Facebook Twitter

საქმე №ა-4985-შ-135-2022 30 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.ჩ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უმაღლესი სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის №SS025150 განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უმაღლესი სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის №SS025150 განჩინებით დადგინდა ა.ჩ–ძის (შემდგომში -„შუამდგომლობის ავტორი“) სახელისა და გვარის შეცვლა შემდეგნაირად (ახალი სახელი, გვარი): ა.კ–ას, ხოლო სქესის შეცვლა - მამრობითიდან მდედრობითზე, ახალი დაბადების მოწმობის გაცემა, სადაც აისახება სახელის, გვარისა და სქესის შეცვლა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2022 წლის 29 სექტემბერს შუამდგომლობით მომართა ა.ჩ–ძის წარმომადგენელმა, თ.ს–მა და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უმაღლესი სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის №SS025150 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. მისი განმარტებით, აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელი გახდება შუამდგომლობის ავტორის დაბადების სააქტო ჩანაწერში განხორციელდეს ცვლილება და მიენიჭოს მას ის სახელი, გვარი და სქესი, რომლის მატარებელიც ის დღეს რეალურად არის.

3. ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უმაღლესი სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის №SS025150 განჩინებიდან ირკვევა, რომ განჩინება ძალაში შევიდა 2015 წლის 25 ივნისს.

4. ა.ჩ–ძე დაბადებულია საქართველოში 1995 წლის 12 თებერვალს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უმაღლესი სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის №SS025150 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უმაღლესი სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის №SS025150 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და საკითხის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმავე კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია არ ვრცელდება.

11. მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უმაღლესი სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის №SS025150 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას, რომლითაც შეიცვალა მისი სახელი, გვარი და სქესი, იმ საფუძვლით, რომ შემდგომში განახორციელოს მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში ამ მონაცემების ცვლილება.

12. სახელის, გვარისა და სქესის ცვლილების შესაძლებლობას ითვალისწინებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი. კერძოდ, აღნიშნული კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, უფლება აქვთ, შეიცვალონ სახელი ან/და გვარი. იმავე კანონის 78-ე მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველია შემდეგი გარემოების არსებობა: სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია; სქესის შეცვლა – თუ სქესის შეცვლასთან დაკავშირებით პირს სურს სახელის ან/და გვარის შეცვლა.

13. ამასთან, სქესის შეცვლის უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, „უფლება პიროვნების თავისუფალ განვითარებაზე ეფუძნება შემდეგ კუმულაციურ პირობებს: ა) საკუთარი ნების, გადაწყვეტილების, არჩევანის შესაბამისად განვითარების შესაძლებლობას; ბ) ამასთან, განვითარებას ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით - ნებისმიერი შინაარსით და მიმართულებით. ამ სფეროს ამომწურავი განმარტება შეუძლებელია. ის მოიცავს ადამიანის თავისუფლებას სხვადასხვა სფეროში: პერსონალურ თვითგამორკვევას, ინტიმური, საოჯახო ურთიერთობების საკუთარი გადაწყვეტილებების და არჩევანის შესაბამისად წარმართვას, პირადი სოციუმის, გარემოცვის საკუთარი ნებით შერჩევას, სარწმუნოების თავისუფლად არჩევას და მის შესაბამისად ცხოვრებას, პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ თუ ეკონომიკურ ურთიერთობებში აქტივობას, სასურველი განათლების მიღებას, პროფესიისა თუ საქმიანობის არჩევას და ა.შ. შედეგად, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება მოიცავს ძალიან ფართო სპექტრს უფლებრივი კომპონენტებისა: პიროვნების თვითგამორკვევის უფლებას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს საკუთარი წარმოშობის გარკვევის უფლებას, პიროვნული თვითიდენტიფიკაციის უფლებას - როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად საკუთარი თავის შეგრძნების, გააზრების უფლებას; საკუთარი სქესისა და სექსუალური ორიენტაციის განსაზღვრას, სქესის შეცვლის უფლების ჩათვლით…“(იხ. 14.04.2016წ. გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ბურჯანაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/625,640) .

14. მოცემულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობაზე უარის საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით არ არის განსაზღვრული კონკრეტული წინაპირობები, რასაც პირი სქესის შეცვლისთვის უნდა აკმაყოფილებდეს. აღნიშნული თვალსაზრისით კანონის ბუნდოვანების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც სქესის შესაცვლელად სამედიცინო პროცედურების ჩატარების გარეშე გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარის თქმას შეეხებოდა, 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს მხრიდან ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა.

15. სტრასბურგის სასამართლოს მითითებით, ერთი მხრივ, ეროვნულ კანონმდებლობაში არსებობს დებულება, რომელიც უშვებს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სქესის/გენდერის ნიშნის ცვლილების შესაძლებლობას („სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 78-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), თუმცა, მეორე მხრივ, კანონი არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა წინაპირობები და, საჭიროების შემთხვევაში, რა სამედიცინო პროცედურები უნდა იქნეს შესრულებული იმისათვის, რომ მოხდეს გენდერის სამართლებრივი აღიარება. სქესის შეცვლის წინაპირობებთან დაკავშირებით კანონის ბუნდოვანება იწვევს, აგრეთვე, ქართული სასამართლოების მიერ აღნიშნული საკითხის განსხვავებულ განმარტებას, რაც ხელს უშლის გენდერის სამართლებრივი აღიარების პრაქტიკაში ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ამ საკითხზე თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. ეს კი ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას გენდერის სამართლებრივი აღიარებისათვის სწრაფი, გამჭირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურების უზრუნველყოფის თაობაზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, CASE OF A.D. AND OTHERS v. GEORGIA, applications nos. 57864/17, 79087/17 and 55353/19, სტრასბურგი, 1 დეკემბერი, 2022წ.).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როცა, ერთი მხრივ, ნათელია, რომ სქესის შეცვლის უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სფეროში მისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებაა, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ მისი შიდა კანონმდებლობით 1998 წლიდან აღიარებული სქესის შეცვლის უფლების რეალიზებისთვის სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები უზრუნველყოს, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უმაღლესი სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის №SS025150 განჩინება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ჩ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უმაღლესი სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის №SS025150 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უმაღლესი სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის №SS025150 განჩინება, რომლითაც დადგინდა ა.ჩ–ძის სახელისა და გვარის შეცვლა შემდეგნაირად: ა.კ–ას, ხოლო სქესის შეცვლა მამრობითიდან მდედრობითზე; ასევე ახალი დაბადების მოწმობის გაცემა, სადაც აისახება სახელისა და სქესის შეცვლა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი