საქმე №ას-885-2022 26 დეკემბერი, 2022 წელი,
ქ. თბილისი,
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ი.რ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ქ.ა–ი
არასრულწლოვანი - ა.რ–ვა, ა.რ–ვა
საპროცესო წარმომადგენელი - ს.ჩ–ძე
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეული სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2020 წლის 16 სექტემბერს ქ.ა–მა (შემდეგში - მოსარჩელე, არასრულწლოვანი ბავშვების დედა) სარჩელით მიმართა სასამართლოს ი.რ–ვას (შემდეგში - მოპასუხე, არასრულწლოვანი ბავშვების მამა) წინააღმდეგ, რომლითაც არასრულწლოვანი შვილების ა. {დაბ. 10.12.2009წ, პ/ნ .......} და ა.რ–ვების {დაბ. 07.01.2011წ, პ/ნ .......} (შემდეგში - ბავშვები, არასრულწლოვანი პირები) საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებლის განსაზღვრა მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბავშვები მასთან ცხოვრობდნენ, ჰქონდათ ყველანაირი პირობა, დედას ხელი არ ეშლებოდა შვილებთან ურთიერთობაში, შესაბამისად არ არსებობდა ბავშვების საცხოვრებლის შეცვლის საფუძველი.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. არასრულწლოვანი პირების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა.
4. სააპელაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება მოპასუხემ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ ეტაპზე - გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში დედას განესაზღვრა არასრულწლოვანი შვილების ნახვის დღეები იმგვარად, რომ მოსარჩელეს შესაძლებლობა ჰქონოდა ბავშვები ენახა კვირაში ორი დღით (შაბათ დღის 11 საათიდან კვირა დღის 18 საათამდე), და ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების ნახევარი წაეყვანა თავის (დედის) ოჯახში. სამი თვის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვების საცხოვრებლად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მამას მიეცა კვირაში ორი დღე (შაბათ-კვირას) ბავშვების ნახვის შესაძლებლობა და ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების ნახევარი ბავშვების საკუთარ (მამის) ოჯახში წაყვანის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დაევალა ფსიქოლოგის გამოყოფა, არასრულწლოვანთათვის დედასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში დახმარების უზრუნველსაყოფად, ასევე თითოეული მშობლის ბავშვისადმი დამოკიდებულების ზედამხედველობა და გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობის გამოსარკვევად ბავშვებთან აქტიური კომუნიკაცია.
5.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით მიზანშეწონილი იყო ბავშვების დედასთან დაახლოება ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად. ამ დასკვნის გამოტანის დროს სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ბავშვების ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს. პალატის შეფასებით, საქმეზე არ დადგენილა რაიმე ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ობიექტური შემფასებლის თვალში გამოიწვევდა შვილების მიერ დედის უარყოფას. დავის გადაწყვეტის დროს სასამართლომ ხაზი გაუსვა ბავშვების მოსაზრებების მოსმენის მნიშვნელობას, ისეთ დავებზე, რომლებიც მათ უფლებრივ მდგომარეობას შეეხებოდა, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგთა დასკვნის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლისა და ბავშვის საპროცესო წარმომადგენლის მოსაზრებების მოსმენის, არასრულწლოვნების გამოკითხვის შედეგად პალატამ მიაჩნია, რომ ბავშვების უარყოფითი დამოკიდებულება დედის მიმართ გამოწვეული იყო მამის, მისი ოჯახის ზეგავლენით, მამის დაკარგვის, განაწყენების შიშით და არა ბავშვების რეალური დამოკიდებულებით.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6.1. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
6.1.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა გაეთვალისწინებინა ბავშვების მამასთან მიჯაჭვულობა. მისი მტკიცებით, ბავშვების მამასთან დაშორებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვების ფსიქიკას. საქმეზე წარმოდგენილი ფსიქოლოგიური დასკვნები არ მიუთითებს, რომ ბავშვების მამისგან განრიდება ემსახურება მათ საკეთილდღეო ინტერესებს.
6.1.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მამა და ბებია ბავშვებს არ აძლევდნენ დედასთან კომუნიკაციის შესაძლებლობას, ბავშვების წინაშე დედას უარყოფითად ახასიათებდნენ და მათზე ზეგავლენას ახდენდენ. კასატორის მტკიცებით, რეალურად ბავშვებს არ სურდათ დედასთან ურთიერთობა და მათ ეს პოზიცია არაერთხელ დააფიქსირეს როგორც სასამართლოში, ისე შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლებთან. კასატორის განსჯით, სასამართლომ ბავშვების ნება არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ, რამაც განაპირობა საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების ეტაპზე, მხარეთა შორის მორიგების მიღწევის მიზნით, 2022 წლის 3 ნოემბერს სასამართლოს სხდომა დაინიშნა, თუმცა ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე მორგებული მორიგების პირობებით სამართალწარმოების დასრულების შესახებ სასამართლოს ინიციატივაზე შეთანხმების მიღწევა მხარეთა შორის ვერ მოხერხდა. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, მორიგებისა და ბავშვების დედასთან ურთიერთობის აღდგენის მცდელობის ფარგლებში, ფსიქოლოგის თანდასწრებით დაგეგმილი დედისა და შვილების შეხვედრა არ შედგა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
12.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები. ბავშვები ამჟამად მამის მისამართზე ცხოვრობენ და მათზე მუდმივად ზრუნავენ ბებია და პაპა (მამის მხრიდან). სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, სამუშაო კვირის განმავლობაში მამა გასულია ქალაქიდან.
12.2. ბავშვების დედა მშობლებთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, .........., N11 ბინაში. საცხოვრებელი 5 ოთახიანია, აღჭურვილია საჭირო ტექნიკითა და ავეჯით, საყოფაცხოვრებო ყველა პირობით. დედას აქვს გარკვეული დანაზოგი. ბავშვებს ერიცხებათ დევნილის დახმარება, რომელიც დედის საზღვარგარეთ ყოფნისას დაგროვებით ანგარიშზე ინახებოდა და დაახლოებით 3000 ლარამდეა შეგროვებული.
12.3. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად: ბავშვები ადაპტირებულები არიან მამის ოჯახთან და ავტორიტეტად მიიჩნევენ მამას, რაც შეეხება დედის მიმართ ბავშვების უარყოფით დამოკიდებულებას, დასკვნის მიხედვით, მამის ოჯახის მხრიდან ვლინდება ფსიქოლოგიური ზეგავლენა ბავშვებზე. დასკვნა ითვალისწინებს რეკომენდაციას, რომლის შესაბამისად ამჟამინდელი ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი ძალისმიერი მეთოდებით ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამისათვის საჭიროა ბავშვის ფსიქოლოგიური შემზადება.
12.4. ააიპ „საქართველოს ბავშვების“ 2022 წლი 9 თებერვლის ფსიქოლოგიური კვლევის თანახმად, ბავშვების ფსიქიკური, ემოციური, კოგნიტური და შემეცნებითი უნარები შეესაბამება ასაკს. ვაჟის შემთხვევაში, მითითებულია, რომ ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობა რთული, გოგონასი კი - არასტაბილურია. დასკვნის მიხედვით, ფსიქოლოგიური დაკვირვების პროცესში გამოიკვეთა ბავშვებზე აშკარა ფსიქოლოგიური ზეგავლენა მამისა და ბებიის მხრიდან. კვლევის შედეგების თანახმად, მამა და ბებია პირდაპირ არ მიუთითებენ დედასთან ურთიერთობის გაწყვეტისკენ, მაგრამ მათ ხშირად ესმით დედის შესახებ უარყოფითი ინფორმაცია და გრძნობენ ოჯახის წევრებისგან დედის მიმართ ცუდ დამოკიდებულებას, რაც ხელს უწყობს დედაზე ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ბავშვების კეთილდღეობისათვის აუცილებელია დედასთან ურთიერთობის აღდგენა, რეგულარული შეხვედრების ხელშეწყობა მამისა და ბებიის მხრიდან, აუცილებელია პროცესში შესაბამისი სპეციალისტების - ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ჩართულობა.
13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1201.2 (შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით...) მუხლი.
14. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვნების საცხოვრებლად, დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, სახელდობრ, მისი ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა ბავშვების მამასთან მიჯაჭვულობის ფაქტორი და მამასთან ცხოვრების, ხოლო დედასთან ურთიერთობის/თანაცხოვრების სურვლის არქონის თაობაზე მათი ნება. კასატორის მტკიცებით, ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ ემსახურებოდა ბავშვების სამომავლო კეთილდღეობას. კასატორის ეს მოსაზრება დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით - სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა განმარტებებითა და დასკვნებით არ დასტურდება არასრულწლოვნების საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილება. მხოლოდ ის ფაქტორი, რომ ბავშვები ემოციურად მიჯაჭვული არიან მამასთან, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. საკითხი შეეხება ძალიან სათუთ თემას, ბავშვების დედასთან ურთიერთობას. პალატის განსჯით, სადავო საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების კომპლექსურ შეფასებას. საკასაციო პალატა ამ სტანდარტის დაცვით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივად გაანალიზების, მხარეთა, მესამე პირთა ახსნა-განმარტებებისა და არასრულწლოვანთა სასამართლოს მიერ გამოკითხვის ოქმების შინაარსის ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზედმიწევნით გამოიკვლია სადავო საკითხი და ბავშვების ჭეშმარიტად საუკეთესო ინტერესის უზრუნველმყოფი გადაწყვეტილება მიიღო არასრულწლოვნების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრით.
15. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის (შემდეგში -კონვენციის) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
16. ბავშვი, როგორც ინდივიდი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრია. ბავშვის უფლება იყოს მოსმენილი და სერიოზულად განხილული წარმოადგენს კონვენციის ერთ–ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ შემუშავებული კონვენციის მე-12 მუხლის კომენტარის თანახმად, ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა წაახალისონ ბავშვები ჩამოაყალიბონ თავისუფალი მოსაზრება და შეუქმნან ისეთი გარემო, რომელიც ბავშვს აძლევს საშუალებას, გამოიყენოს მისი მოსმენის უფლება.
16.1. ბავშვის მიერ გამოთქმული მოსაზრების შეფასებისა და მათთვის სამართლებრივი მნიშვნელობის მინიჭებისთვის განმსაზღვრელია ბავშვის შეხედულება რეალურად ასახავდეს მის ნებას. ბავშვის მიერ საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვა ნიშნავს იმას, რომ დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე ზემოქმედება, ან ზეწოლა. ბავშვს უფლება აქვს, გამოხატოს საკუთარი და არა - სხვების შეხედულებები. ბავშვის მოსაზრებების მოსმენას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სამართალწარმოების პროცესში, თუმცა ბავშვის მოწყვლადობის, მისი სიმწიფის, ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ მოსაზრებებს სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციასთან შესაბამისობაში აანალიზებს საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებასთან ერთობლივად, კომპლექსურად გამოკვლევის საფუძველზე. კონვენციის მე-3 მუხლის კომენტარის შესაბამისად (§17), ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბავშვს ან ბავშვებს, უნდა ითვალისწინებდეს მათ საუკეთესო ინტერესებს, როგორც უპირველეს პრიორიტეტს. თუ რა განიხილება ბავშვის საუკეთესო ინტერესად, უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით, ინდივიდუალურად, ბავშვის კონკრეტული სიტუაციის და საჭიროებების გათვალისწინებით.
16.2. ქვემდგომი ინტანციის სასამართლოებმა განსახილველი დავის ფარგლებში ზედმიწევნით დაიცვეს ბავშვებისათვის სამართალწარმოების პროცესში მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობის მინიჭების თაობაზე კონვენციის მე-12 მუხლით დადგენილი მოთხოვნები, თუმცა საქმეზე წარმოდგენილი ფსიქოლოგიური დასკვნები და მამის ძალისხმევის ხარისხი შეესრულებინა კეთილისმყოფელი როლი დედა-შვილების ურთიერთობის აღდგენაში, ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ დედის მიმართ ბავშვების ნეგატიური დამოკიდებულება განპირობებულია მამისა და მისი ოჯახის ზეგავლენით.
16.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებში აღნიშნულია: „ფსიქოლოგიური დაკვირვების პროცესში იკვეთება ბავშვებზე აშკარა ფსიქოლოგიური ზეგავლენა მამისა და ბებიის მხრიდან (მამის დედა), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზეგავლენა შეიძლება იყოს არაპირდაპირი. მამა და ბებია პირდაპირ არ მიუთითებენ დედასთან ურთიერთობის გაწყვეტისკენ, მაგრამ მათ ხშირად ესმით დედის შესახებ უარყოფითი ინფორმაცია და ხედავენ ოჯახის წევრებისგან უარყოფით ემოციებს/დამოკიდებულებას დედის მიმართ რაც ხელს უწყობს დედაზე ნეგატიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას“. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების (დასკვნა) თანახმად კი, მამის ოჯახის მხრიდან მკვეთრად ვლინდება ფსიქოლოგიური ზეგავლენა ბავშვებზე; დედის მიმართ ნეგატიურად გამოხატული დამოკიდებულება მამის მხრიდან უარყოფითი ზეგავლენით არის განპირობებული. ბავშვებისათვის არასწორად მიწოდებული ინფორმაცია, ცუდად აისახა დედისა და შვილების ურთიერთობაზე.
16.4. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს დედასთან შვილების ურთიერთობის მომწესრიგებელი სასამართლოს დროებითი განკარგულების აღსრულების საკითხზე წარმოდგენილ 19.02.2021 წლის სააღსრულებო მოქმედების ოქმს (იხ.ტ.2, ს.ფ. 82-83) საიდანაც ირკვევა, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როდესაც მამა თან ახლდა ბავშვებს, ის უცენზურო სიტყვებით, ბავშვების თანდასწრებით ლანძღავდა ყოფილ მეუღლეს და მის მიმართ მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას ავლენდა. ცხადია, იმ მშობლის მხრიდან ქცევის ასეთი სტანდარტის დემონსტრირება ბავშვების დედის მიმართ, რომელიც ავტორიტეტია შვილებისათვის, დედისა და შვილების ურთიერთობაში დადებით როლს ვერ შეასრულებდა. ფსიქოლოგთა არაერთგზის რეკომენდაცია, რომ ბავშვების მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია მათი ჰარმონიული ფიზიკური და ემოციური განვითარებისათვის დედასთან ურთიერთობის აღდგენა და ორივე მშობლის ბავშვების აღზრდის პროცესში თანამონაწილეობა, მამის ოჯახმა არ გაითვალისწინა (ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, დედასთან მიმართებაში ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება ბავშვებთან მუშაობის პროცესში არ გამოკვეთილა, მამის ოჯახის მხრიდან არ იქნა შესრულებული შვილების მომზადება დედის მიმართ პოზიტიური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. .... საყურადღებოა არასრულწლოვნების ასაკობრივი მდგომარეობა, მათ ამ ასაკში ორივე მშობლის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება, თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ (იხ. დასკვნა, ტ.3. ს.ფ.136-140).
17. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან კიდევ რამდენიმე საკვანძო გარემოებას: ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები ერთნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ბავშვები განაწყენებული არიან დედაზე და ვერბალურად მასთან ურთიერთობის სურვილს არ ამჟღავნებენ, დედასთან ურთიერთობის შესახებ წარსულიდან იხსენებენ მხოლოდ ნეგატიურ ფაქტებს, თუმცა, ამავდროულად, სევდით გამოხატავენ დედასთან განშორების მომენტს, სიხარულით იღებენ დედის მიერ მოტანილ საჩუქრებს (ბავშვები ყოველთვის იღებენ დედის საჩუქრებს და იყენებენ მათ. ფსიქოლოგიური დაკვირვების დროს ბავშვებმა ხალისით დაათვალიერებინეს სპეციალისტებს დედის მოტანილი საჩუქრები, აღწერდნენ ნივთებს და ჰყვებოდნენ ამბებს როგორ იყენებდნენ მათ (იხ. ფსიქოლოგის დასკვნა, ტ.3,ს.ფ.104) და ინტერესდებიან დედის ცხოვრებით (მოსარჩელის ერთ-ერთმა შვილმა (გოგონამ) ინტერვიუს დროს რამდენჯერმე დედის ცხოვრების მიმართ ინტერესი გამოავლინა - დედის სახლის მიმართ, სადაც ახლა ცხოვრობს დედა და დაინტერესდა, ფსიქოლოგებს თუ ჰქონდათ ნანახი და როგორი იყო ის, ასევე მას ძალიან უნდოდა დედის სოციალურ გვერდზე ატვირთული ვიდეო ეჩვენებინა სპეციალისტებისთვის, სადაც საჩუქარს ჩუქნიდნენ დედას ის და მისი ძმა (იხ. ფსიქოლოგის დასკვნა, ტ.3.ს.ფ.101 ... „მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში დაბლოკილი ყავთ დედა და აღნიშნავენ, რომ არც დედის შეტყობინებებს არ კითხულობენ, ისინი ჰყვებიან თუ რას წერს მათ დედა“(იხ. ფსიქოლოგის დასკვნა, ტ.3,ს.ფ.104). სპეციალისტების დასკვნებში ასახული ზემოაღნიშნული გარემოებები, ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, ბავშვების გარეგნულად გამოხატული ბრაზის შეუსაბამობას დედის მიმართ მათ შინაგან, ნამდვილ ემოციურ დამოკიდებულებასთან. საყურადღებოა ისიც, რომ, ბავშვების თქმით, ისინი არ უყვარს დედას (იხ. ფსიქოლოგის დასკვნა, ტ.3, ს.ფ.102), დედამ მიატოვა. ბავშვების ცნობიერებაში ამ მოსაზრების გაღვივება, რომელიც არ შეესაბამება ვითარების რეალურ აღქმას (საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ ბავშვების დედა შვილების მიმართ ავლენს სითბოს და სიყვარულს, თანამშრომლობს ფსიქოლოგებთან, იზიარებს მათ რეკომენდაციებს და მოთმინებით ელოდება შვილებთან ურთიერთობის აღდგენას), მძიმე ზიანს აყენებს არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.
18. ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯით, მართალია, ბავშვების აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა სადავო საკითხის გაანალიზების დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ჭეშმარიტად საუკეთესო ინტერესის საფუძვლიან გამოკვლევას. ასეთი ინტერესი კი, როგორც წესი, მიუთითებს, რომ ბავშვის კავშირები ოჯახთან უნდა შენარჩუნდეს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კავშირი საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის (ამ საკითხზე იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე N 41615/17 Neulinder and Shuruk v. Switzerland, 6/07/2010). კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ ბავშვების დედის მიმართ დამოკიდებულება განპირობებულია დედის შესახებ მიწოდებული ნეგატიური ინფორმაციით, ბავშვების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას ხელს უშლის მათი უკვე ჩამოყალიბებული მორალური პრინციპები, რომელიც ნაკარნახევია მამის ოჯახის მხრიდან (ფსიქოლოგის დასკვნაში მითითებულია მამის პოზიცია, იმის თაობაზე, რომ ბავშვებს არ სჭირდებათ ასეთი დედა, ხოლო ბავშვები უარს აცხადებენ, დედას შეურიგდნენ, ვინაიდან დედის საქციელის პატიება არ შეიძლება (იხ. ტ.3. ს.ფ.138). აქედან გამომდინარე, სასამართლო უპირატესად ხელმძღვანელობს ბავშვების საუკეთესო ინტერესებით, რაც გულისხმობს მათ ჯანსაღ გარემოში განვითარების უზრუნველყოფას, ამ მიზნით კი, მშობელს არ უნდა მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს არასრულწლოვნების ჯანმრთელობასა და განვითარებას.
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბავშვების აღსაზრდელად მამის ოჯახში დატოვება არ შეესაბამება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას. არსებობს რეალური საფრთხე ბავშვებში დედის მიმართ მტრული დამოკიდებულების გაღვივებისა და დედისადმი ბავშვების უფრო მეტად გაუცხოების, რაც სამომავლოდ მოსპობს დედასა და შვილებს შორის კავშირის აღდგენის შესაძლებლობას. მშობელთან შვილის კავშირის გაწყვეტა დასაშვებია, თუკი არსებობს საამისოდ რელევანტური წინაპირობები (მშობელი ფსიქიკურად ან ფიზიკურად ძალადობს ბავშვზე, მავნე ზემოქმედებას ახდენს შვილზე და ა.შ), რაც წინამდებარე დავაზე არ გამოკვეთილა, უფრო მეტიც ბავშვები ვერ ასახელებენ, კონკრეტულ, ობიექტურ მიზეზს, თუ რატომ არ უნდათ დედასთან ურთიერთობა/ცხოვრება. სასამართლო ეყრდნობა რა ფსიქოლოგიურ კვლევებს, ასევე - ბავშვების ადვოკატისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მიერ სასამართლოს სხდომებზე გაცხადებულ ინფორმაციასა და განმარტებებს, მიიჩნევს, რომ დავაზე არ დადგენილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც სამართლებრივად გაუმართლებელს გახდიდა არასრულწლოვნების დედასთან თანაცხოვრებას. პირიქით, საქმის გარემოებები ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ ბავშვების ჯანსაღი ფსიქოლოგიური განვითარებისთვის აუცილებელია მათი დედასთან ურთიერთობა.
20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზეც, რომ არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილების დროულ და ეფექტიან აღსრულებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, რათა დაცული იქნეს ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესი და სასამართლოს მიერ დადგენილი წესით მოხდეს ბავშვების ფსიქო-ემოციური მომზადება დედის საცხოვრებელ ადგილას გადასასვლელად. კასატორს, რომელიც ბავშვების მამაა, ევალება საკუთარი შვილების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც მშობლის ზნეობრივი მოვალეობაცაა და გამიზნულია ბავშვების ჰარმონიული აღზრდა-განვითარების ხელშეწყობისათვის, ამასთან, მამას არ ეზღუდება საკუთარ შვილთან ურთიერთობასა და მის აღზრდაში მონაწილეობა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ნებისმიერმა პროცესუალურმა დაყოვნებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის შედეგზე, რაც, უწინარესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესის ხელყოფას გამოიწვევს (იხ. საჰინი გერმანიის წინააღმდეგ; Sahini v. Germany; No 30943/96, 8.7.03, par. 65). ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ფსიქოლოგისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობა, რომელთაც განსაკუთრებული როლი ენიჭებათ გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსასრულებლად.
21. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
22. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. ას-716-2021, 23.06.2021წ, ას-1449-1369-2017, 20.04.2018წ, ას-1062-996-2012წ, 22.01.2013წ) არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ.დ–ას მიერ გადახდილი 300 ლარის, 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.რ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.რ–ვას (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი/მ მ. დ–ას (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 31/05/2022), 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა" ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
ა. წულაძე