Facebook Twitter
ბს-1332-62-გ-04 15 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატასა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას შორის დავა ვ. მ-ის სარჩელის განსჯადობის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 17 ნოემბერს ვ. მ-ემ გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ ვარიანის თემის საკრებულოს მიმართ სარჩელი აღძრა და მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 0,017 ჰა მიწის ნაკვეთს ფლობდა. მიწების პრივატიზაციის დროს მას მიწის ნაკვეთი არ გადასცემია, რის გამოც 1992 წელს სოფ. ....... ტერიტორიაზე არსებული სტადიონის 0,22 ჰა თვითნებურად დაიკავა, საცხოვრებლი სახლი ააშენა, ხეხილის ბაღი გააშენა და დღემდე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ანუ აღნიშნულ ფართობს თერთმეტიწ. განმავლობაში ფლობდა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2002წ. 20 მაისს ვარიანის თემის საკრებულომ სარჩელი აღძრა უკანონო მფლობელობიდან აღნიშნული ნაკვეთის გამოთხოვის თაობაზე, მაგრამ, ვინაიდან, სარეზერვო ფონდი არ არსებობდა და ვ. მ-ეს სხვა მიწის ნაკვეთი ვერ გამოუყვეს, გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 სექტემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა, რაც ვარიანის თემის საკრებულოს არ გაუსაჩივრებია.
მოპასუხემ _ ვარიანის თემის საკრებულომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო მიწის ფართი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს წარმოადგენდა, რომლის უნებართვო განკარგვას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონი კრძალავდა.
მოპასუხე აღნიშნავდა, რომ ვ. მ-ემ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონი დაარღვია. გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. მ-ემ იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 22 აპრილის განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გადაეცა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 22 ოქტომბრის განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაეგზავნა.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯად საქმეებს განეკუთვნება დავები იმ სამართალურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად კი სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯად დავას წარმოადგენდა და მისი გადაწყვეტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა მომხდარიყო.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატისა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განჩინებების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის სარჩელი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს და განსახილველად მას უნდა დაექვემდებაროს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა ჩამონათვალს, რომლის მიხედვით დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგ პირობათა არსებობა:
1) სადავო სამართალურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან;
2) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო და ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები, რომელიც არ არის ამომწურავი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომლებიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად კი სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ვინაიდან მოპასუხე _ ვარიანის თემის საკრებულო _ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, ხოლო დავის საგანი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა _ გამოსცეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან განახორციელოს სხვა რაიმე ქმედება, რათა ვ. მ-ეს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადასცეს სადავო მიწის ნაკვეთი, აღნიშნული საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯად დავას განეკუთვნება და მისი გადაწყვეტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა მოხდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავა ადმინისტრაციულ დავას განეკუთვნება და, შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯადია.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას დაექვემდებაროს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.