Facebook Twitter

27 ოქტომბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-874-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ბ.ო–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ტ-კ–ი“ (სს ,,თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, 17 043.68 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2011 წლის 17 ნოემბერს სს „თ.ბ–სა“ (შემდეგში: წინამორბედი მოსარჩელე, წინამორბედი კრედიტორი) და ბ.ო–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, მოვალე) შორის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში - პირველი საკრედიტო ხელშეკრულება) დაიდო.

მოპასუხემ პირველი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია, კერძოდ, 2017 წლის 11 აპრილის შემდეგ თანხა აღარ გადაიხადა.

2017 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანებამ 9 309.10 ლარი (მათ შორის: სესხის ძირი თანხა - 6 990.55 ლარი, პროცენტი - 1 269.95 ლარი, პირგასამტეხლო - 1 048.60 ლარი) შეადგინა.

2. 2015 წლის 21 დეკემბერს წინამორბედ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ახალი ხელშეკრულება (შემდეგში - მეორე საკრედიტო ხელშეკრულება) გაფორმდა.

მოპასუხემ მეორე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომდინარე ვალდებულებებიც დაარღვია, 2017 წლის 12 აპრილის შემდეგ თანხა აღარ გადაიხადა.

2017 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანებამ 8 522.87 ლარი შეადგინა (მათ შორის: სესხის ძირი თანხა - 6 609.34 ლარი, პროცენტი - 999.25 ლარი, პირგასამტეხლო - 914.28 ლარი).

3. მხარეები შეთანხმდნენ პირველ საკრედიტო ხელშეკრულებაზე წლიური სარგებლის 36%-ის, ხოლო მეორე საკრედიტო ხელშეკრულებაზე წლიური სარგებლის 30%-ის ოდენობით დარიცხვაზე.

ამავე ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ ვადაგადაცილებისათვის ფიქსირებული პირგასამტეხლოს 20 ლარის ოდენობითა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით გადახდაზე.

4. მოვალის წინააღმდეგ წინამორბედმა კრედიტორმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც ამ უკანასკნელისათვის მის სასარგებლოდ შემდეგი თანხების დაკისრება მოითხოვა:

4.1. პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 9 309.10 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 6 990.55 ლარი, პროცენტია - 1 269.95 ლარი, პირგასამტეხლოა - 1 048.60 ლარი.

4.2. დავალიანების ცნობის გაცემიდან (2017 წლის 19 სექტემბერი) პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე (6 990.55 ლარი) ვალდებულების შესრულებამდე წლიური 36% სარგებელის გადახდა, რაც ყოველთვიურად 209.71 ლარს შეადგენდა.

4.3. დავალიანების ცნობის გაცემიდან (2017 წლის 19 სექტემბერი) პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე (6 990.55 ლარი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს, ყოველდღიურად 0.27%-ის ოდენობით გადახდა, რაც ყოველდღიურად 18 ლარს შეადგენდა, მაგრამ არაუმეტეს 1 500 ლარისა.

4.4. მეორე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 8 522.87 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 6 609.34 ლარი, პროცენტია - 999.25 ლარი, პირგასამტეხლოა - 914.28 ლარი.

4.5. დავალიანების ცნობის გაცემიდან (2017 წლის 19 სექტემბერი) მეორე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე (6 609.34 ლარი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 30% სარგებელის გადახდა, რაც ყოველთვიურად 165.23 ლარს შეადგენდა.

4.6. დავალიანების ცნობის გაცემიდან (2017 წლის 19 სექტემბერი) მეორე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე (6 609.34 ლარი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს - 0.27%-ის ოდენობით გადახდა, რაც ყოველდღიურად 17.84 ლარს შეადგენდა, მაგრამ არა უმეტეს 1 500 ლარისა.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით:

5.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

5.2. წინამორბედი მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 9 309.10 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 6 990.55 ლარი, პროცენტია - 1 269.95 ლარი, პირგასამტეხლოა - 1048.60 ლარი.

5.3. დავალიანების ცნობის გაცემიდან (2017 წლის 19 სექტემბერი) აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე (6 990.55 ლარი) მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად 209.71 ლარს შეადგენდა.

5.4. წინამორბედი მოსარჩელის სასარგებლოდ მოვალეს დაეკისრა მეორე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 8 522.87 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 6 609.34 ლარი, პროცენტია - 995.25 ლარი, პირგასამტეხლოა - 914.28 ლარი.

5.5. დავალიანების ცნობის გაცემიდან (2017 წლის 19 სექტემბერი) აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, მეორე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე (6 609.34 ლარი) წინამორბედი კრედიტორის სასარგებლოდ მოვალეს დაეკისრა წლიური 30% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად 165.23 ლარს შეადგენდა.

5.6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეზე წინამორბედი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ შპს „ტ. კ–ი“ (შემდეგში: უფლებამონაცვლე, მოსარჩელე, კრედიტორი) ჩაება.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი განმარტებები გააკეთა:

8.1.1. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებების სპეციფიკურობის გამო სადავო სამართალურთიერთობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არაუზრუნველყოფილი სასესხო ურთიერთობებისთვის დადგენილი წესებით უნდა მოწესრიგდეს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის სიდიდეს განსაზღვრავს თავად პროდუქტის საპროცენტო განაკვეთის, ამ პროდუქტის მომსახურებისა და მსესხებლის მიერ ათვისების ხარჯების ჯამი, რაც დეტალურადაა გაწერილი მხარეთა მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებებში.

მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტებისთვის განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთების შესახებ მონაცემების მიხედვით, ხელშეკრულების დადების დროს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციებით დადგენილი, ფიზიკურ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი არაუზრუნველყოფილი 1 წლამდე ვადიანი სესხისთვის 2011 წლის ნოემბერში 27%-ს შეადგენდა. შესაბამისად, პირველი საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი არსებითად არ განსხვავდებოდა ამ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის არსებული საპროცენტო სარგებლის საშუალო ოდენობისგან.

8.1.2. სადავო სამართალურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 867-ე მუხლში (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით) წარმოდგენილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, 625.1 მუხლის მიხედვით, სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო 625.2 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

სსკ-ის 625.2 მუხლის მხარეთა შორის სადავო ხელშეკრულებების გაფორმების დროს მოქმედი რედაქციით დადგენილი იყო, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 2018 წლის 21 ივლისის კანონით დასახელებულ ნორმაში ცვლილება შევიდა, რომელიც ამ ნაწილში 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.

ამდენად, კანონის ზემომითითებული ნორმის ძველი და ახალი რედაქციაც სესხის ხელშეკრულებისათვის საპროცენტო სარგებლის ზედა ზღვარს ადგენდა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაც კანონსაწინააღმდეგოდ და, შესაბამისად, - ბათილად ჩაითვლებოდა.

8.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი კანონით დადგენილ ზღვარს არ აღემატებოდა, ისინი მათი დადების დროს მოქმედ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სესხის ხელშეკრულებისთვის განსაზღვრულ პროცენტთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალი არ იყო.

8.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა, კერძოდ, ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები არ გაითვალისწინა და საბაზრო ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა.

სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მოცემულ შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთით დადგენილი ოდენობა (54.83% და 44.42%) იმ რისკის დაზღვევის ელემენტები იყო, რომელიც არაუზრუნველყოფილ საკრედიტო ურთიერთობას თან ახლავს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელი იყო მსესხებლისთვის საშეღავათო პირობების ერთგვარი მომხიბვლელობა, რომლის მიხედვითაც, მსესხებელს საშუალება ეძლევა მოახდინოს საკრედიტო ლიმიტის ათვისება და 55 დღის მანძილზე გამოყენება 0%-ის გადახდისა და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების შესრულების სანაცვლოდ.

სადავო ხელშეკრულებები მსესხებელს საშუალებას აძლევს, საკრედიტო ლიმიტის აითვისოს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისა და თანხის ანგარიშზე დროულად დაბრუნების შემთხვევაში, ბარათზე არსებული თანხით კვლავ ისარგებლოს, როგორც სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, ასევე, ბარათიდან თანხის განაღდების გზით, თუმცა თანხის ბანკომატიდან განაღდების შემთხვევაში, ბუნებრივია, ბანკი გაცილებით მაღალ სარგებელს ადგენს, ხოლო სარგებლის ამ ოდენობას მოპასუხე ხელშეკრულებებზე თავისი ხელმოწერით დაეთანხმა.

ამდენად, ხელშეკრულებებით შეთანხმებულ საპროცენტო სარგებელთან მიმართებით მოსარჩელის ძირითადი პოზიცია სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა და განმარტა, რომ მოსარჩელესა და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებები, რომლითაც ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა (მათ შორის, საპროცენტო სარგებელი და მისი დარიცხვის წესი) განისაზღვრა, განსხვავებულ საბანკო პროდუქტს წარმოადგენდნენ, ისინი არაუზრუნელყოფილი სესხების კატეგორიას განეკუთვნებოდნენ, რის გამოც გამსესხებელთან მათი დაბრუნების შესაძლებლობა მაღალი რისკის მატარებელი იყო. სწორედ ასეთი ალბათობა განაპირობებს მსგავსი საბანკო მომსახურებისთვის საპროცენტო სარგებლის მაღალ ოდენობას, სხვა ტიპის სესხებთან შედარებით. შესაბამისად, აღნიშნული საბანკო პროდუქტი სრულად შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სტანდრატებს.

8.4. სადავო საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ ისიც გაითვალისწინა, რომ მხარეები შეთანხმდნენ მყარ საპროცენტო განაკვეთებზე, საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით (მოცემულ სარჩელთან დაკავშირებული დავის დაწყებამდე) მოპასუხეს არასდროს არ გამოუთქვამს პრეტენზია, წინამდებარე დავის ფარგლებში კი მოპასუხემ შედავება მხოლოდ შესაგებლით განახორციელა, ხოლო საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს თაობაზე მხარეთა შეთანხმების ბათილად ცნობა მას არ მოუთხოვია (შეგებებული სარჩელის წარდგენის გზით).

8.5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. იმაზე მითითებით, რომ კრედიტის ოდენობისა და ვალდებულების შეუსრულებლობის პერიოდის გათვალისწინებით მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო (0.5%, რასაც ემატებოდა ფიქსირებული 20 ლარი) შეუსაბამოდ მაღალი არ იყო, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებათა დარღვევისათვის მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლო - 1 048.60 ლარი და 914.28 ლარი.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, 17 043.68 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მის მიერ შეთავაზებული სარგებლის ოდენობის მიზანშეწონილობასა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საპროცენტო პოლიტიკაზე. სარგებლის შემცირების ნაწილში თავის პოზიციას მოპასუხე საქმის განხილვის ყველა ეტაპზე აფუძნებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საპროცენტო მაჩვენებლის სტატისტიკასა და სასამართლო პრაქტიკაზე, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისათვის ამოსავალი პოზიცია სწორედ კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი მოთხოვნაა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: რამდენად კანონიერია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 17 043.68 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელადაა დატოვებული.

კასატორის განსახილველი მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი ისაა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტი და პირგასამტეხლო შეუსაბამოა საკრედიტო დაწესებულებების მიერ კრედიტებზე დადგენილ საშუალო საპროცენტო განაკვეთების ოდენობასთან; ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებთან, საჯარო წესრიგთან და ზნეობრივ სტანდარტებთან. კერძოდ, მეორე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას კასატორი ნაწილობრივ, 5 287.57 ლარის ოდენობით აღიარებს, ხოლო პირველი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებულად ცნობაზე მიუთითებს და მიაჩნია, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში მის მიერ კრედიტორისათვის გადახდილი თანხები სესხის ძირ თანხაში უნდა ჩათვლილიყო.

ამრიგად, მოცემული დავის საკვანძო საკითხი შემდეგია: არსებობს თუ არა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტისა პირგასამტეხლოს კანონშეუსაბამოდ მიჩნევის საფუძველი.

14. საკასაციო პალატის განსჯით, განსახილველი საკითხი სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა, კერძოდ, სადავო ხელშეკრულებების კანონშესაბამისად მიჩნევის თაობაზე სწორი დასკვნა ჩამოაყალიბა. ამ მოსაზრების საფუძველს ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული შემდეგი გარემოებები:

1). საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებების სპეციფიკურობის გამო სადავო სამართალურთიერთობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არაუზრუნველყოფილი სასესხო ურთიერთობებისთვის დადგენილი წესებით მოწესრიგებას ექვემდებარება.

მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტებისთვის განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთების შესახებ მონაცემების მიხედვით, ხელშეკრულების დადების დროს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციებით დადგენილი, ფიზიკურ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი არაუზრუნველყოფილი 1 წლამდე ვადიანი სესხისთვის 2011 წლის ნოემბერში 27%-ს შეადგენდა.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ პირველი საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი არსებითად არ განსხვავდებოდა ამ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის არსებული საპროცენტო სარგებლის საშუალო ოდენობისგან.

2). სსკ-ის 625.2 მუხლის (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს) ძველი და ახალი რედაქციაც სესხის ხელშეკრულებისათვის საპროცენტო სარგებლის ზედა ზღვარს ადგენდა, სახელდობრ, ხსენებული ნორმის მხარეთა შორის სადავო ხელშეკრულებების გაფორმების დროს მოქმედი რედაქციით დადგენილი იყო, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 100%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი კანონით დადგენილ ზღვარს არ აღემატება და ისინი მათი დადების დროს მოქმედ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სესხის ხელშეკრულებისთვის განსაზღვრულ პროცენტთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალი არ არის.

მოცემული საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მოვალისათვის საშეღავათო პირობების ერთგვარი მომხიბვლელობაც სწორად გაითვალისწინა და ყურადღება მართებულად მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ ამ უკანასკნელს საშუალება ჰქონდა, საკრედიტო ლიმიტის ათვისება და 55 დღის მანძილზე გამოყენება 0%-ის გადახდისა და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების შესრულების სანაცვლოდ განეხორციელებინა.

საქმეზე წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებები მსესხებელს საშუალებას აძლევდა, საკრედიტო ლიმიტი აეთვისებინა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისა და თანხის ანგარიშზე დროულად დაბრუნების შემთხვევაში, ბარათზე არსებული თანხით კვლავ ესარგებლა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებშიც და ბარათიდან თანხის განაღდების გზითაც, თუმცა, თანხის ბანკომატიდან განაღდების შემთხვევაში, ბანკი გაცილებით მაღალ სარგებელს ადგენდა, რასაც მოპასუხე ხელშეკრულებებზე თავისი ხელმოწერით დაეთანხმა.

3). სადავო საკითხის შეფასებისას საგულისხმო კიდევ ის გარემოება იყო, რომ მხარეები მყარ საპროცენტო განაკვეთებზე შეთანხმდნენ, საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით (მოცემულ სარჩელთან დაკავშირებული დავის დაწყებამდე) მოპასუხეს არასდროს არ გამოუთქვამს პრეტენზია, წინამდებარე დავის ფარგლებში კი მოპასუხემ შედავება მხოლოდ შესაგებლით განახორციელა, ხოლო საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს თაობაზე მხარეთა შეთანხმების ბათილად ცნობა მას არ მოუთხოვია (შეგებებული სარჩელის წარდგენის გზით).

15. პალატის მოსაზრებით, გასაზიარებელია გასაჩივრებული განჩინების ის ნაწილიც, სადაც სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის საკითხზე მსჯელობაა წარმოდგენილი. კრედიტის ოდენობისა და ვალდებულების შეუსრულებლობის პერიოდის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო (0.5%, რასაც ემატებოდა ფიქსირებული 20 ლარი) არ იყო შეუსაბამოდ მაღალი.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად დასაწყისში დასმულ უმთავრეს შეკითხვას (არსებობს თუ არა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლის და პირგასამტეხლოს კანონშეუსაბამოდ მიჩნევის საფუძველი) სააპელაციო სასამართლომ ძირითადად სწორად უპასუხა, რისი დამასაბუთებელი არგუმენტებიც გასაჩივრებულ განჩინებაში ამომწურავადაა წარმოდგენილი და მათი მოტივაცია საკასაციო პრეტენზიით უარყოფილი ვერ იქნა.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

18. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.ო–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ბ.ო–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 852.18 ლარის (საგადახდო დავალება # 28671511, გადახდის თარიღი - 10.08.2022) 70% - 596.52 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე