Facebook Twitter

საქმე №ა-3387-შ-92-2021 17 იანვარი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – კ.ს.ს.ს-კ.გ. „ტ“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.ი–ი“ ( F)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღიარებას მხარე მოითხოვს – უკრაინის, ზაპოროჟიეს საოლქო სამეურნეო სასამართლოს 20.03.2019 წლის გადაწყვეტილება (საქმე N 908/1574/16)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. უკრაინის, ზაპოროჟიეს საოლქო სამეურნეო სასამართლოს 20.03.2019 წლის გადაწყვეტილებით (საქმე N 908/1574/16) (შემდგომში „უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება“) კ.ს.ს.ს-კ.გ. „ტ–ას“ სარჩელი შპს „ფ.ი–ის“ ( F) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ფ.ი–ს“ ( F) (საქართველო, ქ. თბილისი, ...., კოდი .....) კ.ს.ს.ს-კ.გ. „ტ–ას“ (69.., უკრაინა, ქ. ზაპოროჟიე, ..., კოდი ...) სასარგებლოდ, დაეკისრა 25 204.70 აშშ დოლარის (რომელიც გრივნაში ეკვივალენტურია უკრაინის ეროვნული ბანკის კურსით, გადაწყვეტილების მიღების დღის მდგომარეობით 684 580.57 გრნ.), 9 444.20 გრნ.- სასამართლო მოსაკრებლის და 13 756.83 გრნ. - ადვოკატის პროფესიული დახმარების ხარჯების გადახდა. მოთხოვნა დარჩენილ ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით კ.ს.ს.ს-კ.გ–ბა „ტ–ამ“ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

4. მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოში წარმოადგინა წერილობითი მოსაზრება, რომლითაც არ დაეთანხმა შუამდგომლობას და სადავოდ მიიჩნია მისი ინფორმირება უკრაინის, ზაპოროჟიეს საოლქო სამეურნეო სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში "კანონი") 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

6. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. ამავე კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.

8. საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში „საერთაშორისო ხელშეკრულება") პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და ნოტარიუსებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეებმა.

9. საერთაშორისო ხელშეკრულების 41-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადაწყვეტილებათა აღსრულების ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, აღსრულების ნებართვაზე შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს: 1) სასამართლოს მიერ დამოწმებული გადაწყვეტილების ასლი, ოფიციალური დოკუმენტი ამ გადაწყვეტილების კანონონიერ ძალაში შესვლის შესახებ, თუ ასეთი არ გამომდინარეობს თვით გადაწყვეტილების ტექსტიდან, ასევე ცნობა მისი აღსრულების შესახებ, თუ გადაწყვეტილება ადრე სრულდებოდა ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის ტერიტორიაზე; 2) დოკუმენტი, საიდანაც ჩანს, რომ მოპასუხეს, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია პროცესში დროულად და სათანადო ფორმით, თუნდაც ერთხელ ჩაბარდა უწყება სასამართლოში გამოძახების შესახებ; 3) ამ მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მეორე ქვეპუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების დამოწმებული თარგმანები.

10. მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოში წარმოდგენილ წერილობითი მოსაზრებაში სადავოდ მიიჩნევს მის ინფორმირებას უკრაინის, ზაპოროჟიეს საოლქო სამეურნეო სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ.

11. პალატა მიუთითებს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება შეიცავს მსჯელობას მასზე, რომ მოპასუხეს ვერ ჩაჰბარდა 15.11.2018 წლის გზავნილი და დაბრუნდა უკან, ხოლო შემდეგ განვითარებულია მსჯელობა, რომ გზავნილების მოპასუხის წარმომადგენელზე ჩაბარების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სათანადოდ ინფორმირებულია სასამართლო სხდომის თარიღის, დროისა და ადგილის - 20.03.2019.წ, 12:00 საათზე - შესახებ (ტ.1, ს.ფ.18). მოპასუხისთვის/წარმომადგენლისათვის თავად გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის, შუამდგომლობას ერთვის მხოლოდ უკრაინის ზაპოროჟიეს საოლქო სამეურნეო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა მასზე, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო (ტ.1, ს.ფ.46). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე (შუამდგომლობაზე დართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაცია გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია), პალატას მიაჩნია, რომ სრულყოფილად დაცული არ არის საერთაშორისო ხელშეკრულების 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები და წარმოდგენილი არ არის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც სასამართლოს მიეცემა საშუალება იმსჯელოს - არსებობს თუ არა სართაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის დამაბრკოლებელი გარემოება (მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა იმის გამო, რომ მას ან მის წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაჰბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება).

12. აქვე პალატა დამატებით განმარტავს, რომ შუამდგომლობის განსახილველად დანიშნულს სხდომაზე შუამდგომლობის ავტორის სახელით გამოცხადდა არაუფლებამოსილი წარმომადგენელი (სსკ-ის 98-ე, 440-ე მუხლები), რის გამოც სასამართლომ გადადო სასამართლო სხდომა მინდობილობაში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. ხარვეზი არ გამოსწორებულა. 17.01.2023 წელს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

14. სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად. საკასაციო სასამართლო შუამდგომლობის ავტორს განუმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, შუამდგომლობის ავტორს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების 41-ე მუხლით, სსსკ-ის 187-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.ს.ს.ს-კ.გ. „ტ–ას“ შუამდგომლობა უკრაინის, ზაპოროჟიეს საოლქო სამეურნეო სასამართლოს 20.03.2019 წლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე