საქმე №ა-3132-შ-90-2022 12 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ზ–ნი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – სომხეთის რესპუბლიკის, შირაკის რაიონის პირველი ინსტანციის საერთო სასამართლოს 2022 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მამობის დადგენის ფაქტის დადასტურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2022 წლის 16 ივნისს, ა.ზ–ნის წარმომადგენელმა თ.ზ–მა, მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სომხეთის რესპუბლიკის, შირაკის რაიონის პირველი ინსტანციის საერთო სასამართლოს 2022 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
სომხეთის რესპუბლიკის, შირაკის რაიონის პირველი ინსტანციის საერთო სასამართლოს 2022 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით (N.....), დადასტურდა 1994 წლის 19 თებერვალს დაბადებული და 2020 წლის 13 ოქტომბერს, გარდაცვლილი ა. გ. ძე ვ–ის, 2016 წლის 30 ივლისს, დაბადებული თ.ზ–ის მამობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ოცდახუთდღიან ვადაში დაევალა, სომხეთის რესპუბლიკის, შირაკის რაიონის პირველი ინსტანციის საერთო სასამართლოს 2022 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილების (Nშდ/6524/02/21) კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტისა და მისი სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანის წარმოდგენა, ასევე განემარტა, რომ იგი ვალდებული იყო წარმოედგინა შუამდგომლობა დაზუსტებული მოთხოვნით მასზედ, რომ იგი პირადად ითხოვს გადაწყვეტილების ცნობას ან თ.ზ–ისთვის რწმუნებულების გაცემის შესახებ სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი.
2022 წლის 04 ივლისს, ა.ზ–ნმა წარმოადგინა დაზუსტებული შუამდგომლობა, სადაც განმარტა, რომ მის მარწმუნებელს არ გააჩნდა მისი სახელით შუამდგომლობის წარდგენის უფლებამოსილება, რის გამოც თავად მომართა უზენაეს სასამართლოს და ითხოვა მისი მოთხოვნის თავდაპირველ შუამდგომლობაზე დართული მტკიცებულებების შესაბამისად დაკმაყოფილება. განცხადება ხარვეზის გაგრძელების შესახებ მოთხოვნას ან და დამატებით დოკუმენტაციას არ მოიცავს.
2022 წლის 15 ივლისს, თ.ზ–ს (შუამდგომლობის ავტორის ძმა) ჩაბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განჩინება, შუამდგომლობაზე ხარვეზის დადგენის შესახებ.
2022 წლის 16 აგვისტოს (საქართველოს ფოსტაში ჩაბარებულ კონვერტზე დასმულია თარიღი - 2022 წლის 16 აგვისტო, ხოლო კორესპონდენცია სასამართლოში შემოვიდა 2022 წლის 18 აგვისტოს), საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა ვ.ბ–ძემ, რომელმაც სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, წარმოადგინა სათანადო წესით დამოწმებული რწმუნებულება, ასევე განმარტა, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს დასმული აქვს შესაბამისი ბეჭედი, რომელიც მოწმობს მის კანონიერ ძალაში შესვლას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა.ზ–ნის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის, შირაკის რაიონის პირველი ინსტანციის საერთო სასამართლოს 2022 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილების (Nშდ/6524/02/21), საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (სუსგ საქმეზე №ა-3772-შ-93-2018, 7 სექტემბერი, 2018 წელი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უკუგზავნილზე აღნიშნულია, რომ თ.ზ–ი შუამდგომლობის ავტორის ძმაა და აღნიშნული ფაქტი სადავოდ არ არის გამხდარი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2022 წლის 15 ივლისს. შესაბამისად, განჩინებით ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ოცდახუთდღიანი ვადის დენა შუამდგომლობის ავტორისთვის დაიწყო 2022 წლის 16 ივლისს და ამოიწურა 2022 წლის 09 აგვისტოს.
2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა ვ.ბ–ძემ, რომელმაც სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, წარმოადგინა სათანადო წესით დამოწმებული რწმუნებულება, ასევე განმარტა, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს დასმული აქვს შესაბამისი ბეჭედი, რომელიც მოწმობს მის კანონიერ ძალაში შესვლას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. როგორც უკვე აღინიშნა, ვ.ბ–ძემ, როგორც ა.ზ–ნის მარწმუნებელმა, სასამართლოს მომართა 2022 წლის 16 აგვისტოს (საქართველოს ფოსტაში ჩაბარებულ კონვერტზე დასმულია თარიღი: 2022 წლის 16 აგვისტო, ხოლო კორესპონდენცია სასამართლოში შემოვიდა 2022 წლის 18 აგვისტოს), ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ოცდახუთდღიანი ვადის შემდეგ, რაც წარდგენილი დოკუმენტაციისა და აღძრული შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად. სასამართლო დამატებით აქვე განმარტავს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით ასევე, 70-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 63-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 186-ე, 187-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ზ–ნის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის, შირაკის რაიონის პირველი ინსტანციის საერთო სასამართლოს 2022 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში, იგი არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს საკასაციო სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე