საქმე №ას-1191-2022 23 დეკემბერი, 2022 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ე.დ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "მ–ა" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ე.დ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, აპელანტი ან კასატორი ) სარჩელი შპს „მ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი ან კომპანია) წინააღმდეგ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. დასაქმებულის სარჩელი უარყოფილი იქნა ხანდაზმულობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე იყო დასაქმებული, 2019 წლის აგვისტოდან, შრომის ანაზღაურების სახით თავდაპირველად, ხელზე ასაღები 4 000 ლარის, შემდეგ კი 5 000 ლარამდე გაზრდის პირობით;
3.2. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა 2019 წლის 17 ნოემბერს შეწყდა;
3.3. მოსარჩელის მითითებით, 2019 წლის 17 ნოემბერს, კომპანიის დამფუძნებელმა აცნობა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. უდავოა, რომ ამავე დროიდან მოსარჩელე აღარ ასრულებდა შრომით მოვალეობებს, შესაბამისად, მან დამსაქმებლისაგან ბოლო შრომის ანაზღაურება 2019 წლის 2 დეკემბერს, 17 ნოემბრის ჩათვლით ნამუშევარი დღეების პროპორციულად, მიიღო;
3.4. მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მოპასუხისათვის (განცხადებით) არ მიუმართავს;
3.5. მოსარჩელემ, 2020 წლის 24 იანვარს, თავდაპირველად მოპასუხის მიმართ სარჩელი აღძრა 2 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით ისე, რომ სადავოდ არ გაუხდია და არ მოუთხოვია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
3.6. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტის შეტყობიდან, 2019 წლის 17 ნოემბრიდან 10 თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, მხოლოდ 2020 წლის 29 სექტემბერს აღძრული სარჩელითა (ს.ფ. 54-61) და მისი წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემდეგ, 2020 წლის 13 ოქტომბრის დაზუსტებული სარჩელით (ს.ფ. 81-92), მოსარჩელემ მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და პირსაგამტეხლოს დაკისრება;
3.7. ამდენად, სარჩელი სასამართლოში წარდგენილია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ ან ორგანული კანონი) 48.8-ე (წინა რედაქციით 38.8-ე მუხლის მიხედვით) „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“) და 58-ე (ადრინდელი რედაქციით 44-ე მუხლი) „ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 394.1-ე „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის“ და 409-ე „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება“ მუხლებიდან გამომდინარეობს.
4.1. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ წარმოდგენილია მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი, სადაც დამსაქმებელი მიუთითებს, რომ სარჩელი კანონით დადგენილ ვადაში არ არის აღძრული და ყოფილი დასაქმებულის მოთხოვნა ხანდაზმულია. სწორედ ამ საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნა უარყოფილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რაც სააპელაციო სასამართლომ სავსებით გაიზიარა;
4.2. სსკ-ის 144.1-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე;
4.3. სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს, მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც, სხვა ვადებთან ერთად, გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად, ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (სუსგ №ას-988-1021-2011, 15.11.2011 წ.);
4.4. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ, გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე ისრაელის მოქალაქეები – თ.ჯ., ნ.ჯ. და ი.ჯ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 21);
4.5. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელემ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 17 ნოემბერს შეიტყო და აღნიშნული გადაწყვეტილება მას სშკ-ის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ გაუსაჩივრებია;
4.6. აპელანტს (ყოფილ დასაქმებულს) მიაჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2020 წლის იანვრიდან, როდესაც მან შეიტყო სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი;
4.7. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2019 წლის 17 ნოემბერს. ყოფილი დასაქმებულის მტკიცებით მას 2019 წლის 17 ნოემბერს კომპანიის დამფუძნებელმა აცნობა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. უდავოა, რომ ამავე დროიდან მოსარჩელე აღარ ასრულებდა შრომით მოვალეობებს. მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მოპასუხისათვის (განცხადებით) არ მიუმართავს;
4.8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ის დავის გადაწყვეტის დროისთვის მოქმედი რედაქციით, თუ დასაქმებული დამსაქმებლისგან არ მოითხოვს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
4.9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2013 წლის ივნისშიშრომის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4-მე-7 პუნქტებით დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა განისაზღვრა 30 კალენდარული დღით;
4.10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი განჩინება, სადაც საკასაციო სასამართლო მსჯელობს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების შინაარსზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ „დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე; დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი; დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს“ და განმარტავს, რომ დასახელებული ცვლილებების თანახმად, ცალსახაა, რომ კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა 30-დღიანი ვადა, რომლის ათვლა დაუკავშირა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მიღების ან დამსაქმებლის მიერ 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. აღნიშვნის ღირსია, რომ დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლების მინიჭება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნოვაციაა დასაქმებულის სამართლებრივი გარანტიების გაზრდის მიზნით 2013 წლის ივნისში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შორის. დასაქმებულის დასახელებული უფლება კანონმდებელმა უზრუნველყო დამსაქმებლის ვალდებულებით შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამდენად, დასაქმებულის უფლებაა, დამსაქმებლისაგან მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება და, აქედან გამომდინარე, მას იმის უფლებაც აქვს, არ მოითხოვოს დასაბუთება და პირდაპირ მიმართოს სასამართლოს დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის მიზნით (სუსგ №ას-11-11-2018, 04.03.2019 წ.);
4.11. რაც შეეხება გასაჩივრების 30-დღიანი ვადის ათვლას იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებული დამსაქმებლისგან არ მოითხოვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იმავე განჩინებაში განმარტავს, რომ კანონმდებელი დასაქმებულის უფლების წარმოშობას, დამსაქმებლისგან მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება, უკავშირებს მის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღების ფაქტს (სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტით დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე). მაშასადამე, გასაჩივრების 30-დღიანი ვადის ათვლა დაკავშირებულია დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლების რეალიზებასთან, თუმცა, თავისთავად ეს უფლება წარმოიშობა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღების დღიდან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, თუ დასაქმებული მისთვის მინიჭებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლებას არ გამოიყენებს, გასაჩივრების 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყება მის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან ანუ იმ დღიდან, როდესაც მას სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლება (იხ. სუსგ №ას-11-11-2018, 04.03.2019 წ.);
4.12. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აპელანტისათვის (ყოფილი დასაქმებულისათვის) სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობილი გახდა 2019 წლის 17 ნოემბერს და ამ დღის შემდეგ მას შრომითი საქმიანობა არ გაუგრძელებია. აპელანტს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებლისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით არ მიუმართავს. აპელანტს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებლის გადაწყვეტილება სასამართლოში არ გაუსაჩივრებია. ყოფილმა დასაქმებულმა კომპენსაციის დაკისრების თაობაზე სასამართლოში სარჩელი აღძრა 2020 წლის 24 იანვარს, ხოლო 2020 წლის 29 სექტემბერს აღძრული სარჩელით მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ სასამართლოში სარჩელი აღძრულია ბრძანების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ;
4.13. დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების კანონით დადგენილი წინაპირობაა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე აპელნტს უარი უნდა ეთქვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ყოფილმა დასაქმებულმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.1. კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ 2019 წლის 10 დეკემბრის კასატორის წერილობითი პრეტენზია უპასუხოდ დატოვა. როდესაც კასატორს ხელფასის მომდევნო ჩარიცხვის დღე 2020 წლის 1 იანვარი დადგა, არც ხელფასი არ ჩაერიცხა და არც 2-თვიანი კომპენსაცია, რა დროსაც მისთვის უკვე ცხადი გახდა დარღვევის ფაქტი. ამის შემდეგ 2020 წლის 24 იანვარს 30-დღიანი ვადის დაცვით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2-თვიანი კომპენსაციის დაკისრება. კასატორის მტკიცებით, სარჩელის შეტანამდე, მისთვის ბუნდოვანი იყო, თუ რის საფუძველზე შეუწყდა შრომითი ურთიერთობა, სწორედ ამიტომ 2020 წლის 24 იანვრის თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა იყო 2-თვიანი კომპენსაციის მიკუთვნება, ხოლო მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე მხარემ წარადგინა შესაგებელი, 2020 წლის 10 თებერვალს კასატორისთვის უკვე ნათელი და ცხადი გახდა, თუ რის საფუძველზე შეწყდა შრომითი ურთიერთობა. დამსაქმებელმა კომპანიამ ოფიციალურად უარყო, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყდა არა სშკ-ის 47-ე მუხლის 1 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე არამედ 3-თვიანი გამოსაცდელი ვადის საფუძველზე;
5.2. კასატორის განმარტებით, როდესაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინება ჩაბარებული არ აქვს, სადაც არ არის მითითებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი, რატომ ან როგორ უნდა იქნას ათვლილი 2019 წლის 17 ნოემბრიდან გასაჩივრების 30 დღე. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ დღეს არაუფლებამოსილი წარმომადგენელმა აცნობა მას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, რომელსაც საფუძვლად ედო გაუგებარი ობიექტური მიზეზი და კასატორს საბოლოოდ უნდა მიეღო კომპენსაცია, რომელიც მისთვის დღემდე არ გადაუხდიათ;
5.3. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას ეწინააღმდეგება, რადგან გასაჩივრების 30-დღიანი ვადის ათვლა დასაქმებულისათვის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე წერილობითი შეტყობინების ჩაბარებიდან იწყება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (დასაქმებულის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. საკასაციო საჩივარში კასატორი უმთავრესად სარჩელის ხანდაზმულად შეფასების არამართებულობაზე უთითებს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს შეფასების მთავარი საგანი სწორედ ეს არის.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ დასაქმებულს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება 2019 წლის 17 ნოემბერს ეცნობა, ამ დღის შემდეგ მას არც უმუშავია, ხოლო 2019 წლის 2 დეკემბერს ბოლო ანაზღაურება მიიღო (იხ. წინამდებარე განჩინების 3.3 და 4.7 ქვეპუნქტები).
11. საკასაციო სასამართლო სადავო ბრძანების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადასა და ამ თვალსაზრისით წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ ანალოგიურ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მნიშვნელოვანი განმარტება (იხ. სუსგ N ას-1210-2018, 15.02.2019წ), რომლის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის (დასაქმებულისათვის) მისვლის (ჩაბარების) მომენტიდან მიიჩნევა. დასაქმებულის უფლებაა, ინდივიდუალურად იქნეს გაფრთხილებული დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის უფლებას უკავშირდება. როდესაც შრომითი ხელშეკრულება წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყდება (შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში), მიზანშეწონილია, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის შეტყობინება წერილობით განხორციელდეს. წერილობითი დოკუმენტის შექმნა, ერთი მხრივ, დასაქმებულის უფლებების დაცვას ემსახურება, ვინაიდან იგი უფლებამოსილია, სრულ ინფორმაციას ფლობდეს მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის, საფუძვლისა და გასაჩივრების წესის თაობაზე, მეორე მხრივ კი, დამსაქმებლისათვის მტკიცების პროცესს აიოლებს, რადგან, თუ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის ჩაბარება, ხელშეკრულება შეწყვეტილად არ მიიჩნევა. დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30-დღიანი ვადით (იხ. სუსგ Nას-1227-2021, 09.02.2022წ.).
12. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გასაჩივრების 30-დღიანი ვადა უნდა აითვალოს იმ დღიდან, როდესაც დასაქმებულს წერილობით განემარტა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, და ყველაზე გვიან აღნიშნული 30-დღიანი ვადა აითვლება დასაქმებულის მოთხოვნის საპასუხოდ დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიზეზის დასაბუთების დასაქმებულისათვის ჩაბარების დღიდან. სხვა სამოქალაქო საქმეზე განიმარტა, რომ „კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა 30-დღიანი ვადა, რომლის ათვლა დაუკავშირა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მიღების ან დამსაქმებლის მიერ 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს“ (შდრ: სუსგ №ას-11-11-2018, 4.03.2019 წ. პ-34).
13. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 17 ნოემბერს ეცნობა და მას დამსაქმებლისათვის წერილობითი დასაბუთება არ მოუთხოვია, გასაჩივრების 30-დღიანი ვადის ათვლა მოცემული თარიღიდან უნდა დაწყებულიყო (სშკ-ის 48-ე მუხლის 4-7 ნაწილები; იხ. წინამდებარე განჩინების 3.5-3.7 ქვეპუნქტები).
14. კასატორის მტკიცებით, ვიდრე დამსაქმებელი კომპანიისგან არ შეიტყობდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს, იქამდე სარჩელსაც ვერ წარადგენდა, ამიტომ მიიჩნევს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა არა 2019 წლის 17 ნოემბრიდან, არამედ 2020 წლის იანვრიდან უნდა დაწყებულიყო. კასატორის ამ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, რადგან გათავისუფლების შესახებ წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლება თავად დასაქმებულს აქვს მინიჭებული, რითაც განსახილველ შემთხვევაში კასატორს არ უსარგებლია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ თავდაპირველი სარჩელის წარდგენიდან 10 თვის შემდეგ იქნა აღძრული მეორე სარჩელი, რომლითაც გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მას შემდეგ, როდესაც დამსაქმებელი კომპანიიდან მიიღო დასაბუთება, თუ რატომ შეუწყდა შრომითი ურთიერთობა, სწორედ ამ დროიდან უნდა აითვალოს სარჩელის წარდგენის ვადა. შრომითი ურთეირთობის შეწყვეტის კანონიერების შესახებ გასაჩივრების ვადა და მისი გამოთვლის წესი ორგანული კანონითაა დადგენილი, რაც არც მხარის და არც სასამართლოს შეხედულებაზე არაა დამოკიდებული. მოსარჩელე თავად ადასტურებს, რომ 2019 წლის 17 ნოემბერს მას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე აცნობეს, მას გათავისუფლების საფუძვლების შესახებ წერილობითი დასაბუთება დამსაქმებლისათვის არ მოუთხოვია, სარჩელი კი, რომლითაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი, სასამართლოში 2020 წლის სექტემბერში, გასაჩივრების 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, წარადგინა. კასატორის პრეტენზია, რომ მისთვის ბუნდოვანი იყო, თუ რის საფუძველზე შეუწყდა შრომითი ურთიერთობა (იხ. წინამდებარე განჩინების 5.1-5.2 ქვეპუნქტები), მისივე საწინააღმდეგოა, რადგან როგორც ეს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკითაა განმარტებული (იხ. წინამდებარე განჩინების 4.10-4.11 ქვეპუნქტები), კანონმდებლის ნოვაცია, რომლითაც დასაქმებულს უფლება მიენიჭა, მოითხოვოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთება, სწორედ დასაქმებულის ინტერესშია და მისი უფლების უზრუნველმყოფია, დაინტერესების შემთხვევაში, წერილობით მიიღოს პასუხი დამსაქმებლის გადაწყვეტილების თაობაზე, რათა, სურვილის შემთხვევაში, მისი კანონიერება სადავო გახადოს სასამართლო წესით და სამართლიანი დაკმაყოფილება ან მოთხოვნის დასაბუთებული უარყოფა მიიღოს.
15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს ყოფილი დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რის გამოც მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი მართებულად ეთქვა. სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული და კანონიერი განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას, რის გამოც არ არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით დასაშვებად ცნობის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი არც ერთი საფუძველი.
16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ე.დ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2022 წლის 20 ოქტომბერი), 70% – 210 ლარი და ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (საგადახდო დავალება N1; გადახდის თარიღი 2022 წლის 5 აგვისტო);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე