საქმე №ას-878-2020 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ლ.ჭ–ია, თ.კ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.რ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ....., ფართი N11, ს.კ. ......... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“, „სადავო ქონება“ ან „სადავო სახლი“), საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ზ.რ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) საკუთრების უფლებით (იხ. ს.ფ. 10-11).
2. სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ თ.კ–ი და ლ.ჭ–ია (შემდგომში - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“).
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა, მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებლად მიქცევა.
4. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
6. მოპასუხეებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეები არც სადავო ქონებაზე საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებიან. მათ სასამართლოსათვის არც ის ფაქტები მიუთითებიათ, რაც დავის საგანზე მოსარჩელის უფლებებს გამორიცხავდა. მეტიც, სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოსარჩელის საკუთრების უფლებას არ შედავებიან და მისი მოთხოვნა ნაწილობრივ ცნეს კიდეც. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მესაკუთრეს მოპასუხეებისათვის სადავო ქონება მფლობელობაში არ გადაუცია. ამ ნივთთან დაკავშირებული გარიგებით ან სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტით იგი მოპასუხეების მიმართ შებოჭილი არ არის. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები სადავო უძრავ ქონებას მართლზომიერი საფუძვლის გარეშე ფლობენ.
10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრის ძირითადი საფუძვლებია მოსარჩელის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების მართლზომიერებისა და შემძენის კეთილსინდისიერების შეფასება და ერთ-ერთი აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც უჭირს გადაადგილება და რომლისთვისაც სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს. აპელანტები სადავოდ ხდიან მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერებას სადავო უძრავ ქონებაზე და თვლიან, რომ ქონების გასხვისება მოხდა უკანონოდ და იგი შეიძინა მოსარჩელემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო აღნიშნული გარემოება. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია ვინდიკაციური სარჩელის პირობებში. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აპელანტების ჯანმრთელობისა და ოჯახური მდომარეობა არ ანიჭებთ მათ უფლებას მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობდნენ მის ქონებას.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
13. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
13.1. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
13.2. სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ირიცხება მოსარჩელე, მაგრამ ქონება მოპასუხეთა კანონიერ მფლობელობაშია, ვინაიდან სადავო უძრავი ქონება გასხვისდა უკანონოდ.
13.3. მოსარჩელე არ არის სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი. სადავო ქონება სარეალიზაციოდ აუქციონზე გავიდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხის ამოსაღებად. აღნიშნული ფაქტი ცნობილი იყო მოსარჩელისათვის და მან მაინც გადაწყვიტა ქონების შეძენა.
13.4. ლ.ჭ–ია არის დევნილი, აქვს ჯანმრთლობის პრობლემები, უჭირს გადაადგილება. სადავო უძრავი ქონება არის მისი ერთადერთი საცხოვრებელი ადგილი.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება დადგენილი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა გამოკვლეული აქვს.
21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
22. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
23. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 10-11), რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხეები/კასატორები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყვეს მათი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.
24. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და ის მართებულად დაკმაყოფილდა.
25. კასატორების ძირითადი პრეტენზია ეხება იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია განხორციელდა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანების გამო და აუქციონის შედეგად აღნიშნული ქონება არაკეთილსინდისიერად გადავიდა მოსარჩელის საკუთრებაში.
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენს. განსახილველი დავა ეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია. კასატორებს მოსარჩელის მოთხოვნის საპირისპიროდ მათი მხრიდან მფლობელობის მართლზომიერების დადასტურება ევალებოდათ, თუმცა მათ სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს უზენაესი სასამართლო კი ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საკასაციო საჩივარში მითითებულ საფუძვლებზე, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში განსახილველ საკითხს და არის დამოუკიდებელი დავის საგანი. მოპასუხეებს შეგებებული სარჩელი აღნიშნული მოთხოვნებით არ წარუდგენიათ და არც ის მიუთითებიათ, რომ აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოში მიმდინარე სხვა დავის საგანს.
27. კასატორების მითითება, რომ ლ.ჭ–იას სადავო ქონების გარდა სხვა ქონება არ გააჩნია, ვერ მიიჩნევა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
30. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ., მაგ., სუსგ საქმე №ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი; საქმე №ას-1850-2018, 15 მაისი, 2020 წელი; №ას-1370-2020, 30 ნოემბერი, 2021 წელი; №ას-1220-2020, 14 დეკემბერი, 2021 წელი; №ას-111-2022, 11 მარტი, 2022 წელი; №ას-316-2022, 21 ივნისი, 2022 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.ჭ–იასა და თ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორებს ლ.ჭ–იასა (პ/ნ: ........) და თ.კ–ს (პ/ნ: ........) დაუბრუნდეთ თ.კ–ის (პ/ნ: .......) მიერ 2020 წლის 13 ოქტომბერს №9971016646 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. ზამბახიძე