Facebook Twitter

საქმე №ა-3656-შ-101-2022 12 სექტემბერი 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - შ.რ.ზ.გი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - 1. აღმოსავლეთ კაიროს საოჯახო საქმეთა პროკურატურის მასრ ალგიდიდას საოჯახო საქმეთა სასამართლოს N2282011358 გადაწყვეტილება; 2. აღმოსავლეთ კაიროს საოჯახო საქმეთა პროკურატურის მასრ ალგიდიდას საოჯახო საქმეთა სასამართლოს N228202109071931 გადაწყვეტილება; 3. აღმოსავლეთ კაიროს საოჯახო საქმეთა პროკურატურის მასრ ალგიდიდას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - აღმოსავლეთ კაიროს საოჯახო საქმეთა პროკურატურის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 08 ივლისს, შ.რ.ზ.გის წარმომადგენელმა ვ.ბ–მა, მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა: აღმოსავლეთ კაიროს საოჯახო საქმეთა პროკურატურის მასრ ალგიდიდას საოჯახო საქმეთა სასამართლოს N2282011358 გადაწყვეტილების; აღმოსავლეთ კაიროს საოჯახო საქმეთა პროკურატურის მასრ ალგიდიდას საოჯახო საქმეთა სასამართლოს N228202109071931 გადაწყვეტილებისა და აღმოსავლეთ კაიროს საოჯახო საქმეთა პროკურატურის მასრ ალგიდიდას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან იკვეთება, რომ აღმოსავლეთ კაიროს საოჯახო საქმეთა პროკურატურის მასრ ალგიდიდას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 11 თებერვლის N2282011358 გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ ი.ე.შ.ჰ–ი გარდაიცვალა 02/01/2018 წელს, მისი მემკვიდრეობა გადანაწილდა შემდეგნაირად: დედა, ნ.ს.გ–ის, სამკვიდრო ქონების მეექვსედი ნაწილი, მამა, ე.ს.ჰ–ი, სამკვიდრო ქონების მეექვსედი ნაწილი, ცოლი, შ.რ.ზ–ი, სამკვიდრო ქონების მერვედი ნაწილი, ცოლი, შ.რ.ზ–ი, სამკვიდრო ქონების მერვედი ნაწილი, მისი არასრულწლოვანი შვილები ე., შ., ა.ი. ე. შ., რომლის კანონიერი მეურვეც არის შ.რ.ზ.გის, გადაეცათ დარჩენილი სამკვიდრო ქონება, მამრობითმა სქესმა აიღო ორი მდედრობითი სქესის ქონება.

აღმოსავლეთ კაიროს საოჯახო საქმეთა პროკურატურის მასრ ალგიდიდას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის N228202109071931 გადაწყვეტილებიდან ამონაწერით დგინდება, რომ 2021 წლის 21 აგვისტოს გარდაცვლილ ნ.ს.გ–ის მემკვიდრეობა, გადანაწილდა შემდეგნაირად: ქმარი, ე. შ. ჰ–ი, სამკვიდრო ქონების მეოთხედი ნაწილი, შვილს, ს. ე. შ. ჰ–ი, სამკვიდრო ქონების ნახევარი, მისი გარდაცვლილი შვილის, იმედის, სრულწლოვან შვილებს ე. და შ.ს და არასრულწლოვან შვილს, ა–ს, რომლის მეურვეც არის დედა, შ.რ.ზ–ი, გადაეცათ დარჩენილი ქონება, რომელიც თანაბრად გადანაწილდა მათ შორის.

ასევე, აღმოსავლეთ კაიროს საოჯახო საქმეთა პროკურატურის მასრ ალგიდიდას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, შ.რ.ზ–ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ: 1. კანონიერი მეურვის მიერ მისი არასრულწლოვანი შვილიშვილების, გარდაცვლილის, ე. შ. ჰ–ის არასრულწლოვანი შვილების, ე., შ., ა., კანონიერი მეურვეობის დათმობის თაობაზე, მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; 2. დაინიშნოს ქალბატონი, შ.რ.ზ.გ–ის, მისი არასრულწლობანი შვილების, გარდაცვლილის, ი.ე.შ.ჰ–ის არასრულწლოვანი შვილების, ე., შ., ა–ის - უსასყიდლო კანონიერ მეურვედ; 3. დაინიშნოს ქალბატონი, შ.რ.ზ.გ–ის, მისი არასრულწლოვანი შვილების, გარდაცვლილის, ი.ე.შ.ჰ–ის არასრულწლოვანი შვილების, ე., შ., ა., წილების უსასყიდლო მმართველად, რომელიც მემკვიდრეობით ერგოთ გარდაცვლილისგან, სათადარიგო ნაწილების, კაუჩუკის პროდუქტების ვაჭრობის, იმპორტის, კომერციული სააგენტოებისა და ექსპორტის კომპანია ოილ სილ ეგვიპტე. 4. სხდომის, 14/4/2018, დოკუმენტების ასლები გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტებს, აღმოსავლეთ კაიროს ექსპერტებს.

საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) მის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების დედნები; ბ) მათი კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი და მისი სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი; გ) ასევე, გადაწყვეტილებების ლეგალიზაციის შესახებ დოკუმენტები დედნის სახით და დ) განაცხადი, რომლითაც დადგინდებოდა, შუამდგომლობის ავტორის იურიდიული ინტერესი, დასახელებული შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ.

2022 წლის 05 აგვისტოს, ვ.ბ–ს ჩაბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განჩინება, შუამდგომლობაზე ხარვეზის დადგენის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შ.რ.ზ.გ–ის შუამდგომლობა 1. აღმოსავლეთ კაიროს საოჯახო საქმეთა პროკურატურის მასრ ალგიდიდას საოჯახო საქმეთა სასამართლოს N2282011358 გადაწყვეტილების; 2. აღმოსავლეთ კაიროს საოჯახო საქმეთა პროკურატურის მასრ ალგიდიდას საოჯახო საქმეთა სასამართლოს N228202109071931 გადაწყვეტილებისა და 3. აღმოსავლეთ კაიროს საოჯახო საქმეთა პროკურატურის მასრ ალგიდიდას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ შ.რ.ზ.გ–იმ სასამართლოს მიერ დადგენილ ოცდაათდღიან ვადაში ვერ შეავსო ხარვეზი და ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ მოთხოვნილი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაციის წარმოდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (სუსგ საქმეზე №ა-3772-შ-93-2018, 7 სექტემბერი, 2018 წელი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილ უკუგზავნილზე აღნიშნულია, რომ 2022 წლის 05 აგვისტოს, ვ.ბ–ს, ჩაბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განჩინება, შუამდგომლობაზე ხარვეზის დადგენის შესახებ. უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 08 ივლისს წარმოდგენილ შუამდგომლობას თან ახლავს სათანადოდ დამოწმებული მინდობილობა, რომელიც სწორედ ვ.ბ–ის სახელზეა გაცემული. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2022 წლის 05 აგვისტოს.

უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის საქმე №ა-3656-შ-101-2022 განჩინებით, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ოცდაათდღიანი ვადის დენა შუამდგომლობის ავტორისთვის დაიწყო 2022 წლის 6 აგვისტოს და ამოიწურა 2022 წლის 05 სექტემბერს. ამ პერიოდში შუამდგომლობის ავტორს სასამართლოში განჩინებაში მითითებული დოკუმენტაცია არ წარუდგენია და არც ხარვეზის გაგრძელების შესახებ უშუამდგომლია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით ასევე, 70-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 63-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 186-ე, 187-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.რ.ზ.გ–ის შუამდგომლობა აღმოსავლეთ კაიროს საოჯახო საქმეთა პროკურატურის მასრ ალგიდიდას საოჯახო საქმეთა სასამართლოს N2282011358 გადაწყვეტილების; აღმოსავლეთ კაიროს საოჯახო საქმეთა პროკურატურის მასრ ალგიდიდას საოჯახო საქმეთა სასამართლოს N228202109071931 გადაწყვეტილებისა და აღმოსავლეთ კაიროს საოჯახო საქმეთა პროკურატურის მასრ ალგიდიდას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველი;

2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში, იგი არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს საკასაციო სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე