Facebook Twitter

საქმე №ას-106-2022 15 ნოემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.ე–ნი, ა.ე–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.05.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - პროცენტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 06.05.2021 წლის გადაწყვეტილებით სს ,,ლ.ბ–ის’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კ.ე–ნს, (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „მსესხებელი“), რ.მ–ს, ა.ე–ნს და ფ.ე–ს (შემდეგში ტექსტში ერთად მოხსენიებული, როგორც „თავდებები“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები“, ა.ე–ნი პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული როგორც „კასატორები“) მოსარჩელის სასარგებლოდ №11169252 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ – 15018,15 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 8555,44 ლარი, პროცენტი – 5462,71 ლარი, ჯარიმა – 1000 ლარი. თავდებებს თანხა დაეკისრათ მათი პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის - 13390 ლარის ფარგლებში. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. 07.12.2016 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო N11169252 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 13 000 ლარი, 48 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი წლიური - 28%, პირგასამტეხლო - 1,0% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

1.2. 07.12.2016 წლის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ამავე დღეს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებითაც თავდებებმა იკისრეს ვალდებულება ბანკის წინაშე მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 13 390 ლარით.

1.3. სესხის დაფარვის გრაფიკი დაირღვა. მოპასუხეები გაფრთხილებულ იქნენ დავალიანების დაფარვის თაობაზე.

1.4. მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება – 16 668,15 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 8555,44 ლარი, პროცენტი – 5462,71 ლარი, ჯარიმა – 2650 ლარი. თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განსაზღვრულია 13 390 ლარის ფარგლებში.

1.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 867-ე, 361-ე, 873-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, დავალიანება არ გადაიხადა არც გაფრთხილების შემდეგ, გამსესხებელმა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება.

1.6. სსკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა სარჩელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც.

1.7. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სსკ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 2650 ლარი, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, უნდა შემცირებულიყო 1000 ლარამდე.

1.8. სასამართლომ სსკ-ის 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც თავდებებმა იკისრეს ვალდებულება ბანკის წინაშე მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 13 390 ლარით. ამ ფარგლებში თავდებებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა სასესხო დავალიანების გადახდაზე.

2. გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს და პროცენტის დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს კასატორებმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.12.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხეებისთვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის და გონივრულ ოდენობამდე შემცირებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კასატორებმა (მსესხებელმა და ერთ-ერთმა თავდებმა პირმა) შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - პროცენტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მსესხებლის და თავდები პირების მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868.1 (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი) (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), 891.1 (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად) და 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე), ასევე სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლები.

9. სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც მსესხებლის მიერ დაირღვა. კასატორები პრეტენზიას აცხადებენ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ მიუხედავად რამდენიმე თვის განმავლობაში თანხის გადაუხდელობისა, კრედიტორმა სსკ-ის 873-ე მუხლის შესაბამისად არ შეწყვიტა ხელშეკრულება და საპროცენტო სარგებლის დაკისრებით კიდევ უფრო დააზარალა მოპასუხე მხარე. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, კასატორების მითითებით, იგი სასამართლოს უნდა შეემიცრებინა სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად.

10. სსკ-ის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ, აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან, მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული (სუსგ Nას-145-135-2015, 23.04.2015წ.; სუსგ Nას-367-2019, 19.05.2021წ.). პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება თავისუფალი კონტრაჰირების გამოვლინებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი თავად წყვეტს, მიუხედავად კონტრაჰენტის მიერ ვალდებულებების დარღვევისა, დარჩეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში თუ შეწყვიტოს იგი. ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოადგენს კრედიტის გამცემის უფლებას და არა მის ვალდებულებას (შდრ. სუსგ Nას-68-2020, 03.06.2020წ.; სუსგ Nას-91-2021, 22.04.2021წ.).

11. საკრედიტო ურთიერთობებში შეთანხმება სარგებელსა და პირგასამტეხლოზე არ ეწინააღმდეგება კანონს, საზოგადოების ინტერესს, საჯარო წესრიგს ან სამართლებრივ ფასეულობებს. ამგვარ გარიგებათა ლეგიტიმაცია მოცემულია სსკ-ის როგორც ზოგად, ისე სპეციალურ სამართალურთერთობათა მარეგულირებელ ნორმებში, რაც სრულიად გამორიცხავს ვარაუდს მისი არალეგიტიმურობის შესახებ (სუსგ Nას-91-2021, 22.04.2021წ.). პალატა განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (შდრ. სუსგ. Nას-681-652-2016, 17.02.2017წ.; სუსგ Nას-226-2019, 24.04.2020წ.). ამდენად, უსაფუძვლოა კასატორების მითითება საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის გამო საკრედიტო დაწესებულების ქმედებების არაკეთილსინდისიერად მიჩნევის თაობაზე. რაც შეეხება კასატორების მსჯელობას სარჩელის შეტანის შემდგომ პერიოდზე საპროცენტო სარგებლის არასწორად დაკისრების თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მხოლოდ სარჩელის შეტანამდე პერიოდისათვის არსებული დავალიანების, მათ შორის საპროცენტო სარგებლის ანაზღაურება, რაც დაკმაყოფილდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით მსესხებელს და თავდებებს მათი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში დაეკისრა სარჩელის შეტანამდე არსებული დავალიანების გადახდა.

12. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სსკ აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; №ას-1056-2021,17.12.2021წ.).

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო სსკ-ის 417-418-ე მუხლების საფუძველზე მართებულად დააკისრა მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირების მიზნით გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და შეამცირა მისი ოდენობა 2650 ლარიდან 1000 ლარამდე, რაც გონივრული ოდენობაა და მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ არსებობს პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების რაიმე საფუძველი.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. კასატორები სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.ე–ნის და ა.ე–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია