Facebook Twitter

საქმე №ას-1067-2018 8 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ტ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და დაყოვნების ყოველი დღისათვის ასანაზღაურებელი თანხის 0,07 პროცენტის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.ტ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „ბანკი“, „დამსაქმებელი“ ან „აპელანტი“) მიმართ და მოითხოვა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის 05.09.2017წ. №866-კ ბრძანების ბათილად ცნობა; პირვანდელ სამუშაო ადგილზე - ბანკის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის №51 სერვის-ცენტრის ფიზიკური პირების ბანკირის თანამდებობაზე აღდგენა; იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 840 ლარის ოდენობით, 2017 წლის 06 სექტემბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე და პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ დაყოვნებულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის 0,07%-ის ოდენობით.

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. მოსარჩელე 2007 წლის 01 თებერვლიდან დასაქმებული იყო ბანკის №51 სერვის-ცენტრში ფიზიკური პირის ბანკირად. ამ დროის განმავლობაში იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა, არაერთხელ მიუღია მადლობის წერილი ხელმძღვანელი პირებისგან;

2.2. 2017 წლის 19 ივნისს სამუშაო საათების დასრულების შემდგომ მოსარჩელეს დაუკავშირდა იმ ორგანიზაციის ბუღალტერი, რომელსაც მისი მეუღლე ხელმძღვანელობს და განუცხადა, რომ შეცდომით ორგანიზაციის კუთვნილი თანხა შეიტანეს მის პირად ანგარიშზე მოპასუხე ბანკში, ნაცვლად სხვა ბანკისა. ბუღალტერს ბარათი დაკარგული ჰქონდა, რის გამოც წუხდა და მოსარჩელეს სთხოვა მისი ანგარიშიდან აღნიშნული თანხა გადაერიცხა ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მოსარჩელის მეუღლის ანგარიშზე;

2.3. საბანკო ანგარიშზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ვერიფიკაციის კოდის გამოყენებით, რომელიც მისდის მომხმარებელს მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ამ კოდის გარეშე გამორიცხულია საბანკო ტრანზაქციის განხორციელება. შესაბამისად, მოსარჩელეს კოდი გადასცა თავად ბუღალტერმა ნებაყოფლობით და სთხოვა ოპერაციის შესრულება. მოსარჩელემ ეს ოპერაცია შეასრულა ინსტიქტურად და ვერ გაანალიზა, რომ ოპერაციას მისი მეუღლის საბანკო ანგარიშზე ასრულებდა, რაც ეკრძალებოდა. მოსარჩელე ბანკში 11 წლის განმავლობაში მუშაობდა და ეს ვალდებულება არასდროს დაურღვევია, თუმცა იმ მომენტისთვის გაუცნობიერებლად იმოქმედა, ვერ გაანალიზა, რომ საბანკო ოპერაციის მონაწილე მისი მეუღლეც იყო;

2.4. ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის 05.09.2017წ. №866-კ ბრძანებით იმავე წლის 06 სექტემბრიდან შეწყდა მოსარჩელესთან დადებული შრომითი ხელშეკრულება, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

2.5. მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, სხვა უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენების გარეშე.

3. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელის მიერ განხორციელებული ტრანზაქციით დაირღვა „ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკა“, ასევე, ის შესრულდა პირის სერვის-ცენტრში უშუალოდ გამოცხადების გარეშე. გარდა ამისა, მოსარჩელემ არსებითად არასწორი ახსნა-განმარტება მისცა ხელმძღვანელობას და მათი შეცდომაში შეყვანა სცადა.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და მოსარჩელე აღდგენილ იქნა ბანკის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის №51 სერვის-ცენტრის ფიზიკური პირების ბანკირის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელზე ასაღები 840 ლარის ოდენობით, გათავისუფლების მომენტიდან (06.09.2017წ.-დან) სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე, დაყოვნების ყოველი დღისათვის ასანაზღაურებელი თანხის (ყოველთვიურად გადასახდელი - 840 ლარის) 0,07%-ის ანაზღაურება.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, 2017 წლის 19 ივნისს მოსარჩელის მხრიდან შრომის შინაგანაწესის უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. „ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკის“ თანახმად, თანამშრომლისათვის აკრძალულია პერსონალური ტრანზაქციის განხორციელება, რაც გულისხმობს თანამშრომლის ნათესავის დავალებით წარმოებულ ოპერაციას, თანამშრომელს ეკრძალება საბანკო მომსახურების გაწევა საკუთარი თავის ან/და ნათესავისათვის. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მომსახურება გაუწია იმ ორგანიზაციის ბუღალტერს (როგორც ჩვეულებრივ მომხმარებელს), რომლის ხელმძღვანელიც არის მოსარჩელის ნათესავი (მეუღლე), შესაბამისად, მას საბანკო მომსახურება ნათესავის დავალებით არ გაუწევია. აღნიშნული კი ვერ ჩაითვლება შრომის შინაგანაწესით, ამ შემთხვევაში „ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკით“, დაკისრებული ვალდებულების დარღვევად. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ საბანკო ოპერაცია კლიენტის სერვის-ცენტრში არყოფნის პირობებში განახორციელა, აღნიშნული დარღვევა არ წარმოადგენს იმ ხარისხის დარღვევას, რომ სამსახურიდან უპირობოდ გათავისუფლების საფუძველი გახდეს.

6. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, შინაგანაწესი არის დამსაქმებლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სახელმძღვანელოების, დებულებების, ინსტრუქციების, პოლიტიკებისა და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ/განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად და აუცილებელი წესით მოიცავს: „თანამშრომლების კორპორატიულ სახელმძღვანელოს”, „მექრთამეობის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას”, „ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკას”, „შეტყობინების მართვის პოლიტიკას", იმ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებას, ინსტრუქციას, მეთოდოლოგიას ან სხვა შიდა ნორმატიულ დოკუმენტს, სადაც საქმიანობს დასაქმებული და ნებისმიერ სხვა დებულებას თუ სახელმძღვანელოს, რომელიც აუცილებელია შესასრულებლად დასაქმებულის მიერ. შრომითი ხელშეკრულების 3.1. პუნქტით დასაქმებულმა აიღო ვალდებულება დამსაქმებლის წინაშე, რომ სრულად და ჯეროვნად შეესრულებინა ხელშეკრულებით, მათ შორის თანამდებობრივი ინსტრუქციითა და შინაგანაწესით, ნაკისრი ვალდებულებები.

9. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკის“ 4.3.5 პუნქტზე, რომლის თანახმად, აკრძალულია თანამშრომლისათვის ისეთი პერსონალური ტრანზაქციის განხორციელება, რომელიც კონფლიქტში მოდის მის სამსახურებრივ მოვალეობებთან, ასევე, რისკის ქვეშ აყენებს ბანკის რეპუტაციასა და მის კეთილდღეობას, ანიჭებს მას/მისი ოჯახის წევრს და მასთან დაკავშირებულ პირებს რაიმე სახის უპირატესობას (კლიენტთან, თანამშრომელთან და სხვა მესამე პირთან შედარებით); ასევე, „თანამშრომელთა კორპორატიული სახელმძღვანელოს“ 2.1.10 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თანამშრომელმა არ უნდა დაუშვას დამსაქმებლის პოლიტიკების, პროცედურებისა და ინსტრუქციების დარღვევა და იმავე სახელმძღვანელოს 2.1.11 პუნქტზე, რომლის თანახმად, თანამშრომელი ვალდებულია არ დაუშვას ფაქტების განზრახ დამახინჯება და ტყუილი განცხადებებსა და მოქმედებებში.

10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში თანხის გადარიცხვა განხორციელდა მოსარჩელის მეუღლის ანგარიშზე, ამ უკანასკნელთან მჭიდროდ დაკავშირებული პირის, კომპანიის ბუღალტრის დავალებით. თუმცა, მოსარჩელის მეუღლის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა შეუძლებელია მასთან შეთანხმებისა და მისი ინფორმირების გარეშე მომხდარიყო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბუღალტერი სამსახურებრივად მოსარჩელის მეუღლის ხელქვეითს და მასზე დამოკიდებულ პირს წარმოადგენდა. აღნიშნულ გარემოებათა ანალიზის შედეგად, ვერ გამოირიცხება მოსარჩელის მეუღლის მონაწილეობა მოსარჩელის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის შესრულებაში.

11. სააპელაციო პალატის მითითებით, იმ გარემოების გაზიარების შემთხვევაშიც, რომ მოსარჩელეს უშუალოდ მისი მეუღლისგან არ მიუღია დავალება, თვალნათლივ ჩანს, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული მოქმედებით სხვა მესამე პირებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა როგორც მისი მეუღლე, ასევე, მეუღლესთან მჭიდროდ დაკავშირებული პირი და, შესაბამისად, დაირღვა „ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკის" მოთხოვნები.

12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №8/04 ბრძანების 3.6 მუხლის მიხედვით, კლიენტისთვის დისტანციურად მომსახურების გაწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ საგამონაკლისო შემთხვევაში, თუ ასეთი მომსახურების შესახებ არსებობს სპეციალური შეთანხმება მხარეებს შორის და ბანკს ასეთი მომსახურების გასაწევად დანიშნული ჰყავს სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები (სოლო ბანკირები, ქოლ-ცენტრის ოპერატორები). დისტანციური მომსახურების გაწევა სერვის-ცენტრის მოლარე-ოპერატორის კომპეტენციას არ წარმოადგენს და იგი არ არის უფლებამოსილი განახორციელოს დისტანციური ტრანზაქციები. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ საგადახდო დავალების ბლანკიანი ფურცელი შეავსო თვითნებურად, კლიენტის უშუალო ჩართულობის გარეშე, წაიღო სერვის-ცენტრიდან, ხელი მოაწერინა და მეორე დღეს დააბრუნა ფილიალში. მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტერს შეეძლო ბანკის ფილიალში პირადად მისვლა, მან მიმართა მოსარჩელეს, ამ უკანასკნელმა კი, ყოველგვარი მნიშვნელოვანი გამართლების გარეშე, გამიზნულად დაარღვია, როგორც შინაგანაწესის შემადგენელი დოკუმენტები, ასევე, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესები.

13. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ განხორციელებული დარღვევის შესაფასებლად ყურადსაღებია ის გარემობაც, რომ მან მნიშვნელოვნად არ მიაჩნია დამსაქმებლის შიდა პროცედურები. კერძოდ, დადგენილია, რომ სადავო ტრანზაქცია განხორციელდა 17:58:31სთ.-ზე, საოპერაციო დღის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, ხოლო 2017 წლის 24 ივლისის წერილით მოსარჩელემ მონიტორინგის სამსახურს განუცხადა, რომ მან არ იცოდა ტრანზაქციის ოჯახის წევრის ანგარიშზე განხორციელების შესახებ, რადგან ანგარიშის ნომრით ამის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. მოგვიანებით კი, 2017 წლის 15 აგვისტოს ელექტრონული წერილით მოსარჩელემ განაცხადა, რომ მან „თავად მოაწერინა ხელი მომხმარებელს" საგადახდო დავალებაზე. მოსარჩელემ სასამართლოსაც დაუდასტურა ის გარემოება, რომ სამსახურებრივი დოკუმენტი გაიტანა სერვის-ცენტრის შენობის გარეთ და ისე მოაწერინა ხელი. ამდენად, მოსარჩელემ 2017 წლის 24 ივლისს შეგნებულად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა მონიტორინგის სამსახურს, ვინაიდან მან გააზრებულად განახორციელა რა მისი მეუღლის ანგარიშზე გადარიცხვა, შემდგომში დოკუმენტი გაიტანა სერვის-ცენტრის შენობის გარეთ და შექმნა ისეთი გარემოება, თითქოს მომხმარებელს შენობაში მოემსახურა. ამასთან, მოსარჩელემ 2017 წლის 17 ნოემბერს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე სასამართლოს შეკითხვაზე - გაიმეორებდა თუ არა აღნიშნულ დარღვევას დღესაც, დაადასტურა რომ გაიმეორებდა, ხოლო მოსამართლის შეკითხვაზე - იგივე უპირატესობით მოემსახურებოდა თუ არა სხვა პირს, მოსარჩელემ განაცხადა, რომ არ მოემსახურებოდა.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბანკის შრომის შინაგანაწესის, სხვა დისციპლინური თუ სამართლებრივი აქტებისა და შრომითი ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული მოვალეობების უხეშ დარღვევას. შესაბამისად, მასთან შრომითი ურთიერთობა მართლზომიერად შეწყდა.

15. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

16. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

16.1. მოსარჩელე თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლდა, სხვა ალტერნატიული, უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა. მოსარჩელეს არაერთხელ მიუღია მადლობის წერილი ხელმძღვანელი პირებისგან. ამასთან, გაყიდვების მიხედვით, მომხმარებლების ჭრილში, მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე თვის განმავლობაში საუკეთესო ათეულში შედიოდა;

16.2. მოსარჩელემ მომსახურება გაუწია მასთან ნათესაური კავშირის არმქონე მომხმარებელს, შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია საბანკო მომსახურების გაწევას ნათესავის დავალებით, რაც გამორიცხავს პერსონალური ტრანზაქციის განხორციელებას „ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკის“ მიზნებისათვის და მოსარჩელის მხრიდან რაიმე სახის ვალდებულების დარღვევას. ის გარემოება, რომ თანხის ჩარიცხვა მოხდა მოსარჩელის მეუღლის ანგარიშზე, ვერ იქნება ტრანზაქციის პერსონალურად მიჩნევის საფუძველი. ორგანიზაციის ბუღალტერი მოსარჩელის მეუღლესთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირად ვერ მიიჩნევა;

16.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მეუღლის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა შეუძლებელია ამ უკანასკნელთან შეთანხმებისა და მისი ინფორმირების გარეშე მომხდარიყო. გადარიცხვის განხორციელების მომენტში მოსარჩელემ ვერ გაიაზრა, რომ თანხას მისი მეუღლის ანგარიშზე რიცხავდა, რაც თავისთავად გამორიცხავს მათ შეთანხმებასა და მოსარჩელის მიერ პერსონალური ტრანზაქციის განხორციელებას. მოსარჩელის მეუღლე თანხის გადარიცხვის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა;

16.4. უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელეს მნიშვნელოვნად არ მიაჩნდა დამსაქმებლის შიდა პროცედურები. მოსარჩელე ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მნიშვნელოვნად მიაჩნდა ბანკის შიდა პროცედურები/დოკუმენტები, რაც დასტურდება მის მიერ ხელმძღვანელი პირებისგან მიღებული არაერთი მადლობის წერილით;

16.5. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ საგადახდო დავალებაზე მომხმარებელს ხელი სერვის-ცენტრის შენობის გარეთ მოაწერინა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უხეშ დარღვევად ვერ შეფასდება, ვინაიდან სერვის-ცენტრის შენობის გარეთ დოკუმენტზე ხელის მოწერა დისტანციური მომსახურების პროდუქტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მოსარჩელეს არ განუხორციელებია საბანკო სექტორისთვის უჩვეულო ქმედება. მან ბუღალტერს გაუწია დისტანციური მომსახურება, რაც საბანკო მომსახურების სფეროში მიღებულ ფორმას წარმოადგენს და მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის საბანკო ოპერაციების შესრულების გამარტივებას;

16.6. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება მოსარჩელის მხრიდან არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე, რადგან მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ დეტალების დაზუსტებას;

16.7. მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებას არ გამოუწევევია ვინმეს უფლებების დარღვევა და მძიმე ქონებრივი შედეგი;

16.8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

16.9. სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა სასამართლო ხარჯის განაწილების საკითხი.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

23. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის მართლზომიერება. კასატორი დავობს, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევას.

24. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე №ას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).

26. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; №ას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).

27. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).

28. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1056-996-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).

29. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით/შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებები და იგი მართლზომიერად გათავისუფლდა სამსახურიდან, ეკისრებოდა მოპასუხეს/დამსაქმებელს.

30. საკასაციო სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის (მისი შემადგენელი შიდა ნორმატიული დოკუმენტების) ანალიზის საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებით/შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტს.

31. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ იმ ორგანიზაციის ბუღალტერის თხოვნით განხორციელებული ტრანზაქციით, რომელსაც მისი მეუღლე ხელმძღვანელობდა, დაარღვია შრომის შინაგანაწესით, კერძოდ, „ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკით“ გათვალისწინებული პერსონალური ტრანზაქციების განხორციელების აკრძალვის პირობა, ვინაიდან მან მისი მეუღლის დაქვემდებარებაში მყოფი პირის პირადი ანგარიშიდან თანხა მეუღლის ანგარიშზე გადარიცხა. თანაც, როგორც სარჩელში თავად განმარტა, ბუღალტერმა მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა ორგანიზაციის კუთვნილ თანხას წარმოადგენდა. ამასთან, ტრანზაქცია განახორციელა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, ბუღალტერის ბანკში გამოცხადების გარეშე, რისი უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა. შესაბამისად, მოსარჩელის ამ ქმედებით მისი მეუღლე (რომელიც „ინტერესთან კონფლიქტის მართვის პოლიტიკის“ მიზნებისთვის თანამშრომლის ნათესავად მიიჩნევა) სხვა მესამე პირებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ სხვა პირებს იგივე უპირატესობით არ მოემსახურებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელემ საგადახდო დავალების ბლანკიანი ფურცელი თვითნებურად გაიტანა სერვის-ცენტრიდან, ბუღალტერს ხელი მოაწერინა და მეორე დღეს ფილიალში დააბრუნა. ამდენად, მოსარჩელემ ასევე დაარღვია საბანკო ოპერაციების შესრულებისათვის დადგენილი პროცედურა.

32. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილ დარღვევასთან ერთად, ამ ფაქტთან დაკავშირებით ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, ბანკის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ნდობის დაკარგვის ობიექტური საფუძველია.

33. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებები იძლევა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას, რაც მოსარჩელის გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს წარმოადგენდა.

34. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, თუმცა იგი არ მიუთითებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, მისი ეს პრეტენზია არის ზოგადი, რაც შეუძლებელს ხდის მასზე საკასაციო სასამართლოს მსჯელობას.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. კასატორი დავობს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა სასამართლო ხარჯები, თუმცა, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარჯების განაწილების მართლზომიერებაზე.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ნ.ტ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს ლ.ჩ–ის მიერ 2018 წლის 10 აგვისტოს №12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე