Facebook Twitter

საქმე № ას-271-2022 27 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ს.რ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ი.ი. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, თანხის დაბრუნება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ს.რ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, აპელანტი ან კასატორი), საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივნისის განჩინების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც, მ.ო.ი–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე კომპანიის დირექტორის ჯ.კ–სა (შემდეგში: დირექტორი) და მოსარჩელეს შორის 2019 წლის 10 მაისს დადებული წილის ნასყიდობის შესახებ დამფუძნებლის გადაწყვეტილება, კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 157 500 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.

2. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული გარიგება მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე დაიდო. კასატორის განმარტებით, ნების გამოვლენის დროს თარჯიმანიც მონაწილეობდა, რომელმაც ორივე მხარეს წაუკითხა ტექსტი და რაზეც არც ერთ მხარეს პრეტენზია არ ჰქონია.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები:

7.1. მოსარჩელე წარმოადგენს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს და მისი მშობლიური ენაა სპარსული.

7.2. მოსარჩელესა და კომპანიას შორის 2019 წლის 10 მაისს დაიდო ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანიამ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის საკუთრების უფლებით გადაეცა კომპანიაში კუთვნილი წილიდან 7%. წილის ღირებულება განისაზღვრა 315 000 აშშ დოლარით, საიდანაც მყიდველს 157 500 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო, დარჩენილ თანხას გადაიხდიდა ორ ნაწილად: 2020 წლის 10 მაისს - 78 750 დოლარს და 2021 წლის 10 მაისს დარჩენილი 78 750 აშშ დოლარს.

7.3. ნასყიდობის საფასურის გადახდის შემდეგ გამყიდველმა ვალდებულება იკისრა მყიდველისთვის საკუთრების უფლებით გადაეცა 3.5% წილი. ხოლო სრული თანხის გადახდის შემდეგ მოხდებოდა დარჩენილი აქციების (წილის) პარტნიორის (მყიდველის) სახელზე გადაფორმება. ამავე ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ სასტუმროს მშენებლობაზე, რაც საკუთრების უფლებით კომპანიას ეკუთვნის.

7.4. მხარეთა შორის, 2019 წლის 10 მაისს შედგა ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება მხოლოდ სპარსულ ენაზე, კომპანიას წარმოადგენდა დირექტორი.

7.5. ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულების დადების დღესვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, კომპანიასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა წილის ნასყიდობის შესახებ დამფუძნებლის გადაწყვეტილება. ხელშეკრულების გაფორმებისას კომპანიას წარმოადგენდა მისი დირექტორი. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ გაყიდა, ხოლო მოსარჩელემ შეიძინა გამყიდველის კუთვნილი წილიდან 0,7%, რომლის ღირებულება განისაზღვრა 157 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

7.6. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება 2019 წლის 10 მაისს შედგა, ქართულ და ინგლისურ ენაზე, თარჯიმნის ხ.გ–ძის მონაწილეობით. თარჯიმანი ხელშეკრულების გაფორმებისას მონაწილეობდა კომპანიის დირექტორის ინიციატივით, ხელშეკრულებაც თარჯიმანმა შეადგინა.

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები ას-812-2022, 10.05.2022; ას-657-2022, 22.09.2022; ას-591-2022, 16.09.2022).

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

10. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მხარეთა შორის 2019 წლის 10 მაისს დადებული, წილის ნასყიდობის შესახებ დამფუძნებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გადახდილი თანხის 157 500 აშშ დოლარის დაბრუნება. მოსარჩელე, ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მოტყუებით დადებულ გარიგებაზე უთითებდა.

11. სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.“, „თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად“. 82-ე მუხლის მიხედვით „მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.“.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი გახდება (შდრ. ას-565-2021, 6.10.2022).

13. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ №ას-182-171-2014, 16 ივნისი, 2014 წელი; №ას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წელი).

14. საკასაციო პალატის განმარტებით, გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს (იხ. საქმე №ას-216-2019, 2020 წლის 2 მარტის განჩინება).

15. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტი, რომ გარიგება მოტყუებით დაადებინეს, საქმეში არსებულ იმ გარემოებას ემყარება, რომ მხარეთა შორის თავდაპირველად მხოლოდ სპარსულ ენაზე დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგანი კომპანიის მთლიანი წილის 7% იყო, ხოლო, ნასყიდობის საფასურის ნახევრის გადახდის შემდეგ, მხარეს ხელშეკრულების საგნის ნახევარი 3.5% გადაეცემოდა. აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელემ კომპანიის 0.7% შეიძინა.

16. საქმეზე დადგენილია, რომ თავდაპირველი შეთანხმებისგან განსხვავებით, რომელიც სპარსულ ენაზე იყო შედგენილი, შემდეგი ხელშეკრულება ქართულ-ინგლისურ ენაზე დაიდო. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე არც ქართულ და არც ინგლისურ ენებს არ ფლობდა, ხოლო, საბოლოო მდგომარეობით ხელშეკრულებაზე, მანამდე არსებული სპარსულ ენაზე შედგენილი ხელშეკრულებისა და ურთიერთნდობის საფუძველზე მოაწერა ხელი.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით.

20. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, მხარეთა შორის, სპარსულ ენაზე დადებულ ხელშეკრულებაზე უთითებდა, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების საგანი, კომპანიის წილის 7% იყო, ხოლო, შემდეგ, რეესტრში ასახულ მონაცემებში არა 7% არამედ, 0.7% გაფორმდა მოსარჩელის სახელზე, აღსანიშნავია, რომ თანხის ნახევრის გადახდის შემდეგ გადასაცემი წილის ოდენობა 3.5%-ით იყო განსაზღვრული, ამასთან, ქართულ-ინგლისურ ენაზე დადებული ხელშეკრულება, თარჯიმნის მონაწილეობით შედგა, თუმცა, თარჯიმანი მოპასუხის მიერ იყო წარმოდგენილი და სწორედ მას ეხმარეობდა ხოლმე, რის გამოც, ნების გამოვლენის ნამდვილობის დასადასტურებლად და გარიგების მოტყუებით დადების საფუძვლის გამოსარიცხად ვერ ჩაითვლება რელევანტურ მტკიცებულებად.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეგულირებულია ე.წ. „შესრულების კონდიქცია“ და ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სამართლებრივი სიკეთის გადაცემის ფაქტზე, ასევე მხარეთა შორის ვალდებულების არარსებობაზე (იხ. სუსგ №ას-653-621-2013, 2015 წლის 27 აპრილი). ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის, გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან (იხ. სუსგ №ას-1249-1269-2011, 2012 წლის 4 აპრილი). საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს რომ 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით“.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

23. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ს.რ–ის“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 2022 წლის 31 მარტი), 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ.მიქაბერიძე