საქმე №ას-365-2022 15 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „პ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ეს“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს ,,პ.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, ,,კასატორი“), სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს ,,ე–ესის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და თანხის დაკისრება მოითხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2015 წლის 25 სექტემბერს სს ,,პ.ბ–ს“ და შპს ,,ე–ესს” შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მყიდველმა შეიძინა მოპასუხისგან 32 ოპერატიული მეხსიერების ბარათი. ნასყიდობის საგნის ბანკის სერვერში დაყენებიდან 10 თვის ვადაში (ამ ოპერატიული მეხსიერების სრული დატვირთვის, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობის გამო) პროდუქცია დაზიანდა. ბანკმა შესაბამისი სპეციალისტების დახმარებით დაადგინა, რომ შეძენილი საქონელი არ იყო ბანკის სიტემებთან თავსებადი, გარდა ამისა, საფრთხეს უქმნიდა ბანკში არსებულ სისტემებსაც. გასათვალისწინებელია ნასყიდობის საგნის სპეციფიკა, კერძოდ, ოპერატიული მეხსიერებების შემოწმება დამოკიდებული იყო სერვერების სრული დატვირთვით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობაზე, შესაბამისად, ნაკლის აღმოჩენა შესყიდვის დროს შეუძლებელი იყო. ნასყიდობის საგნის დაზიანება დადგინდა სერვერის შემოწმების დროს, როდესაც სერვერის მწარმოებელმა კომპანიამ IBM-მა სერვერის მიერ გამოვლენილი შეცდომებისა და პროდუქციის სიყალბის (არაორიგინალობის) შესახებ აცნობა ოპერატიული მეხსიერების საიდენტიფიკაციო ნომრების გადამოწმების შემდეგ მისი პარტნიორი კომპანიის - შპს ,,რ.ჯ–ის“ მეშვეობით.
მას შემდეგ, რაც 8 ოპერატიული მეხსიერების ბარათი დაზიანდა, საბანკო სისტემას შეექმნა უდიდესი საფრთხე და, რომ არა სარეზერვო სერვერები, ბანკის მუშაობა სრულად შეწყდებოდა. სერვერის მწარმოებელი კომპანიისგან (IBM) ბანკს ეცნობა, რომ არაორიგინალი ოპერატიული მეხსიერების ბარათების სისტემაში დატოვება საფრთხეს შეიცავდა, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლო იყო, არასტაბილური მუშაობა გამოეწვია მთლიან სერვერს, რაც ბანკს დიდ რისკს წარმოუშობდა, ამასთან, სერვერებზე საგარანტიო მომსახურების გაწევაზე იმ შემთხვევაში, თუ ბანკი დატოვებდა არაორიგინალ ოპერატიულ მეხსიერებას სისტემაში, უარი განაცხადებს.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე 18.10.16წ წერილით მწარმოებელმა დაადასტურა, რომ ოპერატიული მეხსიერების ბარათები დეტალურად გადაამოწმა და აღმოჩნდა ყალბი, არაორიგინალი და IBM-ის სერვერთან არათავსებადი. მოპასუხეს ეცნობა და განესაზღვრა 20 დღის ვადა საქონლის დაბრუნებისა და გადახდილი ნასყიდობის ღირებულების დაბრუნების შესახებ ან ამავე ვადაში წარმოედგინა ბანკისთვის ახალი, ორიგინალი, სერვერთან თავსებადი საქონელი, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა. ბანკი იძულებული გახდა, გამოეცვალა ოპერატიული მეხსიერების ბარათები, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგარანტიო მომსახურების გამწევი კომპანია მოუხსნიდა გარანტიას სერვერებზე და არსებობდა განმეორებით მათი დაზიანების დიდი რისკიც; შესაბამისად, ბანკმა შპს ,,რ.ჯ–სგან“ იგივე ოპერატიული მეხსიერების ბარათი განმეორებით შეიძინა 2017 წლის 16 იანვარს; აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 23 109.12 აშშ დოლარს. ვინაიდან მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების ღირებულება ჯამურად 14 080 აშშ დოლარია (33 554 ლარია), შპს ,,რ.ჯ–სთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ნასყიდობის ღირებულების სხვაობა არის 9029.12 აშშ დოლარი (25 022.26 ლარი), რაც ზიანის სახით განიცადა ბანკმა და მოპასუხე მხარემ უნდა აანაზღაუროს (იხ. სარჩელი. ს/ფ 1-3).
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. შპს ,,ე–ესმა“ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პირნათლად შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები - მყიდველს მიაწოდა შეთანხმებული ხარისხის საქონელი. ხელშეკრულების თანახმად, ავანსი მოსარჩელემ გამყიდველს გადაუხადა 2015 წლის 25 სექტემბერს, მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით შეეძლო, სადავო გაეხადა ნასყიდობის საგნის თავსებადობა მიღება-ჩაბარების ან/და ნასყიდობის საგნის ღირებულების მეორე ნაწილის გადახდამდე - 2015 წლის 19 ოქტომბრამდე. 2017 წლის 8 ივნისის პასუხში IBM-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ოპერატიული მეხსიერების თავსებადობა შეიძლება, დადგინდეს ოპერატიული მეხსიერების სერვერში მოთავსებისთანავე და არათავსებადი ოპერატიული მეხსიერების შემთხვევაში სერვერი საერთოდ არ ჩაირთვებოდა; შესაბამისად, ნასყიდობის საგანი _ 32 ოპერატიული მეხსიერების ბარათი ბანკში არსებულ სისტემებთან თავსებადი და ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხის იყო.
2016 წლის 4 ოქტომბერს ბანკმა წერილობით მომართა მოპასუხეს და მოითხოვა 20 დღის ვადაში 32 ოპერატიული მეხსიერების უკან დაბრუნება და საქონლის ღირებულების სრულად ანაზღაურება მყიდველისათვის ან ახალი ორიგინალი პროდუქციის მიწოდება, რომელიც თავსებადი იქნებოდა ბანკში არსებულ სისტემასთან და დადასტურდებოდა მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტით, რაც სცილდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებს, რომელშიც არ ყოფილა მოთხოვნილი მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF). საგულისხმოა, რომ თავად IBM-ის პასუხის საფუძველზეც ცალსახად დგინდება თავსებადობის განსაზღვრა ოპერატიული მეხსიერების სერვერში მოთავსებისთანავე, არათავსებადობისას სერვერი საერთოდ არ ჩაირთვებოდა, არათუ 11 თვე იმუშავებდა. ბანკის მოთხოვნის პასუხად, კომპანიამ გაითვალისწინა ხელშეკრულების პირობები და საგარანტიო პირობების ფარგლებში ბანკს შესთავაზა 8 დაზიანებული ოპერატიული მეხსიერების ბარათის ახლით შეცვლა, თუმცა ეს პირობა მოსარჩელისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. ბანკის საპასუხო წერილში აღნიშნული პირობები და პრობლემის გადაჭრის გზები, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ შპს “რ.ჯ–სთან“ გაფორმებული ხელშეკრულებას, ნათლად ჩანს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მყიდველის პირობას წარმოადგენდა, გამყიდველის მიერ მიწოდებული პროდუქტის ორიგინალობა დაედასტურებინა მწარმოებელს, რასაც არ ითვალისწინებდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
შესაბამისად, ნასყიდობის საგნის საფასურის დაბრუნების თაობაზე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, ისევე, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნები, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.07.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. მოსარჩელემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოტივით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.11.2021წ. განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
7.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ სსკ-ს 488-ე მუხლი არასწორად გაანალიზა, რადგან ნივთი უნაკლო არ იყო, ის არ იყო ვარგისი ჩვეულებრივი სარგებლობისთვის. ამასთან, სასამართლომ სსკ-ს 495-ე მუხლი გამოიყენა არსწორად, ვინაიდან ბანკმა პროდუქცია შეამოწმა, თუმცა მყიდველს არ ევალება პროდუქციის ორიგინალობის დადგენა.
კასატორის მითითებით, ოპერატიული მეხსიერების ბარათები სერვერისთვის იყო შეძენილი, მეკობრულ (პირატულ) ტექნიკას ბანკი ვერ დააყენებდა. ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მხარეები შებოჭილი არიან კეთილსინდისიერების პრინციპით, გამყიდველს უფრო მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა ხელშეკრულების გაფორმებამდე და მას უბრალოდ ეცნობებინა ბანკისთვის, პროდუქციის წარმომავლობის შესახებ ან საქონლის არაორიგინალობაზე მიენიშნებინა, უარს იტყოდნენ მსგავსი პროდუქციის შეძენაზე. ვინაიდან მოსარჩელემ განმეორებით შეიძინა ოპერატიული მეხსიერების ბარათი სხვა კომპანიისგან, ამან ბანკს პირდაპირი ზიანი მიაყენა, რაც უნდა ანაზღაურდეს.
ამდენად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მოსარჩელის 18.10.2016 წ. IBM წერილით და არა - მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილითა და ექსპერტის უსაფუძვლო განმარტებებით.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10.1. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
10.2. მოსარჩელის მოთხოვნაა მიწოდებული პროდუქციის საფასურის გადახდა, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურება. ამ მოთხოვნათა სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
10.3. 2015 წლის 25 სექტემბერს შპს „ე–ესსა“ (გამყიდველი) და სს „პ.ბ–ს“ (მყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა გამყიდველის მიერ ბანკისთვის ხელშეკრულებაში მითითებული დასახელების 32 ოპერატიული მეხსიერების ბარათის მიწოდება. საქონლის ერთეულის ფასი შეადგენდა 440 აშშ დოლარს, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება კი - 14 080 აშშ დოლარს. ხელშეკრულების შესაბამისად, გამყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა მყიდველისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო პროდუქციის მიწოდება, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებისა და ვადების დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული საქონელი არ აღმოჩნდება ბანკში არსებულ სისტემებთან თავსებადი, გამყიდველი ვალდებული იყო, დაებრუნებინა საქონელი და, შესაბამისად, ბანკისაგან ავანსად გადახდილი თანხა.
10.4. 2015 წლის 25 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამყიდველმა ბანკს გადასცა ხელშეკრულებით შეთანხმებული პროდუქცია, რაზედაც 2015 წლის 19 ოქტომბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. სს „პ.ბ–მა“ სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური 33 554.74 ლარი.
10.5. 2017 წლის 16 იანვარს შპს „რ.ჯ–სა“ და სს „პ.ბ–ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა გამყიდველის მიერ ბანკისთვის 32 ოპერატიული მეხსიერების ბარათის გადაცემა. საქონლის ერთეულის ფასი შეადგენდა 722.16 აშშ დოლარს, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება - 23 109.12 აშშ დოლარს.
10.6. 2016 წლის 4 ოქტომბერს სს „პ.ბ–მა“ მიმართა შპს „ე–ესს“ და განუსაზღვრა 20 საბანკო დღე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის დაბრუნებისა და გადახდილი ნასყიდობის თანხის მყიდველისათვის სრულად დაბრუნების მოთხოვნით ან შესთავაზა ამავე ვადაში ახალი, ორიგინალი პროდუქციის მიწოდება ბანკისთვის, რომელიც თავსებადი იქნებოდა ბანკში არსებულ სისტემებთან მწარმოებლის მიერ გაცემული დადასტურებით. მოპასუხე არ დაეთანხმა ბანკის აღნიშნულ პირობებს და პასუხად მოსარჩელეს შესთავაზა, ხელშეკრულების ფარგლებში ესარგებლა გარანტიის პირობებით, კერძოდ, დაზიანებული 8 ოპერატიული მეხსიერების ბარათის ახლით შეცვლაზე მზადყოფნა გამოხატა;
10.7. სარჩელის თანახმად, მოპასუხემ მყიდველს მიაწოდა არაორიგინალი, ნაკლიანი პროდუქტი, რომლის გამოვლენაც შესაძლებელი გახდა მხოლოდ სერვერების სრული დატვირთვით მუშაობის პროცესში. შესაბამისად, ნაკლის აღმოჩენა შესყიდვის დროს იყო შეუძლებელი. ბანკი იძულებული გახდა, ნაკლიანი ოპერატიული მეხსიერების ბარათები გამოეცვალა და განმეორებით შეეძინა იგივე, მხოლოდ - ორიგინალი საქონელი. შპს „რ.ჯ–სთან“ 2017 წლის 16 იანვარს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ორიგინალი საქონლის შეძენა ბანკს 9029.12 აშშ დოლარით დაუჯდა, რაც წარმოადგენს ზიანს და მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს.
11. საფასურის გადახდის ვალდებულების არ არსებობის შესახებ მოსარჩელის პრეტენზიასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 487-489-ე მუხლების შესაბამისად, გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამ ვალდებულებათა დარღვევა მოსარჩელეს წარმოუშობს შესაბამის მოთხოვნებს, თუმცა ნაკლიანი შესრულება მიღებული პროდუქციის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს. პალატა განმარტავს, რომ ნივთობრივი ნაკლის მქონე პროდუქტის მიწოდებისა და მყიდველის მიერ მისი მიღების შემთხვევაში, მყიდველს წარმოეშობა სსკ-ის 490-ე, 491-ე, 492-ე და 494-ე მუხლების შესაბამისი მეორეული მოთხოვნების უფლება შესაბამისი თანმიმდევრობისა და წინაპირობების დაცვით, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავო გარემოებადაა მიჩნეული, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 32 ოპერატიული მეხსიერების ბარათი შპს „ე–ესმა“ მიღება-ჩაბარების აქტით სს „პ.ბ–ს“ გადასცა 2015 წლის 19 ოქტომბერს. სადავო არ არის არც ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი - 32 ოპერატიული მეხსიერების ბარათი, უხარვეზოდ მუშაობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მხოლოდ 10 თვის შემდეგ, მათგან 8 დაზიანდა. ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო ოპერატიული მეხსიერების ბარათების მიღების წესი და პირობები, გამყიდველი ვალდებული იყო, ბანკისთვის 32 ოპერატიული მეხსიერების ბარათის მიეწოდებინა და საკუთრებაში გადაეცა იმ პირობით, რომ ეს საქონელი შეუთავსდებოდა ბანკში არსებულ სისტემებს. მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 50%-ს დამკვეთი გადაურიცხავდა შემსრულებელს ავანსის სახით, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 საბანკო დღის ვადაში, გადარიცხვის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური კურსის შესაბამისად, ხოლო დარჩენილ 50%-ს - საქონლის მიწოდების თაობაზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში კი, თუ საქონელი არ აღმოჩნდებოდა თავსებადი ბანკში არსებულ სისტემებთან, მყიდველი დააბრუნებდა საქონელს, ხოლო გამყიდველი - ავანსად გადახდილ თანხას სრულად. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეს მიღებული პროდუქციის თავსებადობა უნდა შეემოწმებინა ავანსის მიღებიდან თანხის სრულად ჩარიცხვამდე პერიოდში.
12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
13. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
14. საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ მტკიცებულებებზე: კერძოდ, პალატა მიუთითებს სერვისის მწარმოებელ კომპანია IBM- ის ელექტრონულ წერილზე, რომლითაც პასუხი გაეცა მოპასუხის წარმომადგენლის მიერ დასმულ შემდეგ შეკითხვებს: „იმუშავებს თუ არა სერვერი ნორმალურად ამ ოპერატიული მეხსიერების (RAM) გამოყენებით, თუ სერვერის ოპერატიული მეხსიერება არ არის თავსებადი სერვერთან?; და არის თუ არა იმის შანსი, რომ სერვერმა იმუშაოს რამდენიმე თვე ამ ოპერატიული მეხსიერებით და შემდეგ დადგინდეს, რომ არ არის თავსებადი სერვერთან?“. კომპანია IBM-ის პასუხის თანახმად, თუ ოპერატიული მეხსიერება არ არის თავსებადი, სერვერმა შეიძლება არ იმუშაოს, თუმცა ეს მოხდება დაუყოვნებლივ. იმ შემთხვევაში, თუ სისტემა მუშაობდა ოპერატიულ მეხსიერებებთან რამდენიმე თვის განმავლობაში და შემდეგ რაღაც მოხდა და სერვერი გაჩერდა, „ეს შეიძლება იყოს გამოწვეული რამდენიმე საკითხით და ოპერატიული მეხსიერების პოტენციური აპარატული შეცდომებით“.
15. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს არაორიგინალი პროდუქციის მიწოდების შესახებ კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწვეული სპეციალისტის განმარტებაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპერატიული მეხსიერება არ იყო სერვერებთან თავსებადი, სისტემა ვერ ამუშავდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა, სერვერს ემუშავა არათუ რამდენიმე თვე, არამედ რამდენიმე დღეც კი. ამასთან, 2015 წლის 25 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება არ შეიცავდა ორიგინალი პროდუქციის მიწოდების თაობაზე მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტით დადასტურებული საქონლის მიწოდებაზე რაიმე დათქმას. მოსარჩელისთვის გადაცემული ოპერატიული მეხსიერების ბარათი გარეგნულად ორიგინალია, ვინაიდან აქვს ჰოლოგრამა და შესაბამისი შეფუთვა, მასზე დატანებული კოდების მოუძიებლობა კი, შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმ გარემოებით, რომ მწარმოებელი რეგიონებად ყოფს მიმწოდებლებს და თითოეულ რეგიონს მხოლოდ მათთვის წარმოებული პროდუქციის კოდები აქვს, რაც არ უკავშირდება ოპერატიული მეხსიერების ბარათების ბანკში არსებულ სისტემასთან თავსებადობას.
16. განსახილველ შემთხვევაში იმ სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი, იყო თუ არა მოპასუხის მიერ მიწოდებული პროდუქცია უხარისხო ანუ ნაკლის მქონე და არსებობდა თუ არა ხელშეკრულების 5.1.-5.3. პუნქტით გათვალისწინებული სანქციის ამოქმედებისა და ზიანის ანაზღაურების წინაპირობები სსსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს (მყიდველს) ეკისრება, რაც კასატორმა სარწმუნო მტკიცებულების წარმოდგენის გზით ვერ დაადასტურა.
17. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ იშუამდგომლა საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად, მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. შესაბამისად, ამგვარი მტკიცებულებები მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება და მხარის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს სსსკ-ის 407.1 მუხლი (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები). მითითებული ნორმის დანაწესის გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს არ აქვს ახალი მტკიცებულებების კვლევის პროცესუალური შესაძლებლობა, რაც, ამავე კოდექსის 104.1 მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობის უარყოფის საფუძველია.
19. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო იმგვარად დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რომლითაც გააბათილებდა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
21. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3180.51 ლარის (საგადასახადო დავალება N554347143, გადახდის თარიღი 15.12.2021წ), 70% - 2226.36 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „პ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „პ.ბ–ის“ შუამდგომლობა მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. სს „პ.ბ–ს“ (ს/კ ....) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 15 დეკემბერს №554347143 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 180, 51 ლარის 70% - 2 226, 36 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. სს „პ.ბ–ს“ დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები (ტ.2, ს.ფ. 123 - 138);
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი