Facebook Twitter

საქმე №ას-1371-2019 19 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „რ.ე.ს–“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ზ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.ზ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ.ე.ს–ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოპასუხისათვის 106 296 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. მოსარჩელის საკუთრებაშია ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, ......., რომლის მომიჯნავედ მოპასუხე აშენებს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს;

2.2. მოსარჩელის კუთვნილ ბინას აღნიშნულმა მშენებლობამ მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი და მისი ბინის ღირებულება შეამცირა, გააუფასურა, რაც აუდიტის დასკვნის მიხედვით, შეადგენს 106 296 აშშ დოლარს.

3. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 აშშ დოლარის გადახდა.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......, აშენებულია 1937 წელს და უძრავი ქონების ტექნიკური მდგომარეობა მოპასუხის მიერ მშენებლობის დაწყებამდეც შეფასებული იყო არადამაკმაყოფილებლად. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანება და, შესაბამისად, მისი ღირებულების გაუფასურება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება საქმეში არსებულ სსიპ ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07.07.2014წ. დასკვნას (რომელიც მომზადდა იმის შესაფასებლად: რა ზიანი შეიძლება მისდგომოდა მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას, მოპასუხის მიერ ..... წარმოებული დემონტაჟის პროცესის შედეგად), რომლის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, საძირკვლების არათანაბარი ჯდენების შედეგად ..... ქუჩაზე გამავალი ფასადის გრძივი კედლის ფანჯრის რაფისქვეშა წყობაში გაჩენილია დახრილი გამჭოლი ბზარები (ფოტო 3), მასიურად დაზიანებულია შენობის ტორსული კედელი (ფოტო 4), რომელიც 5,3 მ-ით არის დაშორებული №13/8 შენობის ტორსული კედლიდან. აქ ბევრ ადგილას აღინიშნება კედლის წყობის რღვევა (ფოტო 5) და ფანჯრის აგურის ზღუდარების დაზიანება (ფოტო 6), ტორსული კედლის შიგა მხრიდან ოთახებში ბზარებია გაჩენილი კედლის გადახურვის კონსტრუქციასთან შეუღლების ზონაში (ფოტო 7, ფოტო 8) (იხ. ტ. I. ს.ფ. 111-112); სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა შპს „ა–ას“ 01.05.2014წ. კონსტრუქციულ დასკვნაზე, რომელიც ჩატარდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყებამდე. დასკვნის მიხედვით, შენობაზე დაფიქსირდა საძირკვლის არათანაბარი ჯდენებით გამოწვეული დეფორმაციები: სამშენებლო ტერიტორიის მხრიდან დაახლოებით 1-1,5 სმ სიდიდის დახრილი ბზარები შეინიშნება ფანჯრის რაფებისა და ზღუდარების დონეებზე ორივე სართულზე, იგივე ტიპის დახრილი ბზარები შეიმჩნევა შენობაზე აღნიშნული კედლის მოპირდაპირე კედელზე და ა.შ. (იხ. ტ. I. ს.ფ. 120-125).

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის მიერ საქმეში ასევე წარდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.10.2016წ. დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში ........ მდებარე საცხოვრებელი სახლის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საჭიროა მისი გამაგრება-გაძლიერება დატალური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე წინასწარ დამუშავებული კონსტრუქციული პროექტის მიხედვით; ......... მდებარე შენობის დასრულებისათვის საჭირო სამუშაოები: ლიფტის მონტაჟი, სადარბაზოს კეთილმოწყობა, შიდა სარემონტო სამუშაოები და კომუნიკაციების მოწყობა, ....... მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს (იხ. ტ. II, ს.ფ. 29-45).

9. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილია შპს „ს.დ.ე.ც–ის“ 25.03.2016წ. №4/007 დასკვნა, რომლის თანახმად, ....... №6-ში ორსართულიანი სახლის მიჯნაზე მიმდინარე 10 სართულიანი სახლის მშენებლობამ შესაძლოა კიდევ უფრო დააზიანოს და საცხოვრებლად უვარგისი გახადოს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი; 10 სართულიანი სახლის მშენებლობამ გამოიწვია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში და საძინებელში სამი ფანჯრის გაუქმება და ოთახის ჩაბნელება, ასევე დარღვეულია ინსოლაციისა და ვინტილაციის ნორმები, რითაც ირღვევა აღნიშნულ ბინაში მცხოვრები მობინადრეების ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. ექსპერტიზის შემოწმების შედეგებში აღნიშნულია, რომ მშენებლობის პროცესის შედეგად მოსარჩელის სახლმა განიცადა შემდეგი დეფორმაციები: არათანაბარი ჯდენებით გამოწვეული დეფორმაციები; ორივე სართულზე გახსნილია იატაკის ზღუდეები; კორპუსის ნულ სართულზე მდებარე ავტოფარეხში მოძრავი ავტომანქანების ვიბრაცია კიდევ უფრო დააზიანებს დაბზარული სახლის კედლებს; წარმოებულმა მშენებლობამ დააზიანა ბინის მდგრადობა, რის გამოც სახლი ავარიულ მდგომარეობაშია; შენობის დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია, ვინაიდან ოთახებში ვერ აღწევს მზის სხივი და დარღვეულია ინსოლაცია (იხ. ტ. I, ს.ფ. 38-43).

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს „ი–ის“ მიერ 01.04.2016წ. შედგენილი საცხოვრებელი ბინის აუდიტორულ შეფასებაში აღნიშნულია, რომ მშენებლობამ მოსარჩელის ბინის ორი ოთახი (მისაღები ოთახი და საძინებელი) დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის უვარგისი გახადა, რამაც, თავის მხრივ, ამ ოთახების მნიშვნელობა გააუფასურა. ბინის გაყიდვის შემთხვევაში, არასყიდვითუნარიანია ბინის 74,52 კვ.მ, ე.ი. ბინის საერთო ფართის 49,44%. გაუფასურება შეფასდა 106 296 აშშ დოლარად. დასკვნის თანახმად, საბაზრო ფასის დასადგენად გამოყენებულ იქნა შედარების მეთოდი, რომლის პრინციპი ასახულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლში (იხ. ტ. I, ს.ფ. 44-65).

11. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.06.2018წ. საოქმო განჩინებით წინამდებარე საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.10.2018წ. დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ..... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში, .....-ში ჩატარებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია მისაღები ოთახის დაზიანება, ხოლო საძინებელ ოთახში მოახდინა არსებული ბზარების გახსნილობის უმნიშვნელო პროგრესირება. ქ. თბილისში, ...... მდებარე შენობის კონსტრუქციული პროექტის, კერძოდ, ქვაბულის გაძლიერების პროექტის, შესაბამისი ფარული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტისა და გეოლოგიური დასკვნის ანალიზით დგინდება, რომ ჩატარებულმა სამუშაოებმა ვერ უზრუნველყო ......ქუჩა №6-ში მდებარე საცხოვრებელში მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის, კერძოდ, მშენებლობის მხარეს მდებარე 2 ოთახის ტექნიკური მდგომარეობის/მდგრადობის შენარჩუნება. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ მისაღები ოთახის შიგა სივრცის დაზიანება გამოწვეულია მომიჯნავე მიწის ნაკვეთში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოებით (იხ. ტ. III).

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მის მიერ აგრეთვე ჩატარდა ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერებისას მოსამართლის შეკითხვაზე - ძირითადად რომელ ოთახებს აქვს მიყენებული ზიანი, მოსარჩელის შვილმა განმარტა, რომ ძირითადი ზიანი მიყენებული აქვს ორ ოთახს - მისაღებ ოთახს და მის ხელმარჯვნივ განლაგებულ საძინებელს (იხ. ადგილზე დათვალიერების ოქმი, ტ. III).

13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლებით და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოებულმა სამშენებლო პროცესმა ზიანი მიაყენა მის მომიჯნავედ მდებარე მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას, რამაც საბოლოოდ მისი ღირებულება გააუფასურა. შესაბამისად, სახეზეა ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.

14. სააპელაციო სასამართლომ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა შპს „ი–ის“ 01.04.2016წ. დასკვნის შინაარსზე და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტიდან არ ირკვევა რა ნორმატივებით იხელმძღვანელა ექსპერტმა და როგორ შეაფასა საკითხები, რომელიც უკავშირდება საცხოვრებელ ბინაში ჰაერის ნაკადის ბუნებრივ ცირკულაციას, ინსოლაციის დარღვევას, გამონაბოლქვის ინტენსიურ ხარისხს და ა.შ. შესაბამისად, დასკვნაში მითითებული ზიანის ოდენობა - 106 296 აშშ დოლარი, მოსარჩელისათვის მიყენებული რეალური ზიანის შესატყვის ოდენობად არ მიიჩნია და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი 50 000 აშშ დოლარამდე შემცირება.

15. წინამდებარე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ შედგენილია განსხვავებული აზრი (იხ. ტ. III, ს.ფ. 210-215).

16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

17. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

17.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად დაადგინა ზიანის არსებობის ფაქტი;

17.2. ზიანის მიყენების ფაქტის დადგენასთან და ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას;

17.3. ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მისი სიძველიდან გამომდინარე, ავარიულ მდგომარეობაშია და ესაჭიროება აღდგენითი სამუშაოები. თუმცა, საქმეში არსებული ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დასტურდება, რომ სახლის დაზიანება კასატორის ბრალით არის გამოწვეული. შესაბამისად, სახეზე არ არის სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენლობა;

17.4. სასამართლო ზიანის არსებობის (მიყენების) ფაქტის დადგენისას დაეყრდნო საქმეში წარდგენილ ექსპერტიზის ორ დასკვნას - „ს.დ.ე.ც–ის“ 25.03.2016წ. დასკვნას და სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნას, რომლებშიც გარდა იმისა, რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო მსჯელობაა მოცემული, ვერცერთი მათგანი ვერ ადასტურებს, რომ ზიანი კასატორის მიერ განხორციელებულმა მშენებლობამ გამოიწვია;

17.5. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად გამოყენებული 2 დასკვნიდან არცერთი არ ადგენს/განსაზღვრავს მიყენებული ზიანის ოდენობას. რაც შეეხება შპს „ი–ის“ დასკვნას, სასამართლო არ დაეთანხმა აღნიშნული დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაუმართლებლად მიიჩნია მოპასუხისათვის 106 296 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად შეამცირა ზიანის ოდენობა 50 000 აშშ დოლარამდე. სასამართლოს არ უმსჯელია რა წარმოადგენს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების ობიექტურ საფუძველს;

17.6. სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა სპეციალური ცოდნა, რათა მშენელობით მიყენებული ზიანის ოდენობა დაეთვალა. მას აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე შეეძლო დაედგინა, რაც არ განუხორციელებია;

17.7. კასატორმა სადავოდ გახადა 25.03.2016წ. და 19.10.2018წ. ექსპერტიზის დასკვნების კვლევითი ნაწილი იმ საფუძვლით, რომ ექსპერტებს სადავო საკითხი სათანადოდ გამოკვლეული არ ჰქონდათ;

17.8. სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქმის განხილვის ბოლო მომენტში, ახსნა-განმარტებების მიღების შემდგომ დანიშნა ექსპერტიზა, მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრებოდა როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი და თავის დროზე სწორედ მას უნდა წარედგინა ექსპერტიზის დასკვნა;

17.9. მოპასუხის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07.07.2014წ. დასკვნით (მშენებლობის დაწყებამდე) დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა მშენებლობის დაწყებამდეც არადამაკმაყოფილებელი იყო. ასევე, მშენებლობის დაწყებამდე შპს „ა–ას“ მიერ 01.04.2014წ. შედგა კონსტრუქციული დასკვნა, რომლითაც შესწავლილ იქნა სამშენებლოდ გამოყოფილი ტერიტორიის მიმდებარედ არსებული სახლების, მათ შორის ....... ქ. №6-ში მდებარე სახლის, ფიზიკური მდგომარეობა და დასაძირკვლების პირობები. აღნიშნულ დასკვნაში ...... №6-ში მდებარე სახლთან დაკავშირებით მითითებულია, რომ შენობაზე დაფიქსირდა საძირკვლის არათანაბარი ჯდენებით გამოწვეული დეფორმაციები. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ მიმდებარე შენობებთან მოეწყობა ხიმინჯების ფარდა, რაც ტექნიკურად უზრუნველყოფს დასაპროექტებელი სახლისა და არსებული შენობების დამოუკიდებლად მუშაობას და მშენებლობას გავლენა არ ექნება მიმდებარე შენობებზე. დასკვნით დადასტურდა, რომ მშენებლობა ხელს არ შეუშლიდა მიმდებარე ნაგებობების ნორმალურ და უსაფრთხო ექსპლუატაციას;

17.10. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, 1937 წელს აშენებული უძრავი ქონების ტექნიკური მდგომარეობა 2014 წელსაც, ანუ ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე არადამაკმაყოფილებელი იყო და საცხოვრებელი სახლი იყო იმ მდგომარეობაში, როგორშიც 2016 წელს, ექსპერტიზის ჩატარებისას;

17.11. მოპასუხემ კეთილსინდისიერად შეასრულა ყველა გამაგრებითი სამუშაოები. 19.10.2018წ. ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს, რომ მსგავსი გამაგრების პირობებში პრაქტიკულად გამორიცხული იყო ახალი შენობის ზეგავლენა მიმდებარე შენობაზე;

17.12. რეალობას არ შეესაბამება და ობიექტური არ არის ექსპერტის მიერ მითითებული გარემოება, რომ მხოლოდ მოპასუხის საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხისკენ მიმავალი ავტომობილები გამოიწვევენ ნახშირორჟანგის დაგროვებას და ხმაურს, ვინაიდან მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ისეთ ადგილას, სადაც დღის განმავლობაში ათასობით ავტომობილი გადაადგილდება;

17.13. მოსარჩელის კუთვნილი სახლის ორ ფანჯარასთან საერთოდ არ არის მიდგმული მოპასუხის საცხოვრებელი სახლის კედელი, ხოლო მე-3 ფანჯარასთან განთავსებულია ავტოფარეხის ჩასასვლელის ღიობი და შენობის კედლიდან მოსარჩელის ფანჯრამდე არის დაახლოებით 4,5 მეტრი დისტანცია, შესაბამისად, თავისუფლად არის შესაძლებელი სახანძრო ტექნიკის მანევრირება. აღნიშნულ ოთახს აქვს რამდენიმე ფანჯარა შენობის წინა მხარეს;

17.14. ინსოლაციისა და ბუნებრივი განათების მარეგულირებელი ნორმები არ არსებობს. მშენებლობა მიმდინარეობდა სამშენებლო კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში, ხოლო ჩაუხედაობის პრინციპის დაცვის მიზნით, მოპასუხის მხრიდან მიჯნის ზონაში განთავსებულია ყრუ კედელი. შესაბამისად, ბინის ინსოლაციის ნორმების თითქოსდა დარღვევისა და ნახშირორჟანგით შესაძლო გავსების გამო, ღირებულების შემცირებაში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის;

17.15. შპს „ი–ის“ 01.04.2016წ. დასკვნაში უდიტორი ადარებს არა მშენებლობის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობაში სახლის ღირებულებას, არამედ აუდიტის შედგენის პერიოდში შესაფასებელ ობიექტთან ყველაზე ახლოს მდებარე იდენტური ბინების ღირებულებას. აუდიტორს არ შეუფასებია შენობის მშენებლობის დაწყებამდე არსებული და ახლანდელი მდგომარეობა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

24. განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი], 408-ე მუხლის პირველი ნაწილი [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება] და 409-ე მუხლი [თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება].

25. კასატორის ძირითადი პრეტენზია მტკიცებულებების არასათანადოდ შეფასებას ემყარება. იგი დავობს, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული მშენებლობის შედეგად მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს ზიანი არ მისდგომია და ეს გარემოება საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით არ დასტურება. სადავოა ასევე ზიანის ოდენობაც.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. იგი არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი შეიცავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა წარმოადგენდეს ამ ქმედების უშუალო შედეგს. სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა ქმნის დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს („გენერალური დელიქტი“). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა, გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1335-1373-2014, 24 ივნისი, 2015 წელი; №ას-718-683-2015, 09 სექტემბერი, 2015 წელი; №ას-1131-1087-2016, 01 მარტი, 2017 წელი).

27. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; №ას-72-72-2018, 15 თებერვალი, 2018 წელი; №ას-189-189-2018, 23 მარტი, 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).

28. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და ის სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით ფასდება. ხოლო, აღნიშნული მუხლის მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას, ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

29. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ. თბილისი, ....... ქ. №6, ბინა №1 ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს; მოსარჩელემ მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების - სახლის დაზიანებასა და მოპასუხის მიერ განხორციელებულ მშენებლობას შორის მიზეზობრივი კავშირის დასადასტურებლად წარადგინა შპს „ს.დ.ე.ც–ის“ 25.03.2016წ. დასკვნა, რომლის თანახმად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობამ დააზიანა მოსარჩელის ბინის მდგრადობა, დარღვეულია მთელი შენობის მდგრადობა, რის გამოც საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია; მშენებლობამ ასევე გამოიწვია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში და საძინებელში სამი ფანჯრის გაუქმება და ოთახის ჩაბნელება, დარღვეულია ინსოლაციისა და ვინტილაციის ნორმები, რითაც ირღვევა აღნიშნულ ბინაში მცხოვრები მობინადრეების ელემენტარული საცხოვრებელი პირობები და შენობის დანიშნულებისამებ გამოყენება შეუძლებელია; დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და ხანძრის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ავტოტექნიკით მანევრირება (იხ. ტ. I, ს.ფ. 38-43); გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარდა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.10.2018წ. დასკვნის თანახმად, ....... ქ. №13/8-ში ჩატარებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია ქ. თბილისში, ....... ქ. №6-ში მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში მისაღები ოთახის დაზიანება, ხოლო საძინებელ ოთახში მოახდინა არსებული ბზარების გახსნილობის უმნიშვნელო პროგრესირება. აღნიშნული დასკვნა ემყარება 2018 წელს ჩატარებულ ვიზუალურ კვლევას, საპროექტო და საქმეში არსებული დოკუმენტაციის ანალიზს (იხ. ტ. III, ს.ფ. 121-147). ამდენად, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია მოსარჩელის სახლის დაზიანების მიზეზი - შენობის მიმდებარედ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები. ექსპერტიზის დასკვნები შედგენილია შესაბამისი ცოდნის მქონე ექსპერტის/დაწესებულების მიერ და მათ მართებულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას ექსპერტების მიერ სადავო საკითხის არასათანადოდ გამოკვლევასთან დაკავშირებით.

30. ზემოაღნიშნულ დასკვნებს ვერ გააბათილებს მოპასუხის მიერ წარდგენილი, მშენებლობის დაწყებამდე ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07.07.2014წ. დასკვნა, რომლის თანახმად ქ. თბილისში, ....... №13/8-ში შენობის დემონტაჟი უარყოფით ზემოქმედებას არ მოახდენს ....... ქ. №11-ში და №6-ში მდებარე შენობების ტექნიკურ მდგომარეობაზე, ასევე, შპს „ა–ას“ 01.05.2014წ. კონსტრუქციული დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ....... ქ. №13/8-ში შესაძლებელია განხორციელდეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც ხელს არ შეუშლის მიმდებარე ნაგებობების ნორმალურ და უსაფრთხო ექსპლუატაციას. აღნიშნულ დასკვნებთან დაკავშირებით სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ისინი შედგენილია მშენებლობის დაწყებამდე, რაც თავისთავად ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს დემონტაჟისა და მშენებლობის დროს მიმდებარე შენობებისათვის ზიანის მიყენების ფაქტს. ამას ადასტურებს თავად 07.07.2014წ. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ის გარემოება, რომ შემოწმების შედეგად, ....... ქ. №6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში არადამაკმაყოფილებლად შეფასდა, რის გამოც დაშვებულ იქნა ტორსულ კედელში არსებული ცალკეული ბზარების პროგრესირება. ამის გათვალისწინებით, აღნიშნული დასკვნით, ასევე, შპს „ა–ას“ 01.05.2014წ. დასკვნით მოპასუხეს რეკომენდაცია მიეცა, რომ მშენებლობის დაწყებამდე შენობა-ნაგებობაზე არსებული ბზარები დაფიქსირებულიყო თაბაშირის ყალაურებით, რათა დემონტაჟისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულებამდე მომხდარიყო მათზე დაკვირვება (იხ. 07.07.2014წ. ექსპერტიზის დასკვნა, ტ. I, ს.ფ. 111-119; 01.05.2014წ. კონსტრუქციული დასკვნა, ტ. I, ს.ფ. 120-125). გარდა ამისა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.10.2018წ. დასკვნის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ....... ქ. №13/8-ში მდებარე შენობის კონსტრუქციული პროექტის, კერძოდ, ქვაბულის გაძლიერების პროექტის, შესაბამისი ფარული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტისა და გეოლოგიური დასკვნის ანალიზით დგინდება, რომ ჩატარებულმა სამუშაოებმა ვერ უზრუნველყო რ. ....... ქუჩა №6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის, კერძოდ, მშენებლობის მხარეს მდებარე ორი ოთახის ტექნიკური მდგომარეობის/მდგრადობის შენარჩუნება.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები და მართებულად დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ წარმოებულმა სამშენებლო სამუშაოებმა ზიანი მიაყენა მის მომიჯნავედ მდებარე მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას, რამაც საბოლოოდ მისი ღირებულების გაუფასურება გამოიწვია.

32. ამრიგად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შემადგენლობა (მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის), რაც მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.

33. ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით მოსარჩელემ წარადგინა შპს „ი–ის“ 01.04.2016წ. საცხოვრებელი ბინის აუდიტორული შეფასება/დასკვნა, რომელიც შედგენილია შპს „ს.დ.ე.ც–ის“ 25.03.2016წ. დასკვნაზე დაყრდნობით. შპს „ი–ის“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ 25.03.2016წ. დასკვნაში მითითებული სამი ფანჯარა ეკუთვნის მოსარჩელის ბინის საძინებელსა და მისაღებ ოთახს, რომლებიც მშენებლობამ დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის უვარგისი გახადა და რამაც მათი მნიშვნელობა 106 296 აშშ დოლარით გააუფასურა (იხ. ტ. I, ს.ფ. 44-65). მოპასუხეს არ წარუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო, სათანადო მტკიცებულება. ამასთან, მართალია, სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობად განსაზღვრა 50 000 აშშ დოლარი, თუმცა ამ ნაწილში გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია.

34. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, თუმცა იგი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებს, მისი პრეტენზია არის ზოგადი და არაკვალიფიციური, რაც შეუძლებელს ხდის მასზე საკასაციო სასამართლოს მიერ მსჯელობას.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 7171,75 ლარის 70% – 5 020,22 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „რ.ე.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „რ.ე.ს–ს“ (ს/კ ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 1 ივლისის №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 7171,75 (შვიდი ათას ასსამოცდათერთმეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის 70% – 5 020,22 (ხუთი ათას ოცი ლარი და ოცდაორი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე