Facebook Twitter

საქმე №ას-953-2018 1 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ზ–ი (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ნ–ი (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

თავდაპირველი მოპასუხე (ძირითად სარჩელში) - მ.ს–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე.ნ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. წნორი, .... (ყოფილი .... ქუჩა). უძრავი ქონება (547 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი) ტექინვენტარიზაციის ბიუროში მოსარჩელის სახელზე აღირიცხა. მოსარჩელე აღნიშნულ მისამართზე იყო რეგისტრირებული.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 20.12.2011წ. №882011578205-07 გადაწყვეტილებით ქ. წნორში, ......... მდებარე უძრავ ნივთზე, ს.კ. ........ (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“), დარეგისტრირდა მ.ზ–ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) საკუთრების უფლება, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 2011 წელი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ცნობა-დახასიათება, დამოწმების თარიღი 18.11.2011წ.

3. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 20.12.2011წ. №882011578205-07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა.

4. პირველ მოპასუხესა და მ.ს–ძეს (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) შორის 2015 წლის 20 მარტს დაიდო სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა შორის 2015 წლის 20 მარტს დადებული სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და მას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. სადავო უძრავ ქონებას კვლავ პირველი მოპასუხე ფლობს.

6. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლები, რომლებითაც სარჩელი არ ცნეს.

7. პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 24 000 ლარის, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 5 000 ლარის გადახდის დაკისრება. პირველმა მოპასუხემ მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება შეფასებულია 20 000 ლარად, ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებზე დახარჯა 1850 ლარი, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის და აზომვითი ნახაზებისთვის 150 ლარი, ასევე, მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოებული ადმინისტრაციული დავის გამო ადვოკატს გადაუხადა 2000 ლარი. რაც შეეხება მორალურ ზიანს, მოსარჩელის მიერ წამოწყებული დავა უდიდეს სტრესთან და ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. მოსარჩელემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, უკანონობის ჩამდენი, უკანონო საბუთების შემდგენი და დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი უწოდა, რასაც იგი განიცდის. მოსარჩელის ამორალურმა საქციელმა მას სულიერი ტკივილი, ტანჯვა და სტრესი მიაყენა.

8. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

9. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეთა შორის 2015 წლის 20 მარტს გაფორმებული სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში დაცული მონაცემებით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 547 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასხვისების ნაწილში; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. პირველმა მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, აპელანტმა შეამცირა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მოითხოვა მოპასუხისათვის 1800 ლარის (სადავო უძრავი ქონების გასუფთავების, ნარჩენების გატანისა და მოწესრიგებისთვის გაწეული ხარჯი) გადახდის დაკისრება.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან პირველმა მოპასუხემ სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა, ივარაუდება, რომ მას ქონება სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, რაც მას ქონებაზე გაწეული ხარჯის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. თუმცა, პირველმა მოპასუხემ ვერ დაადასტურა სადავო უძრავი ქონების გაწმენდით სამუშაოებზე 2011 წელს 1850 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის ფაქტი. მოწმის ჩვენება და 2016 წელს შედგენილი განცხადება (აღნიშნული განცხადების თანახმად, ვინმე გ.ა–მა განაცხადა და დაადასტურა, რომ 2011 წელს მიმართა პირველმა მოპასუხემ თხოვნით, გაესუფთავებინა მიწის ნაკვეთი, მდებარე: სიღნაღის რაიონი, ქ. წნორი, ......, მის ხელთ არსებული ტექნიკით და სანაცვლოდ გადაუხდიდა 1850 ლარს. განცხადება დამოწმებულია ნოტარიულად 21.06.2016 წელს) (ტ. I, ს.ფ. 152) ამ გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს, პირველი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ზემოაღნიშნული თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სახეზე არ იყო აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ საკუთარი უფლების დაცვის მიზნით სასამართლოსადმი მიმართვის ფაქტი პირველი მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების საფუძველი ვერ გახდება. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნები სიღნაღის რაიონული სასამართლოს 28.12.2015წ. და 12.04.2017წ. გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა და საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, რომელმაც პირველ მოპასუხეს მატერიალური ან მორალური ზიანი მიაყენა, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

16. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

16.1. კასატორმა არაერთხელ გასწია ხარჯი ღობის გასაკეთებლად, ეზოს მოსასწორებლად და ა.შ.;

16.2. სასამართლომ არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ისინი თავად ასრულებდნენ სამუშაოებს, იმ მოტივით, რომ კასატორს თანხა ჩარიცხვის გზით არ ჰქონდა გადაცემული. კასატორი არის ავადმყოფი, პენსიონერი, რომელსაც არ აქვს საშუალება გააფორმოს ხელშეკრულება რომელიმე ორგანიზაციასთან, შესაბამისად, მისი საშუალებიდან გამომდინარე, იგი პერიოდულად ქირაობდა ერთ-ორ მუშას, რომლებიც ატარებდნენ სამუშაოებს და რომელთაც ხელზე უხდიდა თანხას;

16.3. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, მაშინ, როდესაც სასამართლოს სხდომის ოქმებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ აყენებს შეურაცხყოფას და როგორი ამორალური სიტყვებით ლანძღავს მოსარჩელე კასატორს.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

24. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

25. მოცემულ შემთხვევაში პირველმა მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომ მან სადავო უძრავი ქონების დასუფთავებისთვის ხარჯი გასწია. მოწმეთა ჩვენება, რომლებმაც კონკრეტულად ვერ მიუთითეს უძრავი ქონების დასუფთავებისთვის გაწეული ხარჯის ოდენობა (იხ. 02.12.2016წ. და 26.12.2016წ. სხდომის ოქმები) და 21.06.2016წ. ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (იხ. ტ. I, ს.ფ. 152), აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებებს არ წარმოადგენს.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე [არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით], სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი (იხ. სუსგ საქმე №ას-660-660-2018, 20 ივლისი, 2018 წელი).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

28. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

30. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 340 ლარის 70% – 238 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ზ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს მ.ზ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს ი.ფ–ის (პ/ნ ......) მიერ 2018 წლის 20 ივლისის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 340 ლარის 70% – 238 (ორას ოცდათვრამეტი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე