გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-13-24-გ-03 16 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობიტ: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიასა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. უ-ის, თ. ბ-ისა და ი. ხ-ის წარომადგენლებმა 2002წ. 16 დეკემბერს სარჩელი აღძრეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, მესამე პირი – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი და მოითხოვეს:
1. ა. უ-ი, თ. ბ-ი და ი. ხ-ი აღიარებული იქნენ ეროვნების, მრწამსისა და აზრის გამო დევნის მსხვერპლად;
2. საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი აღნიშნულ პირთათვის ეროვნების, მრწამსისა და აზრისათვის დევნის გამო თავშესაფარის მიცემის თაობაზე.
გარდა ამისა, მოსარჩელეთა წარომადგენლებმა, სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ა. უ-ისათვის, თ. ბ-ისათვის და ი. ხ-ისათვის დროებითი თავშესაფრის მიცემის შესახებ დროებითი განჩინების მიღება მოითხოვეს. ამასთან, აღნიშნული განჩინებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იუსტიციის სამინისტროს თავი უნდა შეეკავებინა სხვა ქვეყნისათვის მითითებულ პირთა გადაცემისაგან.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 23 დეკემბრის განჩინებით მოცემული სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა. საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კოლეგიის განსახილველია დავა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ადმინიტსრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე, მაშინ, როცა მოსარჩელეთა წარმომადგენლები მოსარჩელე ფიზიკურ პირთა ეროვნების, მრწამსისა და აზრის გამო დევნის მსხვერპლად აღიარებისა და თავშესაფარის მიცემის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისაგან ადმინისტრაციული აქტის გამოცემას მოითხოვენ. საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებით, ზემოთ მითითებული ნორმა სპეციალურია და მისი განვრცობითი განმარტება დაუშვებელია. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტისაგან ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნა არ არის საოლქო სასამართლოს განსჯადი.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 იანვრის განჩინებით ა. უ-ის, თ. ბ-ის და ი. ხ-ის სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში იმ საფუძვლით, რომ სსკ-ს 196-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად იგი არ ექვემდებარებოდა სასამართლო უწყებას.
აღნიშნული განჩინება მოსარჩელეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს, რაც რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული და განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეგზავნა.
აღნიშნული პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინებით ა. უ-ის, თ. ბ-ის და ი. ხ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 იანვრის განჩინება და სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი სისტემურად უნდა ყოფილიყო განმარტებული, რადგან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით შეუძლებელია საოლქო სასამართლოს კოლეგიამ განიხილოს დავა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე, ხოლო რაიონულმა სასამართლოებმა – საქართველოს პრეზიდენტისაგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მოთხოვნის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და თვლის, რომ წარმოდგენილი სარჩელი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი ამომწურავია და საოლქო სასამარლოთა განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებს განსაზღვრავს, აღნშნული მუხლი და კონკრეტულად, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი არ უნდა იქნეს განმარტებული სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, არამედ მისი განმარტება და გამოყენება უნდა მოხდეს სისტემურად, შინაარსიდან გამომდინარე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის განსჯადია საქართევლოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმება, მისივე განსჯადი უნდა იყოს საქართევლოს პრეზიდენტისაგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მოთხოვნაც, რადგან ეს ორი საკითხი ერთმანეთთან სამართლებრივადაა დაკავშირებული. ორივე შემთხვევაში სასამართლო ამოწმებს საქართევლოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული (ან გამოსაცემი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობას საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და სხვა საკითხებს, რომელთაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეები აყენებენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. უ-ის, თ. ბ-ისა და ი. ხ-ის სარჩელი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მეორე მუხლებით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. უ-ის, თ. ბ-ისა და ი. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას დაექვემდებაროს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.