საქმე №ას-984-2018 1 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.დ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.ჯ–ძე, ე.ზ–ვა, ვ.ს–ნი (მოპასუხეები)
II საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ.ჯ–ძე, ე.ზ–ვა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.დ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – ვ.ს–ნი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, მოთხოვნის უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.დ–სა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მსესხებელი/მოვალე“, „აპელანტი“ ან „პირველი კასატორი“) და იპოთეკარებს - ლ.ს–ძეს, ლ.ჭ–ძესა და ე.ზ–ვას (ვ.ს–ნის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) წარმომადგენლობით) (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“) შორის 2013 წლის 20 მარტს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს ლ.ს–ძემ ასესხა 1000 აშშ დოლარი, ლ.ჭ–ძემ - 1000 აშშ დოლარი, ხოლო მეორე მოპასუხემ - 6000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 6%-ის დარიცხვითა და გადახდით; სესხის ვადა განისაზღვრა 03 თვით და უნდა დაბრუნებულიყო 2013 წლის 20 ივნისს; ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო - ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო თანხის 0,3%-ის ოდენობით სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე. მსესხებელმა წინასწარ გადაიხადა ორი თვის სარგებელი.
2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: სიღნაღის რაიონი, სოფელი .......
3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-8 პუნქტით განისაზღვრა იპოთეკარის უფლებამოსილება, ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან ერთად გადაეცა მესამე პირისთვის, მესაკუთრის დამატებითი თანხმობის გარეშე.
4. 2015 წლის 17 ოქტომბერს მეორე მოპასუხესა (წარმოდგენილი პირველი მოპასუხის მიერ) და ნ.ჯ–ძეს (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „მესამე კასატორი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ, რომლითაც მეორე მოპასუხემ მესამე მოპასუხეს დაუთმო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი კუთვნილი 6000 აშშ დოლარიდან 2000 აშშ დოლარის, მასზე დარიცხული სარგებლისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
5. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 პუნქტით განისაზღვრა იპოთეკარის უფლებამოსილება, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.
6. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 29 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა №151194688 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 2000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე (შემცირებული 0,12%-მდე) – 1512 აშშ დოლარი, ჯამში 3512 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126,72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.
7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და მოთხოვნის უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის 2015 წლის 17 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების გაუქმება, ვალის არარსებობის საფუძვლით. მოსარჩელის მტკიცებით, მან სრულად შეასრულა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, ხოლო მეორე მოპასუხემ მესამე მოპასუხეს არარსებული მოთხოვნა დაუთმო.
8. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს ე.შ–ის მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გაცემული №151194688 სააღსრულებო ფურცელი, კერძოდ, პირგასამტეხლოს მოცულობის ნაწილში და აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 2000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 500 აშშ დოლარი. დანარჩენ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელი; სარჩელი 2015 წლის 17 ოქტომბრის მოთხოვნის უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული მეორე მოპასუხის ხელწერილით (რომელიც განთავსებულია კერძო აღმასრულებლის მიერ მოსარჩელისათვის გაგზავნილ 14.03.2014წ. წინადადებაზე გადაწყვეტილების შესრულების შესახებ) დგინდება, რომ მეორე მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს გადახდილი აქვს 4600 აშშ დოლარი (1400+2700+500). გარდა ამისა, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა 500 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, რაც ზემოაღნიშნულ ხელწერილში გაურკვევლად არის მითითებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხიდან დაფარულად უნდა ჩაითვალოს - 4000 აშშ დოლარის ოდენობით ძირითადი თანხა, 360 აშშ დოლარის ოდენობით პროცენტი და 240 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლო. შესაბამისად, მეორე მოპასუხე უფლებამოსილი იყო მოთხოვნა დაეთმო სესხის ძირითადი თანხის - 2000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს ნაწილში.
11. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს ე.შ–ის მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გაცემული №151194688 სააღსრულებო ფურცელი და აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 1400 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 500 აშშ დოლარი. დანარჩენ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელი; 2015 წლის 17 ოქტომბრის მოთხოვნის უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ ხელშეკრულება გაუქმდა ნაწილობრივ, კერძოდ, 600 აშშ დოლარის დათმობის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში ხელშეკრულება დარჩა უცვლელად.
13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შესრულებული ვალდებულებიდან, 4600 აშშ დოლარიდან 4000 აშშ დოლარი მართებულად მიმართა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის ანგარიშში, თუმცა არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც დარჩენილი თანხიდან, 600 აშშ დოლარიდან 360 აშშ დოლარი სესხის პროცენტის, ხოლო 240 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვალა, ვინაიდან, სასამართლოს მოსაზრებით, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლით დადგენილ ფულადი ვალდებულების დაფარვის პრინციპს, რომლის თანახმად, კანონმდებელი ვალდებულების დაფარვის რიგითობის არჩევანის უფლებას მოვალეს ანდობს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის/მოვალის განმარტებით, მან სადავო თანხა ძირითადი თანხის ანგარიშში გადაიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 600 აშშ დოლარი არა სესხის პროცენტისა და პირგასამტეხლოს, არამედ ძირითადი ვალდებულების შესრულების ანგარიშში უნდა ჩაითვალოს და, შესაბამისად, 2015 წლის 29 ოქტომბერს გაცემულ №151194688 სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითადი თანხა 1400 აშშ დოლარით (2000 აშშ დოლარს - 600 აშშ დოლარი) განისაზღვროს.
15. სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან მეორე მოპასუხეს მესამე მოპასუხისათვის მოთხოვნის უფლების დათმობის მომენტში მოსარჩელის მიმართ გააჩნდა მხოლოდ 1400 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტორული უფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების შესაბამისად, ასევე სახეზეა მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის 2015 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ ხელშეკრულების 600 აშშ დოლარის ნაწილში გაუქმებისა და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
17. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
17.1. საქმეში წარდგენილი ხელწერილით (რომელიც განთავსებულია კერძო აღმასრულებლის მიერ მოსარჩელისათვის გაგზავნილ 14.03.2014წ. წინადადებაზე) დასტურდება, რომ მოსარჩელეს სრულად აქვს შესრულებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც გამორიცხავს, თუნდაც, 1400 აშშ დოლარის ოდენობით მოთხოვნის დათმობის შესაძლებლობას.
18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი ასევე წარადგინეს მეორე და მესამე მოპასუხეებმა.
19. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
19.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს არა ნებისმიერი ვალდებულების, არამედ სხვადასხვა ვალდებულებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულების რიგითობას, რაც შეიძლება დაეკისროს მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულება (სესხის ძირითადი თანხა, ერთი თვის სარგებელი და პირგასამტეხლო) სესხისა და იპოთეკის ერთი ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა;
19.2. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ სესხის ძირითადი თანხიდან მეორე მოპასუხეს მიღებული აქვს 4600 აშშ დოლარი. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს;
19.3. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება (ხელწერილი), რაც არასწორად გაიზიარა სასამართლომ, არ შეიცავს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის სახელსა და გვარს, რომელმაც ვალი გადაიხადა, შესრულების დროსა და ადგილს. ამასთან, სინამდვილეს არ შეესაბამება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, რომ მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა 500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი;
19.4. მეორე მოპასუხის მიერ მესამე მოპასუხისათვის მოთხოვნის უფლების დათმობა იყო რეალური, სახეზე იყო აღნიშნულის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი;
19.5. მოთხოვნის უფლების დათმობის დროისათვის მეორე მოპასუხეს მოსარჩელისაგან ერგებოდა: სესხის ძირითადი თანხა - 6000 აშშ დოლარი, ერთი თვის სარგებელი - 360 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 6048 აშშ დოლარი, ჯამში 12 408 აშშ დოლარი. მეორე მოპასუხე არ უარყოფს, რომ მოსარჩელისგან მიიღო 2700 აშშ დოლარი, ხოლო მოგვიანებით 500 აშშ დოლარი, საიდანაც თავისთვის დაიტოვა 1700 აშშ დოლარი (360 აშშ დოლარი სარგებელი, დანარჩენი პირგასამტეხლოს სახით), ხოლო პირველი მოპასუხის მეშვეობით ერთ-ერთ იპოთეკარს, ლ.ჭ–ძეს გადასცა 1500 აშშ დოლარი;
19.6. მოსარჩელეს სასამართლოს სხდომამდე არასდროს მიუთითებია 4000 აშშ დოლარის ძირითადი თანხის ანგარიშში წარმართვის შესახებ, პირიქით, იგი სარჩელში ამტკიცებდა, რომ სამივე იპოთეკარისთვის გადასაცემად სხვადასხვა დროს პირველ მოპასუხეს გადასცა 10 300 აშშ დოლარი, ამ უკანასკნელს მიღებული თანხები იპოთეკარებისთვის პროპორციულად უნდა გადაენაწილებინა, თუმცა როგორც გაირკვა, მას ეს თანხები იპოთეკარებისთვის არ გადაუცია. პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია, კონკრეტულად მეორე მოპასუხემ უშუალოდ წარმომადგენლის მეშვეობით რა თანხა მიიღო მოსარჩელისგან და რა თანხა რჩებოდა მისაღები. თუმცა, ამ საკითხებზე სასამართლო ვერც იმსჯელებდა, ვინაიდან ეს განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენდა;
19.7. მოპასუხეები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გასაჩივრებდნენ, ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ყველა პუნქტი მათთვის მისაღები აღმოჩნდა, ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისისა და იმავე წლის 18 სექტემბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენიათ.
26. პირველი კასატორი დავობს, რომ მას სრულად აქვს შესრულებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მეორე მოპასუხის მიმართ არსებული ვალდებულება, რის გამოც სახეზე არ იყო მესამე მოპასუხისათვის მოთხოვნის უფლების დათმობის წინაპირობა. თავის მხრივ, მეორე და მესამე კასატორები სადავოდ ხდიან მოსარჩელის მიერ მეორე მოპასუხისათვის 4600 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს.
27. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
28. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).
30. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომ მას სრულად აქვს შესრულებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მეორე მოპასუხის მიმართ არსებული ვალდებულება. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებების, კერძოდ, ხელწერილისა (იხ. ტ. I, ს.ფ. 18-20, 65-69) და თავად მოპასუხეთა ახსნა-განმარტებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად მოსარჩელეს მეორე მოპასუხისათვის გადახდილი აქვს ჯამში 4600 აშშ დოლარი.
31. მეორე და მესამე კასატორები აგრეთვე დავობენ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლი.
32. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორების ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387.1 მუხლით [ თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა] გათვალისწინებულია ფულადი ვალდებულებების დაფარვის რიგითობის წესი ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოვალეს კრედიტორის მიმართ აკისრია რამდენიმე დამოუკიდებელი ვალდებულება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოცემულ შემთხვევაში საკითხი შეეხება არა რამდენიმე ვალდებულების შესრულებას, არამედ ერთი ძირითადი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებიდან გამომდინარე, ძირითადი და დამატებითი ვალდებულების შესრულებას. თუმცა, აღნიშნული გავლენას არ ახდენს წინამდებარე დავის სამართლებრივ შედეგზე.
33. კერძოდ, ძირითად და დამატებით ვალდებულებათა შესრულების რიგითობა რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები (პროცენტებში იგულისხმება როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი, ისე პირგასამტეხლო).
34. აღნიშნული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული მოწესრიგება დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების შესრულების რიგითობისათვის კანონით გათვალისწინებული მოწესრიგებისაგან განსხვავებული წესის დადგენა. ამასთან, მხარეთა უფლება, შეთანხმდნენ ვალდებულებათა შესრულების რიგითობაზე, ვრცელდება მხოლოდ სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. ამ წარმოების დაწყების შემდეგ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში შესასრულებელ ვალდებულებათა რიგითობის შეცვლა დაუშვებელია.
35. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ძირითად და დამატებით ვალდებულებათა შესრულების რიგითობა განსაზღვრული არ ყოფილა, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მეორე მოპასუხისათვის გადახდილი 4600 აშშ დოლარით სწორედ ძირითადი დავალიანება უნდა დაფარულიყო.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრების არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
37. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
38. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
39. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, მეორე და მესამე კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მათ მიერ ჯამში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ნ.ჯ–ძის და ე.ზ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
3. გ.დ–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. კასატორებს ნ.ჯ–ძეს (პ/ნ N......) და ე.ზ–ვას (პასპორტი .......) დაუბრუნდეთ ნ. ც–ის (პ/ნ .....) მიერ 2018 წლის 2 ივლისის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის და 2018 წლის 11 აგვისტოს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის, საერთო ჯამში 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე