Facebook Twitter

საქმე № ას-453-2022 27 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–სი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2018 წლის 21 თებერვალს, ერთი მხრივ, შპს „ფ–სსა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე) და, მეორე მხრივ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი) შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N02.01/30/104 ხელშეკრულება გაფორმდა. 2018 წლის 7 სექტემბრის საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 339799,41 ლარს. მოპასუხემ აანაზღაურა მითითებული თანხის 97,5%, ასანაზღაურებელია 2,5%, რაც შეადგენს 8494,99 ლარს.

2. შპს „ფ–სმა“ 2017 წლის 28 სექტემბრისა და 2018 წლის 21 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა. აღნიშნულ შესრულებასთან დაკავშირებით (შესრულებული სამუშაოს ხარისხი) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას პრეტენზია არ გამოუთქვამს.

3. 2017 წლის 28 სექტემბერს შპს „ფ–სსა“ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N02.01/30/498 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 5 იანვრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 203979.88 ლარს, საიდანაც მოპასუხემ/აპელანტმა აანაზღაურა მითითებული თანხის 97,5%. ასანაზღაურებელია თანხის 2,5% - 5099.50 ლარის ოდენობით.

4. 2018 წლის 21 თებერვალს შპს „ფ–სსა“ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N02.01/30/104 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 7 სექტემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 339799,41 ლარს, საიდანაც მოპასუხემ/აპელანტმა აანაზღაურა მითითებული თანხის 97,5%. ასანაზღაურებელია თანხის 2,5% - 8494,99 ლარის ოდენობით.

5. სასარჩელო მოთხოვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ფ–სმა“ მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ფ–სის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 13593,50 ლარის გადახდა.

6. მოსარჩელის პოზიცია

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 28 სექტემბერს, ერთი მხრივ, შპს „ფ–სსა“ და, მეორე მხრივ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N02.01/30/498 ხელშეკრულება გაფორმდა. 2018 წლის 5 იანვრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 203979.88 ლარს. მოპასუხემ აანაზღაურა მითითებული თანხის 97,5% ასანაზღაურებელია 2,5%, რაც შეადგენს 5099.50 ლარს. 2018 წლის 21 თებერვალს, ერთი მხრივ, შპს „ფ–სსა“ და, მეორე მხრივ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N02.01/30/104 ხელშეკრულება გაფორმდა. 2018 წლის 7 სექტემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 339799,41 ლარს. მოპასუხემ აანაზღაურა მითითებული თანხის 97,5% ასანაზღაურებელია 2,5%, რაც შეადგენს 8494,99 ლარს. მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და 2017 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში და ასანაზღაურებელი თანხა - 5099.50 ლარის გადახდა მოითხოვა. აღნიშნულზე მოპასუხემ უარი განაცხადა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო. 2017 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #02.01/30/498 ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს 3 წელს, რომელიც ამოიწურა 2021 წლის 5 იანვარს. ამავე ხელშეკრულების 4.3 პუნქტით საგარანტიო თანხა შემსრულებელს აუნაზღაურდება საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენა განსახილველ შემთხვევაში დარჩენილი 2,5% გადახდასთან დაკავშირებით დაიწყო 2011 წლის 5 იანვარს და იწურება 2024 წლის 5 იანვარს. რაც შეეხება 2018 წლის 21 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N02.01/30/104 ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი 8494,99 ლარს, აღნიშნულის ანაზღაურებაზე მოპასუხემ უარი განაცხადა ხელშეკრულების იმ დებულების საფუძველზე, რომელიც არეგულირებს ხარისხის გარანტიის 2,5% ოდენობით საგარანტიო ვადაში ანაზღაურების წესს. აღნიშნულთან მიმართებით, საყურადღებოა ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს შესრულებული სამუშაოს ხარისხს და შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პირობებს. ხელშეკრულების 4.3 პუნქტით დარეგულირებულია ისეთი ურთიერთობა თუ რა დროს შეუძლია მიიღოს მხარემ, შესრულების გარანტიისათვის დაკავებული თანხა საგარანტიო ვადის გასვლამდე. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტის შედგენიდან (2018 წლის 27 სექტემბერი), 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარადგენდა ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბანკო ან სადაზღვევო კომპანიიდან უპირობო გამოუთხოვად საბანკო გარანტიას, დაუყონებლივ დაიბრუნებდა სადავო, შესრულებული სამუშაოს 2,5% პროცენტს. ხელშეკრულების 4.1 პუნქტით შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა განსაზღვრულია 2 წლით. საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი შედგენილია 2018 წლის 17 სექტემბერს. ე.ი ხარისხის გარანტიის ვადა ამოიწურა 2020 წლის 17 სექტემბერს. შესრულებული სამუშაო ხარისხიანია და არავითარი პრეტენზია არ ყოფილა გამოთქმული. ამდენად, თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, განსაზღვრული ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხეს 2017 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში 5099,50 ლარისა და 2018 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში 8494,99 ლარის, ჯამში, 13593,50 ლარის გადახდის დაკისრება.

7. მოპასუხის პოზიცია

7.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება წარმოდგენილ სარჩელს, მიაჩნია უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებლად და თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 2017 წლის 28 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ფ–სს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.01/30/498 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისის მასშტაბით რკინა-ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოების შესყიდვას. დასახელებული ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის გაფორმებისთანავე და ძალაშია 2021 წლის 25 იანვრის ჩათვლით. 2020 წლის 2 მარტს შპს

7.2. „ფ–სმა“ წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს დაკავებული ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა, ვინაიდან ამ დროისათვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურული იყო, შეუძლებელი იყო თანხის გადარიცხვა. 2018 წლის 21 თებერვალს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ფ–სს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.01/30/104 ხელშეკრულება, რომლიც ითვალისწინებდა ქ.თბილისის მასშტაბით სანიაღვრე სადრენაჟე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის და აღდგენა რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვას. ხელშეკრულების 4.1 პუნქტით შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი. ხელშეკრულების 4.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2.5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დანარჩენი 2.5%-ის გადახდა მოხდება შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდგომ. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში- ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას. ვინაიდან, შპს „ფ–სის“ მიერ არ მომხდარა NO2.01/30/104 ხელშეკრულების 4.3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულება და სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, შესაბამისად, ვერ განხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ფ–სის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ფ–სის“ სასარგებლოდ დაეკისრა 13593,50 ლარის გადახდა.

9. სააპელაციო მოთხოვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

10.2. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დავის საგანს წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შესრულება. აღნიშნული მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო 629-ე მუხლის პირველი ნაწილი /ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

10.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 327-ე მუხლების თანახმად, ორმხრივი ნების პირობებში, ხელშეკრულების არსებით პირობად განიხილება ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ურთიერთთანმხვედრი ის ნება, რომელზეც მიღწეულ იქნა შეთანხმება. ყოველი ხელშეკრულება ემსახურება კონკრეტულ მიზნებს. ხელშეკრულების შინაარსს განსაზღვრავს ის მიზანი და ეკონომიკური ინტერესი, რაც მხარეებს ამოძრავებს. ხელშეკრულების 4.3 მუხლის, როგორც სიტყვა-სიტყვითი ასევე აზრობრივი განმარტებიდან, ცალსახად და მკაფიოდ დგინდება შესრულების 5%-ის დაკავების მიზნობრიობა. კერძოდ, აღნიშნული ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით უნდა მომხდარიყო. მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ სწორედ ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული 2,5%-ის უკან დაბრუნებაა სადავოდ გამხდარი, რომელიც მენარდის მიერ უკვე შესრულებული ვალდებულებიდან დაკავდა.

10.4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს რაიმე პრეტენზია ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით არ გააჩნდა. მას ამ თვალსაზრისით არც კვალიფიციური შედავება წარმოუდგენია და არც საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულება ადასტურებს, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები ხელშეკრულების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. ხელშეკრულების 4.3 ქვეპუნქტით კი ირკვევა, რომ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას, ხოლო ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად კი შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელი. 2018 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი 2018 წლის 7 სექტემბერს გაფორმდა. ამდენად, საგარანტიო პერიოდია 2018 წლის 7 სექტემბრიდან 2020 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით დრო. მოპასუხეს/აპელანტს შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არც მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში გამოუთქვამს. აღნიშნულის შესაბამისად გადასახდელად დარჩენილი თანხის 2.5%-ის ანაზღაურებაზე უარი უსაფუძვლოა როგორც წინამდებარე ხელშეკრულების მიზნიდან, ასევე საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე. საბანკო გარანტია არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ის. შესაბამისად, საბანკო გარანტია ამოქმედებას იწყებს ვალდებულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულებისას. განსახილველ შემთხვევაში, რადგან უდავოა მოსარჩელე მხარის მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული 2,5% - 8494,99 ლარის ოდენობით.11.6.ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10.5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტა, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

19. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულების მიხედვით, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ №ას-866-808-2017, 17.10.2017წ).

20. სსკ-ის 629-ე მუხლის I ნაწილის ცნებიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. მენარდისათვის გადასახდელი საზღაური, როგორც წესი, განისაზღვრება ფულადი სახით, თუმცა მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ სხვა რამეზეც (მაგალითად, მენარდისათვის რაიმე ნივთის ნატურით გადაცემა). ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს შეადგენს მისი პირობების ერთობლიობა. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის თავისებურებები, ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება და სხვა. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. (იხ. სუსგ ას-344-2019, საქმე №ას-925-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი).

20. სსსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

21.საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე, როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსი შესრულებაზე ორიენტირებული აქტია. მისი როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია შესრულება და არა პასუხისმგებლობა. ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ნარდობის ხელშეკრულებით, შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური (საქმე №ას-141-2021 27 მაისი, 2021 წელი). ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. რელატიური უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე (22 ივნისი, 2022 წელი, თბილისი საქმე №ას-740-2021).

22. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებადაა მიჩნეული, რომ მიმწოდებელმა ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები (მათ შორის შეთანხმებული ხარისხის) ჯეროვნად შეასრულა, შემსყიდველმა კი, მიმწოდებელს სრული ოდენობით არ აუნაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნარდობის ფასი. მითითებული თანხის გადაუხდელობის თაობაზე მოპასუხის (შემსყიდველის) შესაგებელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ვინაიდან, შპს „ფ–სის“ მიერ არ მომხდარა NO2.01/30/104 ხელშეკრულების 4.3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულება და სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, ვერ განხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნება.

23. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განვითარებულ მოსაზრებებს და დამატებით მიუთითებს, რომ წარმოდგენილი შედავება ვერ მოახდენს გავლენას შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც შესრულების ხარისხი, ვადა და სხვა გარემოებები სადავო არ არის. 24. მოცემული შემთხვევა მენარდის მიერ ფაქტობრივად და ჯეროვანი ხარისხით შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას ეხება, ხოლო კასატორს მიაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს თანხის გადახდა მათ შორის დადებული ხელშეკრულების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის. ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მენარდის მიერ სრულად იქნა შესრულებული ვალდებულებები, რის შესახებაც მოპასუხე მხარეს არ გამოუხატავს პრეტენზია. პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების 4.3 მუხლიდან ცალსახად და მკაფიოდ დგინდება შესრულების 5%-ის დაკავების მიზნობრიობა. კერძოდ, აღნიშნული ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით უნდა მომხდარიყო. მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ სწორედ ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული 2,5%-ის უკან დაბრუნებაა სადავოდ გამხდარი, რომელიც მენარდის მიერ უკვე შესრულებული ვალდებულებიდან დაკავდა.

25. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს რაიმე პრეტენზია ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით არ გააჩნდა. მას ამ თვალსაზრისით კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია და არც საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულებით დადასტურდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შეუსაბამობა. ხელშეკრულების 4.3 ქვეპუნქტით კი ირკვევა, რომ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას, ხოლო ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად კი შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელი.

26. 2018 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი 2018 წლის 7 სექტემბერს გაფორმდა. ამდენად, საგარანტიო პერიოდია 2018 წლის 7 სექტემბრიდან 2020 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით დრო. როგორც ზემოთ აღინიშნა, შემკვეთს შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არც მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში გამოუთქვამს. აღნიშნულის შესაბამისად გადასახდელად დარჩენილი თანხის 2.5%-ის ანაზღაურებაზე უარი უსაფუძვლოა როგორც წინამდებარე ხელშეკრულების მიზნიდან, ასევე საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე. საბანკო გარანტია არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ის. შესაბამისად, საბანკო გარანტია ამოქმედებას იწყებს ვალდებულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულებისას. განსახილველ შემთხვევაში, რადგან უდავოა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რაც არ გამხდარა მოპასუხის მხრიდან სადავო, წარმოშობს ნარდობის ფასის სრულად გადახდის ვალდებულებას, შესაბამისად, მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული 2,5% - 8494,99 ლარის ოდენობით აღნიშნული საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება კანონის მოთხოვნას. ( იხ. სუსგ-ები: N ას- 697-663-2015, 15.12.2015წ; N ას-885-852-2016,03.07.2017წ;Nას-717-670-2017,26.04.2018წ). 27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (იხ. სუსგ Nას-1252-2020, 29.09.2021წ). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ კეთილსინდისიერად შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ამავე ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოსთვის განსაზღვრული თანხის მიღების ნაწილში წარმოშობს მის კეთილსინდისიერ კრედიტორულ მოთხოვნას, განსხვავებით მოპასუხისგან, რომელმაც მიიღო შესრულება, არ გამოუთქვამს რაიმე სახის პრეტენზია შესრულების ხარისხთან, შესაბამისად მიიჩნევა, რომ მან მიიღო უნაკლო შესრულება, თუმცა არაკეთილსინდისიერად არ შეასრულა ფულის გადახდის ვალდებულება, რაც დამატებით მიუთითებს მის არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე, ეს კი განსაკუთრებულად ხაზგასასმელია, როდესაც ასეთ ქმედებას სამართალურთიერთობის ძლიერი მხარე, სახელმწიფო ახორციელებს, ვისაც გაცილებით მეტი ვალდებულება აკისრია სახელშეკრულებო ურთიერთობებში მოქმედებდეს კეთილსინდისიერად, კერძო სამართლის სუბიექტებთან სანდო რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული მტკიცებულებების ერთობლიობაში სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი გარემოებანი, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

30.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე