საქმე №ას-78-2022
24 იანვარი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, კომპენსაციის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ.ბ–მა (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, მოწინააღმდეგე მხარე“), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა თ.ბ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №2238/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ არანაკლებ 6 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის დაკისრება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 1200 (ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით (სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემიდან (27.02.2020) სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე) (იხ. სასარჩელო მოთხოვნა, ტომი 1, ს.ფ. 9-12, დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 2021 წლის 15 აპრილის სასამართლოს სხდომის ოქმი, 11:29:11 სთ).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი თ.ბ–ის გათავისუფლების შესახებ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, 2020 წლის 27 თებერვლის, №2238/კ ბრძანება; მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოსარჩელე თ.ბ–ის სასარგებლოდ, დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 21600 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ხოლო, თ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების ნაწილში, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თ.ბ–ის სასარგებლოდ, დაეკისრა 2020 წლის 27 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 960 ლარის ოდენობით ასევე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივარი თ.ბ–ის მიმართ ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
7. 2023 წლის 24 იანვარს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოდავე მხარეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება. მორიგების აქტი ხელმოწერილია ერთი მხრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მოპასუხე) წარმომადგენლის თ.ნ–ძის მიერ (წარმოდგენილია 2023 წლის 20 იანვრით დათარიღებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - მინდობილობა N01/14018), და მეორე მხრივ, თ.ბ–ის (მოსარჩელე) მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
10. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
12. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:
1. სააგენტომ მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, კომპენსაციის სახით, თ.ბ–ს (პ/ნ 1.......) უნდა გადაუხადოს თანხა 8 000 (რვა ათასი) ლარის (ყველა გადასახადისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახადების გაქვითვის შემდეგ ხელზე ასაღები თანხა) ოდენობით, რომელიც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ საბანკო ანგარიშზე: თიბისი ბანკი - მიმღების სახელი: თ.ბ–ი; ანგარიშის ნომერი: GE59TB7695445061600006;
2. სააგენტომ წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის სრულად ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა აღადგინოს მოსარჩელე თ.ბ–ი (პ/ნ .....) ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე (თანამდებობრივი სარგო არანაკლებ 2057 ლარი (დარიცხული));
3. მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ამავე პუნქტში მითითებულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს პირგასამტეხლო თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე ამავე პუნქტით განსაზღვრული გადასახდელი თანხის 0,2% ოდენობით;
4. სააგენტო იღებს ვალდებულებას შტატის შემცირების/რეორგანიზაციის გამო არ გაათავისუფლოს მოსარჩელე აღდგენილი პოზიციიდან, აღდგენის დღიდან 2 წლის განმავლობაში;
5. წინამდებარე მორიგების აქტის მე-4 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსარჩელის გათავისუფლების შემთხვევაში, სააგენტო/მისი უფლებამონაცვლე ვალდებულია მოსარჩელეს კომპენსაციის სახით გადაუხადოს 10 000 ლარის (ხელზე ასაღები თანხა) ოდენობით მისი გათავისუფლებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
6. მორიგების აქტის ძალაში შესვლისთანავე საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმოებაში არსებული მიმდინარე სამოქალაქო დავა Nას-78-2022 თ.ბ–სა და სააგენტოს შორის, შეწყდეს;
7. მორიგების აქტი ძალაშია მისი სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან;
მორიგების პირობების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-1504-2020, 22 აპრილი, 2021წ.)
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა (მოპასუხე/კასატორი) და მეორე მხრივ, თ.ბ–ს (მოსარჩელე/მოწინააღმდეგე მხარე) შორის, შემდეგი პირობებით:
1.1. სააგენტომ მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, კომპენსაციის სახით, თ.ბ–ს (პ/ნ .....) უნდა გადაუხადოს თანხა 8 000 (რვა ათასი) ლარის (ყველა გადასახადისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახადების გაქვითვის შემდეგ ხელზე ასაღები თანხა) ოდენობით, რომელიც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ საბანკო ანგარიშზე: თიბისი ბანკი - მიმღების სახელი: თ.ბ–ი; ანგარიშის ნომერი: GE59TB7695445061600006;
1.2. სააგენტომ წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის სრულად ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა აღადგინოს მოსარჩელე თ.ბ–ი (პ/ნ .....) ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე (თანამდებობრივი სარგო არანაკლებ 2057 ლარი (დარიცხული));
1.3. მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ამავე პუნქტში მითითებულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს პირგასამტეხლო თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე ამავე პუნქტით განსაზღვრული გადასახდელი თანხის 0,2% ოდენობით;
1.4. სააგენტო იღებს ვალდებულებას შტატის შემცირების/რეორგანიზაციის გამო არ გაათავისუფლოს მოსარჩელე აღდგენილი პოზიციიდან, აღდგენის დღიდან 2 წლის განმავლობაში;
1.5. წინამდებარე მორიგების აქტის მე-4 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსარჩელის გათავისუფლების შემთხვევაში, სააგენტო/მისი უფლებამონაცვლე ვალდებულია მოსარჩელეს კომპენსაციის სახით გადაუხადოს 10 000 ლარის (ხელზე ასაღები თანხა) ოდენობით მისი გათავისუფლებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
1.6. მორიგების აქტის ძალაში შესვლისთანავე საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმოებაში არსებული მიმდინარე სამოქალაქო დავა Nას-78-2022 თ.ბ–სა და სააგენტოს შორის, შეწყდეს;
1.7. მორიგების აქტი ძალაშია მისი სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება (N2/7886-20) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება (N2ბ/3162-21).
3. მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-78-2022.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2022 წლის 08 თებერვლის №02301 საგადახდო დავალებით გადახდილი 1106 ლარი.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე