საქმე №ას-444-2022 15 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - დ.ც–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,თ.ე–ი'' (მოპასუხე)
II კასატორი - შპს ,,თ.ე–ი'' (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ც–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.ც–ი (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება. 24.02.2022წ. გადაწყვეტილებით, დ.ც–ის სარჩელი შპს ,,თ.ე–ის’’ მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი, მეორე კასატორი) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „თ.ე–ის“ დ.ც–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს - თვეში 875 ლარის გადახდა (დარიცხული) 2019 წლის 4 ივნისიდან დ.ც–ის საპენსიო ასაკის მიღწევამდე;
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა გარკვეულ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
3.1. კასატორის მითითებით, დაუსაბუთებელია 2019 წლის 4 ივნისიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლა, მაშინ, როდესაც მოსარჩელეს ზიანი მიადგა 2010 წლის ნოემბერში, ხოლო 16.12.2013 წელს აპელანტს უკვე დასმული ჰქონდა დიაგნოზი და მისთვის ცნობილი იყო კოჭ-წვივის სახსრის ენდოპროთეზირების შესახებ. ხანდაზმულობის ვადის ათვლისთვის მნიშვნელოვანია ზიანის წარმოშობის დრო, ამასთან, სამომავლო მკურნალობის ზიანის ანაზღაურების ვადა დაკავშირებულია ძირითად შემთხვევასთან. პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში დიაგნოზის დასმიდან დაიწყო ხანდაზმულობის ვადის ათვლა, თუმცა სარჩოს ნაწილში დაუსაბუთებელია ხანდაზმულობის ვადის ათვლის განსხვავებული მიდგომა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 2 ნოემბერს.
3.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არსებობს მსჯელობა შპს "თ.ე–ის" რა ნაწილში მოქმედებით, უმოქმედობით თუ პრევენციის განუხორციელებლობისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა.
3.3. კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, უბედური შემთხვევისას დამსაქმებლის მიმართ ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დადგენის ნაწილში, ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ, საქართველოს ორგანულ კანონს "შრომის უსაფრთხოების შესახებ" და საქართველოს სამოქალაქო კოდექსს. აღნიშნულ საქმეში მნიშვნელოვანია, უზენაესმა სასამართლომ მკაფიოდ დაადგინოს უბედური შემთხვევისას (რომელიც დაკავშირებული არ არის დამსაქმებლთან და გამომდინარეობს სამუშაო სივრცეში წინასწარ გაუთვალისწინებელი შემთხვევით) დამსაქმებლის პასუხისმგებლობის ფარგლები დასაქმებულთა მიმართ.
3.4. კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩოს ნაწილში სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილად მიიჩნია 2019 წლის 4 ივნისი, როდესაც მოსარჩელეს უვადოდ დაუდგინდა ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. შშმ პირის სტატუსის მიღების საფუძველია სამედიცინო დიაგნოზი და პირის მიერ სათანადო განცხადებით სტატუსის მინიჭების მოთხოვნა, საქმეში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ასეთი მიმართვის არსებობის პირობებში შესაბამისი ორგანოს მიერ სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას. გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებლობა მიუთითებს ზიანის არსებობისა და ზიანზე პასუხისმგებელი პირის დადგენის მომენტიდან ხანდაზმულობის ვადის დინების დაწყებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩოს მოთხოვნის ნაწილშიც ხანდაზმულობის ვადის დინება უნდა დაიწყოს ზიანის დადგომიდან.
3.5. კასატორის მთითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის სარჩოს ოდენობის განსაზღვრის დასაბუთებაც, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელემ 2019 წელს მორიგების აქტით უარი განაცხადა სამუშაოზე აღდენაზე, (სამუშაო პოზიცია დაკავშირებული იყო საოფისე საქმესთან"), ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა საერთო შრომის უნარის დაკარგვა 25%-ით, რაც სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული. კასატორის მტკიცებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
6.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მოსარჩელემ ჯანმრთელობის დაზიანება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მიიღო და იგი საწარმოო ტრავმად უნდა შეფასდეს. ამასთან, სწორად მიუსადაგა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმები (სსსკ-ის 992-ე, 408-ე მუხლები), რადგან წინამდებარე დავა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობს.
8. შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხს აწესრიგებს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული დანაწესი მითითებითია, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ ნორმებში უნდა იქნეს მოძიებული. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსი ზიანის ანაზღაურების ორ წესს ადგენს: ა) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და ბ) დელიქტური ვალდებულებები, თუმცა, დაზარალებული პირის უფლებრივი რესტიტუციის განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარე, კანონი მათ თანაარსებობას დასაშვებად მიიჩნევს, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება, ასევე, სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს (იხ. სუსგ საქმე №ას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი).
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საქმე №ას-349-349-2018, 18.06.2020).
10. მოცემულ შემთხვევაში, ტრავმის მიღების დროს მოსარჩელე შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე მხარესთან და ასრულებდა ჩუღურეთის რაიონული სადისტრიბუციო ცენტრის კონტროლიორის უფლება-მოვალეობებს. მოსარჩელემ ტრავმა (2010 წლის 2 ნოემბერი, სამშაბათი) სამუშაო საათებში მიიღო იმ რაიონში (დიდუბე-ჩუღურეთი), სადაც მოსარჩელე ახორციელებდა შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ჯანმრთელობა მოსარჩელეს სწორედ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაუზიანდა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 10 ივლისის N004200621 დასკვნის თანახმად, დ.ც–ის ამჟამინდელი დიაგნოზია: მარცხენა წვივის ძვლების დისტალური მესამედის ოსტეოსინთეზის შემდგომი შეხორცებული მოტეხილობა; ფიქსატორების ამოღების შემდგომი მდგომარეობა; კოჭ-წვივის სახსრის ფიბროზული ანკილოზი. ტერფის წვივის მიმართ ფიქსირებულია 900 კუთხით. მარცხენა კოჭ-წვივის სახსარში მოძრაობები არ არის; ამავე დასკვნით დადგენილია, რომ დ.ც–ის ამჟამინდელი მდგომარეობა უკავშირდება 2010 წლის 2 ნოემბერს მიღებულ ტრავმას, რამაც გამოიწვია საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვა 25% ნიშნით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომ 2019 წლის 4 ივნისს, დ.ც–ს უვადოდ დაუდგინდა ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი, რაც უკავშირდება 2010 წლის 2 ნოემბრის ტრავმას. ამდენად, პალატა სარჩელს ხანდაზმულად არ მიიჩნევს და მოცემულ საქმეში, სარჩოს დანიშვნის წინაპირობებს ხედავს, რადგან სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2019 წლის 4 ივნისიდან, როდესაც უვადოდ დაუდგინდა ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი.
11. პალატა ვერ გაიზიარებს, კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს მატერიალურსამართლებრივი შედეგი, უბედური შემთხვევისას დამსაქმებლის მიმართ ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დადგენის ნაწილში, ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და განმარტავს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) კანონმდებელი, განცდილი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს ვალდებულ პირს. ამ ნორმის მიზანი დაზარალებულის მდგომარეობის იმგვარად აღდგენაა, რომ შედეგად ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა მივიღოთ, ე.ი. დაზარალებული ისეთ პირობებში აღმოჩნდეს, რაც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იარსებებდა. დასახელებული ნორმა მოთხოვნის სხვა დამფუძნებელ ნორმებთან ერთად გამოიყენება, როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო სამართალში. რაც შეეხება 408-ე მუხლის მე-2 ნაწილს (თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით), იგი სპეციალურად ადგენს სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესს (იხ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საქმე №ას-52-48-2017, 26.10.2018წ). დამსაქმებლის მიერ ამგვარი ტვირთის გაწევა შრომის კანონმდებლობითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (სსკ-ის 408.1) გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის ფარგლებშია მოქცეული და კასატორისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების რელევანტურ საფუძვლად არ გამოდგება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკის თანახმად, პრეზუმირებულია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული საწარმო აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. (იხ. სუსგ საქმე №1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი).
13. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის შედავების პირობებში მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზეც იმსჯელა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადას. მათ შორისაა - სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომლებიც სხვა ვადებთან ერთად უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს გულისხმობს. სასარჩელო ხანდაზმულობა არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია, მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად, ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ №ას-266-254-2013, 25 დეკემბერი, 2013 წელი).
14. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადებს სასამართლო ითვალისწინებს არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის ხანდაზმულობაზე სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ მოპასუხეს შესაგებელში აქვს მითითებული ან მიუთითებს პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დასრულებამდე (იხ. სუსგ Nას-1122-2019, 23.07.2021წ). როგორც აღინიშნა, მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის მომზადების დასრულებამდე მოთხოვნის შემაფერხებელ გარემოებაზე, ხანდაზმულობაზე მიუთითა.
15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით - დ.ც–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, შპს ,,ყ -თ–ის“ 30.01.2015წ. N17/3 ბრძანება; დ.ც–ი აღდგა შპს ,,ყ -თ–ის“ დიდუბე-ჩუღურეთი-ნაძალადევის რაიონული სადისტრიბუციო ცენტრის ტექნიკური ოპერატორის თანამდებობაზე; შპს ,,ყ-თ–სს“ დ.ც–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 540 ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება 2015 წლის 2 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე დროის მონაკვეთში. 2019 წლის 13 მაისს დ.ც–სა და შპს ,,ყ - თ–სს’’ შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა მოსარჩელისთვის კომპენსაციის სახით 25 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, დ.ც–მა კი უარი თქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულ მოთხოვნებზე (გარდა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნისა). უდავოა, რომ დ.ც–ი დასაქმებული იყო იმავე კომპანიაში, იღებდა ხელფასს, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩოს მოთხოვნის საფუძველი და სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1008-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2019 წლის 4 ივნისიდან დაიწყო და 2022 წლის 4 ივნისს ამოიწურა. სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2020 წლის 11 მარტს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადა მართებულად დაუკავშირა მოსარჩელის ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის უვადოდ დადგენას - 2019 წლის 4 ივნისს. შესაბამისად, მეორე კასატორის პრეტენზია გაზიარებული ვერ იქნება.
16. რაც შეეხება პირველი კასატორის პრეტენზიას მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღურებასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ზიანის არსებობისა და მის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს თავადვე უთითებს და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განმარტავს, რომ მოპასუხემ, 2010 წლის 2 ნოემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ტრავმა. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილია, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 16.12.2013.წ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV- 100/ა, რომლის მიხედვით დ.ც–ს დაენიშნა კონსერვატული მკურნალობა და მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში მიეცა კოჭ-წვივის სახსრის ენდოპროთეზირების შესახებ რეკომენდაცია (იხ. ტომი I, ს.ფ. 63-70). სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2020 წლის 11 მარტს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მორალური ზიანის მოთხოვნის კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადა მართებულად დაუკავშირა უბედური შემთხვევის თარიღს - 2010 წლის 2 ნოემბერს, ხოლო მატერიალური ზიანის (სამომავლოდ ჩასატარებელი ოპერაციების ხარჯები) ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, მოსარჩელისთვის 2013-2014 წლებში გაცემულ ცნობებს, რომელთა საფუძველზე ამავე წლებში უკვე ცნობილი იყო ოპერაციის აუცილებლობის შესახებ, რაც მოპასუხის შესაგებლის პირობებში გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. პირველი კასატორი, სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
21. რაც შეეხება მეორე კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, საგადახდო დავალება N1648215740, გადახდის თარიღი 25/03/2022), და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1050 ლარის (საგადახდო დავალება N613 გადახდის თარიღი 25.03.2022), 70% – 735 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ც–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ,,თ.ე–ის'' საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. შპს ,,თ.ე–ის'' (ს/კ ......), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 525 ლარის (საგადახდო დავალება N1648215740, გადახდის თარიღი 25/03/2022), და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 525 ლარის (საგადახდო დავალება N613, გადახდის თარიღი 04/05/2022, 70% – 735 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი