Facebook Twitter

საქმე № ას-814-2021 15 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.მ–ი, ზ.მ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სასაზღვრო მიჯნის აღდგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.გ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: რ.მ–სა და ზ.მ–ს (შემდეგში: მოპასუხეები) დაევალათ #...... და #..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებს შორის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 5 აპრილის დასკვნის დანართის შესაბამისად საზღვრების გასწორება.

2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა გადაწყვეტილების დასაბუთებაში, თითქოს მოპასუხეებს უკანონოდ აშენებული შენობის გამო აქვთ მოსარჩელის ნაკვეთის სასაზღვრო მიჯნა შეზღუდული. კასატორის განმარტებით, შენობის აშენებამდეც, მოპასუხეებს უკანონოდ ჰქონდათ შეზღუდული კასატორის მიწის ნაკვეთი.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები:

7.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ......, საკადასტრო კოდით: ..... რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.

7.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ....., საკადასტრო კოდით: ....., რეგისტრირებულია მოპასუხეების სახელზე.

7.3. მოსაზღვრე ნაკვეთებს შორის ფაქტობრივად არსებული სასაზღვრო მიჯნა არ შეესაბამება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, რაც ასახულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 5 აპრილის დასკვნაში. მოწინააღმდეგე მხარემ, ამ დასკვნის შესაბამისად საზღვრის გასწორების ნაწილში, სარჩელი ცნო.

7.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 30 ნოემბრის №003942 დადგენილებით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ....., მოპასუხემ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ააშენა კაპიტალური შენობა-ნაგებობა. მოპასუხეს დაევალა შენობის დემონტაჟი, თუმცა მითითების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა 8 000 ლარით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 1 ნოემბრის №4242340 ბრძანებით მოპასუხეებს ნება დაერთოთ, მოაპირკეთონ ქ. თბილისში, ......, უნებართვოდ აშენებული შენობა №5/1 და შენობა №6/1. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 ივნისის №4537957 ბრძანებით მოპასუხეების განცხადება დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ........ უნებართვოდ აშენებული სამეურნეო სათავსო.

7.5. არქიტექტურის სამსახურის №4242340 ბრძანება, რომლითაც მოპასუხეებს ნება დაერთოთ, მოეპირკეთებინათ ქ. თბილისში, ............ უნებართვოდ აშენებული შენობა №5/1 და შენობა №6/1, გაასაჩივრა მოსარჩელე შ.გ–მა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 დეკემბრის №2183 ბრძანებით შ.გ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

8. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია“. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილით, „თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით“. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. ასეთი ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ საქმე №ას-843-809-2016, 26 ოქტომბერი, 2016 წელი; №ას-674-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).

9. დადგენილია, რომ მოსარჩელისა და მოპასუხეების უძრავი ქონება მომიჯნავე, მეზობელ ნაკვეთებზე მდებარეობს. შესაბამისად, მართებულია სასამართლოს მიერ სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელ ნორმათა გამოყენებაც. სამეზობლო ურთიერთთმენის ვალდებულებას ადგენს სსკ-ის 174-ე მუხლი, რომლის თანახმად, „მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა ვალდებული არიან, პატივი სცენ ერთმანეთს“.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას და დამატებით განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობის თავდაპირველი წარმოშობის მომენტისთვის მოქმედი კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მთელი მიწა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა და მისი გადაცემა, მხოლოდ, სარგებლობაში დაიშვებოდა. ამდენად, 1979 წელს სადავო მიწის ნაკვეთები მხარეებს არ ეკუთვნოდათ და იმდროინდელი მონაცემებით, მათზე საკუთრების უფლების დადგენა შეუძლებელი იყო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისთვის. ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 5 აპრილის დასკვნის მიხედვით: „საქმის მასალებში არსებული საინვენტარიზაციო გეგმები, ფაქტობრივად, წარმოადგენენ ხელით შესრულებულ ნახაზებს, ისინი არ არის შესრულებული მასშტაბის სრული დაცვით, ასევე მათზე სრულად არ არის დატანილი მიწის ნაკვეთის გაბარიტული ზომები, აქედან გამომდინარე, ნახაზების გაორენტირება და მათზე დატანილი სასაზღვრო მიჯნის ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია“. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნა და თავად ექსპერტის ახსნა-განმარტება სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს გარკვეული სახს მტკიცებულებებით. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

12. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა, რომ არსებული სასაზღვრო მიჯნა არ შეესაბამება საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებს, რის გამოც ახალი მიჯნის აღმართვაა საჭირო 1979 წლის საინვენტარიზაციო გეგმის შესაბამისად, ხოლო, სასამართლოს მიერ 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ კასატორის სასარჩელო მოთხოვნა (აღსანიშნავია, რომ დასახელებული დასკვნის შესაბამისად მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს), ხოლო, სხვა სახის მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

13.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე