საქმე №ას-1222-2020 31 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ......., კორპური 12, ბინა N46, ს.კ. ....... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“, „სადავო ქონება“ ან „სადავო სახლი“), საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია გ.გ–იას (შემდგომში - „მოსარჩელე“) საკუთრების უფლებით (იხ. ს.ფ. 20-21).
2. სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ი.გ–ი (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“).
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
6. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ისეთი მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს მის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე სადავო უძრავ ქონებას მართლზომიერი საფუძვლის გარეშე ფლობს.
10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრის ძირითადი საფუძველია სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლების კანონიერების დადგენა. აპელანტი სადავოდ ხდის მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერებას და აღნიშნავს, რომ სადავო ქონება აუქციონზე ისე იქნა გატანილი სარეალიზაციოდ, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული საფუძვლის შემოწმება შეუძლებელია ვინდიკაციური სარჩელის პირობებში.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
13. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
13.1. სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ირიცხება მოსარჩელე, მაგრამ ქონება მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობაშია, ვინაიდან აღნიშნული ქონება გასხვისდა უკანონოდ.
13.2. მოსარჩელე არ არის სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი და მესაკუთრე, სადავოა მისი საკუთრების უფლება. კასატორის მიერ სასამართლოში გასაჩივრებულია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოსარჩელის სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით, სადაც მესამე პირად ჩართულია მოსარჩელე.
13.3. კასატორს საკუთრებაში აქვს სარდაფი, რომელში მოხვედრაც შესაძლებელია მხოლოდ სადავო ქონების გავლით.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
15. კასატორმა საკასაციო სასამართლოში დამატებით წარმოადგინა შუამდგომლობა და მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაშია კასატორის სააპელაციო საჩივარი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის იმ განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც საჯარო რეესტრმა სადავო უძრავი ქონება დაურეგისტრირა მოსარჩელეს. კასატორის განცხადებით მას ასევე გასაჩივრებული აქვს საჯარო რეესტროს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სადავო ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ მითითებულ საქმეებზე წარმოება არ დასრულებულა და, ვინაიდან ისინი დაკავშირებულია საკასაციო სასამართლოში მიმდინარე დავასთან, მოითხოვა მოცემული საქმის წარმოების შეჩერება ადმინისტრაციული დავების დასრულებამდე. ამასთან, კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ქონება მის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება დადგენილი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა გამოკვლეული აქვს.
22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
23. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
24. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 20-21), რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხე/კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.
25. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და ის მართებულად დაკმაყოფილდა.
26. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავი ქონება უკანონოდ გადავიდა მოსარჩელის საკუთრებაში.
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენს. განსახილველი დავა ეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია. კასატორს მოსარჩელის მოთხოვნის საპირისპიროდ მისი მხრიდან მფლობელობის მართლზომიერების დადასტურება ევალებოდა, თუმცა მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს უზენაესი სასამართლო კი ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საკასაციო საჩივარში მითითებულ საფუძვლებზე, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში განსახილველ საკითხს და არის დამოუკიდებელი დავის საგანი. მოპასუხეს შეგებებული სარჩელი აღნიშნული მოთხოვნებით არ წარუდგენია.
28. კასატორის მითითება, რომ მას სადავო ქონების გარდა სხვა ქონება არ გააჩნია, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას - მოსარჩელის სადავო ქონების საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტს გააქარწყლებდა.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
31. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ., მაგ., სუსგ საქმე №ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი; საქმე №ას-1850-2018, 15 მაისი, 2020 წელი; №ას-1370-2020, 30 ნოემბერი, 2021 წელი; №ას-1220-2020, 14 დეკემბერი, 2021 წელი; №ას-111-2022, 11 მარტი, 2022 წელი; №ას-316-2022, 21 ივნისი, 2022 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოთხოვნას წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. იმავე კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნტის შესაბამისად, 279-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება - სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
34. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერებამდე სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება. კერძოდ, გამომდინარეობს თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.
35. განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება ისეთი გარემოების არსებობა, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის წინამდებარე საქმის განხილვას ვიდრე არ დასრულდება ადმინისტრაციული წარმოება სადავო ქონების გასხვისების კანონიერებასთან დაკავშირებით.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 151 (ას ორმოცდათერთმეტი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 1 (ერთი) ლარი და დარჩენილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.გ–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ი.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
3. ი.გ–ს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 18 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით №485 ტერმინალზე №321822 ოპერაციის კოდით გადახდილი 151 (ას ორმოცდათერთმეტი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 1 (ერთი) ლარი და დარჩენილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი