საქმე №ას-1653-2019 29 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ხ.ვ–ნი (მხარდამჭერი - ი.ვ–ნი) (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ც–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - ლ.ნ–ძე, ი.ვ–ნი, ნ.გ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...... მიკრო/რაიონი IV, კორპუსი 415, სართული 8, ბინა N31, ს.კ. ...... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“, „სადავო ქონება“ ან „სადავო სახლი“), საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქ.ც–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) საკუთრების უფლებით (იხ.ტ 1, ს.ფ. 38-39).
2. სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ხ.ვ–ნი (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „კასატორი“).
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ.ვ–ნის, ლ.ნ–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), ი.ვ–ნის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) და ნ.გ–ძის (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელების უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებლად მიქცევა.
4. პირველმა, მეორე და მესამე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მეოთხე მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
6. პირველმა მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულების წარდგენა, რომელიც სადავო უძრავ ქონებაზე მის მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებდა. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხე სადავო უძრავ ქონებას მართლზომიერი საფუძვლის გარეშე ფლობს.
10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრის ძირითადი საფუძვლებია მოსარჩელის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების მართლზომიერების შეფასება და პირველ მოპასუხესთან ერთად დანარჩენი მოპასუხეებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება, რომლებიც არ ცხოვრობენ სადავო სახლში. აპელანტი სადავოდ ხდის მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერებას სადავო უძრავ ქონებაზე. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ის გარემოება, თუ რა საშუალებით მოიპოვა მესაკუთრემ საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე განსახილველი დავის ფარგლებში ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე კანონით დადგენილი წესით არ გაბათილებულა. რაც შეეხება პირველ მოპასუხესთან ერთად დანარჩენი მოპასუხეების პასუხისმგებლობას, ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეებს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდიათ ნივთის ფლობის ფაქტი, მეტიც მათ მიერ წარდგენილ შესაგებელში ძირითად მისამართად (ფაქტობრივ ადგილსამყოფელად) მითითებულია სადავო უძრავი ნივთის მისამართი, აღნიშნული კი უდაოდ ადასტურებს მითითებული ნივთის ფლობის ფაქტს. ამასთან, სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა მხოლოდ პირველი მოპასუხის მიერ.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
13. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. კასატორი ნამდვილად იყო სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე და სრული უფლება აქვს იცხოვროს იმ ფართში, რომელიც იყო და არის მისი კუთვნილება.
13.2. სადავო უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გამო მოხდა. აღნიშნული ხელშეკრულება კი იპოთეკარებმა კასატორთან, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ანგარიშს ვერ უწევს საკუთარ ქმედებებს, დადეს მოტყუებით. აუქციონის შედეგად კასატორის უძრავი ქონება შეიძინა იპოთეკარებთან დაახლოებულმა პირმა თ.ც–მა, რომლის მემკვიდრეცაა მოსარჩელე.
13.3. დაწყებულია სამოქალაქო დავა იმ იპოთეკარების მიმართ, რომლებმაც ისარგებლეს ხ.ვ–ნის ჯანმრთელობის მდგომარეობით, მოტყუებითა და შეცდომაში შეყვანით განახორციელეს კასატორის კუთვნილი ქონების ერთ-ერთ იპოთეკარზე გადაფორმება. კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლზე და აღნიშნავს, ვინაიდან კასატორი სასამართლოს მიერ აღიარებულია ქმედუუნაროდ, ბათილია მისი გამოვლენილი ნება.
13.4. კასატორი არ უნდა იქნეს გამოსახლებული სადავო უძრავი ქონებიდან. კასატორი იყო აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე. იგი არის აფხაზეთიდან დევნილი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. სახელმწიფოს მხრიდან მასზე ვრცელდება გარკვეული გარანტიები. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს დევნილებს იძულებით გადაადგილებისაგან და უზრუნველყოფს მათი სიცოცხლის, ღირსების, უსაფრთხოებისა და თავისუფლების უფლების დაცვას. ამასთან, სადავო ფართი წარმოადგენს კასატორის ერთადერთ საცხოვრებელს.
13.5. მოსარჩელეს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც პირველ მოპასუხესთან ერთად დანარჩენი მოპასუხეების მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტს დაადასტურებდა. პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დაუსაბუთებლად ცნეს სადავო ნივთის მფლობელებად მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეები. ისინი არ ცხოვრობენ სადავო სახლში.
14. კასატორმა ასევე იშუამდგომლა წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კასაატორის სარჩელის (საქმე №2/37151-18) განხილვამდე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული საქმის მასალები შეიცავს მონაცემებს, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ სასესხო გარიგება დაიდო პირთან, რომელიც გარიგების დადებისას იყო ქმედუუნარო პირი, იგი ვერ განაგებდა და ვერ უწევდა ანგარიშს საკუთარ ქმედებებს.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება დადგენილი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა გამოკვლეული აქვს.
22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
23. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
24. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 38-39), რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხე/კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.
25. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და ის მართებულად დაკმაყოფილდა.
26. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია განხორციელდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გამო. აღნიშნული ხელშკრულება კი იპოთეკარებმა კასატორთან, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ანგარიშს ვერ უწევს საკუთარ ქმედებებს, დადეს მოტყუებით. აუქციონის შედეგად კასატორის უძრავი ქონება შეიძინა იპოთეკარებთან დაახლოებულმა პირმა თ.ც–მა, რომლის მემკვიდრეცაა მოსარჩელე.
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენს. განსახილველი დავა ეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია. კასატორს მოსარჩელის მოთხოვნის საპირისპიროდ მისი მხრიდან მფლობელობის მართლზომიერების დადასტურება ევალებოდა, თუმცა მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს უზენაესი სასამართლო კი ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საკასაციო საჩივარში მითითებულ საფუძვლებზე, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში განსახილველ საკითხს და არის დამოუკიდებელი დავის საგანი. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სადავო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამართალწარმოება, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა დოკუმენტი, სახელწოდებით „დაზუსტებული სარჩელი“, თუმცა აღნიშნულზე არ არის დატანილი საქალაქო სასამართლოს შტამპი. მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანისა და წარმოებაში მიღების ფაქტს, კასატორს არ წარმოუდგენია.
28. კასატორის მითითება, რომ მას სადავო ქონების გარდა სხვა ქონება არ გააჩნია, არ წარმოადგენს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობას.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
31. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ., მაგ., სუსგ საქმე №ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი; საქმე №ას-1850-2018, 15 მაისი, 2020 წელი; №ას-1370-2020, 30 ნოემბერი, 2021 წელი; №ას-1220-2020, 14 დეკემბერი, 2021 წელი; №ას-111-2022, 11 მარტი, 2022 წელი; №ას-316-2022, 21 ივნისი, 2022 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოთხოვნას წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. იმავე კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნტის შესაბამისად, 279-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება - სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
34. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერებამდე სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება. კერძოდ, გამომდინარეობს თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.
35. განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქალაქო სასამართლოში მისი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვაში ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ იკვეთება საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის წინამდებარე საქმის განხილვას.
36. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად.
37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (დევნილის მოწმობა, „საბრძოლო დამსახურებისათვის“ მედლის ასლი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, ჩანაწერები და ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გამოკვლევის შედეგები, 2014 წლის 28 ნოემბრის მიმართვა, 2003 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულება, 2014 წლის 27 ნოემბრის მიმართვა, ექსპერტიზის დასკვნა №135, 2014 წლის 20 ოქტომბრის მიმართვა, 2015 წლის 15 მაისის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ცნობა №29, 2016 წლის 30 ნოემბრის მიმართვა, ექსპერტიზის დასკვნა №60, ექსპერტიზის დასკვნა №004533916, ექსპერტიზის დასკვნა №003087618, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, განკარგულება, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, აუდიტორული დასკვნა №7, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება, 2018 წლის 21 სექტემბრის წერილი, ცნობა №01/4585-ს, 2018 წლის 3 ოქტომბრის ცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება), მთლიანობაში „183“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 79-261);
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხ.ვ–ნის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ხ.ვ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
3. ხ.ვ–ნი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. კასატორს ხ.ვ–ნს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (დევნილის მოწმობა, „საბრძოლო დამსახურებისათვის“ მედლის ასლი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, ჩანაწერები და ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გამოკვლევის შედეგები, 2014 წლის 28 ნოემბრის მიმართვა, 2003 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულება, 2014 წლის 27 ნოემბრის მიმართვა, ექსპერტიზის დასკვნა №135, 2014 წლის 20 ოქტომბრის მიმართვა, 2015 წლის 15 მაისის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ცნობა №29, 2016 წლის 30 ნოემბრის მიმართვა, ექსპერტიზის დასკვნა №60, ექსპერტიზის დასკვნა №004533916, ექსპერტიზის დასკვნა №003087618, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, განკარგულება, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, აუდიტორული დასკვნა №7, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება, 2018 წლის 21 სექტემბრის წერილი, ცნობა №01/4585-ს, 2018 წლის 3 ოქტომბრის ცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება), მთლიანობაში „183“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 79-261);
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე