საქმე №ას-628-2021 26 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.თ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.04.2021 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის და გამოუყენებული შვებულების ანაზღაურება.
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.01.2020 წლის გადაწყვეტილებით გ.თ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „კასატორი“) სარჩელი სს „ე–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“) მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის და გამოუყენებული შვებულების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. მოსარჩელე 14.07.2015 წლიდან 10.04.2019 წლამდე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში. 04.01.2016 წელს მოსარჩელესთან გაფორმდა უვადო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც იგი დაინიშნა განყოფილების უფროსი - სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შრომის შინაგანაწესი და კოლექტიური ხელშეკრულება იყო ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1250 ლარით.
1.2. შრომითი ხელშეკრულების:
1.2.1. მე-4 მუხლით დასაქმებული ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს სამუშაო სპეციალობის, კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, ამ ხელშეკრულების, თანამდებობრივი ინსტრუქციის, შრომის შინაგანაწესის, გენ. დირექტორის ბრძანებებისა და შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი სხვა დოკუმენტების შესაბამისად. დაიცვას შრომითი დისციპლინა, კერძოდ, არ დაუშვას დაგვიანება, გაცდენა, სამსახურში ალკოჰოლის, ნარკოტიკების ან სხვა ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა; დაიცვას შრომის დისციპლინა; სამუშაო დრო მთლიანად გამოიყენოს საზოგადოების მიზნებისათვის; თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც ხელს შეუშლის სხვა თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებას; დროულად შეატყობინოს ადმინისტრაციას თავისი სამუშაოს შესაძლო შეუსრულებლობის შესახებ; ყველა ღონე იხმაროს, რათა სასწრაფოდ აღმოიფხვრას ის მიზეზები, რომლებიც ხელს უშლის ან ართულებს ნორმალურ მუშაობას და დაუყოვნებლივ შეატყობინოს ადმინისტრაციას მომხდარის შესახებ; მუდმივად სრულყოს პროფესიული უნარ-ჩვევები; დაიცვას უსაფრთხოების ტექნიკის წესები; დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები; სამუშაო ადგილი, ჩარხები, აღჭურვილობა და ინვენტარი იქონიოს სუფთად, უზრუნველყოს მატერიალური ფასეულობების და მის დაქვემდებარებაში არსებული დოკუმენტაციის სათანადოდ შენახვა; დაიცვას სუბორდინაცია; გამოიჩინოს თავაზიანობა და კოლეგიალობა; შეინარჩუნოს კეთილგონივრული ურთიერთობა დანარჩენ თანამშრომლებთან (მიუხედავად პირადი სიმპათია-ანტიპათიისა) და არ დაძაბოს საერთო მდგომარეობა; იყოს ლოიალური საზოგადოების მიმართ, დაიცვას და შეინარჩუნოს კომპანიის ინტერესები და იმიჯი.
1.2.2. მე-6 მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების წესები განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსითა და შრომითი შინაგანაწესით. მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება ხდება შემდეგ შემთხვევებში: მათ შორის მუშაკის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ან წინამდებარე შრომის შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. ხელშეკრულების შესაბამისად დასაქმებული აცხადებს, რომ იგი გაეცნო შრომის შინაგანაწესს და ეთანხმება მის პირობებს; კოლექტიურ ხელშეკრულებას, ეთანხმება მის პირობებს.
1.3. მოპასუხის შინაგანაწესის თანახმად მუშაკი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს შრომითი ვალდებულებები თანამდებობის, სპეციალობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; დაიცვას სუბორდინაცია; გამოიჩინოს თავაზიანობა და კოლეგიალობა; შეინარჩუნოს კეთილგონივრული ურთიერთობა დანარჩენ თანამშრომლებთან (მიუხედავად პირადი სიმპათია-ანტიპათიისა) და არ დაძაბოს საერთო მდგომარეობა; იყოს ლოიალური საზოგადოების მიმართ, დაიცვას და შეინარჩუნოს კომპანიის ინტერესები და იმიჯი:
1.3.1. 6.3. პუნქტი - თანამშრომელს კატეგორიულად ეკრძალება ისეთი ქმედება, რომელიც ლახავს საზოგადოების ან მისი ხელმძღვანელი პირების საქმიან რეპუტაციას, ღირსებასა და პრესტიჟს.
1.3.2. 12.2. პუნქტი - ადმინისტრაცია შრომის დისციპლინის დამრღვევების მიმართ იყენებს დისციპლინურ სასჯელს: გაფრთხილება; საყვედური; სასტიკი საყვედური; სასტიკი საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით; განთავისუფლება.
1.3.3. 12.4. პუნქტი - მუშაკის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი დარგობრივი დირექტორის (სამსახურის უფროსის, საამქროს უფროსის) მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური დირექტორი გამოსცემს ბრძანებას დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესახებ, შესაბამისი მოტივის მითითებით.
1.3.4. 12.5. პუნქტი - სასჯელის დადებამდე შრომის დისციპლინის დამრღვევისაგან ითხოვენ ახსნა-განმარტებით ბარათს. მუშაკის უარი ახსნა-განმარტებაზე ხელს არ უშლის სასჯელის გამოყენებას მის მიმართ.
1.3.5. 12.7 პუნქტი - განსაკუთრებულ შემთხვევებში, შრომის დისციპლინის ან შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევისთვის, მუშაკის მიმართ, მსუბუქი დისციპლინური სასჯელების გამოუყენებლად, შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველაზე მკაცრი დისციპლინური სასჯელი - სამსახურიდან გათავისუფლება.
1.4. კოლექტიური ხელშეკრულების:
1.4.1. 4.16 პუნქტი - საზოგადოება იღებს ვალდებულებას, მოთხოვნის შემთხვევაში, მისცეს დასაქმებულს უხელფასო შვებულებით სარგებლობის უფლება არაუმეტეს 6 თვისა უწყვეტი სტაჟის შენარჩუნებით, თუ შვებულების მოთხოვნა გამოწვეულია საპატიო მიზეზით.
1.4.2. 4.18 პუნქტი - საზოგადოება იღებს ვალდებულებას დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის პერიოდში დასაქმებულებს მისცეს კუთვნილი შვებულების გამოყენების უფლება.
1.4.3. 4.1.12 პუნქტი - საზოგადოება იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს დასაქმებულთათვის ხელფასის გაცემა ყოველთვიურად, არაუგვიანეს ნამუშევარი თვის მომდევნო თვის 27 რიცხვისა.
1.5. მოსარჩელის გათავისუფლებამდე ბოლო 6 თვის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა საშუალოდ დასაბეგრ 1937.49 ლარს.
1.6. ა.ვ. ფ–ის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, 03.04.2019 წელს დაახლოებით 12:40 საათზე ქარხანასთან მივიდა მოსარჩელე პრეტენზიით, რომ იგი გაუშვეს შვებულებაში ანაზღაურების გარეშე. მან დაიწყო ფ–ის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ თავს დაესხა მუშტებით, განახორციელა რამდენიმე დარტყმა თავის არეში. ცვლის უფროსმა და გუშაგმა შეაჩერეს მოსარჩელის თავდასხმა.
1.7. შპს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ ცნობის თანახმად, ა. ფ–ი სტაციონარში მოთავსდა 03.04.2019 წელს, დიაგნოზით - თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა. პაციენტის გადმოცემით, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. პაციენტი შეყვანილია 112-ის მიერ, შემოსვლისას აღინიშნებოდა ნაფლეთოვანი ჭრილობა თხემის არეში ზომით 1-2 სმ, სისხლმდენი. განხორციელდა თავზე და კისერზე კანის გაკერვა.
1.8. მოპასუხის 10.04.2019 წლის ბრძანებით, მოსარჩელე შრომის ხელშეკრულების უხეში დარღვევის გამო, რაც გამოიხატა მისი უშუალო ხელმძღვანელის - უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (რომელიც იმავდროულად მოპასუხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია) მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში (თავისა და სახის არეში მიაყენა დაზიანებები) განთავისუფლდა სამსახურიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
1.9. მოსარჩელემ აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედების არამართლზომიერება და განაცხადა, რომ მზად იყო ბოდიში მოეხადა ა. ფ–ისთვის, თანამშრომელთა თანდასწრებით მოიხადა კიდეც ბოდიში, თუმცა ეს არ იქნა გათვალისწინებული და იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
1.10. მოსარჩელეს გარდა გასაჩივრებული ბრძანებით დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომისა, დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია.
1.11. მოპასუხის 2.11.2017 წლის N32 ბრძანებით მიღებული შეკვეთების მოცულობის გათვალისწინებით ხარჯების მინიმალიზაციისა და სამუშაო რეჟიმის ოპტიმიზაციის უზრუნველყოფის მიზნით დადგინდა: სამუშაოთა წარმოება ორგანიზებულ იქნა პერსონალის გამოძახებით, შესასრულებელი სამუშაოს სახეობებისა და მოცულობების შესაბამისად, პროდუქციის დამზადებისა და რემონტის მომსახურეობაზე არსებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობების გათვალისწინებით; დარგობრივ დირექტორებსა და სამსახურის უფროსებს დაევალა პერსონალის გამოძახება და სამუშაო გრაფიკის შედგენა განახორციელონ ობიექტურად, არ დაუშვან სუბიექტური მოსაზრებებით მუშაკთა შერჩევა, სიის გაზრდა ან მუშაკთათვის სამუშაო დღეების ხელოვნურად დამატება.
1.12. ნამუშევარი დროის აღრიცხვის ტაბელის თანახმად, მოსარჩელეს 2019 წლის აპრილის თვეში ნამუშევარი აქვს 2 დღე, სულ 16 საათი. ინციდენტის დღეს იგი მორიგე არ იყო. მოსარჩელესთან საბოლოო ანგარიშსწორება მოხდა 14.06.2019 წელს. მის პირად ანგარიშზე ჩაირიცხა 2222.94 ლარი, რაც შედგება შემდეგი თანხებისაგან: მარტის ხელფასი 1503.80 ლარი; აპრილის ხელფასი 160 ლარი; საბოლოო ანგარიში 559.14 ლარი. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა საწარმოს ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე თანამშრომლებისათვის ხელფასების დაგვიანებით ჩარიცხვის ფაქტი.
1.13. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 03.04.2019 წელს, მის არასამუშაო დროს, მივიდა მოპასუხე დაწესებულებაში და ანგარიშსწორების მიზნით თავს დაესხა უშუალო უფროსს, რომელიც იმავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. უდავოა, რომ მოსარჩელე მას ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც ა. ფ–ი გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა სამედიცინო მანიპულაციები, კერძოდ ჭრილობების დამუშავება/გაკერვა.
1.14. სასამართლომ მართლზომიერად მიიჩნია მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება.
1.15. შრომითი ხელშეკრულებით, შინაგანაწესით თუ კოლექტიური ხელშეკრულებით დასაქმებულს ევალებოდა დაეცვა სუბორდინაცია, გამოეჩინა თავაზიანობა და კოლეგიალობა, შეენარჩუნებინა კეთილგონივრული ურთიერთობა დანარჩენ თანამშრომლებთან და არ დაეძაბა საერთო მდგომარეობა. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის ქმედება - უშუალო უფროსის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, შრომის დისციპლინის ისეთი დარღვევაა, რომლისთვისაც დამსაქმებლის მხრიდან გარდა გათავისუფლებისა, სხვა დისციპლინური ღონისძიების გამოყენება პროპორციული ვერ იქნებოდა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მართლზომიერად დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ დასაქმებულის მხრიდან დამსაქმებლის მიმართ შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევა უფლებას არ აძლევს დასაქმებულს, აღნიშნული ფიზიკური ძალის გამოყენებით ძალადობის გზით „გამოასწოროს“.
1.16. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია არც სახელფასო და არც საშვებულებო ანაზღაურების სახით დავალიანება. სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ვ-თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. სშკ-ის 26-ე მუხლის შესაბამისად, ყოველთვიური ფიქსირებადი შრომის ანაზღაურების შემთხვევაში, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.
1.17. მოპასუხის 28.05.2019 წლის წერილით დგინდება, რომ მოსარჩელეს 01.01.2016 წლიდან 01.01.2019 წლამდე ანაზღაურებული აქვს გამოყენებული ანაზღაურებადი შვებულება (ტ.1, ს.ფ. 110-111). 21.11.2019 წლის ცნობით დადგენილია, რომ მოსარჩელის ანგარიშზე ჩაირიცხა ჯამში 2222 ლარი, რომელიც მარტის და აპრილის თვის სახელფასო დავალიანების გარდა, ასევე შედგებოდა საშვებულებო კომპენსაციისაგან, რომელიც ცნობაში მოხსენიებულია როგორც სააბოლოო ანგარიში. დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ამ მიზნით ჩაურიცხა 559.14 ლარი (ტ.1, ს.ფ. 397-398). შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე საწარმოს მოსარჩელის მიმართ შვებულების ფულადი კომპენსაციის თანხის დავალიანება არ გააჩნდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.04.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებული შვებულების ანაზღაურების საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ გამოკვეთილა. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. Nას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ.). ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ Nა-1915-ბ-8-2015 , 22.07.2015წ.; Nას-1150-2020, 29.09.2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ.).
9. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე ბრძანების კანონიერება. სადავო ბრძანების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით), რომლითაც: შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იყოს პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იმავე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სწორედ პროპორციულობის პრინციპი გამოიყენა და განმარტა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. მაშასადამე, შეუფერებელი ყოფაქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს (იხ. სუსგ №ას-106-101-2014, 02.10.2014წ.; „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, ავტორთა კოლექტივი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, გვ. 234-235) (სუსგ. Nას-1223-2018, 02.04.2020წ.).
11. დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპის შესაბამისად დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობა. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (სუსგ ას-416-399-2016, 29.06.2016წ; სუსგ Nას-658-2020 04.12.2020წ.).
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აუცილებელია, დამსაქმებელმა გაითვალისწინოს ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა, თუმცა, თუკი არ არსებობს არც გაფრთხილების, არც უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების წინაპირობა, შრომითი მოვალეობების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შრომითი ხელშეკრულება დაუყოვნებლივ შეწყდეს (სუსგ Nას-1299-2020, 26.02.2021წ.).
13. საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სწორედ დამსაქმებელი იყო ვალდებული ემტკიცებინა მოსარჩელის მიერ იმ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რომელიც ამ უკანასკნელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.
14. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოსარჩელე 03.04.2019 წელს, მის არასამუშაო დროს, მივიდა მოპასუხე დაწესებულებაში და ანგარიშსწორების მიზნით თავს დაესხა უშუალო უფროსს - ა. ფ–ს (რომელიც იმავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს წევრია), რის შედეგადაც საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა. ფიზიკური ძალადობის შეწყვეტა მხოლოდ თანამშრომლების (ცვლის უფროსისა და გუშაგის) ქმედებებით გახდა შესაძლებელი. შპს „ა.ს ო. ღ. ს. ე. ს. ც–ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ა. ფ–ი სტაციონარში მოთავსდა 03.04.2019 წელს, დიაგნოზით - თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა. პაციენტი კლინიკაში შეყვანილ იქნა 112-ის მიერ, შესვლისას აღენიშნებოდა ნაფლეთოვანი ჭრილობა თხემის არეში, ზომით 1-2 სმ, სისხლმდენი. განხორციელდა თავზე და კისერზე კანის გაკერვა, ჭრილობის შეხვევა და მე-8 დღეს ნაკერების მოხსნა (ტ.1, ს.ფ. 74). სწორედ ეს ინციდენტი შეფასდა დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ვალდებულების უხეშ დარღვევად და მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ არსებობდა ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების საფუძველი. პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სამუშაო ადგილზე უშუალო ხელმძღვანელის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება შრომის დისციპლინის ისეთი დარღვევაა, რომლისთვისაც გათავისუფლება პროპორციული ღონისძიებაა. ამდენად, მოსარჩელეს მართლზომიერად დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა და გათავისუფლდა სამსახურიდან. დამსაქმებელმა წარმატებით გაართვა თავი შესაგებლის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობას და დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება დამაჯერებლად დაასაბუთა.
15. სშკ-ის 21-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ საბოლოო ანგარისშწორების სახით მოსარჩელისთვის ჩარიცხული თანხა 2019 წლის მარტის და აპრილის თვის სახელფასო დავალიანების გარდა, ასევე შედგებოდა საშვებულებო კომპენსაციისაგან (მოსარჩელეს ამ მიზნით ჩაერიცხა 559.14 ლარი) და მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ შვებულების ფულადი კომპენსაციის თანხის დავალიანება არ გააჩნია. ამდენად, უსაფუძვლოა მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.თ–ვას შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. გ.თ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
3. გ.თ–ვას (პ/ნ .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 11201140022, გადახდის თარიღი 11.07.2021წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია