საქმე №ას-616-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ჩ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – თ.ხ–ა, კ.მ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.04.2021წ. გადაწყვეტილებით - ლ.ჩ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე", "კერძო საჩივრის ავტორი") სასარჩელო მოთხოვნა თ.ხ–ასა და კ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხეები") მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუს ქ.ბ–ის მიერ გაცემულ N180968839 სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, პირგასამტეხლო ყოველდღიურად განისაზღვრა ძირი თანხის (6000 აშშ დოლარის) 0.05%-ით ანუ 3 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ: გადაწყვეტილება, ს.ფ.117-125). აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.11.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მოსარჩელემ განჩინება კერძო საჩივრით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო გაასაჩივრა (იხ: განჩინება, ს.ფ. 155-157). კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადაში გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. სასამართლომ კი მას მინიმალური ვადით გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, რომელიც არ იყო გონივრული ხარვეზის შესავსებად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
4. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საკასაციო სასამართლომ საპატიოდ უნდა მიიჩნიოს ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გაშვება, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის სიმცირით იყო განპირობებული, ანუ მოსარჩელე მოითხოვს სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის აღდგენას.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
6. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა ათი დღის ვადა. აპელანტის 2021 წლის 20 ივლისის შუამდგომლობის საფუძველზე, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა, ამავე სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით, ათი დღით გაუგრძელდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე. გზავნილი ადრესატს (ორგანიზაციის იურისტი - ნ.ა–ია) ჩაჰბარდა 2021 წლის 20 ოქტომბერს (იხ. 151-154). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 21 ოქტომბერს და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.2-ე მუხლის მიხედვით, 2021 წლის 1 ნოემბერს ამოიწურა. აპელანტს ხარვეზი არ აღმოუფხვრია და არ მიუმართავს სასამართლოსათვის ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე სახის განცხადებით.
7. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.
8. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
9. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის საპატიო მიზეზად მოპასუხე მიუთითებს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის სიმცირეზე, რაც, სსსკ-ის 215.3 მუხლის მიხედვით, საპატიო მიზეზად არ მიიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტს, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ ერთხელ გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა დამატებით კიდევ ათი დღით, თუმცა მითითებულ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო და არც სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით არ მიუმართავს. პალატა ვერ გაიზიარებს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული არაგონივრული ვადის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა (20 დღე) მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.
10. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიხედულებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსით დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ჩ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.11.2021 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი