Facebook Twitter

საქმე №ას-990-2022 29 დეკემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.ა–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – უ.მ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უ.მ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ა–ნის (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 39 665 აშშ დოლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. ხარვეზის შევსების მიზნით, მხარეს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის (დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხზე მსჯელობის მიზნით, შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებები. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნებოდა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ლ.ჯ–ას ჩაბარდა 2022 წლის 9 ივნისს.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს (ან მის წარმომადგენელს) სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და სასამართლოსთვის არც დამატებით რაიმე განცხადებით ან შუამდგომლობით მიუმართავს.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

10. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითებს, რომ არც კერძო საჩივრის ავტორსა და არც მის წარმომადგენელს, ისევე როგორც მხარის/მისი წარმომადგენლის ოჯახის ქმედუნარიან და სრულწლოვან წევრს თბილისის სააპელაციო სასამართლოს რაიმე განჩინება ა.ა–ნის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით არ ჩაბარებიათ; სასამართლო კორესპოდენცია არც ლ.ჯ–ას სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას ჩაბარებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ ა.ა–ნის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

14. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითებს, რომ არც კერძო საჩივრის ავტორსა და არც მის წარმომადგენელს, ისევე როგორც მხარის/მისი წარმომადგენლის ოჯახის ქმედუნარიან და სრულწლოვან წევრს თბილისის სააპელაციო სასამართლოს რაიმე განჩინება ა.ა–ნის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით არ ჩაბარებიათ; სასამართლო კორესპოდენცია არც ლ.ჯ–ას სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას ჩაბარებია.

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს - ლ.ჯ–ას (იხ. მინდობილობა ს.ფ. 182-184) გაეგზავნა საქმის მასალებში არსებულ მისამართზე და 2022 წლის 9 ივნისს ჩაბარდა თანაშემწეს ქ.მ–ძეს (ს.ფ. 293).

16. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამ ნორმის თანახმად, შესაძლებელია, საჭირო საპროცესო დოკუმენტები სასამართლომ გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი. საპროცესო დოკუმენტების მხარის წარმომადგენლისათვის ჩაბარება მათი უშუალოდ მხარისათვის გადაცემას უთანაბრდება.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზეპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

18. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობის ზოგად დასახელებას, რომელთაც უფლება აქვთ, შეტყობინება ჩაიბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან (სუსგ. საქმე Nას-1289-1309-2011, 14.11.2011წელი).

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განჩინება უფლებამოსილ პირს ჩაბარდა, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი და სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

20. სსსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეს ლ.ჯ–ასთვის საქმის წარმოების უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა 2021 წლის 29 დეკემბრის მინდობილობით, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ს.ფ. 182-184). მოპასუხის წარმომადგენელს (მის თანაშემწეს), მის მიერ მითითებულ მისამართზე, ხარვეზის შესახებ განჩინება 2022 წლის 9 ივნისს ჩაბარდა (იხ. ს.ფ. 293), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის 10 ივნისს დაიწყო და ამავე წლის 20 ივნისს (19 ივნისი იყო არასამუშაო დღე - კვირა) ამოიწურა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

22. მოცემული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. ამდენად, უსაფუძვლოა წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ......., მე-10 სართული), სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განჩინება (სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ) ჩაბარდა ქ.მ–ძეს, რომელიც, როგორც ფოსტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი აქტიდან ირკვევა, წარმოადგენს თანაშემწეს. კერძო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ქ. თბილისი, ......, მე-10 სართული წარმოადგენს კერძო საჩივრის ავტორის სამუშაო ადგილს, ხოლო ადმინისტრაციას წარმოადგენს თავად ლ.ჯ–ა ან/და ლ.ც–ძე. მართალია კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს ქ.მ–ძის ამგვარ სტატუსს, თუმცა სურს იმის დამტკიცება, რომ იგი არ იყო გზავნილის ჩაბარებაზე საამისოდ უფლებამოსილი პირი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ქ.მ–ძეს ასევე ჩაბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდგომი გზავნილიც, კერძოდ, 2022 წლის 29 ივნისის განჩინება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ). აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განჩინებაზე, ა.ა–ნის წარმომადგენელმა ლ.ჯ–ამ, გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დაცვით წარადგინა კერძო საჩივარი. ყოველივე აღნიშნული ქმნის ფაქტობრივი პრეზუმციის საფუძველს, რომ თანაშემწე - ქ.მ–ძე წარმოადგენს სწორედ კერძო საჩივრის ავტორის სამუშაო ადგილზე მყოფ უფლებამოსილ პირს გზავილის ჩაბარებაზე.

24. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი) (იხ. სუსგ საქმე №ას-395-2022, 19.07.2022; №ას-1077-2022, 21.10.22; №ას-1847-2018, 22.02.19).

26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ა–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2022 წლის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი