Facebook Twitter

26 იანვარი 2023 წელი

საქმე№ა-6968-შ-169-2022 ქ.თბილისი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ლ–ია

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს–ია

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის ბეიქოზის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე #2019/88)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2022 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ.ლ–იამ თურქეთის რესპუბლიკის ბეიქოზის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

2. შუამდგომლობისა და თანდართული მასალების მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკის ბეიქოზის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ.ს–იას სარჩელი დაკმაყოფილდა და მ.ს–იას (დაბადებული: 13.02.1963წ., თ.რ. პ/ნ ......) და მ.ლ–იას (დაბადებული: 08.11.1982წ., პ/ნ .....) შორის, 2016 წლის 02 ივნისს რეგისტრირებულ ქორწინებაზე, თურქეთის სამოქალაქო კანონის 166/3 მუხლის მიხედვით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ.

3. შუამდგომლობაზე თანდართული დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ ქორწინება არ შედგა და მოითხოვა განქორწინება, მოპასუხე დაეთანხმა აღნიშნულს. საქმის მასალების შესწავლით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება 2019 წლის 15 თებერვალს ეცნობა მოსარჩელეს, ხოლო 2019 წლის 21 თებერვალს - მოპასუხეს. მხარეთა მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმით გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 08 მარტს. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მ.ლ–იას შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ბეიქოზის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე #2019/88) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ მ.ლ–იას შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ბეიქოზის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე #2019/88) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ბეიქოზის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ.ს–იას სარჩელი დაკმაყოფილდა და მ.ს–იას (დაბადებული: 13.02.1963წ., თ.რ. პ/ნ ......) და მ.ლ–იას (დაბადებული: 08.11.1982წ., პ/ნ .....) შორის, 2016 წლის 02 ივნისს რეგისტრირებულ ქორწინებაზე, თურქეთის სამოქალაქო კანონის 166/3 მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 08 მარტს.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა.

10. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

11. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის ბეიქოზის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე #2019/88) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ლ–იას შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ბეიქოზის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე #2019/88) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის ბეიქოზის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე #2019/88), რომლითაც მოსარჩელე მ.ს–იას სარჩელი დაკმაყოფილდა და მ.ს–იას (დაბადებული: 13.02.1963წ., თ.რ. პ/ნ ......) და მ.ლ–იას (დაბადებული: 08.11.1982წ., პ/ნ .......) შორის, 2016 წლის 02 ივნისს რეგისტრირებულ ქორწინებაზე, თურქეთის სამოქალაქო კანონის 166/3 მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი