საქმე № ას-919-2022 5 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.მ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“
მესამე პირი - შპს „ს–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, მ.მ–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სს „ს. ბ–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. სს „ს.ბ–სა“ და შპს „ს–ის“ შორის 2010 წლის 10 მაისს გაფორმებული N001914 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში აღიარებული დავალიანების 3
364 253.3 ლარის დასაფარად სს „ს. ბ–ის“ სასარგებლოდ სარეალიზაციოდ მიექცა, 2010 წლის 04 ივნისის N001914-ბ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული მ.მ–ვას კუთვნილი უძრავი ქონებები: ქ. ზუგდიდი, ......, მე-3 სართული 114,06 კვ.მ. ს/კ ........; ქ. ზუგდიდი, ......., სავაჭრო ფართი, სართული 1, N7, ფართი 76,56 კვ.მ. ს/კ ......; ქ. ზუგდიდი, ....,160,55 კვ.მ. ს/კ .......... ქ. ზუგდიდი, ....., ....., ს/კ ........; ქ.ზუგდიდი, ......., ტ, ს/კ ........;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.მ–ვამ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წელის 30 ოქტომბერის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება და ასევე წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის ოდენობით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 დეკემბრის განჩინებით, მ.მ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 (ათი) დღით.
5. 2020 წლის 15 დეკემბერს აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა 900 ლარის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წელის 29 დეკემბრის განჩინებით, მ.მ–ვას დაევალა განესაზღვრა დავის საგნის ღირებულება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენა, დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის ოდენობით (გადახდილი 900 ლარის გამოკლებით).
7. 2021 წლის 03 თებერვალს აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა 4100 (2000+2100) ლარის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წელის 10 თებერვლის განჩინებით მ.მ–ვას სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და განხილული იქნა ზეპირი მოსმენით კანონით დადგენილი წესით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მ.მ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება. ამავე განჩინების მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მ.მ–ვას სახელით ლ.მ–ვას მიერ 15/12/2020 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 900 ლარის ოდენობით - დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ასევე, მ.მ–ვას მიერ 30/01/2021 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2000 ლარის ოდენობით და 2100 ლარის ოდენობით დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
10. აღნიშნულ განჩინებაზე მ.მ–ვამ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 6000 ლარის გადახდის თაობაზე. აღნიშნულის შემდეგ კასატორის შუამდგომლობით ხარვეზის შევსების მიზნით მას დამატებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, თუმცა 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით მ.მ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის (6000 ლარის) გამო.
12. 2022 წლის 14 აპრილს მ.მ–ვას წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე. განცხადებაში მითითებულია, რომ სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით არასწორად იქნა დაანგარიშებული და სააპელაციო მოთხოვნის მოცულობის გათვალისწინებით ითხოვა გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 4100 ლარის მურმან მირცხულვასთვის დაბრუნება.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით მ.მ–ვას უარი ეთქვა სააპელაციო საჩივარზე ბაჟის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე. პალატის მითითებით, მოცემულ დავაში ადგილი არ ქონდა არაქონებრივ დავას, რადგან აპელანტის ქონებრივი ინტერესი სახეზეა. შესაბამიად, განსახილველი დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშებისათვის სწორად იქნა გამოყენებულ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
14. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.მ–ვამ, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და ზედმეტად გადახდილი ბაჟის დაბრუნება. განმცხადებელი მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბაჟი არასწორად იქნა დაანგარიშებული და სააპელაციო მოთხოვნის მოცულობის გათალისწინებით უნდა დაბრუნებულიყო მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 4100 ლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.მ–ვას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაებრუნებინა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა – უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, დავის საგნის ღირებულება სააპელაციო საჩივრისათვის, შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა.
22. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით აპელანტმა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მ.მ–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სს „ს.ბ–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: შესაბამისად, სს „ს.ბ–სა“ და შპს „ს–ის“ შორის 2010 წლის 10 მაისს გაფორმებული N001914 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში აღიარებული დავალიანების 3 364 253.3 ლარის დასაფარად, სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სარეალიზაციოდ მიექცა, 2010 წლის 04 ივნისის N001914-ბ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული მ.მ–ვას კუთნილი უძრავი ნივთები: ქ. ზუგდიდი, ......, მე-3 სართული 114,06 კვ.მ. ს/კ ......; ქ. ზუგდიდი, ........, სავაჭრო ფართი, სართული 1, N7, ფართი 76,56 კვ.მ. ს/კ ...........; ქ. ზუგდიდი, ..........,160,55 კვ.მ. ს/კ ........; ქ. ზუგდიდი, ......., , ს/კ ........; ქ. ზუგდიდი, ......., , ს/კ ...;
23. საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ აპელანტს დაუდგინა სახელმწიფო ბაჟზე ხარვეზი და რამდენჯერმე გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის 2020 წლის 25 ნოემბრის განცხადების მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემული საქმის დავის საგანს წარმოადგენს არა ქონების იპოთეკისგან გათავისუფლება, არამედ იპოთეკის თაობაზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის გაუქმება, რის გამოც დავის საგნის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ პუნქტით განსაზღვრული საფუძვლით.
25. მოცემული საქმის დავის საგნის სპეციფიკიდან და გადაწყვეტილების გასაჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის საგნის ობიექტია უძრავი ქონებები, რომელთაც გააჩნიათ საბაზრო ღირებულება და აპელანტის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს სწორედ ამ ქონებებზე უფლების დაცვა, რომლის ფასის განსაზღვრაც შესაძლებელია. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მოცემულ შემთხვევაში გამოითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რომელიც სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟს ითვალისწინებს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის საგნის ფასის განსაზღვრა მოხდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით რეალიზაციას სადავო უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებიდან და აპელანტს უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით.
27. საბოლოოდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ბაჟის საკითხი, დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ რეგულირებას. პალატა დამატებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, „ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ- სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ- სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე (იხ. სუსგ №ას-1155-1032-2010, 6 იანვარი, 2011 წელი).
28. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის წარდგენის დროს კასატორის მიერ გადასახდელი ბაჟი დაანგარიშებული იქნა ქონებრივი მოთხოვნის შესაბამისად, და არ ყოფილა დაანგარიშებული როგორც არაქონებრივი დავა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის დაანგარიშების დროს რაიმე სახის შეცდომა არ დაუშვია. ამასთან, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრული ოდენობით გადახდილად ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში, ვინაიდან აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რა შემთხვევაშიც პალატას ასევე არ დაუშვია შეცდომა თანხების დაანგარიშებისას.
29. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, კი საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, ამდენად, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე