიკით განსაზღვრული თანხების გადახდის ვადის დარღვევა წარმოადგენს კასატორისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და მოწინააღმდეგე მხარის მიმართ იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველს.
6. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან – 2015 წლის 11 დეკემბრიდან;
7. მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის ყველა გადაწყვეტილება;
8. საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.
2. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 13 იანვარს განცხადებით მომართა შპს „ხ–ის“ დირექტორმა დ.ქ–ძემ და მოითხოვა ქ.თბილისში, ........ (ნაკვ. ......) მდებარე კუთვნილი 8904 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...... მიმართ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული შეზღუდვის - გასხვისების აკრძალვის გაუქმება, ვინაიდან მხარეთა მორიგებით დადგენილი პირობები განმცხადებელმა სრულად შეასრულა და თანხა მოსარჩელეს გადაუხადა, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც თან ერთვის განცხადებას. 2023 წლის 23 იანვარს კრედიტორმა - დ.ს–მა დაადასტურა, რომ შპს „ხ–ს“ სრულად აქვს დაფარული მის მიმართ არსებული დავალიანება და აღარ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტით გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძველი. (იხ. 2023 წლის 23 იანვრის ტელეფონით შეტყობინების აქტი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სამოქალაქო დავაზე, დ.ს–ის სარჩელის გამო, შპს „ხ–ის“, დ.ქ–ძისა და დ.ჩ–ნის მიმართ 50 000 ლარის დაბრუნების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
ა. მოწინააღმდეგე მხარე შპს „ხ–ი“ კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს კასატორ დ.ს–ს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი მორიგების აქტის დამტკიცებიდან შემდგომი 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში ყოველთვიურად, ყოველი თვის ბოლო კალენდარულ დღეს 2083,33 (ორი ათას ოთხმოცდასამი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდით.
ბ. თანხის გადახდა უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დ.ს–ის საბანკომ ანგარიშზე, შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: მიმღები: დ.ს–ი, პირადი ....., ბანკი: თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBSBGE22; ა/ა GE35TB7942645964300004;
გ. თანხის სრულად გადახდამდე შპს „ხ–ს“ აეკრძალოს ქ.თბილისში, ...... (ნაკვ. #...) მდებარე კუთვნილი 8904 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების /მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ..../ გასხვისება, რისთვისაც საჯარო რეესტრში შპს „ხ–ის“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდეს შეზღუდვა;
დ. მორიგებით გათვალისწინებული პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ (მორიგების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევა გადახდის ნებისმიერ ეტაპზე) შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს „ხ–ს“ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველდღიურად 25 ლარის ოდენობით. საპატიოდ ჩაითვლება და პირგასამტეხლოს დარიცხვას არ გამოიწვევს ვადაგადაცილება არაუმეტეს 20 დღისა;
ე. ამ მორიგების აქტით დადგენილი გრაფიკით განსაზღვრული თანხების გადახდის ვადის დარღვევა წარმოადგენს კასატორისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და მოწინააღმდეგე მხარის მიმართ იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველს.
ვ. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან – 2015 წლის 11 დეკემბრიდან.
5. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შპს „ხ–ის“ დირექტორის მიერ 2023 წლის 13 იანვარს წარმოდგენილ განცხადებას მორიგების პირობების ფარგლებში უძრავ ქონებაზე დარეგისტრირებული შეზრუდვის მოხსნის შესახებ, დაერთო სს „ს.ბ–ში“ არსებული შპს „ხ–ის“ ანგარიშიდან ამონაწერი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 2016 წლის 4 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შპს „ხ–ი“ დ.ს–ს ურიცხავდა თანხას, მორიგების პირობების შესაბამისად. მოსარჩელის მიმართ №GE35TB7942645064300004 ანგარიშზე განხორციელდა სულ 12 გადარიცხვა, ყოველ ჯერზე თანხის ოდენობა შეადგენდა 2084 ლარს, ბოლო გადარიცხვა - 2085 ლარს.საბოლოოდ მოსარჩელეს ჩაერიცხა 25 009 ლარი.
6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
7. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანმდებიან. 2023 წლის 23 იანვარს კრედიტორმა - დ.ს–მა დაადასტურა, რომ შპს „ხ–ს“ სრულად აქვს გადახდილი მორიგების აქტით განსაზღვრული ფულადი თანხა და აღარ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტით გათვალისწინებული უძრავ ნივთზე დარეგისტრირებული შეზღუდვის საფუძველი.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ხ–ის“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შპს „ ხ–ის“ მიმართ მოიხსნას აკრძალვა ქ.თბილისში, .... (ნაკვ. №...) მდებარე 8904 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების/მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .... გასხვისებაზე და გაუქმდეს საჯარო რეესტრში შპს „ხ–ის“ კუთვნილ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირებული შეზღუდვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ხ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ხ–ის“ მიმართ მოიხსნას აკრძალვა ქ.თბილისში, ..... (ნაკვ. №...) მდებარე 8904 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების/მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...... გასხვისებაზე და გაუქმდეს საჯარო რეესტრში შპს „ხ–ის“ კუთვნილ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირებული შეზღუდვა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე