ბს-1327-61-გ-04 10 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის შესახებ დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 25 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ა. თ-მა და სხვებმა (სულ _ 10 ფიზიკური პირი) ქ. თბილისის საკრებულოსა და ქ. თბილისის მერიის მიმართ ქ. თბილისის მთავრობის 2003წ. 5 ივნისის ¹08.06.184 დადგენილების პირველი ნაწილისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 27 ივნისის ¹55 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელენი მიუთითებდნენ, რომ ქ. თბილისის 2003წ. 5 ივნისის ¹08.06.184 დადგენილება უხეშად არღვევდა მათ უფლებებს, რადგან დადგენილების გასაჩივრებული ნაწილით მათ აეკრძალათ შპს “ს-ისთვის” 1995 წელს იჯარის ხელშეკრულებით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე ყოველგვარი სარგებლობის პროექტების დამტკიცება. ეს ნაკვეთები არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და ამ მიწის ნაკვეთების შეძენისას მათ არ დაწესებიათ რაიმე სახის შეზღუდვა. მოსარჩელენი მიიჩნევდნენ, რომ დაუშვებელი იყო მათი საკუთრების უფლების შეზღუდვა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და სკ-ის 170-ე მუხლები.
მოსარჩელეები ასევე მიიჩნევდნენ, რომ უნდა გაუქმებულიყო ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 27 ივნისის ¹55 დადგენილებაც, რადგან მის საფუძველზე საკრებულოს წარმომადგენლებმა აუკრძალეს მათ საკუთრების გამოყენების უფლება. ასეთის სახით მათთვის რაიმე ქმედების აკრძალვის კომპეტენცია საკრებულოს არ გააჩნდა და ეს სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნებოდა. გასაჩივრებული დადგენილება არღვევდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 5 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის მასალების განსჯად სასამართლოსთვის გადაცემის თაობაზე და ა. თ-ისა და სხვათა სარჩელი განსახილველად განსჯადობით გადაეცა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული აქტები იყო ინდივიდუალური აქტები, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2004წ. 31 მარტის განჩინებით, სხვა დამოუკიდებელი საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 27 ივნისის ¹55 დადგენილებისა და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 24 ივნისის ¹40 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით დაუქვემდებარა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლის შუამდგომლობა და ადმინისტრაციული საქმე ¹3/743-04 ა. თ-ისა და სხვათა სარჩელისა გამო ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 27 ივნისის ¹55 დადგენილებისა და ქ. თბილისის მთავრობის 2003წ. 5 ივნისის ¹08.06.184 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ გაერთიანდა ადმინისტრაციულ საქმესთან ¹3/682-04 ფ. გ-ის სარჩელის გამო ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 24 ივნისის ¹40 და ქ. თბილისის საკრებულოს ¹55 დადგენილებების ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე სასამართლოს 2004წ. 29 ივნისის განჩინებით ასევე დაკმაყოფილდა ქ. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლის შუამდგომლობა და გაერთიანებული ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ა. თ-ისა და სხვათა სარჩელი ქ. თბილისის მთავრობის 2003წ. 5 ივნისის ¹08.06/84 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში და იგი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2004წ. 29 სექტემბრის განჩინებით არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება განსჯადობის თაობაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არ იყო სასამართლო კოლეგიის პირველი ინსტანციის წესით განსახილველი დავა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ მოპასუხე მოცემულ დავაზე არ იყო საქართველოს სამთავრობო დაწესებულება, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, არც სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი, დავის საგანს არ წარმოადგენდა ქალაქების _ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, სოხუმის, ბათუმის და ფოთის საკრებულოებისა და მერიების მიერ მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციული აქტები და ამდენად, ეს დავა არ მოიაზრებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულ საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსახილველ სარჩელებში. სასამართლო კოლეგიამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადააგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშეE გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 ივნისისა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 სექტემბრის განჩინებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული საქმე ა. თ-ისა და სხვათა სარჩელის გამო ქ. თბილისის მთავრობის 2003წ. 5 ივნისის ¹08.06/84 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბლისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელს ქალაქების _ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, სოხუმის, ბათუმის და ფოთის საკრებულოებისა და მერიების (მერების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე.
“საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების” მე-2 მუხლისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში ადგილობრივი მმართველობა ხორციელდება ქ. თბილისის მერიის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს დედაქალაქის მმართველობის ორგანოთა სისტემას და მასში შედის ქ. თბილისის მმართველობის ცენტრალური ორგანო _ ქ. თბილისის მთავრობა.
ზემოაღნიშნული “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქ. თბილისის მერის ბრძანება და ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება წარმოადგენს ნორმატიულ აქტებს.
საკასაციო პალატა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისის მთავრობა ქ. თბილისის მერიის შემადგენლობაში შედის, მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის მიერ მიღებული დადგენილება უნდა ჩაითვალოს ქ. თბილისის მთავრობის მიერ გამოცემულ ნორმატიულ- ადმინისტრაციულ აქტად. შესაბამისად, მოცემული დავა ქ. თბილისის მთავრობის 2003წ. 5 ივნისის ¹08.06184 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. თ-ისა და სხვათა სარჩელი ქ. თბილისის მთავრობის 2003წ. 5 ივნისის ¹08.06.184 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.