Facebook Twitter

საქმე №ას-1447-2022

20 იანვარი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.თ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე არსებულ ან ტოლფას პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობისათვის კომპენსაციის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

დ.თ–ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა სს „თ.ბ–ის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ განკარგულების ბათილად ცნობა, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით, დ.თ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დ.თ–ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის 2022 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სს „თ.ბ–ის“ 2022 წლის 12 იანვრის N01.12-30.00 განკარგულება დ.თ–ასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სს „თ.ბ–ს“ დ.თ–ას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 5000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები თანხა), ასევე, სს „თ.ბ–ს“ დ.თ–ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 2360 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები თანხა) 2022 წლის 17 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს, როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ. მოსარჩელე მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. ხოლო, მოპასუხე ითხოვს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

2022 წლის 04 ნოემბერს, სს „თ.ბ–მა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება და გადახდის ქვითრები, რომლის თანახმად დასტურდება, რომ სს „თ.ბ–მა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ (განაცდურის (ხელფასის ნაწილში) ნებაყოფლობით აღასრულა და მოსარჩელის ანგარიშზე განახორციელა შემდეგი ჩარიცხვები: 18/01/2022 – 2 559,99 ლარი (კომპენსაცია - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, უწყისი N3826); 25/01/2022 – 606,05 ლარი (ხელფასი, უწყისი N3834); 11/10/2022 – 8 667,65 ლარი (კომპენსაცია - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, უწყისი 4664).

2023 წლის 09 იანვარს, დ.თ–ამ სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი, რომლითაც მოითხოვს, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხეს, ნაცვლად გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისროს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ.თ–ას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი წარმოებაში არ უნდა იქნას მიღებული და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგი არგუმენტაციით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს ამოწმებს საქმის გადაცემიდან ათი დღის ვადაში და სხვა საკითხებთან ერთად ადგენს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დ.თ–ამ შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივრის ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში, მაგრამ აღნიშნული საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება განხილული, როგორც შეგებებული საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს შეგებებული საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლებით შეუძლია მხოლოდ მაშინ ისარგებლოს, თუ მას საკასაციო საჩივრით თვითონვე არ აქვს გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება/გადაწყვეტილება (იხ. სუსგ საქმე №ას-1608-2019, 5 ივნისი, 2020 წელი, ასევე იხ. სუსგ საქმე Nას-132-2021, 2021 წლის 08 აპრილის განჩინება).

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როგორც მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან დგინდება, შეგებებული საკასაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის დ.თ–ას საკასაციო საჩივრით უკვე გასაჩივრებული ჰქონდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება, რის გამოც წინამდებარე შეგებებული საკასაციო შეგებებული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში, მხარე თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე და 396-ე მუხლებით, ასევე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.თ–ას შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი