8 დეკემბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-288-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ი.ს–ძე, ნ.კ–ძე
II კასატორი - ი.ს–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინება
პირველი კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა
მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.ს–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი, მეორე კასატორი ან დასაქმებული) სსიპ შემოსავლების სამსახურში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი, პირველი კასატორი ან დამსაქმებელი) ადმინისტრაციულ დეპარტამენტში იყო დასაქმებული, კერძოდ, 2009 წლიდან სამეურნეო სამმართველოს სპეციალისტად, ხოლო 2015 წლის მარტიდან, შესყიდვების სამმართველოს უფროსად, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა უვადოდ გაგრძელდა. დასაქმებულის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 3 000 ლარს შეადგენდა.
1.1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს ძირითადი ფუნქციები - სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა/კორექტირება, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის: მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვების საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროებისას ცვვლილებების პროექტის მომზადება იყო.
1.2. დასაქმებულის მიმართ რაიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ გამოყენებულა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მას სამსახურებრივი უფლებამოსილების სანიმუშოდ შესრულებისათვის გამოეცხადა მადლობა, დაენიშნა პრემია, დაწინაურდა.
1.3. დამსაქმებლის 2015 წლის 25 სექტემბრის #435769 ბრძანების საფუძველზე, მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა 2012 წლიდან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყ–ში“ შესრულებულ სხვადასხვა საამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ექსპლუატაციისას გამოვლენილ ხშირ ხარვეზებთან/დეფექტებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, რის საფუძველზეც მონიტორინგის სამსახურმა 2015 წლის 6 ნოემბერს, სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე დასკვნა შეადგინა.
1.4. დამსაქმებლის 2015 წლის 24 ნოემბრის #პ-1655 ბრძანებით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანებას საფუძვლად დაედო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2015 წლის 6 ნოემბერის მოხსენებითი ბარათი და დასკვნა.
2. დამსაქმებლის 2012 წლის 5 ნოემბრის ბრძანებით, ნ.კ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, პირველი აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსად უვადოდ დაინიშნა. დასაქმებულის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 2 400 ლარს შეადგენდა, ყოველთვიურ დანამატთან - 2400 ლართან ერთად.
2.1. დამსაქმებლის 2015 წლის 24 ნოემბრის ბრძანებით, მონიტორინგის სამსახურის 2015 წლის 6 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
3. დასაქმებულების გათავისუფლებას შემოსავლების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 6.2 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები, მე-10 მუხლის „დ“ პუნქტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის #პ34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ 17.1 „ა“ ქვეპუნქტი, 17.2 „დ“ ქვეპუნქტი და 19.1 „ზ“ ქვეპუნქტი (სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება) დაედო საფუძვლად, სახელდობრ:
3.1. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს N1688 განკარგულებით, შემოსავლების სამსახურს მიეცა უფლება, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყ–ის“ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეუფერხებლად შესრულების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. სგპ „ყ–ის“ გათბობა/ვენტილაცია/კონდიცირების პაკეტის შესყიდვის მიზნით, 2015 წლის 11 აგვისტოს შემოსავლების სამსახურსა და ფ/პ ლ.მ–ს შორის გაფორმდა N1/337 ხელშეკრულება, რომლის ღირებულება - 181 900 ლარია.
3.2. აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით წარდგენილია შემდეგი დოკუმენტები: დეფექტური აქტი ნ/გ 05/08/2015 (შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ხარჯთაღრიცხვა), ხელშეკრულება N1/337 11/08/2015 და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამონტაჟო სამუშაოების სპეციფიკაცია, ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა 04/09/2015, მიღება-ჩაბარების აქტი 04/09/2015 და სგპ „ყ–ის“ პროექტი, რომელიც შედგენილია 2012 წელს.
სგპ „ყ–ის“ გათბობა-ვენტილაციის სისტემის დეფექტური აქტის თანახმად, სისტემა გამოსული იყო მწყობრიდან და საჭიროებდა როგორც აღდგენას, ასევე - სხვადასხვა დანადგარის და ნაწილის შეცვლას, კერძოდ, 2015 წლის 5 აგვისტოს შედგენილ დეფექტურ აქტში მითითებულია, რომ კალორიფელები ყინვისგან იყო დახეთქილი რამდენიმე ადგილას და საჭიროებდა დემონტაჟს, თბილისში ტრანსპორტირებასა და ტესტირებას, შემდეგ აღდგენას, ისევ ტესტირებას მაღალ წნევაზე და ისევ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას და 34 მონტაჟს (ახლის შეძენის შემთხვევაში ფასი დაახლოებით 25 000 ლარია და წარმოება მინიმუმ 1 თვე).
კალორიფელების შემდგომი კლიმატური პირობებისაგან დასაცავად აუცილებელია შეძენილი და დამონტაჟებულიყო შესაბამისი სიმძლავრის ავტომატური ბლოკების კომპლექტი ყოველი კალორიფელისათვის და დამატებითი ფილტრები, ჩილერი გამოსული იყო მწყობრიდან, მისი მუშა ნაწილები 15 სანტიმეტრამდე ქვიშაში იყო ჩაფლული (სტიქიის შედეგად); საჭირო იყო დემონტაჟი და ახლის მონტაჟი. საქვაბეში 14-დან 6 ცალი საცირკულაციო ტუმბო იყო გადამწვარი და საჭიროებდა შეცვლას.
3.3. შეთანხმების საგანი სგპ „ყ–ის“ გათბობა/ვენტილაცია/კონდიცირების პაკეტის შესყიდვა იყო, რომელიც განხორციელდა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა - 181 900 ლარით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯებისა და გადასახადების (დღგ და სხვა) ჩათვლით.
ხელშეკრულების შესრულებას აკონტროლებდა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული პირთა ჯგუფი. ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებაზე პასუხისმგებელ პირი შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან/და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს უფროსია.
შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი რაოდენობისა და ერთეულის ღირებულების მითითებით მოცემულია ხელშეკრულების დანართ N1-ში და ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, ამავე ხელშეკრულების მე-10 პუნქტის 104 ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმებულიყო წერილობითი ფორმით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.
3.4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის/მეორე მოსარჩელის 2015 წლის 28 სექტემბრის N138329-21 წერილით, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა დამატებითი ინფორმაცია, ხელშეკრულება N1/337 11/08/2015-ის N1 დანართის მე-8 პოზიციაზე სამონტაჟო სამუშაოებსა და მათი ღირებულების თაობაზე, რაც ჯამურად - 23 000 ლარია.
3.5. ინსპექტირების ჯგუფის 2015 წლის 4 სექტემბრის დასკვნით, შემოსავლების სამსახურსა და ფიზიკურ პირს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2015 წლის 11 აგვისტოს გაფორმებულ N1/337 ხელშეკრულებაზე ინსპექტირება განახორცელა შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა. რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა, რომ სგპ „ყ–ის“ გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების პაკეტის მიწოდება/მონტაჟი, რომლის საერთო ღირებულება - 181,900.00 ლარია, განხორციელდა 2015 წლის 11 აგვისტოს N1/337 ხელშეკრულების პირობების დაცვით.
2015 წლის 4 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილესა და ფ/პ ლ.მ–ს შორის მასზე, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული 1/337 ხელშეკრულების საფუძველზე ფ/პ ლ.მ–მა ჩააბარა, ხოლო ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჩაიბარა სგპ ,,ყ–ში’’ გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების პაკეტის მიწოდება მონტაჟით, რომლის საერთო ღირებულება - 181,900.00 ლარია.
მიღება-ჩაბარება განხორციელდა ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის, საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების ცხრილის საფუძველზე.
3.6. საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყ–ის“ 2012 წლის პროექტი შედგენილია შპს „ბ. გ. ა–ის“ (ს/კ .......) მიერ. პროექტი შედგება ხუთი ნაწილისგან: არქიტექტურული ნაწილი, კონსტრუქციული ნაწილი, წყალკანალიზაციის პროექტი, სანიაღვრის პროექტი და ვენტილაციის პროექტი. ვენტილაციის პროექტი შესრულებულია გ.ქ–ის მიერ 2012 წლის 18 აპრილს.
ვენტილაციის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ვენტილაციის სისტემა გაყოფილია ორ ნაწილად: მოდინებითი და გამწოვი სისტემები. მოწოდებული ჰაერი ზამთარში შეთბება წყლის თბომცველების საშუალებით, ხოლო ზაფხულში გაცივდება ზედაპირული ჰაერგამაციებლის საშუალებით.
ვენტილაციის ჰაერგამტარები განთავსებულია ჭერის ქვეშ. ცენტრალური ვენტილატორები მოდ. N1, N2 და გამ.ს N1, N2 დაპროექტებულია შენობის მანსარდაში. ცენტრალური ვენტილატორები მოდ. ს N3, N4 და გამ.ს N3 N4 დაპროექტებულია შენობის გარე კედელზე.
ვენტილაციის პროექტის სპეციფიკაციის თანახმად, სგპ „ყ–ის“ შენობების გაგრილებას სჭირდება 14 კვტ, 150 კჯ, 120 კვტ, 130 კვტ, რაც ჯამურად - 144 კვტ-ია, აქვე გასათვალისწინებელია დანაკარგი, რაც დაახლოებით 20% შეადგენს.
3.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის პოზიციით სგპ „ყ–ის“ ვენტილაცია/კონდიცირების სისტემის დეფექტური აქტისა და ხელშეკრულების N1/337 11/08/2015 სამსახურებრივი შესწავლისას დადგინდა, რომ სგპ „ყ–ის“ ვენტილაცია/კონდიცირების სისტემის დეფექტური აქტი შედგენილია იმავე ფიზიკური პირის მიერ, ვისთანაც შემდგომში გაფორმდა ხელშეკრულება აღნიშნული სისტემის გამარტივებული შესყიდვის თაობაზე, კერძოდ, ფ/პ „ლ.მ–თან“.
4. მეორე მოსარჩელისა და შესყიდვების სამმართველოს უფროსის უშუალო მონაწილეობით ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული ფასი - 201 000 ლარი, 181 900 ლარამდე შემცირდა, ანუ შესყიდვის ობიექტი - 19 100 ლარით გაიაფდა.
5. სამუშაოები დადგენილ ვადაში, ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად შესრულდა.
6. ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს მიერ ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე, გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენით, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, წარდგენილ ბრალდებაში მოსარჩელეები ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ.
8. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
9. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი მტკიცებით, შრომითი ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, მოსარჩელეები გათავისუფლდნენ თანამდებობიდან, რაც იმით გამოიხატა, რომ მათ ბიუჯეტის თანხები არ დაზოგეს.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2015 წლის 24 ნოემბრის #პ1665 ბრძანება;
სამსახურში აღდგენის თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა;
მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი კომპესაციის - 24 000 (დაუბეგრავი), ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 38 400 (დაუბეგრავი) ლარის გადახდა დაეკისრა.
11. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ი.ს–ძემ. პირველმა მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
13.1. პირველი კასატორის მტკიცებით, მოსარჩელეები შრომითი ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, კანონიერად გათავისუფლდნენ თანამდებობიდან, რაც იმაში გამოიხატა, რომ მათ არ დაზოგეს ბიუჯეტის თანხები. მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია რამდენად სრულყოფილად იქნა შესრულებული ვენტილაცია/კონდიცირების სისტემა და ადექვატურ ფასად იქნა თუ არა შეძენილი სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დანადგარები. კასატორის მოსაზრებით, შესრულებული სამუშაოს ექსპლოატაციისას გამოვლენილია რიგი დეფექტები ხოლო საკუთრივ დანადგარი ხელოვნურად გაზრდილი განფასებით არის შეძენილი და საკასაციო პრეტენზიაც დასაბუთებულია.
13.2. მეორე კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მხარეთა შორის ურთიერთნდობის დაკარგვისა და თანამშრომლობის შეუძლებლობის შესახებ საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს.
ის ფაქტი, რომ ი.ს–ძის დაკავებული თანამდებობა ვაკანტური არ არის, თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, საწინააღმდეგო მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში საჯარო სამსახურმა მოხელე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აღადგინოს თუ თავისუფალი თანამდებობა იარსებებს და ეს მიდგომა სამუშაოზე აღდგენის მექანიზმს არაქმედითად აქცევს.
ორივე ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის უფლებების რესტიტუციის საუკეთესო გზად მიიჩნია კომპენსაციის დაკისრება 24000 ლარის მოცულობით, რომელიც შეადგენს მოსარჩელის რვა თვის ანაზღაურების ტოლფას თანხას. ი.ს–ძის მოცდენის პერიოდის და შესაბამისად რეალურად მიყენებული ზიანის გათვალისწინებით 24000 ლარი არაგონივრული თანხაა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებული, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის/მეორე კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დასაბუთებულია, ხოლო მოპასუხის/მეორე კასატორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურდათ, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) და 2.2 (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით), 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) (სადავო ბრძანების გამოცემისას არსებული რედაქცია), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
17. განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებულია მოპასუხის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებს, რომ მოსარჩელეებმა სამსახურებრივი მოვალეობა ნამდვილად უხეშად დაარღვიეს, რადგანაც, საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში (ნორმის რედაქცია სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის).
18. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ-ები N ას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება).
19. დამსაქმებელმა მოსარჩელეები სამსახურიდან გაათავისუფლა დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძველზე, რაც მოპასუხის მტკიცებით, ბიუჯეტის თანხების გადამეტებულად გახარჯვაში გამოიხატა, ეს კი, მათი მოსაზრებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია.
20. მოპასუხის ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე, კერძოდ, საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი).
საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს პირველი კასატორის ყურადღებას იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს.
მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. ეს დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტული ქმედებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა.
შესაბამისად, ამ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს მოსარჩელეების მიერ, მათზე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით (სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ არგუმენტად იქნება მიჩნეული.
21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ მეორე მოსარჩელისა და შესყიდვების სამმართველოს უფროსის უშუალო მონაწილეობით ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული ფასი, 201 000 ლარი, 181 900 ლარამდე შემცირდა, ანუ შესყიდვის ობიექტი - 19 100 ლარით გაიაფდა.
იმის დამადასტურებელი მტკიცებულება კი, რომ შესასრულებელი სამუშაოები ნაკლები ღირებულების იყო, საქმეში არ წარდგენილა. სამუშაოები დადგენილ ვადაში, ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად შესრულდა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს მიერ ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტიც შედგა.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენითაც წარდგენილ ბრალდებაში მოსარჩელეები ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ.
იმ პირობებში კი, როდესაც საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელეების მიმართ წარდგენილი პრეტენზიების მართებულობა, დამსაქმებელს მოსარჩელების სამუშაოდან გათავისუფლების საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნდა და მან დაუსაბუთებლად გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომა - გათავისუფლება, მაშინ, როდესაც მოსარჩელეები წლების მანძილზე ჯეროვნად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში.
საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).
23. ამდენად, დამსაქმებელს მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნდა და მან დაუსაბუთებლად გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომა - გათავისუფლება.
24. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელეებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, დაკისრებული ვალდებულება უხეშად არ დაურღვევიათ, შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (მოსარჩელეების დათხოვნის შესახებ ბრძანება, სსკ-ის 51-ე მუხლი), სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება, რადგანაც არ არის შესრულებული ამ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელეების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულს მუშაობის პერიოდში, რაიმე დისციპლინური სახდელი არ დაჰკისრებია, პირიქით, სამსახურებრივი უფლებამოსილების სანიმუშოდ შესრულებისათვის გამოეცხადა მადლობა, პრემიის დანიშვნა, სამსახურებრივი დაწინაურება.
25. საქართველოს შრომის კოდექსის 38.8 (სშკ-ის მოქმდი რედაქციით 48-ე მუხლი) თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება.
სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).
26. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (შდრ. სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 18 თებერვალი, 2021; №ას-536-2021, 21 სექტემბერი, 2021).
ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური სოციალური და ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272).
კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან.
კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს კომპენსირების მიზანი. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომაც, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (შდრ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი; Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ).
27. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დავის განხილვის დროისათვის მოპასუხე ორგანიზაციაში ის თანამდებობები, რომლებიც მოსარჩელეებს გათავისუფლებამდე ეკავათ და არც სხვა ტოლფასი თანამდებობა არ არსებობს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, მართებულად დაეკისრა ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურება, თუმცა პალატა არ ეთანხმება კომპენსაციის ოდენობას ი.ს–ძესთან მიმართებით და მისი განსაზღვრისას, მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილი გარემოებებს (დასაქმებული/პირველი კასატორი უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა), არსებულ სასამართლო პრაქტიკასა და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დამსაქმებელს პირველი კასატორის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა 12 თვის ფარგლებში უნდა დაევალოს.
28.1. საკასაციო პალატის შეფასებით, კონკრეტულ საქმეზე კომპენსაციის სამართლიანი, გონივრული და დასაბუთებული ოდენობა შემდეგნაირად უნდა განისაზღვროს:
28.2. დადაგენილია, რომ პირველი მოსარჩელის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 3 000 ლარი იყო. ასეთ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს სამართლიანი ბალანსის აღდგენისთვის მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი კომპენსაცია 12 თვით უნდა განისაზღვროს, რაც - 36 000 (12X3000) ლარია.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი.ს–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ გასაზიარებელია ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
30. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის პირველი ნაწილის "ლ" პუნქტის დეფინიციით საგადასახადო ორგანო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ყველა საქმეზე გათავისუფლებულია და საკასაციო პალატის დასკვნით მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროს
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 55-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ი.ს–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. სსიპ შემოსავლების სამსახურს ი.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის - 36 000 ლარის (დაუბეგრავი) ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე