Facebook Twitter

საქმე №ას-964-2018 1 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.მ–გი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.გ–სა (შემდგომში - „მოსარჩელე“) და შპს ,,ბ.მ–გს’’ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კომპანია“ ან „კასატორი“) შორის 2012 წლის 24 ივნისს ზეპირი ფორმით დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ელექტრონული ტაქეომეტრი TCR 805. ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 1500 ლარის ოდენობით.

2. მოსარჩელე 2012 წლის ივლისიდან დასაქმებული იყო კომპანიის გეოდეზისტის თანამდებობაზე.

3. მოპასუხემ მოსარჩელეს საიჯარო ქირის სახით ჯამში ჩაურიცხა 10 300 ლარი.

4. მხარეთა შორის არსებული საიჯარო ურთიერთობა შეწყდა მოსარჩელის ინიციატივით. ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების დარღვევა წარმოადგენდა.

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის გადაუხდელი საიჯარო ქირის - 12 800 ლარის გადახდის დაკისრება; ასევე, ზიანის ანაზღაურების სახით, 2015 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით 3072 ლარისა და 2015 წლის 01 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 128 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა მისი ინიციატივით, 2013 წლის 06 ოქტომბერს. შესაბამისად, მოპასუხეს საიჯარო ქირის სახით ჯამში უნდა გადაეხადა 23 100 ლარი, საიდანაც გადაუხდელია 12 800 ლარი. ამასთან, აღნიშნული თანხის მიუღებლობით მოსარჩელეს ადგება ზიანი, ვინაიდან თანხის კომერციულ ბანკში ვადიან ანაბარზე გათავსების შემთხვევაში, იგი სულ მცირე წლიურ 12% სარგებელს მიიღებდა.

6. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ 3 200 ლარის მოთხოვნის ნაწილში. მისი განმარტებით, მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა არსებობდა 2013 წლის აპრილამდე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 200 ლარის გადახდა (პირველი პუნქტი); მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 9 600 ლარის დაკისრებისა (მე-2 პუნქტი) და ზიანის ანაზღაურების (მე-3 პუნქტი) მოთხოვნებზე.

8. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტების შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საიჯარო ქირის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების 12 800 ლარის გადახდა; სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი დარჩა უცვლელად.

10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საიჯარო ქირის დავალიანების მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტი.

12. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდება, რომ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა შეწყდა 2013 წლის 06 ოქტომბერს.

13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა მოწმეთა ჩვენებებზე. კერძოდ:

- მოწმე მ.გ–ძის განმარტებით, კომპანიაში იგი მოსარჩელემ მიიყვანა, სადაც 2013 წლის მაისიდან იმავე წლის ოქტომბრის ჩათვლით გეოდეზისტის დამხმარის პოზიციაზე მუშაობდა (უდავოა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა სწორედ ოქტომბერ-ნოემბერში); ელექტრონულ ტაქეომეტრთან ყოველდღიური შემხებლობა ჰქონდა, თუმცა აპარატით უშუალოდ მოსარჩელე მუშაობდა; გეოდეზიური სამუშაოები ორი აპარატით ტარდებოდა, აქედან ერთი კომპანიის საკუთრება იყო, მეორე კი კომპანიას მოსარჩელისგან იჯარით ჰქონდა აღებული, რომლითაც თავად მოსარჩელე მუშაობდა; მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტაქეომეტრს ერთნაირი შეფუთვა ჰქონდა, თავად აპარატები ფერით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, კერძოდ, მოსარჩელის ტაქეომეტრი შედარებით ღია მწვანე იყო; სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსარჩელეს აპარატი თან მიჰქონდა, მეორე აპარატი კი ობიექტზე რჩებოდა; 2013 წლის ოქტომბერში მისი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი მოსარჩელის მიერ ელექტრონული ტაქეომეტრის წაღება გახდა, რადგან კომპანიაში მხოლოდ ერთი ტაქეომეტრი დარჩა და ერთი მოწყობილობის პირობებში რვა დასაქმებულის სამუშაო აღარ იყო (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.04.2016წ. და 21.04.2017წ. სხდომის ოქმები). ის გარემოება, რომ მეორე ტაქეომეტრის (იჯარით გადაცემული ტაქეომეტრის) წაღების გამო დასაქმებულთა (გეოდეზისტების დამხმარე პირების) არსებული რაოდენობის საჭიროება აღარ არსებობდა, სხვა მოწმეთა ჩვენებითაც დადასტურდა.

- მოწმე ხ.ვ–ძის განმარტებით, 2013 წლის აპრილიდან წელიწად-ნახევრის განმავლობაში კომპანიაში მძღოლად მუშაობდა, რა დროსაც ემსახურებოდა ყველას, თუმცა დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში ძირითადად მოსარჩელის ჯგუფის გადაადგილებას უზრუნველყოფდა, რა დროსაც გადაჰქონდათ სამუშაოს შესასრულებელი მოწყობილობაც; კომპანიას სულ ორი დანადგარი ჰქონდა, საიდანაც ერთი კომპანიის საკუთრება იყო, ხოლო მეორე მოსარჩელის; მოსარჩელეს უთანხმოება მოუვიდა კომპანიაში და სექტემბერში ნაკლებად დადიოდა; აპარატი მოსარჩელემ სექტემბერ-ოქტომბერში წაიღო (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.04.2016წ. და 21.04.2017წ. სხდომის ოქმები).

14. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწმე შ.ყ–ის ჩვენება, რომლის თანახმად, მხარეთა შორის ელექტრონული ტაქეომეტრის იჯარის ხელშეკრულება 2013 წლის აპრილში შეწყდა, ვინაიდან მოწმემ თავად განმარტა, რომ სადავო პერიოდში (2013 წელს) კომპანიაში დასაქმებული იყო პროექტის მენეჯერის მოადგილის თანამდებობაზე, რა დროსაც გეოდეზიურ საქმიანობასთან და უშუალოდ გეოდეზისტებთან შემხებლობა არ ჰქონდა, კომპანიაში მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო შესყიდვებთან, რემონტთან, მანქანასთან; გეოდეზისტები და გეოდეზიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები საიტის მენეჯერის კომპეტენციას მიეკუთვნებოდა. გარდა ამისა, მართალია, მოწმე იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტას მოსარჩელის მხრიდან საიჯარო ქირის მოთხოვნით მასთან კომუნიკაციას უკავშირებდა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ საიჯარო ქირის გადახდა ყოველთვიურად არ ხდებოდა (იხ. ტ. I, ს.ფ. 15), სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მოწმის ჩვენების საფუძველზე დადასტურებულად არ მიიჩნია, რომ საიჯარო ქირის თაობაზე შ.ყ–თან კომუნიკაცია ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ განხორციელდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იმ მოწმეთა ჩვენება უფრო სარწმუნოდ მიიჩნია, რომელთაც გეოდეზიურ საქმიანობასთან და მისი განხორცილებისათვის საჭირო ინვენტართან მუდმივი, უშუალო შემხებლობა ჰქონდათ და საკუთარი თვალით ნანახ ფაქტებს გადმოსცემდნენ.

15. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა კომპანიის პროექტის მენეჯერის, დ.ტ–ძის მიერ 26.08.2013წ. გაცემულ ცნობაზე და მიუთითა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ აღნიშნულ ცნობაში მითითებული ფაქტი ცნობის გაცემის პერიოდში მოსარჩელის მთავარ გეოდეზისტად მუშაობის თაობაზე, თუმცა მოპასუხემ სადავოდ გახადა იმავე პერიოდში მოსარჩელესთან საიჯარო ურთიერთობაში ყოფნისა და ასეთ ცნობაზე მენეჯერის მიერ ხელმოწერის უფლებამოსილება. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას (იხ. 10.04.2018წ. სხდომის ოქმი) მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ პროექტის მენეჯერისათვის, მისი უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, ცნობილი უნდა ყოფილიყო კომპანიის მფლობელობაში არსებული მოწყობილობების (ელექტრონული ტაქეომეტრი) რაოდენობა, ასევე ის გარემოება, რამდენი ხელსაწყოთი მიმდინარეობდა სამუშაოები, უფრო მეტიც, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოიჯარის მიერ იჯარის საგნის წაღების თაობაზე. შესაბამისად, მიუხედავად იმ უდავო გარემოებისა, რომ ცნობის გამცემი პირი კომპანიის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლომ სადავო გარემოების დადგენის მიზნებისათვის 26.08.2013წ. ცნობის მტკიცებულებითი ძალა არ უარყო, ვინაიდან მიიჩნია, რომ მისი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სადავო ფაქტის დადგენა შესაძლებელი იყო. სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა მოწმე მ.გ–ძის განმარტებას, რომ კომპანიაში საქმიანობისა და ხელფასის შესახებ პროექტის მენეჯერის მიერ (მისი ხელმოწერით) გაცემული ცნობის საფუძველზე მან ბანკიდან სესხი აიღო (იხ. 01.04.2017წ. სხდომის ოქმი) და შესაძლებლად მიიჩნია იმგვარი დასკვნის გაკეთება, რომ კომპანიაში მსგავსი პრაქტიკა არსებობდა და, როგორც წესი, ასეთი შინაარსის ცნობებს პროექტის მენეჯერი გასცემდა.

16. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა 01.10.2013წ. და 06.10.2013წ. ელექტრონულ წერილებზე, სადაც მოსარჩელე ფინანსურ პრობლემებზე მითითებით საუბრობს 2013 წლის 06 ოქტომბრიდან საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ დაადასტურა აღნიშნულ წერილებში მითითებული ელ. ფოსტის მისამართების კომპანიის დირექტორისა და პროექტის მენეჯერისადმი კუთვნილების ფაქტი (იხ. ტ. I, ს.ფ. 124-125; 10.04.2018წ. სხდომის ოქმი 13:22:45 სთ.)

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება 2013 წლის 06 ოქტომბერს შეწყდა.

18. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 361.2, 581.1 მუხლებით და საიჯარო ქირის ოდენობის (ყოველთვიურად 1500 ლარი), საიჯარო ურთიერთობის ხანგრძლივობისა (15 თვე და 12 დღე) და მოპასუხის მიერ გადახდილი საიჯარო ქირის (10 300 ლარი) გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სახეზე იყო საიჯარო ქირის დავალიანების - 12 800 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

19. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1, 411-412-ე მუხლებით და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გეოდეზისტია და მისი საქმიანობა არ ითვალისწინებს ფულადი თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შედეგად მოგების მიღებას, ხოლო ის გარემოება, რომ მოპასუხისგან მისაღები თანხის გამოყენებით მოსარჩელე კონკრეტული სარგებლის მიღებას აპირებდა, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. უფრო მეტიც, მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ ელექტრონული ტაქეომეტრი ბანკიდან მიღებული სესხით ჰქონდა შეძენილი და ბანკის მიმართ არსებული დავალიანება სწორედ საიჯარო ქირით უნდა დაეფარა.

20. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი.

21. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

21.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებული საიჯარო ურთიერთობა შეწყდა 2013 წლის 06 ოქტომბერს. იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2013 წლის აპრილში, რაც მოწმე შ.ყ–მა დაადასტურა;

21.2. სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და დაუსაბუთებლად მიანიჭა მოსარჩელის მიერ წარდგენილ მოწმეთა ჩვენებებს უპირატესობა შ.ყ–ის ჩვენებასთან მიმართებით. შ.ყ–ი კომპანიაში მნიშვნელოვან პოზიციაზე იყო დასაქმებული. მისი ჩვენების მიხედვით, მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შესრულებაზე კონტროლი. უდავოა, რომ საიჯარო ხელშეკრულება ემსახურებოდა იმ პროექტს, რომლის უფროსის მოადგილეც იყო აღნიშნული მოწმე. შესაბამისად, ის ყველაზე კარგად იყო ინფორმირებული მიმდინარე და დასრულებული ხელშეკრულებების თაობაზე. მისივე ჩვენების მიხედვით, მას სპეციალურად ჰქონდა ჩანიშნული მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტი და ის ზუსტად ახსოვს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხს უკავშირდებოდა მოსარჩელესთან ანგარიშსწორება, რაზეც უშუალო კონტროლს პირადად ახორციელებდა. ამდენად, შ.ყ–ის, როგორც პროექტის მენეჯერის ჩვენება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მის მოვალეობაში შედიოდა და რაზეც ზუსტი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, უფრო სარწმუნოა;

21.3. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენებას, რომლის თანახმად მოპასუხეს აპრილის შემდეგ ჰქონდა კიდევ 2 ტაქეომეტრი, რომელთაგან ერთი ფერითა და გარეგნული მახასიათებლებით ემთხვეოდა მოსარჩელის ტაქეომეტრს, შესაბამისად, არსებობდა მათი ერთმანეთში აღრევის შესაძლებლობა;

21.4. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა პროექტის მენეჯერის, დ.ტ–ძის მიერ გაცემულ ცნობას, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს. დ.ტ–ძე არ იყო უფლებამოსილი, რომ კომპანიის დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი გაეცა. იგი დასაქმებული იყო კომპანიაში და მას ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები არ გააჩნდა;

21.5. საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოწმეთა განმარტება, რომ დ.ტ–ძე გასცემდა ცნობებს, მათ შორის, ხელფასის შესახებ და აღნიშნული ცნობების საფუძველზე დასაქმებულები საბანკო დაწესებულებებისგან სესხს იღებდნენ;

21.6. გარდა ამისა, აღნიშნული ცნობა ბუნდოვანია და მისი შინაარსიდან უშუალოდ არ გამომდინარეობს, რომ მხარეთა შორის 2013 წლის ოქტომბრისთვის მიმდინარე საიჯარო ურთიერთობა არსებობდა. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტით, ისევე, როგორც ელექტრონული მიმოწერით, არ შეიძლება საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურება.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

28. კასატორი დავობს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება 2013 წლის 06 ოქტომბერს შეწყდა.

29. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

30. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).

32. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეთა ჩვენების (იხ. 01.04.2016წ. და 21.04.2017წ. სხდომის ოქმები), პროექტის დირექტორის, დ.ტ–ძის მიერ 26.08.2013წ. გაცემული ცნობისა (იხ. ტ. I, ს.ფ. 16) და მოსარჩელის მიერ გაგზავნილი ელექტრონული წერილების (იხ. ტ. I, ს.ფ. 124-125) ერთობლიობაში შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი - 2013 წლის 06 ოქტომბერი. მოპასუხეს არ წარუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება. ასეთად ვერ მიიჩნევა მოწმის სახით დაკითხული შ.ყ–ის ჩვენება, რომელმაც თავად დაადასტურა, რომ მას, როგორც პროექტის მენეჯერის მოადგილეს, გეოდეზიურ საქმიანობასთან და უშუალოდ გეოდეზისტებთან შემხებლობა არ ჰქონია. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მტკიცებულებების არასათანადოდ შეფასებასთან დაკავშირებით.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

36. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 480 ლარის 70% – 336 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ბ.მ–გის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ბ.მ–გს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს ა.მ–ის (პ/ნ ......) მიერ 2018 წლის 24 ივლისის №17222799 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 480 ლარის 70% – 336 (სამას ოცდათექვსმეტი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე