Facebook Twitter

24 ნოემბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-1156-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ.ი–ვა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სს ,,ს.ბ–ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2008 წლის 25 მარტიდან მ.ი–ვა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, დასაქმებული) სს ,,ს.ბ–ში’’ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, დამსაქმებელი, კომპანია, ბანკი) მუშაობდა.

2017 წლის 7 მარტის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე ბიზნესის საბანკო მომსახურების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე იყო დასაქმებული, სადაც მისი შრომის ანაზღაურება 2 200 ლარს (დასაბეგრი ოდენობა) შეადგენდა.

2. შრომით ხელშეკრულების დანართი - თანამდებობრივი ინსტრუქციის 2.1 პუნქტის თანახმად, მოსარჩელის პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა შრომითი ხელშეკრულებით, მათ შორის, შინაგანაწესით, კომპანიაში დადგენილი ინსტრუქციებით/პროცედურებით/პოლიტიკითა და წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების/ფუნქციების სრულად და ჯეროვნად შესრულება, კორპორატიული სტანდარტებისა და ინტერესების მკაცრად დაცვა. ამავე ინსტრუქციის თანახმად, მოსარჩელის ფუნქციაში შედიოდა დაქვემდებარებული თანამშრომლების პორთფელის კონტროლი, გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა, კლიენტის ბიზნესის ანალიზი და სხვა.

3. მოპასუხე ბანკის თანამშრომელთა სავალდებულო ქცევის წესების 2.1.10 – 2.1.11 პუნქტების მიხედვით, ყველა თანამშრომელი ვალდებულია არ დაუშვას დამსაქმებლის პოლიტიკის, პროცედურების და ინსტრუქციების დარღვევა, ფაქტების განზრახ დამახინჯება და ტყუილი განცხადებებსა და მოქმედებებში, ხოლო 2.1.14 პუნქტის შესაბამისად, თანამშრომელი ვალდებულია ბრალეული ქმედებით დამსაქმებელს ქონებრივი ზიანი არ მიაყენოს ან ასეთი ზიანის წარმოშობის საფუძვლები არ შექმნას.

4. კომპანიის შიდა კონტროლის დეპარტამენტის მონიტორინგისა და იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის დასკვნით დადგენილია შემდეგი:

2019 წლის 3-6 ივნისის პერიოდში ჩატარდა გარდაბნის რაიონის მიკრო საკრედიტო ექსპერტებისა და ბიზნესის ბანკირების პორტფელური ანალიზი. შემოწმება შეეხო 2019 წელს გაცემულ ვიზიტიან სესხებს. შემოწმების მოსამზადებელ ეტაპზე 2019 წელს გაცემული 874 ვიზიტიანი სესხიდან წინასწარ შერჩეული ლოგიკის მიხედვით გადაირჩა 200 სესხი (68 კლიენტი იყო საგარეჯოს, იურმუღანლოს ტერიტორიაზე გაცემული სესხები, რომლის ადგილზე გადამოწმება ვერ მოხერხდა). შემოწმების ფარგლებში ჯამურად გადამოწმდა 2 საცალო ბიზნეს ბანკირისა და 5 მიკრო საკრედიტო ექსპერტის 78 სესხი. გარდა ამისა, დისტანციურად შესწავლილ იქნა იურმუღანლოს ტერიტორიაზე გაცემული 68 სესხი, რომელიც პროცედურის დარღვევით, ვიზიტის გარეშე იყო გაცემული.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა სესხის დამუშავების დროს პროცედურული მნიშვნელოვანი დარღვევები:

ა). საგარეჯოს რაიონის სოფლებზე, რომლებიც მოპასუხე ბანკის მიერ გადამხდელუნარიანობის ანალიზის კუთხით მაღალი რისკის დაკრედიტების რაიონადაა მიჩნეული, სესხის გაცემის პროცედურის დარღვევით გაიცა დიდი ოდენობით არაუზრუნველყოფილი სესხები (68 სესხი, 295 300 ლარი, 2019 წლის მაისში); მსესხებელთა კონცენტრაცია გამოწვეულია ე.წ. ,,შუამავლების’’ აქტიურობით, რომლებსაც მსესხებლისგან პირადი ანგარებიანი დაინტერესება აქვთ და აქტიურ კავშირში არიან ბანკის თანამშრომლებთან;

ბ). ბანკის თანამშრომლებმა მიაგნეს მეთოდს, რომლის გამოყენებითაც ავტომატურ რეჟიმში დადასტურებულად ხდება სესხის დამტკიცება;

გ). ვიზიტიან სესხზე ვიზიტზე გაუსვლელობა (ამაში იგულისხმება გადაწყვეტილების შემდეგ სესხებზე ვიზიტზე გაუსვლელობაც);

დ). სესხის განაცხადში ფიქტიური ბიზნეს საქმიანობის მითითება;

ე). ბიზნეს საქმიანობის დამადასტურებელი ფოტომასალის გაყალბება;

ვ). ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული პირის განაცხადში მიუთითებლობა;

ზ). მსესხებლის შესახებ განაცხადში მითითებული ფინანსური მდგომარეობის (მარაგები, შემოსავლები, ხარჯები, აქტივები და ა.შ) განზრახ დამახინჯება.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ჯგუფის უფროსთან შეთანხმებით ე.ე–ვის მიერ მაისში ადგილი ჰქონდა 68 არაუზრუნველყოფილი ბიზნეს სესხის, ჯამში 295 300 ლარის გაცემას. ყველა კლიენტი შუამავალმა მოიყვანა, რომელსაც მსესხებლისგან ფინანსური დაინტერესება ჰქონდა და მომსახურებაში სხვადასხვა ოდენობის ,,საკომისიოს’’ (300-800 ლარის ფარგლებში) იღებდა. კლიენტის დავიზიტება და ბიზნესის ადგილზე შესწავლა არცერთ შემთხვევაში არ შესრულებულა. ტელეფონის მეშვეობით დაკავშირების მცდელობისას, უმეტეს მსესხებელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. რამდენიმე შემთხვევაში, მსესხებლებთან დაკავშირება განხორციელდა, რომელთა ნაწილიც შუამავალზე თანხის გადახდის ფაქტს ადასტურებს და განაცხადში მითითებული საქმიანობის ადგილსა და სფეროს შესახებ ინფორმაციის ნამდვილობას უარყოფს.

5. მოკვლეულ საკითხთან დაკავშირებით 2019 წლის 3 ივნისს მოსარჩელემ წერილობით განმარტა, რომ მის სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობაში შედის დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, პორთფელის ანალიზი/შემოწმება, მარკეტინგი და ა.შ. მიმდინარე წლის მაისის თვეში სერვის ცენტრში უცნობი მოქალაქე მოვიდა, რომელიც სერვის-ცენტრის კარგი კლიენტის ნათესავი იყო. პირველადი კომუნიკაცია მომხმარებელთან თანამშრომელ ე.ე–ვს ჰქონდა, ხოლო შემდეგ მომხმარებელს პირადად შეხვდა. მოქალაქის განცხადებით, იგი მწვანილის დიდი მწარმოებელი იყო და საბითუმოდ სახლიდან ეწ. ,,გადამყიდველებზე’’ მწვანილს ყიდდა, რის გამოც დაინტერესებული იყო, რომ მის კლიენტებს საბრუნავი თანხა ჰქონოდათ. შესაბამისად, დაახლოებით 50 კლიენტის მიყვანა შეეძლო, რომლებზეც სესხი უნდა გაცემულიყო. მასთან გასაუბრების შემდეგ, მიწოდებული ინფორმაციით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ იგი ბანკის კარგი კლიენტის ნათესავი იყო, მოსარჩელე დარწმუნდა, რომ მასთან თანამშრომლობა ღირდა, რის შემდეგაც ე.ე–ვისაგან გადამოწმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სადღაც მაისის ბოლოსთვის აღნიშნული სქემით ე.ე–ვამ დაახლოებით 50-მდე სესხი გასცა. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ შუამავალს 50-მდე მსესხებელი უნდა მოეყვანა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ სქემით 70 სესხი გაიცა, რომელზეც ის ინფორმაციას არ ფლობდა.

ახსნა-განმარტების ფარგლებში მოსარჩელემ ისიც განმარტა, რომ შუამავლის განცხადებით ყველა პოტენციური კლიენტი ე.წ. ,,მწვანილის გამყიდველი’’ იყო, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო, გაცემულ სესხებში როგორ მოხვდა არა მწვანილის ყიდვა-გაყიდვით დაკავებული, არამედ სხვა ბიზნეს საქმიანობით (ხელოსნობა, სხვა საკვები პროდუქტებით ვაჭრობა, ტანსაცმლის ვაჭრობა) დაკავებული მსესხებლები. სესხის გაცემის პროცესში აღნიშნული ანალიზი არ ჩატარებულა და გადამოწმების შემთხვევაში, შუამავლის მიერ გაცხადებულ და მსესხებლის რეალურ საქმიანობას შორის არსებული სხვაობა აღმოჩნდებოდა. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემა ბანკს აკრძალული ჰქონდა, იმ პირებზე რომელთა საქმიანობის ადგილია საგარეჯოს რეგიონში (ი–ო, ლ–ო, ქ–ო, წ–ი, ქ. ლ–ო, თ–ი, დ–ა), სესხის გაცემისა და შემდეგ მომსახურების ეტაპზე არსებული რისკების გამო. სერვის-ცენტრის თანამშრომლები ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ.

წერილობითი ახსნა-განმარტების ფარგლებში დასაქმებულმა დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ზემოხსენებული სქემით გაცემულ სესხებზე მსესხებლები საგარეჯოს რაიონიდან იყვნენ, თუმცა როგორც შუამავლიდან იცოდა, მათი საქმიანობის ადგილი იყო ნავთლუღის ბაზრობა, ამიტომ სხვა დეტალებზე პირადად აღარ დაინტერესებულა.

6. დამსაქმებლის 2019 წლის 11 ივნისის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება), საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა, რის შესახებაც მას იმავე დღეს ეცნობა.

7. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით:

8.1. სარჩელი დაკმაყოფილდა.

8.2. გასაჩივრებული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი;

8.3. დასაქმებული სამუშაოზე აღდგენილ იქნა;

8.4. მოსარჩელის სასარგებლოდ დამსაქმებელს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის გადახდა დაეკისრა, 2019 წლის 12 ივნისიდან სამუშაოზე აღდგენის ნაწილში ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 2 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის შემდეგ მისაღები თანხა).

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით:

- დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

- დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მის მიერ ჩადენილი დარღვევა არსებითი და მნიშვნელოვანი იყო. ამ დასკვნის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ შემდეგი არგუმენტები დაასახელა:

1). მოსარჩელეს მოპასუხე ბანკის სერვის ცენტრის საბანკო მომსახურების ჯგუფის უფროსის პოზიცია ეკავა. შრომით ხელშეკრულებაზე დანართი - თანამდებობრივი ინსტრუქციის 2.1 პუნქტიდან, კომპანიის თანამშრომელთა სავალდებულო ქცევის წესების 2.1.10 – 2.1.11, 2.1.14 პუნქტებიდან და დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, დასაქმებულს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების საქმიანობის კონტროლი, გასაცემი სესხების რისკის განსაზღვრა, ზედამხედველობა, მომსახურების დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი, დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულების კონტროლი და დარღვევებზე ოპერატიული რეაგირება, გაყიდვების შესახებ ინფორმაციის დამუშავება-ანალიზი ევალებოდა. თავისი საქმიანობა მას შესაბამისი პასუხისმგებლობით, განსაკუთრებული ყურადღებით, გულისხმიერებით, ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვით უნდა შეესრულებინა.

2). სადავო საკითხის შეფასებისას უნდა გამოყენებულიყო სისტემური მიდგომა, რადგან საქმიანობის კომპლექსური ანალიზის გარეშე დასაქმებულის ქცევა სხვაგვარად ვერ შეფასდებოდა. დამსაქმებელის მიზნების შესრულების საუკეთესო გზა მენეჯმენტი და მისი უზრუნველყოფა იყო. ამასთან, რამდენადაც ხსენებული თანამდებობისათვის აუცილებელია მმართველის უნარ-ჩვევები, რაც მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების საქმიანობის კონტროლსა და ზედამხედველობას გულისხმობს, არაარსებითია, დარღვევა მოსარჩელის უშუალო მონაწილეობამ გამოიწვია თუ არა. ამდენად, სწორედ დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, მოსარჩელე იყო პასუხისმგებელი მოპასუხე კომპანიის შესაბამისი ფილიალის გამართულად ფუნქციონირებაზე. შესაბამისად, თუკი უფროსმა შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული კონტროლის ფუნქციები არ შეასრულა, ასეთი ქმედება სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეშ დარღვევად უნდა შეფასებულიყო, რა დროსაც მასთან შრომითი ურთიერთობის მოშლა გამართლებულია.

დამსაქმებლის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ცხადყოფდა, რომ მოსარჩელის დაქვემდებარებაში მყოფი ბიზნეს ბანკირების პორთფელური ანალიზის შედეგად გარკვეული დარღვევები გამოვლინდა და დამრღვევი თანამშრომლების მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ რეკომენდაცია გაიცა. აღნიშნული დასკვნის საგანი უშუალოდ მოსარჩელის დაქვემდებარებაში მყოფი სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან გარკვეული სახის ვალდებულებების არასათანადოდ შესრულების ფაქტებს შეეხებოდა.

მოსარჩელის მიერ დაკავებული მენეჯერული პოზიციის გათვალისწინებით, მისი ფუნქცია-მოვალეობების კონსტრუქცია იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ გამორიცხული ან მინიმუმამდე დაყვანილიყო დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მხრიდან დარღვევების რისკები. შესაბამისად, ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირის მიერ ფუნქცია-მოვალეობათა არასათანადო შესრულებასთანაა დაკავშირებულიი. დასაქმებულის წერილობითი ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ მისთვის ცნობილი იყო არსებული ხარვეზების თაობაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, ინსტრუქციითა და შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი სტანდარტებით არ იმოქმედა, კერძოდ, მოსარჩელის სამსახურებრივი ახსნა-განმარტებით გამოირკვა, რომ მისთვის ცნობილი იყო შუამავლის მეშვეობით სესხების გაცემის თაობაზე, ამასთან, მისი მხრიდან სესხის გაცემის კონტროლი არ შესრულებულა და ე.წ. შუამავლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტე არ გადამოწმებულა, რის გამოც შესაბამისი შესწავლის გარეშე გაიცა 70-მდე კრედიტი, რაც ჯამურად 295 300 ლარს მოიცავდა. ამავე ახსნა-განმარტების შესაბამისად, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ ბანკს აკრძალული ჰქონდა ისეთი პირებისთვის სესხების გაცემა, რომელთა საქმიანობის ადგილი არის საგარეჯოს რეგიონში (ი–ო, ლ–ო, ქ–ო, წ–ი, ქ.ლ–ო, თ–ი, დ–ა), სესხის გაცემისა და შემდეგ მომსახურების ეტაპზე არსებული რისკების გამო. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყვნენ სერვის-ცენტრის თანამშრომლებიც, თუმცა მიუხედავად ამისა, სერვის-ცენტრში დასაქმებულ პირს მოსარჩელემ ნება დართო, აღნიშნულ რეგიონში საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის კრედიტები გაეცა.

3). ზემომითითებულ დარღვევებზე შესაბამისი კონტროლის განუხორციელებლობა და რეაგირების გარეშე დატოვება იმ კუთხითაც შესაფასებელია, რომ, ერთი მხრივ, მოპასუხის, როგორც სპეციალურ რეგულაციებს დაქვემდებარებული საფინანსო დაწესებულების გამართულად და კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობა დიდწილადაა დაკავშირებული ასეთი დარღვევის არარსებობასთან, ხოლო, მეორე მხრივ, ამგვარი კონტროლი საბანკო მომსახურების ჯგუფის უფროსის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო, კერძოდ, მის ძირითად სამსახურებრივ ვალდებულებას სწორედ დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კონტროლი, მათ მიერ მომსახურების დადგენილი პროცედურების, წესებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი და დარღვევებზე ოპერატიული რეაგირება წარმოადგენდა.

4). შრომითი ვალდებულების დარღვევის ჩადენის სიმძიმის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, შედეგობრივი თვალსაზრისით მისი შეფასება, რათა დადგინდეს, თანაზომიერი იყო თუ არა დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის მხრიდან დარღვევის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტა, თუმცა, დარღვევა, რომლის შედეგი ნდობის დაკარგვაა, არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე მატერიალური ზიანი. დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევის ხარისხის შეფასებისას, მნიშვნელოვანია, ის მაღალი პოტენციური საფრთხე, რომელიც შესაძლებელია პროფესიულ ვალდებულებათა მიმართ გულგრილ დამოკიდებულებასა და პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობას უკავშირდებოდეს.

10.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ დარღვევის ხასიათის, სიმძიმისა და შედეგის გათვალისწინებით, მისი სამსახურიდან განთავისუფლება დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული ღონისძიება იყო. მოსარჩელის ასეთი საქციელი დამსაქმებელს მუშაკის მიმართ ნდობას უკარგავდა. შესაფასებელი ქმედება ისეთ დარღვევას არ წარმოადგენდა, რომელიც დამსაქმებლის მიერ გამაფრთხილებელი ზომის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია, იმგვარად გამოსწორებულიყო, რომ დამსაქმებელს მუშაკთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი არ დაეკარგა. აღნიშნული გარემოება კი, დასაქმებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას გამორიცხავდა და სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს ქმნიდა.

10.3. სადავო ბრძანების კანონიერად ცნობის გამო სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნები სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და მათ ნაწილშიც სარჩელის უარყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

11. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

გარდა ამისა, კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებების გაუქმებას, რომლებითაც საქმეზე მიღებულ იქნა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები.

საკასაციო საჩივრის დასაბუთება ასეთია:

11.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის საპასუხოდ მოპასუხის შესაგებელი მხოლოდ იმ ფორმალურ ასპექტზე იყო აქცენტირებული, რომ მოსარჩელის დასაქმების პერიოდში იმ ე.წ. პრობლემური 68 სესხის გაცემის შედეგად, ბანკის მიერ შიდა დონეზე განსაზღვრული სახელმძღვანელო მითითება დაირღვა. მატერიალური ზიანის ამსახველი ფაქტების მითითების შესაძლებლობა მოპასუხეს არ გამოუყენებია. ამის სავარაუდო მიზეზი ისაა, რომ ზიანის დადგომას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ბანკის ამგვარი პოზიცია პრეზუმირებულად ცხადყოფს ზიანის არარსებობას და სწორედ ამ ჭრილში იკვეთება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების იმ ეპიზოდის ადეკვატურობა, სადაც განმარტებულია, რომ ზემოაღნიშნული 68 სესხის ხელშეკრულებიდან არცერთი პრობლემური არ გამხდარა და მოპასუხეს ფაქტობრივი ზიანი არ მიდგომია.

11.2. ბანკისათვის ზიანის მიყენების დამადასტურებელ მტკიცებულებებად სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 380-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით მიიღო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ახალი ფაქტები და დოკუმენტები, ამ დოკუმენტებს მტკიცებულებითი ძალა მიანიჭა და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის დასაქმების პერიოდში გაცემული 68 სესხი გაპრობლემდა.

11.3. შესაგებელში მოპასუხე აქცენტირებს „სახელმძღვანელო მითითებაზე“, რომლითაც, მისი განმარტებით, კონკრეტულ კონტიგენტზე სესხის გაცემა აკრძალული იყო, თუმცა საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც მსგავსი მითითების შინაარსის შესახებ სრულყოფილ წარმოდგენას შეგვიქმნიდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კომპანიაში არსებული კომპიუტერული პროგრამითვე იყო უზრუნველყოფილი ბანკისათვის რისკიან რეგიონში საქმიანობის განმახორციელებელ თუ მცხოვრებ პირთა მიმართ სესხის გაცემის შესახებ ავტომატური გადაწყვეტილების მიღება და ასეთი პროგრამის არსებობა მოპასუხემაც დაადასტურა.

11.4. თუნდაც გაზიარებულ იქნეს მოპასუხის მიერ მითითებული, თუმცა დაუდასტურებელი ფაქტები იმის თაობაზე, რომ სესხის მიმღებ სუბიექტთა საქმიანობის ადგილი საგარეჯოს რაიონია, რომელთა შესახებაც ინფორმაციები სასესხო განცხადებაში არასწორად მიეთითა, რაკი მოსარჩელის პასუხისმგებლობის საგნად მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების ქმედებები განიხილება (რომლებიც საკრედიტო ექსპერტები არიან და რომელთა უშუალო კონტროლიც, წარდგენილი მონაცემების კვლევაა), ამიტომ ზემოაღნიშნული უშუალოდ მოსარჩელის მოვალეობათა უხეშ დარღვევად დაკვალიფიცირების საფუძველს არ ქმნის. მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების „ბრალდების“ შემთხვევაში, აუცილებელია, დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოსარჩელის უშუალო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

11.5. სასესხო პორტფელების არსებული ანალიზის დოკუმენტი სრულყოფილ წარმოდგენას არ იძლევა უშუალოდ მოსარჩელის მიერ მოვალეობათა დარღვევის ფორმისა და ხარისხის შესახებ, ხოლო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების დაფუძნება მხოლოდ ირიბად ნაწარმოები გარემოებების ჭრილში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებისა და თანაზომიერების სტანდარტს ვერ პასუხობს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

15. მოცემული დავის საკვანძო საკითხია, დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების კანონიერების განსაზღვრა, ე.ი. შესამოწმებელია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.

ზემოაღნიშნული საკითხის დადგენა, შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

16. სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, შემდეგი საკითხია საყურადღებო: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

17. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი (ნორმის ამჟამინდელი რედაქციით 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 - ვებგვერდი, 5.10.2020წ.). ამ მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მოპასუხემ კომპანიის შიდა კონტროლის დეპარტამენტის მონიტორინგისა და იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის დასკვნა დაასახელა, სადაც აღნიშნულია შემდეგი:

2019 წლის 3-6 ივნისის პერიდში ჩატარდა გარდაბნის რაიონის მიკრო საკრედიტო ექსპერტებისა და ბიზნესის ბანკირების პორტფელური ანალიზი. შემოწმება შეეხო 2019 წელს გაცემულ ვიზიტიან სესხებს. შემოწმების მოსამზადებელ ეტაპზე 2019 წელს გაცემული 874 ვიზიტიანი სესხიდან წინასწარ შერჩეული ლოგიკის მიხედვით გადაირჩა 200 სესხი (68 კლიენტი იყო საგარეჯოს, .... ტერიტორიაზე გაცემული სესხები, რომლის ადგილზე გადამოწმება ვერ მოხერხდა). შემოწმების ფარგლებში ჯამურად გადამოწმდა 2 საცალო ბიზნეს ბანკირისა და 5 მიკრო საკრედიტო ექსპერტის 78 სესხი. გარდა ამისა, დისტანციურად შესწავლილ იქნა .... ტერიტორიაზე გაცემული 68 სესხი, რომელიც პროცედურის დარღვევით, ვიზიტის გარეშე იყო გაცემული.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა სესხის დამუშავების დროს პროცედურული მნიშვნელოვანი დარღვევები:

ა). საგარეჯოს რაიონის სოფლებზე, რომლებიც მოპასუხე ბანკის მიერ გადამხდელუნარიანობის ანალიზის კუთხით მაღალი რისკის დაკრედიტების რაიონადაა მიჩნეული, სესხის გაცემის პროცედურის დარღვევით გაიცა დიდი ოდენობით არაუზრუნველყოფილი სესხები (68 სესხი, 295 300 ლარი, 2019 წლის მაისში); მსესხებელთა კონცენტრაცია გამოწვეულია ე.წ. ,,შუამავლების’’ აქტიურობით, რომლებსაც მსესხებლისგან პირადი ანგარებიანი დაინტერესება აქვთ და აქტიურ კავშირში არიან ბანკის თანამშრომლებთან;

ბ). ბანკის თანამშრომლებმა მიაგნეს მეთოდს, რომლის გამოყენებითაც ავტომატური მეთოდით დადასტურებულად ხდება სესხის დამტკიცება;

გ). ვიზიტიან სესხზე ვიზიტზე გაუსვლელობა (ამაში იგულისხმება გადაწყვეტილების შემდეგ სესხებზე ვიზიტზე გაუსვლელობაც);

დ). სესხის განცხადში ფიქტიური ბიზნეს საქმიანობის მითითება;

ე). ბიზნეს საქმიანობის დამადასტურებელი ფოტომასალის გაყალბება;

ვ). ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული პირის განაცხადში მიუთითებლობა;

ზ). მსესხებლის შესახებ განაცხადში მითითებული ფინანსური მდგომარეობის (მარაგები, შემოსავლები, ხარჯები, აქტივები და ა.შ) განზრახ დამახინჯება.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ჯგუფის უფროსთან შეთანხმებით ე.ე–ვის მიერ მაისში ადგილი ჰქონდა 68 არაუზრუნველყოფილი ბიზნეს სესხის, ჯამში 295 300 ლარის გაცემას. ყველა კლიენტი შუამავალმა მოიყვანა, რომელსაც მსესხებლისგან ფინანსური დაინტერესება ჰქონდა და მომსახურებაში სხვადასხვა ოდენობის ,,საკომისიოს’’ (300-800 ლარის ფარგლებში) იღებდა. კლიენტის დავიზიტება და ბიზნესის ადგილზე შესწავლა არცერთ შემთხვევაში არ შესრულებულა. ტელეფონის მეშვეობით დაკავშირების მცდელობისას, უმეტეს მსესხებელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. რამდენიმე შემთხვევაში, მსესხებლებთან დაკავშირება განხორციელდა, რომელთა ნაწილიც შუამავალზე თანხის გადახდის ფაქტს ადასტურებს და განაცხადში მითითებული საქმიანობის ადგილსა და სფეროს შესახებ ინფორმაციის ნამდვილობას უარყოფს.

18. ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ცნო, ხოლო კასატორს მათ მიმართ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი). ამასთან, ეს გარემოებები იმას ცხადყოფენ, რომ სადავო ბრძანებით მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნას საფუძვლად დაედო ამ უკანასკნელის მიერ შრომითი ხელშეკრულებითა და კომპანიის თანამშრომელთა სავალდებულო ქცევის წესებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების კანონიერების საკითხის განსაზღვრისას, დღის წესრიგში დგება, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებისა და კომპანიის თანამშრომელთა სავალდებულო ქცევის წესების დასაქმებულის მიერ ჩადენილ ქმედებასთან ერთობლიობაში შეფასება.

შრომით ხელშეკრულებაზე დანართი - თანამდებობრივი ინსტრუქციის 2.1 პუნქტის (მოსარჩელის პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა შრომითი ხელშეკრულებით, მათ შორის, შინაგანაწესით, კომპანიაში დადგენილი ინსტრუქციებით/პროცედურებით/პოლიტიკითა და წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების/ფუნქციების სრულად და ჯეროვნად შესრულება, კორპორატიული სტანდარტებისა და ინტერესების მკაცრად დაცვა. ამავე ინსტრუქციის თანახმად, მოსარჩელის ფუნქციაში შედიოდა დაქვემდებარებული თანამშრომლების პორთფელის კონტროლი, გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა, კლიენტის ბიზნესის ანალიზი და სხვა), მოპასუხე ბანკის თანამშრომელთა სავალდებულო ქცევის წესების 2.1.10 – 2.1.11 (ყველა თანამშრომელი ვალდებულია არ დაუშვას დამსაქმებლის პოლიტიკის, პროცედურების და ინსტრუქციების დარღვევა, ფაქტების განზრახ დამახინჯება და ტყუილი განცხადებებსა და მოქმედებებში), 2.1.14 (თანამშრომელი ვალდებულია ბრალეული ქმედებით დამსაქმებელს ქონებრივი ზიანი არ მიაყენოს ან ასეთი ზიანის წარმოშობის საფუძვლები არ შექმნას) პუნქტებიდან და მოსარჩელის მიერ დაკავებული სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ეს უკანასკნელი ცალსახად წარმოადგენდა მოპასუხე კომპანიის შესაბამისი ფილიალის გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ პირს.

დასახელებული ინსტრუქციისა და წესების ზემოთ მოყვანილი შინაარსის თანახმად, სამსახურებრივად დაკისრებული მოვალეობები (მათ შორის: მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების საქმიანობის კონტროლი, გასაცემი სესხების რისკის განსაზღვრა, ზედამხედველობა, მომსახურების დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი, დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულების კონტროლი და დარღვევებზე ოპერატიული რეაგირება, გაყიდვების შესახებ ინფორმაციის დამუშავება-ანალიზი) მოსარჩელეს შესაბამისი პასუხისმგებლობით, განსაკუთრებული ყურადღებით, გულისხმიერებით, ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვით უნდა შეესრულებინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი მოსარჩელემ, როგორც ხელმძღვანელმა, შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული კონტროლის ფუნქციები არასათანადოდ შეასრულა, მისი ქმედება სააპელაციო სასამართლომ მართებულად მოაქცია სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირების ქვეშ, რაც მასთან შრომითი ურთიერთობის მართლზომიერად მოშლის ფაქტს ასაბუთებს.

19. სადავო ბრძანების შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში ისიც სწორად მიიღო, რომ, როგორც, დასაქმებულის წერილობითი ახსნა-განმარტებით დადგინდა, მისთვის ცნობილი იყო შუამავლის მეშვეობით სესხების გაცემის თაობაზე, თუმცა სესხის გაცემის კონტროლი არ შეუსრულებია და ე.წ. „შუამავლის“ მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტე არ გადაუმოწმებია. აღნიშნული მოქმედების შედეგად შესაბამისი შესწავლის გარეშე 70-მდე კრედიტი (ჯამურად 295 300 ლარის ოდენობით) გაიცა. ამავე ახსნა-განმარტების შესაბამისად, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ ბანკს აკრძალული ჰქონდა ისეთ პირებზე სესხების გაცემა, რომელთა საქმიანობის ადგილია საგარეჯოს რეგიონი ი–ო, ლ–ო, ქ–ო, წ–ი, ქ. ლ–ო, თ–ი, დ–ა, სესხის გაცემისა და შემდეგ მომსახურების ეტაპზე არსებული რისკების გამო. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყვნენ სერვის-ცენტრის თანამშრომლებიც.

აქვე კიდევ ერთი გარემოებაა საყურადღებო, კერძოდ, ახსნა-განმარტებაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ, როგორც მისთვის ცნობილი იყო, ზემოხსენებული სქემით გაცემული სესხების მსესხებლები საგარეჯოს რაიონიდან (ი–ო, ლ–ო, ქ–ო, წ–ი, ქ. ლ–ო, თ–ი, დ–ა) იყვნენ, თუმცა „შუამავლისგან“ იცოდა, რომ მათი საქმიანობის ადგილი იყო ნავთლუღის ბაზრობა, რის გამოც სხვა დეტალების შესახებ პირადად აღარ დაინტერესებულა.

ამავე ახსნა-განმარტებაში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, თუ როგორ მოხვდნენ გაცემულ სესხებში არა მწვანილის ყიდვა-გაყიდვით, არამედ სხვა საქმიანობით (ხელოსნობა, სხვა საკვები პროდუქტებით ვაჭრობა, ტანსაცმლის ვაჭრობა) დაკავებული მსესხებლები. სესხების გაცემის პროცესში აღნიშნულის ანალიზი მას არ ჩაუტარებია, სავარაუდოდ, გადამოწმებისას აღმოაჩენდა შუამავლის მიერ გაცხადებულ და მსესხებლების რეალურ საქმიანობას შორის სხვაობას (იხ. ტომი 1, ს.ფ. 123-124).

პრეზუმირებულია, რომ საბანკო მომსახურების სფეროში ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების მქონე პირმა, რომელიც ერთგვაროვან სამუშაოს წლების მანძილზე ასრულებს, ზედმიწევნით იცის აღნიშნული მომსახურების სპეციფიკა და მისთვის ცნობილია, თუ რა არასახარბიელო შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას.

ასეთ პირობებში, მინიმალური გონივრული წინდახედულობის გამოჩენისას დასაქმებული უცილობლად უნდა დაინტერესებულიყო, თუ რამდენად რეალური იყო მსესხებლებთან დაკავშირებით ე.წ. „შუამავლის“ მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია და რამდენად შეესაბამებოდა იგი დამსაქმებლის მხრიდან დაწესებულ სესხის გაცემის სტანდარტულ პირობებს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ვინაიდან დაფიქსირებულ გადაცდომას ადგილი აქვს რამდენიმე ათეულ სესხთან დაკავშირებით და აშკარაა, რომ იგი ატარებს სისტემურ ხასიათს.

ამრიგად, პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორს უნდა გადაემოწმებინა ზემომითითებულ სესხებთან დაკავშირებით ბანკისთვის წარდგენილი ინფორმაცია. დასაქმებული ასე არ მოქცეულა, რაც იმას ადასტურებს, რომ მან დამსაქმებლის წინაშე დაკისრებული ვალდებულება დაარღვია, ამასთან დარღვევა ატარებდა არა ერთეულ არამედ მრავალჯერად ხასიათს და შეიცავდა უხეში დარღვევის დამახასიათებელ ყველა ნიშანს.

20. განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ რეგულაციებს დაქვემდებარებული საფინანსო დაწესებულების გამართულად და კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობა დიდწილადაა დაკავშირებული გამოვლენილი დარღვევის არარსებობასთან. ამასთან, უშუალოდ დაქვემდებარებულ პირთა კონტროლი საბანკო მომსახურების ჯგუფის უფროსის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, კერძოდ, მოსარჩელის ძირითად სამსახურებრივ ვალდებულებას სწორედ დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის, მათ მიერ მომსახურების დადგენილი პროცედურების, წესებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი და დარღვევებზე ოპერატიული რეაგირება წარმოადგენს.

21. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არამართლზომიერად ვერ შეფასდება დამსაქმებლის ნება - მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგობას გამორიცხავს.

22. იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის კანონიერების საკითხზე პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს.

23. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ საოქმო განჩინებების გაუქმების მოთხოვნას, ამ შემთხვევაში, არსებითია, რომ სარჩელის უარყოფის შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევად კვალიფიკაციას დააფუძნა. შესაბამისად, ძირითადი მნიშვნელობა მიენიჭა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სახელდობრ: სადავო ბრძანების ფაქტობრივ საფუძვლად დასახელებული კომპანიის შიდა კონტროლის დეპარტამენტის მონიტორინგისა და იურიდიული მხარდაჭერის დასკვნას, მოსარჩელესთან დადებულ შრომით ხელშეკრულებას, თანამშრომელთა კორპორატიულ სახელმძღვანელოსა და სხვა. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოშივე იყო წარდგენილი და შესაბამისად, აღნიშნული საოქმო განჩინების კანონიერების საკითხზე მსჯელობა სამართლებრივად არარელევანტურია.

24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

26. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ი–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.ი–ვას (პ/ნ ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე პ.კ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება # 1, გადახდის თარიღი - 15.08.2022) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე