Facebook Twitter

საქმე №ას-1010-2018 8 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – მ.ხ–ა, ნ.კ–ძე (კანონიერი წარმომადგენელი მ.ხ–ა), მ.ხ–ია, შ.ე–ძის უფლებამონაცვლე ნ.ე–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჩ.ს–ი“ (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შპს „ L.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქმედების დავალდებულება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შ.ე–ძემ (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“) 2011 წლის 27 აპრილს შპს „ჩ.ს–ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიჰყიდა ქ. ბათუმში, ........ მდებარე უძრავი ქონება. აღნიშნულის სანაცვლოდ მოპასუხეს შეძენილ ნაკვეთზე უნდა აეშენებინა მრავალსართულიანი სახლი და პირველი მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაეცა რამდენიმე ბინა. კერძოდ, მესამე სართულზე ბინები №1, 5, 6, 7; მეოთხე სართულზე ბინები №3 და 5, ხოლო მეხუთე სართულზე ბინა №9.

2. მხარეებმა 2013 წლის 16 სექტემბერს ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილებები, რომლის თანახმად, პირველ მოსარჩელეს საკუთრებაში უნდა გადასცემოდა პირველ სართულზე კომერციული ფართი №4 და ანტრესოლი; მესამე სართულზე ბინები №1, 5, 7 და 10; მეოთხე სართულზე ბინები №15 და 13 და მეშვიდე სართულზე ბინა №49.

3. ხელშეკრულების მიხედვით, შემძენს გამსხვისებლისათვის ბინები უნდა გადაეცა, ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში: მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯრებით; სასურველი შიგა ტიხრებითა და ელექტრო გაყვანილობით; სასურველი სველი წერტილებით; ჩართული საკომუნიკაციო ქსელით; მოჭიმული იატაკით; სავენტილაციო ხვრელებით; შესასვლელი რკინის კარით და კარამდე მიყვანილი ბუნებრივი აირით. ეს ვალდებულებები შემძენს 2014 წლის აპრილამდე უნდა შეესრულებინა.

4. პირველმა მოსარჩელემ 2013 წლის 10 ოქტომბერს სახლის პირველ სართულზე 60,99 კვ.მ ფართის, პირველ სართულზე 38,4 კვ.მ ანტრესოლისა და მე-3 სართულზე 109,52 კვ.მ ფართის №7 ბინის მოთხოვნის უფლება უსასყიდლოდ დაუთმო ნ.კ–ძეს (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“).

5. იმავე დღეს პირველმა მოსარჩელემ სახლის მე-3 სართულზე არსებული 64,96 კვ.მ ფართის №1 ბინისა და 40,12 კვ.მ ფართის №10 ბინის მოთხოვნის უფლება უსასყიდლოდ დაუთმო მ.ხ–იას (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“).

6. იმავე დღეს პირველმა მოსარჩელემ სახლის მე-7 სართულზე 80,25 კვ.მ ფართის №49 ბინისა და მეოთხე სართულზე 79,02 კვ.მ ფართის №13 ბინის მოთხოვნის უფლება უსასყიდლოდ დაუთმო მ.ხ–ას (შემდგომში - „მეოთხე მოსარჩელე“).

7. მოპასუხე, პირველი და მესამე მოსარჩელეები, მეოთხე მოსარჩელე თავად და როგორც მეორე მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი და შპს „ L.“ 2014 წლის 01 მარტს შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელეთათვის გადასაცემ ქონებაზე მოპასუხის მიერ შესასრულებელ სარემონტო სამუშაოებს შპს „ L.“ შეასრულებდა, რაშიც მისთვის მოპასუხეს 58 800 ლარი უნდა გადაეხადა. თანხის გადახდის შემდეგ მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელეთა მიმართ შესრულებულად ჩაითვლებოდა.

8. მოპასუხემ 2014 წლის 01 მაისისათვის შპს „ L.“-ს 58 800 ლარი გადაუხადა. მიუხედავად ამისა, მან სარემონტო სამუშაოები მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.

9. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვეს:

- მოპასუხეს დაეკისროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში ქ. ბათუმში, ...... მდებარე მრავალსათულიან სახლში მოსარჩელეთა კუთვნილ შემდეგ ბინებში: №1, №5, №10, №13, №15, №49, ასევე, არასაცხოვრებელ ფართში №4 და ანტრესოლში №4, მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯრების გაკეთება, შიდა ტიხრების ამოყვანა, ელექტროგაყვანილობისა და სველი წერტილების გაკეთება, საკომუნიკაციო ქსელების ჩართვა, იატაკების მოჭიმვა, სავენტილაციო ხვრელებისა და შესასვლელი რკინის კარის გაკეთება, ბუნებრივი აირის მიყვანა საცხოვრებელი ბინების კარებამდე;

- პროექტის მიხედვით აღდგეს მეორე მოსარჩელის კუთვნილი კომერციული ფართის მე-2 შემოსასვლელი ავტოსადგომის მხრიდან მარჯვენა მხარეს და მეორე მოსარჩელის ანტრესოლის ჭერიდან გადატანილ იქნას საკანალიზაციო მილი;

- მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ბინის ქირის გადახდა თვეში 350 აშშ დოლარის ოდენობით 2014 წლის დეკემბრიდან ფართების თეთრ კარკასამდე მიყვანამდე და საკუთრებაში აღრიცხვამდე;

- მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, თვეში 974 აშშ დოლარის გადახდა, 2014 წლის 01 აპრილიდან ფართების თეთრ კარკასამდე მიყვანამდე და საკუთრებაში აღრიცხვამდე.

10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად, მოპასუხის მხარეს ჩაება შპს „ L.” (შემდგომში - „მესამე პირი“).

12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ (ფართების რემონტისთვის) დაეკისრა 24 800 ლარის გადახდა; სარჩელი ზიანის ანაზღაურებისა და ქმედების დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

13. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე, მტკიცებულების დართვაზე უარის თქმის თაობაზე იმავე სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმება; ხოლო, მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით წინამდებარე საქმეში პირველი მოსარჩელის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ.ე–ძე (შემდგომში - „პირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლე“).

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 13 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე პირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ქირის ნაწილში და მოპასუხისათვის ბინის ქირის გადახდის დაკისრება მოითხოვა 2014 წლის დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე პერიოდში. ამასთან, პირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლემ და მეოთხე მოსარჩელემ უარი თქვეს ბინების ნაწილზე სარემონტო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნაზე, რის გამოც ამ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

17. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

18. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოპასუხემ 2014 წლის 01 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და 2014 წლის 01 მაისისთვის მესამე პირის დირექტორს, ნ.რ–ძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 58 800 ლარი სრულად გადასცა. აღნიშნული დასტურდება 01.05.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტით, რომელშიც მითითებულია, რომ მოპასუხის მიერ 2014 წლის 01 მაისისთვის, 2014 წლის 01 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, გადაცემულია 58 800 ლარი, ხოლო მესამე პირს მიღებული აქვს 58 800 ლარი. ამ აქტზე ხელს აწერს ნ.რ–ძე, რაც საქალაქო სასამართლოს სხდომაზე თავადაც რამდენჯერმე დაადასტურა. აღნიშნული კი ამტკიცებს, რომ 2014 წლის 01 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, მისი ვალდებულება შეწყვეტილია.

19. სააპელაციო პალატის განმარტებით, ასეც რომ არ იყოს, მესამე პირი არ უარყოფს, რომ მოპასუხემ მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება სრულად აუნაზღაურა. მესამე პირის წარმომადგენლის თქმით, მან საქმიანობა შეწყვიტა არა მოპასუხის ბრალით, არამედ პირველი მოსარჩელის პროტესტის გამო, რის შემდეგაც მოპასუხისთვის თანხა აღარ მოუთხოვია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რა მიზეზითაც არ უნდა შეეწყვიტა მესამე პირს რემონტი, ნათელია, რომ მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ჯეროვად ასრულებდა. 01.03.2014წ. ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს მესამე პირისათვის თანხა ეტაპობრივად უნდა ჩაერიცხა. შესაბამისად, თუ ეს ვალდებულება მესამე პირის მიერ სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიმდინარეობასთან იყო დაკავშირებული, სამუშაოების შეწყვეტის შემთხვევაში, მოპასუხე მას თანხას, ცხადია, აღარ გადასცემდა. აქედან გამომდინარეობს, რომ მოპასუხეს 01.03.2014წ. ხელშეკრულება არ დაურღვევია და მისთვის მესამე პირის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების დავალდებულება დაუშვებელია.

20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენებული ზიანი ექვემდებარება. შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხეს ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია, იგი არ არის ვალდებული მოსარჩელეებს ზიანი აუნაზღაუროს.

21. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი მოსარჩელისათვის ბინის ქირის გადახდის ვალდებულებაზე მხარეები არცერთი ხელშეკრულებით შეთანხმებულან. 27.04.2011წ. ხელშეკრულების 2.5. პუნქტით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო პირველი მოსარჩელე „საცხოვრებელი ფართით მანამ, სანამ არ დასრულდებოდა ამ ხელშეკრულებაში მითითებული სახლი სრულად“. ხელშეკრულების ეს პუნქტი პირველ მოსარჩელეს ანიჭებდა უფლებას მოპასუხისაგან საცხოვრებელი ფართის გადაცემა მოეთხოვა. პირველ მოსარჩელეს ამ მოთხოვნით მოპასუხისათვის არ მიუმართავს და არც შესაბამისი სარჩელი აღუძრავს. მას არც ის მიუთითებია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ამ ვალდებულების შესრულება შეუძლებელი იყო. მოპასუხე არ იყო ვალდებული მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით ნაკისრი შესრულების ნაცვლად თანხა გადაეხადა. ამასთან, თავად მოსარჩელეთა თქმით, ეს ვალდებულება მოპასუხეს სახლის ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში მიყვანამდე ეკისრებოდა. თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნაც სწორედ ამგვარად იყო ფორმულირებული. თუმცა, ეს ვალდებულება მოპასუხემ 2014 წლის 01 მაისისთვის შეასრულა და ამის შემდეგ მოსარჩელეთა მიმართ მისი ვალდებულება შეწყდა. შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხისათვის 2014 წლის დეკემბრიდან ქირის გადახდის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა.

22. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საცხოვრებელი სახლის თავდაპირველ პროექტთან შესაბამისობა დავის საგანთან კავშირში არ არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეთათვის გადაცემული ქონება „აზომვითი ნახაზების“ შესაბამისი უნდა ყოფილიყო. ამგვარი ნახაზი საქმეში წარდგენილი არ არის, თუმცა მოსარჩელეებს არ მიუთითებიათ იმ გარემოებაზე, რომ მათთვის გადაცემული ქონება ნახაზთან შესაბამისობაში არ იყო.

23. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.11.2016წ. საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განჩინება საქმეში წერილობითი სახით არ არსებობს, ხოლო საოქმო ფორმით მხოლოდ მისი არასრული სარეზოლუციო ნაწილის მოსმენაა შესაძლებელი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, ის უნდა გაუქმდეს.

24. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

25. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

25.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხემ მესამე პირს 2014 წლის 01 მაისისთვის 58 800 ლარი გადაუხადა;

25.2. სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია და არასწორად შეაფასა 01.03.2014წ. ხელშეკრულების შინაარსი. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, შეზღუდული იყო მოპასუხის მიერ თანხის გადახდის ფორმა და წესი. კერძოდ, მას თანხა მესამე პირისთვის უნდა გადაერიცხა ეტაპობრივად, ანუ ნებისმიერი წესით, მით უფრო ბუღალტერიის გვერდის ავლითა და ხელზე გადაცემით არ უნდა მომხდარიყო გადახდა. მხოლოდ თანხის სრულად გადარიცხვის (და არა სხვა წესით გადახდის) შემდეგ ჩაეთვლებოდა მოპასუხეს ვალდებულება შესრულებულად. საქმეში არ მოიპოვება მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებისა და მესამე პირისათვის თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება. თანხის გადახდის ეს წესი ხელშეკრულების მესამე მხარის, მოსარჩელეთა მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის საშუალებას წარმოადგენდა და გადახდის წესისა და ფორმის შეცვლას ამ უკანასკნელის თანხმობა ესაჭიროებოდა. სულ მცირე მათ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მაინც უნდა ჰქონოდათ. თუმცა, მოპასუხეს მოსარჩელეებისათვის არ უცნობებია ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობის ცვლილებისა და მესამე პირისათვის ხელზე 58 800 ლარის სრულად გადაცემის თაობაზე;

25.3. 01.05.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტს იურიდიული ძალა შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მოპასუხისა და მესამე პირის ურთიერთობისთვის (თუმცა, არც მესამე პირი ადასტურებს ამ თანხის ხელზე გადაცემის ფაქტს. არამედ, მისი დირექტორი აცხადებს, რომ გადარიცხვის გზით მიიღო მხოლოდ თანხის ნაწილი), მას იურიდიული ძალა არ შეიძლება ჰქონდეს მესამე პირებისთვის, რომელთა მიმართაც ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 01.03.2014წ. ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით;

25.4. სადავო არ არის, რომ მოპასუხე 2014 წლის 01 დეკემბრამდე პირველ მოსარჩელეს უხდიდა ბინის ქირას, ანუ ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოხდა ამგვარად, მხარეები ამგვარ შესრულებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისად, როდესაც მოპასუხემ პირველ მოსარჩელეს ბინის ქირის გადახდა შეუწყვიტა, სწორი იყო კვლავ ბინის ქირის მოთხოვნა.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენიათ.

32. კასატორები დავობენ, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა მოპასუხის მიერ მესამე პირისათვის 58 800 ლარის გადახდის ფაქტი. მათი მტკიცებით, 01.05.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტი აღნიშნულის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს, ვინაიდან 01.03.2014წ. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო მესამე პირისათვის თანხის გადახდის წესი და ფორმა, კერძოდ, თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო გადარიცხვის გზით, ეტაპობრივად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

33. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

34. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).

36. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული 01.05.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტის (იხ. ტ. I, ს.ფ. 103) თანახმად, მოპასუხის მიერ 2014 წლის 01 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულია, ხოლო მესამე პირს მიღებული აქვს 58 800 ლარი. აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ მოპასუხისა და მესამე პირის დირექტორები, რომელთა ხელმოწერების ნამდვილობა სადავო არ არის. მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ აღნიშნულის საწინააღმდეგო, სათანადო მტკიცებულება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ ჯეროვნად შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მესამე პირს სრულად გადასცა 01.03.2014წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. აღნიშნულ დასკვნას ვერ გააქარწყლებს მხოლოდ ის გარემოება, რომ 01.03.2014წ. ხელშეკრულებით მხარეები თანხის მესამე პირისათვის „ჩარიცხვაზე“ იყვნენ შეთანხმებულები.

37. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის მიერ მესამე პირისათვის 58 800 ლარის გადახდის ფაქტი, ხოლო 01.03.2014წ. ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხის მიერ მესამე პირისათვის 58 800 ლარის გადახდის შემდეგ მოპასუხეს მოსარჩელეთა კუთვნილი ბინების გარემონტების ვალდებულება შესრულებულად ჩაეთვლებოდა, მოპასუხისათვის სარემონტო სამუშაოების შესრულების დავალდებულება დაუშვებელია.

38. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან 27.04.2011წ. და 16.09.2013წ. ხელშეკრულებებით მოპასუხის მიერ პირველი მოსარჩელისათვის ბინის ქირის გადახდის ვალდებულება გათვალისწინებული არ ყოფილა, არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

40. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

41. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

42. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, მეორე მოპასუხის მშობელი (დედა), მეოთხე მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, მეოთხე კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი; მესამე კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი; პირველი კასატორის უფლებამონაცვლეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 537, 90 ლარის 70% – 1076,53 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ხ–ას, ნ.კ–ძის (კანონიერი წარმომადგენელი მ.ხ–ა), მ.ხ–იას, შ.ე–ძის უფლებამონაცვლის ნ.ე–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ნ.კ–ძის მშობელი - დედა მ.ხ–ა, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. კასატორს მ.ხ–ას (პ/ნ ......) დაუბრუნდეს ც.ც–ნის (პ/ნ ......) მიერ 2018 წლის 18 სექტემბერს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. მ.ხ–იას (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ც.ც–ის (პ/ნ .....) მიერ 2018 წლის 18 სექტემბერს №2 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. ნ.ე–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ც.ც–ნის (პ/ნ .......) მიერ 2018 წლის 18 სექტემბერს №3 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 537, 90 ლარის 70% – 1076, 53 (ათას სამოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე