Facebook Twitter

საქმე №ას-1438-2022 2 თებერვალი, 2023 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „თ.ზ.ჰ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ.გ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს „თ.ზ.ჰ–ის“ (შემდეგში - დამსაქმებელი ან მოპასუხე ან კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა:

1.1.მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის გადახდა.

1.2.მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველდღიურ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.3.მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის გადახდა.

1.4.მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის დაყოვნების პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ოდენობით 01.09.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.5.მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის გადახდა.

1.6.მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.11.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.7.მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის გადახდა.

1.8.მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.12.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.

1.9.მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 624.20 ლარის გადახდა.

1.10. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.01.2020 წლიდან 31.01.2020 წლამდე პერიოდისათვის, ასევე 01.02.2020 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე 624.20 ლარზე ყოველდღიური პირგaსამტეხლოს 0.07 %-ის გადახდა.

1.11. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2020 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის გადახდა.

1.12. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2020 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.03.2020 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.

2. მოსარჩელემ მიუთითა, რომ დასაქმებული იყო მოპასუხესთან გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრებოდა ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების წესით - 3125 ლარით (საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით), ხოლო დამატებითი გამომუშავებით ანაზღაურების წესის მიხედვით განისაზღვრა მოზრდილთა ემერჯენსის განყოფილების ფინანსური შესრულების 2% (საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით). სახელფასო ანაზღაურება უნდა გაცემულიყო თვეში ერთხელ. მოსარჩელეს არ მიუღია გარკვეული პერიოდის სახელფასო ანაზღაურება, საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელეს თანხა არ ჩარიცხვია.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანების ოდენობა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ:

4.1 2018 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის გადახდა და 2018 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველდღიურ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4.2. 2019 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის გადახდა და 2019 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის დაყოვნების პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%- ის ოდენობით 01.09.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4.3. 2019 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის გადახდა და 2019 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.11.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4.4. 2019 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის გადახდა და 2019 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.12.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.

4.5. 2019 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 624.20 ლარის გადახდა და 2019 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.01.2020 წლიდან 31.01.2020 წლამდე პერიოდისათვის, ასევე 01.02.2020 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე 624.20 ლარზე ყოველდღიური პირგსამტეხლოს 0.07 %-ის გადახდა.

4.6. 2020 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის გადახდა და 2020 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 3125 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.03.2020 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით და დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8. მხარეები 19.06.2018 წლიდან იმყოფებოდნენ 6 თვიან ვადიან შრომით ურთიერთობაში, რის საფუძველზეც მოსარჩელეს ეკავა მოპასუხესთან გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია.

9. მოსარჩელის ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 3125 ლარს (დაბეგრილი 2500 ლარი), ხოლო დამატებითი გამომუშავების სახით უნდა მიეღო მოზარდთა ემერჯენსის განყოფილების ფინანსური შესრულების 2% (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). დამსაქმებლის მიერ ხელფასის გაცემა ხდებოდა ყოველთვიურად, თვის ბოლო რიცხვში.19.12.2018 წელს, მხარეთა შორის დადებული ვადიანი შრომის ხელშეკრულება გაგრძელდა იმავე პირობებით 1 წლის ვადით.

10. 2020 წლის მარტის თვის შემდეგ მოსარჩელე აღარ გამოცხადებულა სამსახურში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

11. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია 2018 წლის დეკემბრის თვის, 2019 წლის აგვისტოს თვის, 2019 წლის ოქტომბრის თვის, 2019 წლის ნოემბრის თვის, ასევე 2020 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანება, ყოველთვიური დასაბეგრი 3125 ლარის ოდენობით, ასევე, 2019 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანება დარიცხული 624.20 ლარის ოდენობით.

12. მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ანგარიშსწორება მოხდა შედეგი სახით:

13. - 2018 წლის ოქტომბრის თვის ხელფასი ჩაერიცხა ანგარიშზე სამ ეტაპად დაბეგრილი 1000 ლარი 12.12.2018წ, 1500 ლარი 31.12.2018წ. და 404.80 ლარი 08.02.2019წ. ჯამში 2904.80 ლარი.

14. - 2018 წლის ნოემბრის თვის ხელფასი ანგარიშზე ჩაირიცხა ერთჯერადად დაბეგრილი 2500 ლარი 08.02.2019წ.

15. - 2018 წლის დეკემბრის თვის ხელფასი არ ჩარიცხულა.

16. - 2019 წლის იანვრის თვის ხელფასი ანგარიშზე ჩაირიცხა ერთჯერადად დაბეგრილი 3683.79 ლარი 09.07.2019წ.

17. - 2019 წლის თებერვლის თვის ხელფასი ანგარიშზე ჩაირიცხა ერთჯერადად დაბეგრილი 3159.80 ლარი 29.03.2019წ.

18. - 2019 წლის მარტის თვის ხელფასი ანგარიშზე ჩაირიცხა ერთჯერადად დაბეგრილი 3095.03 ლარი 06.05.2019წ.

19. - 2019 წლის აპრილის თვის ხელფასი ანგარიშზე ჩაირიცხა ერთჯერადად დაბეგრილი 3374.15 ლარი 13.06.2019წ.

20. - 2019 წლის მაისის თვის ხელფასი ანგარიშზე ჩაირიცხა ერთჯერადად დაბეგრილი 4072.66 ლარი 09.07.2019წ.

21. - 2019 წლის ივნისის თვის ხელფასი ანგარიშზე ჩაირიცხა ერთჯერადად დაბეგრილი 3895.97 ლარი 06.09.2019წ.

22. - 2019 წლის ივლისის თვის ხელფასი ანგარიშზე ჩაირიცხა ერთჯერადად დაბეგრილი 3166.85 ლარი 30.10.2019წ.

23. - 2019 წლის აგვისტოს თვის ხელფასი ანგარიშზე არ ჩარიცულა.

24. - 2019 წლის სექტემბრის თვის ხელფასი ანგარიშზე ჩაირიცხა ორ ტრანშად დაბეგრილი 1185.73 ლარი 27.12.2019წ. და 1637.43 ლარი 31.12.2019წ. ჯამში დაბეგრილი 2823.16 ლარი.

25. - 2019 წლის ოქტომბერის თვის ხელფასი ანგარიშზე არ ჩარიცხულა.

26. - 2019 წლის ნოემბრის თვის ხელფასი ანგარიშზე არ ჩარიცხულა.

27. - 2019 წლის დეკემბრის თვის ხელფასის ნაწილი ანგარიშზე ჩაირიცხა ერთჯერადად დაბეგრილი 2000.64 ლარი 31.01.2020წ.

28. - 2020 წლის იანვრის თვის ხელფასი ანგარიშზე ჩაირიცხა ერთჯერადად დაბეგრილი 2500 ლარი 12.03.2020წ.

29. - 2020 წლის თებერვლის თვის ხელფასი ანგარიშზე არ ჩარიცხულა.

30. - 2020 წლის მარტის თვის ხელფასი ანგარიშზე არ ჩარიცხულა.

31. ჩარიცხული ხელფასები თვეების მიხედვით ფიქსირებულად თვეში მისაღები დაბეგრილი 2500 ლარის გარდა, ჯამში ზედმეტად ჩარიცხულია დაბეგრილი 7676.15 ლარი, რაც დარიცხულ 9595.19 ლარს შეადგენს.

32. ფიქსირებული ანაზღაურების გარდა, მოსარჩელის ემერჯენსის ფინანსური შემოსავლის 2%-ის სახით მისაღები ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 6156.31 ლარს (307815.58-ის 2%-ია 6156.31 ლარი), ხოლო ზედმეტად გადახდილ 9595.19 ლარს გამოკლებული 6156.31 ლარი (ზედმეტად ჩარიცხული თანხა) რჩება დარიცხული 3438.88 ლარი, რაც მოსარჩელემ გაქვითა მოპასუხის მიერ 2020 წლის მარტის თვეში მისთვის გაუცემელ ხელფასის დარიცხულ 3125 ლარში და მისი გაცემის დაყოვნებისთვის დაგროვებული პირგასამტეხლოს ანგარიშში.

33. მოპასუხის (აპელანტი) პრეტენზია ემყარება იმ დასაბუთებას, რომ სამედიცინო დაწესებულების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხა და წინამდებარე საქმეში მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების დაგროვება გამოწვეული იყო პროგრამული თანხების მიუღებლობით, კერძოდ, სახელმწიფოსგან სადავო პერიოდშიც და დღეის მდგომარეობითაც დაგვიანებით და არასრულად ხდება გაწეული მომსახურების ანაზღაურება. მისი მოსაზრებით, რამდენადაც ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული, კანონმდებლობის შესაბამისად მოვალე სრულად გათავისუფლებულია ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან.

34. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა და აღნიშნულ დაყოვნებულ ხელფასზე კანონით დადგენილი პირგასამტეხლოს დარიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები მხარეთა შორის სადავოდ არ ხდება. სააპელაციო ინსტანციაში მოპასუხეს არც ის გარემოება გაუხდია სადავოდ, რომ მოსარჩელე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რის შედეგადაც წარმოიშვა ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება.

35. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენდა, თუ რამდენად არსებობს დამსაქმებლის - მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან დავა ეხება 2020 წლის 05 ოქტომბრამდე, ანუ ახალი შრომის კოდექსის ამოქმედებამდე, არსებულ შრომით ურთიერთობას, დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსი (შემდეგში - სშკ-ი).

36. საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ასეთი საფუძველი შეიძლება იყოს მრავალგვარი. მოვალე არ ჩაითვლება ვადის გადამცილებლად, როდესაც ბრალის გარეშე ვერ ასრულებს ვალდებულებებს საზოგადო ან მის პიროვნებასთან, ანდა კრედიტორის მოქმედებასთან დაკავშირებული მიზეზებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, თბილისი, 2001 წელი, გვ.421). სკ-ის 401-ე მუხლს ვალდებულებათა დარღვევის სისტემაში ორმაგი ფუნქცია აქვს. ერთი მხრივ, ამ ნორმით დგინდება, რომ მოვალეს ვადის გადაცილება არ შეერაცხება, თუ მას ბრალი არ მიუძღვის ვადის გადაცილებაში, ხოლო მეორე მხრივ, ამ ნორმით (მათ შორის, მისი სათაურით) დგინდება, რომ შეუძლებლობის შემთხვევაში, არ ხდება ვადის გადაცილება, რამეთუ ასეთ დროს შესრულების ვალდებულება ქარწყლდება ან დროებით წყდება. ამით კანონმდებელმა მართებულად გამიჯნა შეუძლებლობა და ვადის გადაცილება. 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ეს ნორმა, 394.II.2 მუხლის მსგავსად, ბრალის არარსებობის მტკიცების ტვირთს მოვალისკენ აბრუნებს. შეუძლებლობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული და სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს იწვევდეს, თუმცა, ერთი რამ ყველა სახის შეუძლებლობისათვის საერთოა: იმისათვის, რომ შესრულების ვალდებულება გაქარწყლდეს, შეუძლებლობა არ უნდა იყოს დროებითი, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიუხედავად დროებითი შეუძლებლობისა, ვალდებულების შესრულება პერსპექტივაში შესაძლებელი უნდა იყოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალდებულება არ გაქარწყლდება, არამედ დროებით შეწყვეტს მოქმედებას. ფულად ვალდებულებასთან მიმართებით, არგუმენტი – „ფული არ მაქვს“ – არ ათავისუფლებს მოვალეს შესრულების ვალდებულებისგან შესრულების შეუძლებლობის საფუძვლით. როგორც ყველაზე მკაცრი გვაროვნული ვალდებულება, ფულადი ვალდებულება ყოველთვის უნდა შესრულდეს. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, თბილისი, 2019 წელი, გვ. 637-639). შესაბამისად, სსკ-ის 401-ე მუხლის საფუძვლით მოვალის ვალდებულებისგან გათავისუფლებისთვის საჭიროა ისეთი ობიექტური გარემოების არსებობა, რაც გამორიცხავს მოვალის ბრალეულობას ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. ასეთაც კი ვერ იქნება მიჩნეული მესამე პირების მიერ მოვალის მიმართ არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ვინაიდან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები სწორედ ხელშემკვრელ მხარეებს წარმოეშობათ და სხვა, დამოუკიდებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელსაც კავშირი არ აქვს თავდაპირველ ხელშეკრულებასთან, გავლენას ვერ მოახდენს ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულების არსებობაზე.

37. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებლის არგუმენტი, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ხდებოდა თანხების ჩარიცხვა, ვერ იქნება მიჩნეული აპელანტის მიერ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებისგან დამსაქმებლის გათავისუფლების საფუძვლად. როგორც ზემოთ იქნა განმარტებული „ფულად ვალდებულებასთან მიმართებით, არგუმენტი – „ფული არ მაქვს“ – არ ათავისუფლებს მოვალეს შესრულების ვალდებულებისგან შესრულების შეუძლებლობის საფუძვლით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, თბილისი, 2019 წელი, გვ. 637-639).

38. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (მოპასუხემ/დამსაქმებელმა) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

39. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოპასუხისათვის ფულადი თანხის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხა (რომელიც მოსარჩელისათვის ცნობილი იყო). მოპასუხის მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია სახელმწიფოსაგან მისაღები თანხის დამუშავებაზე და შემდგომ მის ჩარიცხვაზე. წინამდებარე საქმეზეც მოსარჩელის მიმართ აღნიშნული დავალიანების დაგროვებაც განპირობებული იქნა პროგრამული თანხის მიუღებლობით, კერძოდ, სახელმწიფოსაგან სადავო პერიოდშიც და დღეის მდგომარეობითაც დაგვიანებით და არასრულად ხდება გაწეული ხარჯის ანაზღაურება (ს.ფ. 85, ტ.2). აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობა არ არის გამოწვეული მოვალის ბრალით. შესაბამისად, მოვალე გათავისუფლებულია ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან. ამავე საფუძვლით, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს არც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

41. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

43. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და სახელფასო ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 31-ე მუხლიდან (1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; 3. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი), 44-ე მუხლიდან (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 41-ე; 58-ე მუხლები).

44. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე და აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. ის წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია, შესაბამისად, იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით (შდრ. სუსგ-ები №ას-1125-2022, 17 ნოემბერი, 2022 წელი, №ას-921-871-2015, 26.11.2015).

45. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

46. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

47. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; ასევე შდრ: სუსგ-ებს Nას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.

48. შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით (შდრ: სუსგ-ები Nას-456-2021, 22.03.2022წ; Nას-57-2022, 13.04.2022წ; №ას-1274-2018, 25 დეკემბერი, 2018წ.).

49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებაზე, რომ სადავო პერიოდში - 2018 წლის დეკემბრის თვე, 2019 წლის აგვისტოს თვე, 2019 წლის ოქტომბრის თვე, 2019 წლის ნოემბრის თვე, 2019 წლის დეკემბრის თვეში, 2020 წლის თებერვლის თვეში, მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, რაც მოპასუხის მხრიდან არ ანაზღაურებულა (იხ., ამ განჩინების პპ: 1, 11).

50. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

51. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ამ განჩინების პპ:9-34-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია. საკასაციო საჩივარში სადავოდ არაა გამხდარი ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიმართ არსებობს სახელფასო დავალიანება (იხ., ტ.2. ს.ფ. 85). კასატორს არც ის გარემოება გაუხდია სადავოდ, რომ მოსარჩელე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს; კასატორის პრეტენზია მხოლოდ იმ გარემოებას ეფუძნება, რომ მას ბრალი არ მიუძღვის სახელფასო ანაზღაურების დაყოვნებაში, რაც გამორიცხავს, როგორც დაყოვნებული ხელფასის ანაზღაურებას ასევე, დაყოვნების თითოეული დღისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვას (იხ., კასაციის არგუმენტი - ტ.2. ს.ფ. 85). შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს, თუ რამდენად არსებობს დამსაქმებლის - მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი.

52. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს დამსაქმებლის პოზიციას და განმარტავს, რომ, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, ისევე, როგორც ხელფასის ოდენობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტს დაამტკიცებდა (იხ., №ას-169-2022, 10 ნოემბერი, 2022 წელი). მოცემულ შემთხვევაში კი, შრომის ანაზღაურება არ დასტურდება. პირიქით, დამსაქმებელი მიუთითებს, რომ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხა და წინამდებარე საქმეში მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების დაგროვება გამოწვეული იყო პროგრამული თანხების მიუღებლობით, კერძოდ, სახელმწიფოსგან სადავო პერიოდშიც და დღეის მდგომარეობითაც დაგვიანებით და არასრულად ხდება გაწეული მომსახურების ანაზღაურება. მისი მოსაზრებით, რამდენადაც ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული, კანონმდებლობის შესაბამისად მოვალე სრულად გათავისუფლებულია ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან.

53. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს ზემოაღნიშნული არგუმენტით სურს (სახელფასო დავალიანების გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული (იხ., სუსგ .№ას-723-2022, 28 ოქტომბერი, 2022 წელი).

54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე, მოვალის ვალდებულებისგან გათავისუფლებისთვის საჭიროა ისეთი ობიექტური გარემოების არსებობა, რაც გამორიცხავს მოვალის ბრალეულობას ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. ასეთაც კი ვერ იქნება მიჩნეული მესამე პირების მიერ მოვალის მიმართ არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ვინაიდან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები სწორედ ხელშემკვრელ მხარეებს წარმოეშობათ და სხვა, დამოუკიდებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელსაც კავშირი არ აქვს თავდაპირველ ხელშეკრულებასთან, გავლენას ვერ მოახდენს ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულების არსებობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის არგუმენტი მასზედ, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ხდებოდა თანხების ჩარიცხვა, ვერ გახდება მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულებისგან დამსაქმებლის გათავისუფლების საფუძველი. „ფულად ვალდებულებასთან მიმართებით, არგუმენტი – „ფული არ მაქვს“ – არ ათავისუფლებს მოვალეს შესრულების ვალდებულებისგან შესრულების შეუძლებლობის საფუძვლით („Geld muss man haben“) (იხ., გ. ვაშაკიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, თბილისი, 2019 წელი, გვ. 639).

55. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) ადგენს შრომითი ხელშეკრულების მხარეთა ფუნდამენტურ ვალდებულებებს – დასაქმებულისთვის სამუშაოს შესრულების ვალდებულებასა და დამსაქმებლისათვის ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას. ეს არის შრომითი ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტები, რომელთა გარეშეც შრომითი ხელშეკრულების არსებობა გამორიცხულია. შრომითი ურთიერთობის არსებობის ინდიკატორი სწორედ სამუშაოს შემსრულებლისათვის ანაზღაურების გადახდაა და საქმისათვის არ აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებების კვლევა-შეფასებას, რომ დამსაქმებელი დასაქმებულთათვის თანამდებობრივი სარგოს გაცემისას დამოკიდებულია სახელმწიფოსაგან გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე და რომ აღნიშნული გარემოება სახელფასო დავალიანების დაყოვნებას ამართლებს (იხ. სუსგ საქმეზე №ას-155-2022, 20.05.2022 წ.).

56. ზემოაღნიშნული საფუძვლით საკასაციო პალატა არ იზიარებს ანაზღურების დაყოვნების ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არარსებობაზე კასატორის მითითებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით თანხის დაყოვნების ყოველი დღისთვის, ამ თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნას სამართლებრივად ვარგისი საფუძველი გააჩნია, რადგან სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად (მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლი), შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ხოლო თავისთავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს ანუ გადახდის ვალდებულების არსებობა სახეზეა საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადასტურდა სახელფასო დავალიანების არსებობა, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც (შდრ. სუსგ №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1274-2018, 25 დეკემბერი, 2018 წელი).

57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

58. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

60. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „თ.ზ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „თ.ზ.ჰ–ს“ (ს.კ:.....) (ქ.თბილისი, „სახელმწიფოხაზინა“, ბანკისკოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი.გ–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 21.11.2022-ში N15170519857 საგადახდო დავალებით გადახდილი 1435.88 ლარის 70% – 1,005.116 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე