№ას-845-2022
29 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – მ.ფ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც.ზ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ც.ზ–ძემ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ.ფ–ძის, თ.ლ–ძისა და თ.მ–ის (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 2-15).
1.1. მ.ფ–ძემ და თ.მ–მა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, ხოლო თ.ლ–ძეს შესაგებელი არ წარუდგენია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც.ზ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 25 000 აშშ დოლარისა და 20 000 ევროს გადახდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ფ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2015 წლის 29 სექტემბრის N6838 სესხის ხელშეკრულების თანახმად, ც.ზ–ძემ შპს „ს.კ.ს–ზე“ გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 4 000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით წლიური 25%-ის დარიცხვით. 2015 წლის 29 ოქტომბრის N7256 სესხის ხელშეკრულების თანახმად, ც.ზ–ძის მიერ შპს „ს.კ.ს–ზე“ გაიცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 21 000 (ოცდაერთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით წლიური 25%-ის დარიცხვით. 2015 წლის 27 ნოემბერს N7684 სესხის ხელშეკრულების თანახმად, ც.ზ–ძის მიერ შპს „ს.კ.ს–ზე“ გაიცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 20 000 (ოცი ათასი) ევროს ოდენობით წლიური 25%-ის დარიცხვით.
5.2. შპს „ს.კ.ს–ს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის თანხის დაბრუნების შესახებ არ შეუსრულებია.
5.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად), თ.ლ–ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით; მ.ფ–ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. თ.მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
5.4. ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლოს საქმეზე ც.ზ–ძე ცნობილია დაზარალებულად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელეთა მიერ კომპანიაში სესხის სახით სარჩელში მითითებული ოდენობით თანხის შეტანა და დაუბრუნებლობა. მ.ფ–ძის მიერ სადავოდ იყო გამხდარი თუ ვინ არის პასუხისმგებელი (კომპანია თუ მოპასუხეები) შეტანილი თანხის დაბრუნებაზე; ასევე, ვინ არის პასუხისმგებელი დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
5.6. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე დაზარალებულად არის ცნობილი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოპასუხეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მოსარჩელეებისათვის მატერიალური ზარალის მიყენება, რაც სამოქალაქო-სამართლებრივად დელიქტის შემადგენლობას იძლევა და დავის მოწესრიგება სსკ-ის 992 და 998-ე მუხლებითაა შესაძლებელი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ფ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა დელიქტური სამართლის ნორმები, მაშინ, როდესაც კასატორმა სადავო თანხა მიიღო სასესხო ურთიერთობის ფარგლებში. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ საქმეზე დელიქტური ზიანის დადგომისათვის საჭირო ელემენტების არსებობა არ დადასტურებულა, არანაირი მიზეზობრივი კავშირი კასატორის ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის არ არსებობდა.
6.2. კასატორი არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, რადგან სესხი მ.ფ–ძეზე უკანონოდ გასცა შპს „ს.ო.ს–ოს“ დირექტორმა, ხოლო თავად კასატორი მოქმედებდა საკუთარი ინტერესების ფარგლებში.
6.3. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ეფუძნებოდა სესხის ხელშეკრულებებს, ამდენად, გაუგებარია, სასესხო ურთიერთობები დელიქტური სამართლის მომწესრიგებელი ნორმებით რატომ შეაფასა და არასწორად დააკისრა კასატორს პროცენტის გადახდა. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ვერც დელიქტური ზიანის ოდენობა და შესაბამისი ექსპერტის დასკვნა ვერ წარადგინა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.
13. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
14. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხის აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით, განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი(ე.წ. „გენერალური დელიქტი“). პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (სუსგ. №ას-769-737-2016, 20.06.2018).
16. საკასაციო პალატის განმარტებით, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესების წონასწორობის აღდგენაზე.
17. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარადგინა სარჩელი, რომელსაც დაურთო სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი.
18. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის კანონიერ ძალაში შესულ 2017 წლის 31 ივლისის განაჩენზე, რომლითაც კომპანიის დამფუძნებელი, დირექტორი და ფაქტობრივი მმართველი (კასატორი) მეანაბრეთა, მათ შორის, მოსარჩელის კუთვნილი თანხების გაფლანგვის გამო, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. განაჩენის თანახმად, მოპასუხეები მსჯავრდებული არიან კომპანიის კუთვნილი ქონების, დაზარალებულების, მათ შორი მოსარჩელისგან სესხად მიღებული თანხის გაფლანგვისათვის, რამაც გამოიწვია კომპანიის მიერ მოსარჩელის წინაშე სესხის დაბრუნების ვალდებულებების შეუსრულებლობა.
19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა სსსკ-ის 30920 მუხლის, ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (სუსგ №ას-1426-2018, 2019 წლის 11 აპრილის განჩინება). „საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920 მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი (ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (სსსკ-ის XXXIV თავი)“ (სუს. საქმე №ას-638-605-2014, 22.04.2016).
20. სსსკ-ის 30920-ე მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სსსკ-ის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019).
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. კანონით მინიჭებული შესაძლებლობა, საქმე განხილულ იქნას გამარტივებული წესით შემჭიდროვებულ ვადებში, მოსარჩელე მხარის დისპოზიციური უფლებაა და მას არ ეკრძალება სარჩელის წარდგენა საერთო საფუძველზე. გამარტივებული წარმოებით საქმის განსახილველად კი, მოსარჩელეს კანონი ვალდებულებას აკისრებს, სარჩელს თან დაურთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი (თუ დანაშაული გვაქვს სახეზე) ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რითაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის 1-ლი ნაწილი).
22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რაც შეეხება განსხვავებას დელიქტით მიყენებული ზიანის გამარტივებული და ჩვეულებრივი სასარჩელო წესით განხილვას შორის, აღნიშნულთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ გამარტივებული წესით საქმის განხილვის დროს სახეზეა კანონიერ ძალაში არსებული განაჩენი, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს აღნიშნულ საკითხებს და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს მათ. სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანია მხოლოდ ზიანის ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვვის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით იგი არ არის დადგენილი. ასეთ დროს ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსამარჩელემ უნდა წარადგინოს. ჩვეულებრივი სასარჩელო წესით დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ სარჩელის განხილვის დროს კი, მხარეები სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად წარუდგენენ, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს, ხოლო სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით საფუძველი შეიქმნა დასკვნისათვის, რომ მოსარჩელემ კომპანიისათვის სესხის სახით გადაცემული თანხა მოპასუხეთა განზრახი, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო ვერ დაიბრუნა, რისი გათვალისწინებითაც არსებობს დელიქტური ზიანის ანაზღაურებისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.
24. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ განაჩენში მითითებული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ იქნეს განხილული, კასატორს არ წარუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება (შდრ. საქმე №ას-203-2020, 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება).
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენის თანახმად, მოსარჩელეს ზიანი მარტო მსესხებელი კომპანიის ხელმძღვანელობის ქმედებების გამო არ მისდგომია, მითითებული ზიანის დადგომაში ბრალი კასატორსაც მიუძღვის, რის გამოც განაჩენში მითითებულ სხვა პირებთან ერთად, იგი თავადაც ცნობილ იქნა დამნაშავედ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ დავაში, მ.ფ–ძე მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირია.
26. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლი ვერ გახდება კასატორის საკასაციო პრეტენზია, რომლის თანახმად, ზიანის მიყენებისათვის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობა, კერძოდ, მიზეზობრივი კავშირი კასატორის ქმედებასა და მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებულ ზიანს შორის არ დგინდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი განაჩენი თავისთავად ასაბუთებს ამგვარი მიზეზობრივი კავშირის არსებობას.
27. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას დარიცხული პროცენტის ანაზღაურების საფუძვლის არარსებობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიმდინარე საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ძირი თანხების ერთობლიობა და არა საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია აღნიშნულ ნაწილში საფუძველს მოკლებულია.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათ სამართლებრივად სწორი კვალიფიკაცია მისცა, ამასთან, კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები, ხოლო საპირისპიროდ მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულებები, რომელიც ამყარებდა მის სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია.
29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. განსახილველ შემთხვევაში კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე