საქმე №ას-1423-2022 23 დეკემბერი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.მ–ი (მოპასუხე)
თანამოპასუხე - გ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან სამინისტრო) სარჩელი ზ.მ–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე) წინააღმდეგ, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ.გ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) მიმართ, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სამინისტროს სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა; მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 33 694.67 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მეორე მოპასუხემ, 2018 წლის 23 იანვრიდან 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, მოსარჩელე სამინისტროს გარდაბნის რაიონის...... მდებარე მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის №1, №4 და №7 საცავებიდან, მართლსაწინააღმდეგოდ გამოიტანა და მიითვისა 74 613.67 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საბრძოლო მასალა;
2.2. მეორე მოპასუხემ, სამინისტროს საცავებიდან მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული საბრძოლო მასალის ნაწილი, კერძოდ, სამხედრო დანიშნულების “223 US Remington”ის ტიპის 5,56X45მმ კალიბრის 173 ცალი საბრძოლო ვაზნა და 7,62X54მმ კალიბრის 160 ცალი საბრძოლო ვაზნა, 2018 წლის 23 იანვრიდან 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ, მართლსაწინააღმდეგოდ გადასცა პირველ მოპასუხეს. მანვე, 2018 წლის 28 აგვისტოს, პირველ მოპასუხეს მართლსაწინააღმდეგოდ დამატებით გადასცა სამხედრო დანიშნულების ,,223 US Remington" ის ტიპის 5,56X45მმ კალიბრის 15 შეკვრა ქარხნულად შეფუთული 6 750 ცალი საბრძოლო ვაზნა;
2.3. პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხისაგან მიღებული საბრძოლო მასალიდან “223 US Remington"ის ტიპის 5,56X45მმ კალიბრის 2 423 ცალი საბრძოლო ვაზნა სოლომონ ბლუაშვილს გადასცა;
2.4. სამინისტროს საცავებიდან საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გატანის ფაქტზე წარმოებული გამოძიების (№110241218002) ფარგლებში, მეორე მოპასუხის მიერ პირველი მოპასუხისათვის გადაცემული ,,223 US Remington"ის ტიპის 5,56X45მმ და 7.62X54მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნები სრულად იქნა ამოღებული;
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 27.05.2019 წლის განაჩენით - პირველი მოპასუხე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით და ამავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით; მეორე მოპასუხე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ამავე კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით;
2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 27.05.2019 წლის განაჩენი პირველმა და მეორე მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.12.2019 წლის განაჩენით ცვლილება შევიდა 27.05.2019 წლის განაჩენში, კერძოდ: პირველ მოპასუხესთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით, აგრეთვე ამავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი; მეორე მოპასუხე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ამავე კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.12.2019 წლის განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში;
2.7. მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, 29.11.2019 წელს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა მოსარჩელეს 17 500- 17 500 ლარი გადაუხადეს;
2.8. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მეორე მოპასუხე, რომელიც სასამართლოს სხდომის ადგილისა და თარიღის თაობაზე ინფორმირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში: სსსკ) დადგენილი წესით. კერძოდ, მოსამართლის თანაშემწე მოპასუხეს მის მიერვე მიწოდებულ მობილურის ნომერზე დაუკავშირდა და შეატყობინა სხდომის გამართვის თარიღი და დრო. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მოპასუხე სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო, იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და მეორე მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა;
2.9. სსსკ-ის 230.1-ე და 233.1-ე მუხლებზე მითითებით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი საფუძველი, ამასთან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნებს;
2.10. მოსარჩელემ პირველი მოპასუხის მიმართ სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენზე მიუთითა. მოსარჩელის განმარტებით, რადგან გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილია, რომ პირველმა მოპასუხემ შეიძინა მეორე მოპასუხის მიერ სამინისტროდან მართლსაწინააღმდეგოდ გატანილი და მითვისებული საბრძოლო მასალის ნაწილი, მან სოლიდარულად უნდა აგოს პასუხი იმ ზიანზე, რაც მოსარჩელემ მთლიანობაში განიცადა;
2.11. საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 992-ე, 998-ე მუხლები მოიხმო და განმარტა, რომ პირისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სოლიდარულად დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს ორი ან რამდენიმე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც შედეგად ზიანის დადგომა მოჰყვა. რამდენიმე პირის მიერ მიყენებული ზიანისათვის დელიქტური სამართლით გათვალისწინებული სოლიდარული პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როდესაც ზიანის მიმყენებლები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით ანუ, როდესაც იკვეთება განზრახი თანამონაწილეობა. სოლიდარული პასუხისმგებლობის წინაპირობა ზიანის მიყენებაში დანაშაულებრივი თანამონაწილეობაა. თანამონაწილეობის ფორმები კი სისხლის სამართლის კოდექსით განისაზღვრება. ამდენად, სოლიდარული პასუხისმგებლობა დგება იმ პირთა მიმართ, რომლებიც მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით და ჩაიდინეს ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა მოჰყვა შედეგად (სუსგ N ას-937-880-2012, 13.12.2012 წ.);
2.12. სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირს დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (სუსგ N ას-191-183-2016, 19.04.16 წ.);
2.13. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, ამ განაჩენით დგინდება, რომ სამინისტროს კუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და მითვისება მეორე მოპასუხემ პირველი მოპასუხის თანამონაწილეობის გარეშე განახორციელა, ანუ, სამინისტროდან საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და მითვისება არ მომხდარა ჯგუფურად და ურთიერთშეთანხმებით. განაჩენის მიხედვით, პირველი მოპასუხის მართსაწინააღმდეგო ქმედება გამოიხატა მეორე მოპასუხის მიერ მართსაწინააღდეგოდ უკვე დაუფლებული საბრძოლო მასალიდან ნაწილის შეძენაში, რაც მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის გამო სოლიდარულ პასუხისმგებლობას გამორიცხავს. ამავდროულად, განაჩენით ცალსახად არის დადგენილი, რომ საბრძოლო მასალის ის ნაწილი, რაც პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხისაგან შეიძინა, გამოძიების შედეგად სრულად არის ამოღებული. ეს გარემოება კი, თავის მხრივ, მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შესაძლებლობას გამორიცხავს;
2.14. საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 408-ე, 412-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი განაჩენით სამინისტროსათვის 74 613.67 ლარის ზიანის მიყენებაში სოლიდარული თანამონაწილეობის ფაქტი არ დგინდება. ასეთი დასკვნის საფუძველს საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი იძლევა, რომლის მიხედვით, 74 613.67 ლარის ღირებულების საბრძოლო მასალას მართლსაწინაარმდეგოდ მეორე მოპასუხე პირველი მოპასუხის მონაწილეობის გარეშე დაეუფლა. შესაბამისად, პირველი მოპასუხისათვის ვერ იქნებოდა განჭვრეტადი იმ ზიანის მოცულობა, რაც მეორე მოპასუხის ქმედებამ გამოიწვია;
2.15. ამავდროულად, პირველმა მოპასუხემ მხოლოდ საბრძოლო მასალის ნაწილი, კერძოდ, “223 US Remington"ის ტიპის 5,56X45მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნა - საერთო რაოდენობით 6 923 ცალი და 7,62X54მმ კალიბრის 160 ცალი საბრძოლო ვაზნა შეიძინა, რაც გამოძიების შედეგად სრულად იქნა ამოღებული. ეს გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ამ ნაწილში აღდგენილია პირვანდელი მდგომარეობა და ფულადი ანაზღაურების დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სამინისტრომ და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
3.1. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 992-ე, 998-ე მუხლებსა და მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე მიუთითა და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, ამ განაჩენით დგინდება, რომ სამინისტროს კუთვნილ საბრძოლო მასალას მეორე მოპასუხე პირველი მოპასუხის თანამონაწილეობის გარეშე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და მიითვისა, ანუ, სამინისტროდან საბრძოლო მასალა ჯგუფურად და ურთიერთშეთანხმებით არ მიუთვისებიათ. განაჩენის მიხედვით პირველი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება საბრძოლო მასალის ნაწილის შეძენაში გამოიხატა. ამასთან, განაჩენით დადგენილია, რომ საბრძოლო მასალის ის ნაწილი, რაც პირველმა მოპასუხემ შეიძინა, გამოძიების შედეგად სრულად ამოღებულია. აღნიშნული გარემოება, მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შესაძლებლობას გამორიცხავს;
3.2. სამინისტროსათვის 74 613.67 ლარის ზიანის მიყენებაში მოპასუხეთა სოლიდარული თანამონაწილეობის ფაქტი არ დადგინდა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა სამინისტრომ და, ახალი გადაწყვეტლების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სუსგ N ას-357-2021, 30.11.2021 წ. გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (სამინისტროს) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
8. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერ არის მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
10. საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა, აგრეთვე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება და სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად ზემდგომი ინსტანციის სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამინისტროს საკასაციო საჩივარი არაკვალიფიციურია. კასატორის განმარტებით გასაჩივრებული განჩინება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას ეწინააღმდეგება და ამ კუთხით კონკრეტული განჩინებას უთითებს ც (იხ. Nას-357-2021, 30.11.2021 წ.), თუმცა არ ასაბუთებს, თუ რა ნაწილში იკვეთება სასამართლო პრაქტიკისაგან განსხვავებული იურიდიული კვალიფიკაცია. აღსანიშნავია, რომ კასატორის მიერ საკუთარი საკასაციო პრეტენზიის გასამყარებლად მოხმობილი განჩინება, თავის მხრივ, სწორედ კასატორის საწინააღმდეგო მსჯელობას და დასკვნებს შეიცავს, რადგან ამ განჩინებით დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არა გამარტივებული, არამედ ჩვეულებრივი წესით მიმდინარეობს, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი პრეიუდიციის რანგის მტკიცებულებას არ წარმოადგენს, არამედ იგი მტკიცებულებათა ზოგადი სტანდარტით შეფასებას ექვემდებარება. დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; №ას-72-72-2018, 15 თებერვალი, 2018 წელი; №ას-189-189-2018, 23 მარტი, 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი). საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენში მითითებული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ იქნას განხილული, მოსარჩელეს განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სათანადო მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და დასკვნას, რომლითაც უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
13. საკასაციო სასამართლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსგავსად სსკ-ის 992-ე, 998-ე, 408-ე, 412-ე მუხლებს მოიხმობს და განმარტავს, რომ პირველი მოპასუხის მხრიდან მეორე მოპასუხესთან ერთად მოსარჩელის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელი წინაპირობები სახეზე არ არის. მეორე მოპასუხის მიმართ დადგენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მხარეთა მიერ შედავებული არ არის, რაც შეეხება პირველ მოპასუხეს, მისი მხრიდან სამინისტროსათვის ზიანის მიყენების ფაქტი არ დგინდება, პირველი მოპასუხის მიერ შეძენილი საბრძოლო მასალა მოსარჩელისთვის დაბრუნებულია, რაც შეეხება მეორე მოპასუხესთან ერთად დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეობას, ეს ფაქტობრივი გარემოება საქმის მასალებით არ დგინდება.
14. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რადგან ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადეკვატურობა.
15. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
16. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, კანონის საფუძველზე, გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე