საქმე №ას-1316-2022 2 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.თ–ი, ნ.ფ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ.ა.ჯ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა
დავის საგანი – გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ.თ–მა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე ან პირველი კასატორი) და ნ.ფ–ძემ (შემდეგში: მეორე მოსარჩელე ან მეორე კასატორი) სარჩელი აღძრეს სს ,,თ.ა.ჯ–ის“ (შემდეგში: დამსაქმებელი ან მოპასუხე ან აპელანტი)მიმართ, რომლითაც მოითხოვეს: ბათილად იქნას ცნობილი დამსაქმებლის 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება პირველ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაცია 70 560 ლარი; ბათილად იქნას ცნობილი დამსაქმებლის 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება მეორე მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; დამსაქმებელს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაცია 52 920 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით პირველი მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება პირველ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 19 600 ლარის ოდენობით; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 784 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში პირველი მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მეორე მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება მეორე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 14 700 ლარის ოდენობით; მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 588 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში მეორე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ( იხ. ს.ფ.142).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ( იხ. ს.ფ.175-176).
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.( იხ. ს.ფ.220).
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ.თ–ის და ნ.ფ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სს ,,თ. ა. ჯ–ის“ (ყოფილი U. G.) 2021 წლის 4 აგვისტოს ბრძანება ნ.თ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; სს ,,თ.ა.ჯ–ს“ ნ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 19 600 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი სს ,,თ. ა. ჯ–ის“ (ყოფილი U. G.) 2021 წლის 4 აგვისტოს ბრძანება ნ.ფ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; სს ,,თ.ა.ჯ–ს“ ნ.ფ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 14 700 ლარის(ხელზე ასაღები) ოდენობით; სს ,,თ.ა.ჯ–ს“ ნ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება; სს ,,თ.ა.ჯ–ს“ ნ.ფ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება; სს ,,თ.ა.ჯ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 829 ლარის გადახდა; სს ,,თ.ა.ჯ–ს“ დაეკისრა ნ.თ–ისა და ნ.ფ–ძის სასარგებლოდ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით;
განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:
7. 2022 წლის 28 დეკემბერს კასატორების წარმომადგენელმა გ.ფ–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, სს „თ.ა.ჯ–ს“ ნ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 784 ლარის გადახდა, ხოლო ნ.ფ–ძის სასარგებლოდ დაკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 588 ლარის გადახდა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნული მოთხოვნა მას მითითებული ჰქონდა საკასაციო საჩივარში, თუმცა საკასაციო სასამართლოს ამ მოთხოვნაზე არ უმსჯელია. (იხ. განცხადება).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინამდებარე განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია სსსკ-ის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია – იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. (შდრ. სუსგ Nას-1054-2019, 30.09.2019).
12. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, „საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა“ (იხ. სუსგ №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი).
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში, როცა ძირითადი გადაწყვეტილება არ შეიცავს პასუხს ყველა იმ საკითხზე, რომელიც განხილვის საგანი იყო სასამართლო პროცესში (იხ. დამატებით: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ.372.).
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, კერძოდ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
15. მოხმობილი ნორმის დეფინიიციდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის, რომელიც ახასიათებს დამატებითი გადაწყვეტილების ინტიტუტს. აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია როგორც მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, ისე სასამართლოს ინიციატივით. მითითებული საკანონმდებლო დანაწესი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების ანაზღაურება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (შდრ. სუსგ.-ებები: №ას-1054-2019, 30.09.2019წ., №ას-165-158-2013, 27.01.2014წ.). ამასთანავე, სსსკ-ის 261-ე მუხლის რეგულირების ქვეშ მოიაზრება მთლიანად საპროცესო ხარჯების საკითხი (როგორც სასამართლო, ისე არასასამართლო ხარჯები) (იხ.სუსგ №ას-658-625-2014, 26 იანვარი 2015 წელი).
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
17. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (შდრ. სუსგ-ებები: Nას-225-217-2012, 25.06.2012წ.; №ას-385-366-2015, 14.05.2015წ.), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (სუსგ. Nას-1670-2019, 21.05.2020წ.; Nას-920-870-2015, 09.06.2016წ.), ასეთის არსებობის შემთხვევაში.
18. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ რა მოვლენას უკავშირებს კანონმდებელი დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლის დაწყებას – ესაა გადაწყვეტილების ზეპირ სხდომაზე გამოცხადება. კანონის ამ დათქმას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ მხარე სასასამართლო სხდომაზე მოისმენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და მყისიერად შეიტყობს, სასამართლომ იმსჯელა და პასუხი გასცა თუ არა მის ყველა მოთხოვნას. ასეთ ვითარებაში მხარე, რომელიც აღმოაჩნეს, რომ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების წარდგენის სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველ ნაწილში ასახული რომელიმე წინაპირობა, 7 დღეში მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს სასამართლოს მხრიდან გამოტოვებული საკითხის გადაწყვეტას.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა ზეპირ სხდომაზე ყოველთვის არ მიმდინარეობს და მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონომდებლობა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, რიგ შემთხვევებში დავა გადაწყვიტოს მხარეთა მოწვევის გარეშე. ასეთ დროს მხარეებს დავის სამართლებრივი შედეგი ეცნობებათ მას შემდეგ, რაც გადაეცემათ სასამართლო გადაწყვეტილება/განჩინება.
20. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განხილული იქნება ზეპირი მოსმენის გარეშე, სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა, უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან. ((შდრ სუსგ №ას-259-2020, 11 მარტი, 2021; სუსგ №ას-1602-2018, 24 მარტი, 2021). ვადის ათვლა ასეთ შემთხვევაშიი უნდა დაუკავშირდეს გადაწყვეტილების/განჩინების მხარისათვის ჩაბარებას, რამეთუ იქამდე მხარე მოკლებული იყო ობიექტურ შესაძლებლობას, ევარაუდა დამატებითი გადაწყვეტილების/განჩინების გამოტანის საჭიროება (შდრ. სუსგ №ას-242-2020, 20 ოქტომბერი, 2020). დამკვიდრებული პრაქტიკით, საკითხი ანალოგიურადაა რეგლამენტირებული ისეთ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრება მხარე, რომლისათვის ცნობილი იყო გამოცხადების თარიღი (იხ. სუსგ საქმეზე ას-180-180-2018, 04 მაისი, 2018წ.). არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხარვეზების გარეშე და ასეთი ხარვეზების დაშვება განხილულ უნდა იქნეს გამონაკლის შემთხვევად და არა სავარაუდო შედეგად.
21. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში სსსკ-ის 261-ე მუხლით დადგენილი საპროცესო ვადა უნდა აითვალოს არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დღიდან, არამედ მხარისათვის მისი სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების მომენტიდან, ანუ იმ დროიდან როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის საჭიროების არსებობის შესახებ.
22. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 784 ლარის გადახდა; მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 588 ლარის გადახდა. (იხ. ს.ფ.142).
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ.თ–ის და ნ.ფ–ძის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე სს „თ.ა.ჯ–ს“ ნ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 784 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე სს „თ.ა.ჯ–ს“ ნ.ფ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 588 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე