საქმე №ას-835-835-2018 13 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ.ბ–სა” (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) და ნ.ბ–ს (შემდგომში - „მოპასუხე“, „მსესხებელი“ ან „კასატორი“) შორის 05.05.2008წ. დაიდო საკრედიტო ბარათით (TBC CARD) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 3 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით შემდეგი პირობებით: წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის - 36%; ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა - ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დამდეგი დაანგარიშების დღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს (იხ. ტ. I, ს.ფ. 14-33, 51, 146-147).
2. TBC CARD-ის განაცხადის მიხედვით, მსესხებელი გაეცნო და ეთანხმება TBC CARD-ის პირობებს და ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ხელშეკრულებას ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ, ეთანხმება მას და უერთდება ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას (იხ. ტ. I, ს.ფ. 80).
3. TBC CARD საკრედიტო ბარათის პირობებში 2011 წელს მოხდა ცვლილება, კერძოდ: განახლებულმა ლიმიტმა შეადგინა 4500 ლარი; ეფექტურმა საპროცენტო განაკვეთმა ბანკის ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, შეადგინა 43,24%, ხოლო საშეღავათო პერიოდის განმავლობაში - 0,80% (იხ. ტ. I, ს.ფ.146-47).
4. TBC CARD-ის პირობები 2013 წლის 19 დეკემბრიდან კვლავ შეიცვალა, კერძოდ: მინიმალური დასაფარი ძირის ოდენობა შემცირდა 10%-დან 5%-მდე, რაც გულისხმობდა, რომ ყოველთვიური დასაფარი თანხის პროცენტს დაემატებოდა ათვისებული ძირი თანხის 5%; ეფექტურმა საპროცენტო განაკვეთმა ბანკის ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, შეადგინა 43,48%, ხოლო საშეღავათო პერიოდის განმავლობაში - 0,80% (იხ. ტ. I, ს.ფ.146-147).
5. მოპასუხე 2008 წლიდან 2015 წლამდე ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა საკრედიტო ვალდებულებებს და ჰქონდა კარგი საკრედიტო ისტორია (იხ. სარჩელი, ტ. I, ს.ფ. 1-13; შესაგებელი, ტ. I, ს.ფ. 122-136).
6. მოპასუხემ 20.03.2015წ. განცხადებით მიმართა ბანკის მ–ის ფილიალს და განუმარტა, რომ აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდომარეობა, რის გამოც ბოლო თვეებში ვეღარ მუშაობს; აქვს უცნობი ეტიოლოგიის სიმსივნური კვანძი მუცლის ღრუში, რომელიც ამოსაკვეთია; სჭირდება სასწრაფო ოპერაცია და შემდგომი მკურნალობა. განმცხადებელმა მოითხოვა: საბანკო კრედიტის (როგორც ძირის, ისე პროცენტის) გადახდის გადავადება 08 თვის ვადით და მისი საკრედიტო ისტორიის გათვალისწინებით, იგივე საბანკო პროდუქტით შემდგომში კვლავ სარგებლობის საშუალების მიცემა, იგივე გადახდის პირობებით (იხ. ტ. I, ს.ფ. 81).
7. ბანკის მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლის 17.04.2015წ. წერილით დგინდება, რომ მოსარჩელემ გაითვალისწინა მოპასუხის წერილში მითითებული გარემოებები და მისი მოთხოვნა დავალიანების გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. აღნიშნულ წერილში მითითებულია, რომ 07.04.2015წ. დაანგარიშების თარიღის მიხედვით (პერიოდი: 08.03.2015-07.04.2015) მოპასუხის ჯამური დავალიანება შეადგენდა 4 622,46 ლარს (აღნიშნული თანხიდან 4 383,87 ლარი წარმოადგენდა ძირითად თანხას, 20 ლარი დარიცხულ ჯარიმას, ხოლო 218,59 ლარი - დარიცხულ პროცენტს). მსესხებელს განემარტა, რომ დავალიანების დაფარვა აღდგებოდა 2015 წლის 01 დეკემბრიდან და ამასთან, მოსარჩელე მოახდენდა დარიცხული ჯარიმის - 20 ლარის კორექტირებას (იხ. ტ. I, ს.ფ. 83).
8. მოპასუხის საბანკო ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ 29.09.2015წ. განხორციელებული ტრანზაქციით, ანუ ე.წ. გადავადების პერიოდში, მოპასუხის სახელზე არსებული საკრედიტო ბარათის დავალიანება გადატანილ იქნა სხვა ანგარიშზე. ამონაწერში ტრანზაქციის დანიშნულების გრაფაში მითითებულია შემდეგი: „TBC CARD ჩამოწერა ნ.ბ–ი 01005....“ (ტ. I, ს.ფ. 50), რაც იმთავითვე გულისხმობდა, რომ იმავე საკრედიტო ბარათის ანგარიშით მოპასუხე ვეღარ ისარგებლებდა. მოსარჩელის წერილით დასტურდება, რომ 29.09.2015წ. ტრანზაქცია გადატანილ იქნა ვადაგადაცილებულ დავალიანებათა სიაში (ტ. I, ს.ფ. 147).
9. მოპასუხემ გადავადების ვადის ამოწურვის შემდგომ, 2015 წლის დეკემბერში წერილობით მიმართა ბანკის მ–ის ფილიალს და მძიმე ჯანმრთელობისა და ფინანსური მდგომარეობის გამო, მოითხოვა მისცემოდა საშუალება ყოველი თვის 25-30 რიცხვში გადაეხადა დავალიანება 50 ლარის ოდენობით. იმავე განცხადებაში მოპასუხემ განმარტა, რომ იგი დაინტერესებული იყო დავალიანების დროულად დაფარვით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მუშაობის დაწყების შემთხვევაში, გამოთქვა მზადყოფნა დაეფარა დავალიანება უკვე გაზრდილი ოდენობით (ტ. I, ს.ფ. 140). აღნიშნული წერილის პასუხად მოპასუხეს 30.12.2015წ. ეცნობა, რომ ბანკი არ იყო ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებაზე თანახმა (ტ. I, ს.ფ. 84).
10. შპს „A.& L. S.“-ის 11.02.2016წ. №17 ბრძანებით დასტურდება, რომ მოპასუხე 11.02.2016 წლიდან განუსაზღვრელი ვადით დასაქმდა კომპიუტერული ბეჭდვითი მომსახურების სპეციალისტის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური სარგო შეადგენდა 350 ლარს (იხ. ტ. I, ს.ფ. 85).
11. ბანკის 17.05.2016წ. წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ 2016 წლის 21 იანვარს TBC CARD საკრედიტო ბარათი სამართავად გადაეცა გარე პრობლემური აქტივების მართვის კომპანიას - შპს „ტ–ას“. მსესხებელს განემარტა, რომ დავალიანების დასაფარად თანხის შეტანა შესაძლებელი იყო ბანკში მოვალის სახელზე არსებულ შესაბამის (მითითებულია წერილში) ანგარიშზე (იხ. ტ. I, ს.ფ. 146-147).
12. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის: 05.05.2008წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5 149,03 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4 383,04 ლარი, პროცენტი - 745,99 ლარი და ჯარიმა - 20 ლარი; 05.05.2008წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4 383,04 ლარზე წლიური 36% სარგებლის გადახდა (რაც ყოველთვიურად შეადგენს 131,49 ლარს) დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 29 იანვრიდან) აღსრულებამდე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ 2015 წლის აპრილიდან აღარ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
13. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, 2015 წლის 29 სექტემბერს ბანკმა მოპასუხეს სესხი ჩამოაწერა.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 4 622,46 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4 383,87 ლარი, პროცენტი - 218,59 ლარი და ჯარიმა - 20 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 2016 წლის 17 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების ძირითადი თანხის - 4 383,87 ლარის წლიური 08% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 29,22 ლარს.
15. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.04.2017წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2 (2.1.), მე-3 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 4 383,87 ლარისა და პროცენტის - 218,59 ლარის გადახდა; სასარჩელო მოთხოვნები ჯარიმისა და 17.05.2016 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სარგებლის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; განისაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულების წესი და ვადა: დადგინდა დაკისრებული თანხის გადახდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 18 თვის ვადაში, თანხის ეტაპობრივად, თანაბარ ნაწილებად გადახდით.
17. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
18. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით და მოპასუხის 20.03.2015წ. წერილისა და აღნიშნული წერილის პასუხად ბანკის მიერ 17.04.2015წ.-ს გამოვლენილი ნების შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ მსესხებელსა და ბანკს შორის შედგა შეთანხმება საკრედიტო ვალდებულების შესრულების შეჩერების თაობაზე, რაც გულისხმობდა მსესხებლისათვის 08-თვიანი საშეღავათო პერიოდის მიცემასა და საკრედიტო ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებას, ანუ შეთანხმებული დროის შემდგომ ურთიერთობის აღდგენას იმავე სახითა და პირობებით, როგორც საშეღავათო პერიოდის დაწყებამდე. ამდენად, ვინაიდან ბანკმა დავალიანების გადახდის გადავადებაზე თანხმობა განაცხადა, მოპასუხეს მიეცა საფუძველი კეთილსინდისიერად ევარაუდა, რომ 2015 წლის დეკემბრამდე მასსა და ბანკს შორის ურთიერთობა იყო შეჩერებული, არ ხდებოდა დავალიანების გაზრდა და ვადის გასვლის შემდგომ მოპასუხე შეძლებდა იგივე პირობებით, კერძოდ, ვალდებულების ნაწილ-ნაწილ დაფარვით ხელშეკრულების შესრულებას.
19. სააპელაციო პალატამ წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის 17 მაისამდე მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ანგარიშის შეცვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფაქტი, მაშინ როდესაც მოპასუხე ცდილობდა აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებას (იხ. ტ. I, ს.ფ. 158). შესაბამისად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მსჯელობა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების თაობაზე. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, ამ პერიოდისათვის მოპასუხეს ფაქტობრივად სასესხო ხელშეკრულება ვადის გადაცილების საფუძვლით უკვე შეწყვეტილი ჰქონდა („ვალი ჩამოწერილი“), თანაც იმ პერიოდში, როცა სასესხო ურთიერთობა შეჩერებული უნდა ყოფილიყო.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოპასუხისათვის მხოლოდ კრედიტის გადავადების მომენტისათვის არსებული დავალიანების: ძირითადი თანხის - 4 383,87 ლარისა და პროცენტის - 218,59 ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, 17.04.2015წ. წერილში აღნიშნულია, რომ ბანკი მოახდენდა დარიცხული ჯარიმის კორექტირებას. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, ჯარიმის გადახდის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან 17.04.2015წ. მდგომარეობით ვადაგადაცილება არ დასტურდებოდა.
21. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია, რომ მოსარჩელემ მას ვალი აპატია. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ვალის პატიების დასტურად მიიჩნევდა 29.09.2015წ. განხორციელებულ ტრანზაქციას, თუმცა აღნიშნული ტრანზაქციითა და ტრანზაქციის დანიშნულების გრაფაში მითითებული ტექსტით არ ყოფილა დეკლარირებული კრედიტორისა და მოვალის შეთანხმება ვალის პატიების თაობაზე და ეს ქმედება სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის კონტექსტში არ შეიძლება შეფასდეს. აღნიშნულის საპირისპიროდ, ბანკმა 17.04.2015წ. წერილში ნათლად განმარტა, რომ იგი აკმაყოფილებდა მსესხებლის მოთხოვნას დავალიანების გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით და დავალიანების დაფარვა განახლდებოდა 2015 წლის 01 დეკემბრიდან.
22. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით სარგებლის დაკისრების თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის საბანკო ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ 29.09.2015წ. განხორციელებული ტრანზაქციით მოვალის სახელზე არსებული საკრედიტო ბარათის დავალიანება გადატანილ იქნა სხვა ანგარიშზე, რაც თავად საკრედიტო დაწესებულების განმარტებით, წარმოადგენდა TBC CARD საკრედიტო ბარათის დავალიანების გადატანას ვადაგადაცილებული დავალიანებების სიაში. ამდენად, დგინდება, რომ მსესხებელს საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ აღარ ჰქონდა შესაძლებლობა გაეგრძელებინა საკრედიტო პროდუქტით იმავე პირობებით სარგებლობა. უფრო მეტიც, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ანგარიში სადაც მოპასუხეს შეეძლო დავალიანების დაფარვა, მოპასუხეს მხოლოდ 17.05.2016წ. წერილით ეცნობა. შესაბამისად, არ არსებობს მსესხებლისთვის დავალიანების გადახდის გადავადების შემდგომ პერიოდზე მიუღებელი შემოსავლის სახით საპროცენტო სარგებლის დაკისრების საფუძველი.
23. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
24. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
24.1. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები;
24.2. 2015 წლის სექტემბერში ბანკმა მოპასუხეს სესხი ჩამოაწერა. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო 29.09.2015წ. განხორციელებული ტრანზაქციის გრაფაში არსებული მითითება „ჩამოწერა“ და ნაპატიებ სესხზე მოპასუხეს დავალიანება დააკისრა;
24.3. სესხის ჩამოწერის ნება ბანკის მხრიდან ცალსახად იქნა გამოხატული, რასაც შემდეგი გარემოებები ადასტურებს: ტრანზაქციის დანიშნულებაში მითითებული ჩანაწერი („ჩამოწერა“ და არა გადატანა ერთი ანგარიშიდან მეორეზე); ტრანზაქციის შესრულების დრო - სესხის ჩამოწერა განხორციელდა სესხის დაპაუზების პერიოდში, როდესაც მსესხებელს მისი დაფარვის ვალდებულება არ ჰქონდა და, შესაბამისად, სესხი „გაპრობლემებული“ ან „ვადაგადაცილებული“ არ იყო; არც სესხის ჩამოწერისას და არც შემდგომ ბანკს არ მიუწოდებია მსესხებლისთვის ინფორმაცია მისი სესხის ვადაგადაცილებულთა სიაში მოხვედრისა და დავალიანების ოდენობის თაობაზე, რისი ვალდებულებაც ეროვნული ბანკის რეგულაციებიდან გამომდინარეობს; სესხის ჩამოწერა ბანკის რეალური ნება რომ არ ყოფილიყო, ის მალევე გამოასწორებდა მის ქმედებას და აღნიშნულის თაობაზე მსესხებელს ინფორმაციას მიაწვდიდა;
24.4. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ მსესხებელმა არაერთხელ მიმართა ბანკს იმის გასარკვევად, თუ როდიდან და რა მოცულობით უნდა დაეწყო სესხის გადახდა, თუმცა უშედეგოდ. ბანკის არცერთ თანამშრომელს ამაზე პასუხი არ ჰქონდა, ვინაიდან მოპასუხის სახელზე ბანკში ყველა ანგარიში დახურული იყო და, შესაბამისად, მის სახელზე რაიმე სახის დავალიანება არ არსებობდა;
24.5. სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ვალის პატიებას სჭირდება მხარეთა ურთიერთშეთანხმება, უსაფუძვლოა. მოპასუხეს ბანკმა არ აცნობა სესხის პატიების შესახებ, შესაბამისად, იმ პერიოდისათვის იგი აღნიშნულთან დაკავშირებით ვერც თანხმობას და მით უფრო უარს ვერ განაცხადებდა. მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა ვალის პატიების შესახებ, მან მიიღო კრედიტორის შეთავაზება და აღნიშნულ პირობას დასთანხმდა;
24.6. სასამართლოს დავის განხილვისას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 17.06.2014წ. №51/4 ბრძანებით, რომელიც შეეხება კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციას, შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცებას;
24.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი საკითხის განხილვა მანამდე არ მომხდარა;
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
31. კასატორი დავობს, რომ 2019 წლის 29 სექტემბერს ბანკის მიერ მოხდა მსესხებლისთვის ვალის პატიება.
32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ვალის პატიება [ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას].
33. ვალის პატიებით, როგორც სამართლებრივი საშუალებით, კრედიტორი უარს ამბობს მის ვალდებულებითსამართლებრივ მოთხოვნაზე. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში არ ხდება კრედიტორის დაკმაყოფილება, მაგრამ კრედიტორი უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე, რასაც კანონი „პატიებას“ უწოდებს. ამასთან, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის თანახმად, პატიებისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობა. ამის საფუძველი არის ის, რომ შესაძლოა მოვალე სხვადასხვა საფუძვლებითა და მოტივებით (მაგალითად, თუკი ვალის პატიება მის ღირსებას ლახავს) არ იყოს თანახმა მიიღოს კრედიტორის წინადადება ვალის პატიების შესახებ. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში კანონი კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმების არსებობას სავალდებულოდ მიიჩნევს. შესაბამისად, ვალის პატიება ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე შეუძლებელია, აუცილებელია, რომ მეორე მხარე ამას დაეთანხმოს, ანუ დაიდოს შესაბამისი შეთანხმება, ხელშეკრულება. ვალის პატიების ხელშეკრულება ფორმათავისუფალ ხელშეკრულებას წარმოადგენს. ის შეიძლება კონკლუდენტური მოქმედებითაც დაიდოს. მთავარია, რომ ვალის პატიების შესახებ შეთავაზება კრედიტორის მხრიდან აშკარა და არაორაზროვანი იყოს. ასეთი მიდგომით დაცული უნდა იყოს კრედიტორის, როგორც უფლების მესაკუთრის, უფლება (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი 2001, გვ. 558-559; სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, თბილისი 2019, გვ. 893-894).
34. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვალის პატიება, რასაც შედეგად შეიძლება ვალდებულების შეწყვეტა მოჰყვეს, თავის მხრივ, წარმოადგენს ორმხრივ გარიგებას, სადაც გარკვევით უნდა აისახოს მხარეთა ნება, მიმართული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერობის შეწყვეტისაკენ. იგი ორმხრივი შეთანხმებაა და მიზნად უნდა ისახავდეს მატერიალური სამართლით რეგულირებული შედეგის მიღწევას - მიუღებელი შესრულებისაგან მოვალის გათავისუფლებას (სსკ-ის 448-ე მუხლი), ამასთან, ეს ნება არაორაზროვნად უნდა იყოს გადმოცემული (იხ. სუსგ საქმე №ას-1087-1018-2012, 01 ნოემბერი, 2013 წელი). ამდენად, კრედიტორის ნებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მისი სურვილი ვალის პატიების გზით ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე.
35. მხარეთა შორის ვალის პატიების თაობაზე შეთანხმების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, რომელმაც ეს გარემოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებით დადგენილი სტანდარტით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაადასტუროს.
36. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომ ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა მსესხებლისთვის ვალის პატიებას. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მხარეთა შორის ვალის პატიების თაობაზე, თუნდაც კონკლუდენტური მოქმედებით, შეთანხმების არსებობის ფაქტი. მოპასუხის საბანკო ანგარიშის ამონაწერში 29.09.2015წ. ტრანზაქციის დანიშნულების გრაფაში არსებული ჩანაწერი „ჩამოწერა“, ასეთ შეთანხმებად და, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლით რეგლამენტირებულ ვალის პატიებად ვერ შეფასდება. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2015 წლის 29 სექტემბრის შემდგომ ბანკი მოპასუხისათვის გაგზავნილ არაერთ წერილში ცალსახად მიუთითებდა საკრედიტო ბარათზე ვადაგადაცილებული დავალიანების არსებობის თაობაზე (იხ. ბანკის 30.12.2015წ. წერილი, ტ. I, ს.ფ. 84; ბანკის 17.05.2016წ. წერილი, ტ. I, ს.ფ. 146-147).
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
39. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
40. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ნ.ბ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს დ.ბ–ის (პ/ნ .....) მიერ 2018 წლის 1 ივნისის №16771142 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე