საქმე №ას-1176-2021 21 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.შ–ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ.შ–ნა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2021 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.10.2019 წლის გადაწყვეტილებით მ.შ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი ხ.შ–ნას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ქ. თბილისში, ........ მდებარე N233 ბინაში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“) ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულების ნაწილი, 13 861 ლარი.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქაალქო საქმეთა პალატის 21.07.2021 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. სადავო უძრავი ნივთი თანასაკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში ირიცხებოდა შ. შ–ის, მისი ძმის - მ. შ–ისა და მ. შ–ის მეუღლის - მ. შ–ის სახელზე.
3.2. მოსარჩელე 1989 წლიდან ფაქტობრივად ფლობდა სადავო უძრავი ნივთს და მის გაუმჯობესებაზე ხარჯები გასწია 2018 წლამდე.
3.3. 14.11.2018 წლიდან უძრავი ნივთი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის საკუთრებაა.
3.4. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ბინაში სარემონტო სამუშაოები შესრულდა 2018 წლამდე, ეი. მანამდე, სანამ იგი შ. შ–ის საკუთრება იყო.
3.5. მოსარჩელე ითხოვს სადავო უძრავ ნითზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. მისი მოთხოვნის საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 164-ე მუხლი (არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად. სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება). ამ ნორმით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: 1. უფლებამოსილი პირის გამდიდრების ფაქტი, 2. უფლებამოსილი პირის გამდიდრება უშუალოდ უნდა მოყვეს არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიერ ნივთზე გაწეულ ხარჯებსა და გაუმჯობესებას; 3. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესება მიმართული უნდა იყოს არსებულიდან უკეთესისაკენ და უნდა ზრდიდეს ნივთის ღირებულებას.
3.6. მოსარჩელე უძრავი ნივთის არაკეთილსინდისიერი, არამართლზომიერი მფლობელია და მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ სადავო ფართზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო სხვა პირის უფლება. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი ბინის კეთილმოსაწყობად მოსარჩელემ გასწია ხარჯი, რასაც, მართალია, ქონების გაუმჯობესება და მისი ღირებულების გაზრდა მოჰყვა შედეგად, თუმცა ამას მოპასუხის გამდიდრება არ მოჰყოლია, რადგან ნივთის გაუმჯობესება მოხდა ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე, ანუ 14.11.2018 წლამდე.
3.7. მოსარჩელის მოთხოვნა სხვის ნივთზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე, მოტივირებულია მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებით. მივიღეთ უსაფუძვლოდ გაწეულ ხარჯებზე მოსარჩელის მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების ორი სამართლებრივი საფუძველი: სანივთო-სამართლებრივი (სსკ-ის 164-ე მუხლი) და კონდიქციურ-ვალდებულებითი (სსკ-ის 987-ე მუხლის პირველი ნაწილი).
3.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ მაშინაც, თუ მოსარჩელის მოქმედებას შედეგად მოჰყვა მოპასუხის ქონების გაუმჯობესება და მისი ღირებულების გაზრდა, მოპასუხე ვერ გამდიდრდებოდა, რადგან გაუმჯობესება მოხდა მისთვის სადავო ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემამდე. ნივთის გაუმჯობესებით ქონებრივი გამდიდრების შედეგი მოპასუხის მიმართ არ დამდგარა. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე სხვაგვარი მოცემულობის არსებობის შემთხვევაშიც, კერძოდ, მოპასუხის უფლებრივი წინამორბედის გამდიდრებისას, გასათვალისწინებელი იქნებოდა გარემოება, რომ მოპასუხეს სადავო უძრავი ნივთი საკუთრებაში გადაეცა ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივ საფუძველზე (სსკ-ის 524-ე მუხლი), საიდანაც გამომდინარეობს დასკვნა, რომ გამჩუქებლის ქონებრივ ვალდებულებებზე დასაჩუქრებული პასუხს არ აგებს.
3.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-3, 208-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო 5000 ლარის ნაწილში, ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ლარის გადახდა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მფლობელის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 164-ე მუხლი და ამავე კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც სარჩელის წარმატებას განაპირობებს შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა: არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა ქონებაზე უნდა გაწიოს ხარჯები (შეგნებულად ან შეცდომით); ქონების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების მომენტში კვლავ უნდა არსებობდეს გაუმჯობესებანი; ამ გაუმჯობესების შედეგად ქონების მიმღები უნდა გამდიდრდეს. ამავდროულად, გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება ნივთი (სუსგ Nას-1245-1265-2011, 31.01.2012 წ., Nას-529-2019, 27.05.2021 წ.).
9. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სსკ-ის 164-ე მუხლის მიხედვით ქონების არაკეთილსინდისიერი მფლობელია, ვინაიდან არ დგინდება მისი მფლობელობის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო წინაპირობის არსებობა. უფრო მეტიც, ვინაიდან საქმე უძრავ ნივთს შეეხება, პირის სუბიექტური დამოკიდებულება ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელების თაობაზე არ შეიძლება კეთილსინდისიერად შეფასდეს, ვინაიდან უძრავ ნივთზე საკუთრება რეგისტრაციაუნარიანი უფლებაა (სსკ-ის 311.1. მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა) (სუსგ Nას-529-2019, 27.05.2021 წ.).
10. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ საცხოვრებელი ბინის კეთილმოსაწყობად მოსარჩელემ ხარჯი გასწია მასზე მოპასუხის საკუთრების უფლების წარმოშობამდე - ჩუქების ხელშეკრულების (სსკ-ის 524-ე მუხლი) დადებამდე (14.11.2018 წლამდე). იქამდე მოპასუხეს რაიმე უფლება სადავო უძრავ ნივთზე არ გააჩნდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ქმედების შედეგად მოპასუხე ვერ გამდიდრდებოდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (შდრ: სუსგ Nას-817-1094-05, 18.11.2005წ.). აქვე პალატა მიუთითებს, რომ 5000 ლარის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო მოპასუხის დისპოზიციური ნების გამოვლენა და სარჩელის ნაწილობრივ ცნობა (სსსკ-ის 208-ე მუხლი).
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
12. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
13. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2022 წლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 602 ლარის 30%-ის, 180.6 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.შ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. მ.შ–ნს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2022 წლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 602 ლარის 30%-ის, 180.6 ლარის გადახდა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია