საქმე №ას-563-2020 15 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.მ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.გ–ნი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.12.2019 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (სარჩელით), უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.04.2019 წლის გადაწყვეტილებით თ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“ ან “მესაკუთრე“) სარჩელი ი.გ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, .........., სადარბაზო 2, სართული 2, ბინა N31 (ს/კ ........) (შემდეგში „სადავო უძრავი ნივთი“, „ბინა“) და თავისუფალი გადაეცა მოსარჩელეს. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სადავო უძრავი ნივთის შიდა სარემონტო სამუშაოების ღირებულების 2919.52 ლარის და გარე სამუშაოების ჩატარებაზე გაწეული ხარჯის 6607 ლარის გადახდა. მოთხოვნა შიდა სარემონტო სამუშაოების - 7 080.48 ლარის და გარე სამუშაოების ღირებულების 15 393 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელით მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.12.2019 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მოსარჩელე 1981 წლიდან მუშაობდა სახაზინო საწარმო ,,თ–ში’’ მექანიკოსად. 31.03.1993 წელს შპს ,,თ–ის’’ საოქმო გადაწყვეტილებით ,,თ–ის’’ თანამშრომლებზე განაწილდა ფართები. ,,თ–ის’’ N2 მმს პროფკომიტეტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს გადაეცა სადავო უძრავი ნივთი. სწორედ მითითებული გადაწყვეტილება გახდა მოგვიანებით საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. სადავო უძრავი ნივთი მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება 11.02.2014 წლიდან.
3.2. სადავო უძრავი ნივთი წლების მანძილზე არის მოპასუხის მფლობელობაში, იგი მას ფაქტობრივად დაეუფლა 2005 წლიდან, კორპუსში შესახლებულ სხვა მობინადრეებთან ერთად. კომუნალური მომსახურება (წყალი, გაზი, დენი) რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე.
3.3. უძრავ ნივთებზე, რომლის მისამართია ქ.თბილისი, ......, კორპ, #205 (ს/კ ......) და #204 ს/კ ......), თავდაპირველად საკუთრება დარეგისტრირდა 22.05.2006 წელს. 22.05.2006 – 30.08.2006 წლებში უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრების უფლება, 30.08.2006-16.01.2008 წლებში - შპს „თ–ის“ საკუთრების უფლება, 16.01.2008 – 19.03.2008 წლებში - სახელმწიფოს, ხოლო 19.03.2008 – 05.08.2010 წლებში - ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება, 05.08.2010-12.08.2010 წლებში უძრავ ნივთზე მიტოვებული იყო საკუთრების უფლება; 12.08.2010 წლიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია სახელმწიფოსა და ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება.
3.4. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე უძრავი ქონების არამართლზომიერი/არაკეთილსინდისიერი მფლობელია, რამდენადაც არ დგინდება მისი მფლობელობის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო წინაპირობის არსებობა. როდესაც საქმე უძრავ ქონებას შეეხება, პირის სუბიექტური დამოკიდებულება ნივთის ფაქტობრივ ბატონობაზე არ შეიძლება კეთილსინდისიერად შეფასდეს, ვინაიდან უძრავ ნივთზე საკუთრება რეგისტრაციაუნარიანი უფლებაა. მფლობელის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 164-ე მუხლი და ამავე კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილი. სარჩელის წარმატებას განაპირობებს შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა: არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა ქონებაზე უნდა გაწიოს ხარჯები (შეგნებულად ან შეცდომით); ქონების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების მომენტში კვლავ უნდა არსებობდეს გაუმჯობესებანი; ამ გაუმჯობესების შედეგად ქონების მიმღები უნდა გამდიდრდეს.
3.5. დანახარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის ელემენტების მტკიცების ტვირთი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება ხარჯების გამწევს. მოპასუხის მხრიდან ფაქტის მხოლოდ უარყოფა - მარტივი შედავება შესაძლოა, მტკიცების საგანზე გავლენას არც ახდენდეს, რაც შეეხება კვალიფიციურ შედავებას, იგი სასამართლოს წარმოუშობს ვალდებულებას, ამ შედავების ფარგლებში, სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს მტკიცებულებები. მოპასუხე შესაგებლით შეედავა, როგორც ხარჯის გაწევას, ისე - მის ოდენობას და აუცილებლობას, თუმცა კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია. პირველი ინსტანციის სასამართლომ კრიტიკული შეფასება მისცა მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნებს, მათ შორის, გამოიკვლია ხარჯების გაწევამდე უძრავი ქონების მდგომარეობა, ხარჯების გაწევის აუცილებლობა, ქონების დაბრუნების დროისათვის მოსარჩელის მიერ განხორციელებული გაუმჯობესებანი და იყო თუ არა ქონების დაბრუნების დროისათვის გაუმჯობესებანი შენარჩუნებული.
3.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.02.2019 წლის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, სადავო უძრავ ნივთში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 2013 წლის II კვარტლის დონეზე განისაზღვრა 2 919.52 ლარით.
3.7. 22.12.2016 წლის ,,ბ.ა–ის’’ საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, ....... მდებარე კორპუსებში (№204 და 205) და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დაიხარჯა ჯამში 620 407.11 ლარი, საიდანაც 31 050 ლარი დაიხარჯა კორპუსის შიდა წყალგაყვანილობის რეაბილიტაციისთვის და შიდა გაზგაყვანილობის მონტაჟისთვის, 589 357 ლარი - გარე სამუშაოების წარმოებისთვის. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა შეიცავს ინფორმაციას სამუშაოთა შესრულების ხანდაზმულობის შესახებ, კერძოდ - თუ რომელი სამუშაო რომელ წელს განხორციელდა. აქედან გამომდინარე, დგინდება კონკრეტულად შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ სადავო ბინაზე რა შიდა თუ გარე სამუშაოები შესრულდა და რა თანხის ფარგლებში, ამასთან, ამავე დასკვნის მიხედვით, ტერიტორიაზე ჩატარებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია კორპუსის მაცხოვრებლების, 27 ოჯახის მიერ. ასეთი მოცემულობით კი დასკვნა წარმოადგენს რემონტის ხარჯის დამდგენ რელევანტურ მტკიცებულებას.
3.8. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ........, მდებარე N204 და N205 კორპუსების მაცხოვრებლების, 27 ოჯახის მიერ სარემონტო სამუშაოები შესრულდა 2005-2012 წლებში.
3.9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს დანახარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების ყველა სავალდებულო წინაპირობა - მათ შორის შეგებებული სარჩელით მოპასუხის გამდიდრება. სასამართლოს განმარტებით, „მფლობელობის“ ცნება არ იზღუდება „არსებულ რეალურ მფლობელობად“, არამედ შეიძლება მოიცავდეს მოთხოვნებს, რომლებთან დაკავშირებითაც მხარეს შეუძლია იდავოს, რომ მას გააჩნია სულ მცირე გარკვეული მოლოდინი იმისა, რომ შეძლებს საკუთრების უფლებით სარგებლობას. როდესაც განიხილება მფლობელის სუბიექტური დამოკიდებულების საკითხი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ბინასთან დაკავშირებით, სახელმწიფო, მისი სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციებიდან გამომდინარე, არ შეიძლება გაიგივდეს ჩვეულებრივ მესაკუთრესთან. სასამართლო მიიჩნევს, რომ გაუმჯობესებანი სადავო ქონებაზე სხვადასხვა პირის უფლების რეგისტრაციის პერიოდში ჩატარდა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს შეგებებული სარჩელით მოპასუხის გამდიდრებას, რადგანაც უდავოდ არის დადგენილი, რომ მან ნივთზე საკუთრების რეგისტრაციის უფლება მოიპოვა 1993 წლიდან, ე.ი აღნიშნული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტიდან გამომდინარე, 1993 წლიდან მას ჰქონდა უფლება მიეღო უძრავი ნივთი, რომელიც იმყოფებოდა შავი კარკასის, მოუვლელ მდგომარეობაში და რომ არა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ შესრულებული გაუმჯობესებანი, მას ნივთი გადაეცემოდა კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ის 1993 წლამდე იმყოფებოდა. უსაფუძლო და დაუსაბუთებელია მოპასუხის მითითება, რომ გამდიდრდა სახელმწიფო და სწორედ მას უნდა დაეკისროს ხარჯების ანაზღაურება. სასამართლოს მითითებით, პირი, რომელმაც შეიძლება მიიღოს, დაეუფლოს და ისარგებლოს გაუმჯობესებული ქონებით, არის მხოლოდ შეგებებული სარჩელით მოპასუხე. ნივთზე განხორციელებული სამუშაოებით სახელმწიფო არ გამდიდრებულა, გამდიდრდა ნივთის დღევანდელი მესაკუთრე. ის ფაქტი, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2014 წელს, არ ცვლის ფაქტს მის უსაფუძვლო გამდიდრებასთან მიმართებით. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება კონკრეტულ კონდიციამდე მისული ქონება გადაეცა მისთვის, შესაბამისად, ნებისმიერი გაუმჯობესება სარგებლის მომტანია უშუალოდ ამჟამინდელი მესაკუთრისათვის, რაც წარმოშობს მის პასუხისმგებლობას ხარჯების ანაზღაურებაზე.
3.10. უდავოა, რომ №204 და 205 კორპუსებში სულ 108 ბინაა, მობინადრე კი 27 ოჯახია. 22.12.2016 წლის დასკვნაში მითითებული ხარჯის ნაწილი - 31 050 ლარი, რომელიც კორპუსის შიდა წყალგაყვანილობის რეაბილიტაციის და შიდა გაზგაყვანილობის მონტაჟისთვის გასწიეს კორპუსების მობინადრეებმა, დაკავებული ბინების რაოდენობაზე, 27-ზე უნდა გაიყოს, რადგან სამუშაოების ხასიათის გათვალისწინებით, დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ შიდა წყალგაყვანილობა და შიდა გაზმომარაგების მონტაჟი უშუალოდ მობინადრეების მიერ დაკავებულ ბინებში მოხდა და ამ ღირებულების სამუშაოების ჩატარებით 108 ბინიდან მხოლოდ 27 ბინის (მათ შორის სადავო უძრავი ნივთის) მდგომარეობა გაუმჯობესდა. რაც შეეხება სხვაობას - 589 357 ლარს, ეს თანხა უნდა გაიყოს არა კორპუსის მობინადრეთა რაოდენობაზე - 27-ზე, არამედ ორივე კორპუსში არსებული ბინების რაოდენობაზე, 108-ზე, რადგან სასამართლო მიიჩნევს, რომ სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა არა მხოლოდ 27 ბინის, არამედ ორივე კორპუსში განთავსებული ყველა ბინის, ესე იგი, მთლიანად 108 ბინის მდგომარეობა, რომელიც ამ შენობაში არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრისთვის ნივთით გამართული სარგებლობის ინტერესს ემსახურება. შესაბამისად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა 22 000 ლარის ოდენობით ხარჯის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შეგებებული სარჩელით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მხოლოდ იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც უშუალოდ შეეხო მისი კუთვნილი ბინის გაუმჯობესებას. შესაბამისად, შეგებებული სარჩელით მოპასუხის პასუხისმგებლობა განისაზღვრება 6607 ლარით (31 050/27=1150; 589 357/108=5457; 1150 + 5457=6607ლ).
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მფლობელის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 164-ე მუხლი და ამავე კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც სარჩელის წარმატებას განაპირობებს შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა: არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა ქონებაზე უნდა გაწიოს ხარჯები (შეგნებულად ან შეცდომით); ქონების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების მომენტში კვლავ უნდა არსებობდეს გაუმჯობესებანი; ამ გაუმჯობესების შედეგად ქონების მიმღები უნდა გამდიდრდეს. ამავდროულად, გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება ნივთი (სუსგ Nას-1245-1265-2011, 31.01.2012წ.; სუსგ Nას-1149-2018, 31.01.2022წ.). სსკ-ის 987-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის კვლევისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, მოსარჩელემ კონკრეტულად რა სახის ხარჯები გაიღო, რამდენად აუცილებელი იყო ამ ხარჯის გაწევა და ამით გაუმჯობესდა თუ არა სადავო ნივთი, თუ იგი მხოლოდ მოსარჩელის, როგორც ნივთის მოსარგებლის სპეციალური ინტერესებიდან გამომდინარე იქნა გაწეული. გამოსაკვლევი და შესაფასებელია ის გარემოებაც, რომ შესაძლებელი, ზოგ შემთხვევაში, აუცილებელი საჭიროების გამო, ნივთზე გაწეული ხარჯები უფლებამოსილი პირის ინტერესებში ყოფილიყო და, ბუნებრივია, მას მესაკუთრის გამდიდრება მოჰყოლოდა (სუსგ Nას-541-2021, 14.07.2021წ.).
9. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ იგი არ წარმოადგენს შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე ვალდებულ პირს, ვინაიდან სადავო უძრავ ნივთზე ხარჯები გაწეულია საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ მის რეგისტრაციამდე. სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მართალია, მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღირიცხა 2014 წელს, თუმცა უფლება უძრავ ნივთზე მოპოვებული ჰქონდა 1993 წლიდან და უბრუნდება ნივთი, რომელზე გაწეული ხარჯებითაც ის მდიდრდება.
10. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ სადავო უძრავ ნივთზე უფლება შეგებებული სარჩელით მოპასუხეს მოპოვებული ჰქონდა სახაზინო საწარმო „თ–ის“ მმს N2-ის ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 31.03.1993 წლის სხდომის ოქმის საფუძველზე და ამ დროიდან შეეძლო მისი მართლზომიერად ფლობა (უდავოა, რომ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების მოწმობის გაცემას სწორედ ეს დოკუმენტი დაედო საფუძვლად), თუმცა სადავო უძრავი ნივთი მაშინ არ იყო საცხოვრებლად ვარგისი. მხოლოდ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯებით გახდა შესაძლებელი ბინით მიზნობრივი სარგებლობა და მოსარჩელემ მოითხოვა მისი ვინდიცირება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ნებისმიერი გაუმჯობესება სარგებლის მომტანია უშუალოდ ამჟამინდელი მესაკუთრისთვის/შეგებებული სარჩელით მოპასუხისთვის, რაც წარმოშობს მის პასუხისმგებლობას ხარჯების ანაზღაურებაზე.
11. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, ,,სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი I, ჭანტურია (რედ), თბილისი, 2017, მუხლი 8, ველი 1, 10-12).
12. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურსამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.; სუსგ №ას-189-2020, 20.04.2021წ.).
13. დანახარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის ელემენტების მტკიცების ტვირთი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება ხარჯების გამწევს, კერძოდ, ის არის ვალდებული, მიუთითოს დამფუძნებელი ნორმის წინაპირობები და იმის მიხედვით, თუ რომელ ფაქტებს შეედავება მოპასუხე, განისაზღვრება მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები, რომლებიც უტყუარად უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ (მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ), აქვე უნდა განიმარტოს შედავების საფუძვლიანობა, რამდენადაც რიგ შემთხვევაში იგი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე: ძირითადად, მოპასუხის მხრიდან ფაქტის მხოლოდ უარყოფა - მარტივი შედავება, შესაძლოა, მტკიცების საგანზე გავლენას არც ახდენდეს, რაც შეეხება კვალიფიციურ შედავებას, იგი სასამართლოს წარმოუშობს ვალდებულებას, ამ შედავების ფარგლებში, სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს მტკიცებულებები და საკუთარ შინაგან რწმენაზე დაყრდნობით განსაზღვროს ფაქტის დადგენილად ცნობის საკითხი. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა (იხ. სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.). პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.02.2019 წლის ექსპერტიზის დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ ბინის შიდა სარემონტო სამუშაოების ღირებულება განსაზღვრა 2 919.52 ლარით, შედგენილია მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, რომელმაც თავადვე წარუდგინა იგი სასამართლოს (ტ.1, ს.ფ. 278-280; 282-295), რაც შეეხება დასკვნას გარე სამუშაოების ჩატარებაზე გაწეული ხარჯთან მიმართებაში, ამ კუთხით მესაკუთრეს (შეგებებული სარჩელით მოპასუხეს) ხარჯების გაწევის, მათი ოდენობის და ამ ხარჯების აუცილებლობის შესახებ კვალიფიციური შედავება არ წარუდგენია.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოებები, რომლებზეც წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ: ხარჯები გაწეულ იქნა ნივთით დანიშნულებისამებრ სარგებლობისათვის და არა, უბრალოდ, ნივთთან მფლობელის კავშირის გასაუმჯობესებლად; გაუმჯობესება შენარჩუნებულია, რაც სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის დაბრუნების მომენტში იწვევს მის გამდიდრებას (შდრ. სუსგ Nას-1149-2018, 31.01.2022წ.).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 476,32 ლარის 70% – 333.42 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. თ.მ–ძეს (პ/ნ: ........) უკან დაუბრუნდეს დ.ნ–ის (პ/ნ: .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 476,32 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 11.08.2020წ.) 70% – 333.42 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია