Facebook Twitter

საქმე Nა-1544-შ-45-2022 30 დეკემბერი 2022 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ქ.მ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე - ხ.ს–ძე

განხილვის საგანი - იტალიის სახელმწიფოს, რომის არასრულწლოვანთა სასამართლოს 01.03.2016 წლის განკარგულება

დავის საგანი – მამის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

იტალიის სახელმწიფოს, რომის არასრულწლოვანთა სასამართლოს 01.03.2016 წლის განკარგულების შესაბამისად, პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, სასამართლომ გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ხ.ს–ძეს ჩამოერთვა მამის უფლება არასრულწლოვნების: ნ.ს–ძისა (დაბადებული საქართველოში, 30/01/2008 წელს) და ა.მ.ს–ძის (დაბადებული საქართველოში 17/08/2010 წელს) მიმართ.

ქ.მ–ვას წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით, შუამდგომლობაზე დადგინდა ხარვეზი, ქ.მ–ვას დაევალა რომის არასრულწლოვანთა სასამართლოს 01.03.2016 წლის განკარგულების დედანისა და ცნობის წარმოდგენა, საიდანაც დადასტურდებოდა მოწინააღმდეგე მხარე - ხ.ს–ძის, უწყების ჩაბარების გზით, სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებულობის ფაქტი.

2020 წლის 29 აპრილს, შუამდგომლობის ავტორმა მომართა უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა იტალიის სახელმწიფოს რომის არასრულწლოვანთა სასამართლოს 01/03/2016 წლის განკარგულების დედანი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირებულობის შესახებ ცნობის წარმოდგენის ნაწილში, ითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება ერთი თვით. ვადის გაგრძელების შუამდგომლობა მხარემ დაუკავშირა ცნობის სხვა სახელმწიფოდან მიღების პროცედურებს.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, ქ.მ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ცნობის წარმოდგენა მასზედ, რომ მოპასუხე ხ.ს–ძე, უწყების ჩაბარების გზით, იქნა გაფრთხილებული სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, 2022 წლის 07 ივნისს, ხელზე ჩაბარდა ქ.მ–ვას წარმომადგენელს თ.გ–ს (იხ. რწუნებულება, ს.ფ. 6-8, ჩაბარების დასტური/ხელმოწერა ს.ფ. 33).

2020 წლის 17 ივნისს, თ.გ–მა, უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, შემდეგი დოკუმენტაცია წარმოადგინა:

- რომის არასრულწლოვანთა სასამართლოს წერილი საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილებისადმი, სადაც აღნიშნულია, რომ მათი 2018 წლის 04 სექტემბრის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკონსულოს ეცნობა, რომ 2016 წლის 1 მარტის განკარგულებით, ბატონ ხ.ს–ძეს ჩამოერთვა მშობლის უფლება მისი არასრულწლოვანი შვილების: ნ. და ა.ს–ეებთან, მიმართებაში. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, ბატონ ხ.ს–ძეს აღარ შეეძლება განახორციელოს მშობლის უფლება თავის შვილებთან მიმართებაში და ყველანაირი გადაწყვეტილების მიღების უფლება, რომელიც მათ ეხება, გადადის ექსკლუზიურად მეორე მშობელზე. თუმცა მშობლის უფლება ჩამორთმეული მშობელი, კვლავაც ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ბავშვების მატერიალურ დახმარებაში. სამოქალაქო კოდექსის 322-ე პარაგრაფი ითვალისწინებს, რომ მშობლის უფლება ჩამორთმეულ მშობელს, შესაძლებელია აღუდგეს მშობლის უფლება იმ შემთხვევაში, თუ აღარ იქნება შვილებისადმი ზიანის მიყენების ისეთი საფრთხე, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ (ს.ფ. 36-37).

- რომის არასრულწლოვანთა სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის დადგენილება, საიდანაც ირკვევა, რომ ხ.ს–ძის მიერ განხორციელებული მოქმედებების გამო, რესპუბლიკის პროკურორის შუამდგომლობით, გამოტანილ იქნა წინასწარი და სასწრაფო დადგენილება არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინებით: დადგენილ იქნა, რომ მამას ს–ძე ნ. (დაბადებული საქართველოში, 31/01/2008) და ს–ძე ა. (დაბადებული საქართველოში 17/08/2010) მიმართ შეუწყდა მშობლის უფლება, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ასევე დადგენილ იქნა, რომ დაუყოვნებლივ აეკრძალა ს–ძეს მიახლოება იმ სახლთან ტივოლში, ......, სადაც ცხოვრობს მისი ოჯახი, იმ სკოლასთან სადაც სწავლობენ მისი შვილები და მისი მეუღლის სამსახურთან (ს.ფ. 38-41).

- რომის პოლიციის განყოფილების მიერ შედგენილი აქტი (ს.ფ. 42-45).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 04 ივლისის განჩინებით, ქ.მ–ვას შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული, შუამდგომლობა და თანდართული მასალები გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე - ხ.ს–ძეს (ს.ფ. 46-48).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ქ.მ–ვას შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 57-ე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირები, სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები, ხოლო 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლო სწორედ ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განიხილავს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

როგორც აღინიშნა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინება, რომლითაც შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირებულობის შესახებ ცნობის წარმოდგენა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, 2022 წლის 07 ივნისს, ხელზე ჩაბარდა ქ.მ–ვას წარმომადგენელს თ.გ–ს (იხ. რწუნებულება, ს.ფ. 6-8, ჩაბარების დასტური/ხელმოწერა ს.ფ. 33).

შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლმა, სასამართლოში 2022 წლის 17 ივნისს, ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა სხვადასხვა დოკუმენტები (იხ. ს.ფ. 36-45) თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდებოდა საქმის წარმოების შესახებ მოპასუხის ინფორმირების ფაქტი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 04 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა და თანდართული მასალები გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე - ხ.ს–ძეს.

2022 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ხ.ს–ძის წარმომადგენელმა ნ.ბ–ძემ (იხ. მინდობილობა ს.ფ. 65-68) წარუდგინა წერილობითი პოზიცია, სადაც მიუთითა, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს, არის დაუსაბუთებელი, უკანონო და აცდენილია რეალობას. აღნიშნულ არგუმენტს მხარე ამყარებს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებაში არ მოიპოვება ინფორმაცია კონკრეტულად იმ ძალადობრივი მოქმედებების შესახებ, რომლებიც ხ.ს–ძემ მისი შვილების მიმართ განახორციელა, რადგან ასეთ ქმედებებს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ხ.ს–ძე ასევე არ ეთანხმება გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მან მიატოვა შვილები და დაბრუნდა საკუთარ ქვეყანაში. განმცხადებლის მტკიცებით, იგი კვლავ დაბრუნდა იტალიაში, სადაც იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში და იტალიის პოლიცია მას არცკი დაკავშირებია, რაც განმცხადებელს აფიქრებინებს, რომ სასამართლო შესაძლებელია შეცდომაშიც კი იყოს შეყვანილი. ხ.ს–ძის აზრით, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარდგენილი იტალიის სასამართლოს განკარგულება არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ, რის გამოც მისი აზრით, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ხ.ს–ძის მიერ მითითებული გარემოებები ვერ გახდება ქ.მ–ვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის დანაწესების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან ფორმალურ შესაბამისობას, ისე, რომ არ იკვლევს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის საკითხს (იხ,. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №ა-2021-შ-42-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი).

განსახილველ შემთხვევაში, წარდგენილ წერილობით პოზიციაში, ხ.ს–ძე მხოლოდ გადაწყვეტილების შინაარსობრივ მხარეს ეწინააღმდეგება და მას წარდგენილი განკარგულების მიღების შესახებ ინფორმირებულობის საკითხი სადავოდ არ გაუხდია. ასევე, ხ.ს–ძეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე სახის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო განკარგულება მან იტალიაში, კანონით დადგენილი წესით, გაასაჩივრა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხ.ს–ძის მიერ მითითებული გარემოებები იტალიის სახელმწიფოს, რომის არასრულწლოვანთა სასამართლოს 01.03.2016 წლის განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, იტალიის სახელმწიფოს, რომის არასრულწლოვანთა სასამართლოს 01.03.2016 წლის განკარგულება ხ.ს–ძისთვის მამობის უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ.მ–ვას შუამდგომლობა იტალიის სახელმწიფოს, რომის არასრულწლოვანთა სასამართლოს 01.03.2016 წლის განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას იტალიის სახელმწიფოს, რომის არასრულწლოვანთა სასამართლოს 01.03.2016 წლის განკარგულება, რომლითაც ხ.ს–ძეს ჩამოერთვა მამის უფლება არასრულწლოვნების: ნ.ს–ძისა (დაბადებული საქართველოში, 30/01/2008 წელს) და ა.მ.ს–ძის (დაბადებული საქართველოში 17/08/2010 წელს) მიმართ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე