Facebook Twitter

საქმე №ას-1087-2018 8 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ო.ტ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ი (ჯ. ჯ–ი)“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დანიშვნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ო.ტ–ძე (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) მუშაობდა შპს "ს–ის (ჯ. ჯ–ი)" (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „საწარმო“) ტ. მ. სახელობის №6 მაღაროში მიწისქვეშა წმენდითი სანგრევის სამთო მუშის თანამდებობაზე 2011 წლის 01 აგვისტოდან და მისი საშუალო ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 850 ლარს.

2. საწარმოში მომხდარი უბედურის შემთხვევის შედეგად, 2014 წლის 12 ნოემბერს მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა და დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უვადოდ.

3. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ–ის“ 18.04.2017წ. კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის პროფესიული და შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი არის 70%. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის პროფესიაა „მუშა“ (მუშაობდა ნახშირმომპოვებელი უბნის მიწისქვეშა წმენდითი სანგრევის სამთო მუშად), მისი ფიზიკური დატვირთვის მხედველობაში მიღებით, იგი აღნიშნული საქმიანობის გასაგრძელებლად უნარმოკლებულია.

4. საწარმოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 01 ივნისის ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლდა სამუშაოდან, ჯანმრთელობის მდგომარების გამო.

5. მოსარჩელეს შპს „ი–ში“ 2017 წლის 15 იანვარს ჩაუტარდა მეორე ოპერაცია, რომელშიც გადახდილია 2200 ლარი.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის: სარჩოს გადახდის დაკისრება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან (01.06.2015წ.-დან) სასამართლოში სარჩელის შეტანის დღემდე (11.08.2016წ.-ის ჩათვლით) ყოველთვიურად 595 ლარის, ჯამში 8 330 ლარის ოდენობით; სარჩოს გადახდის დაკისრება 2016 წლის 12 აგვისტოდან ყოველთვიურად 595 ლარის ოდენობით (საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის განაკვეთის ჩათვლით) და მეორე ოპერაციისათვის გაწეული ხარჯის - 2200 ლარის გადახდის დაკისრება.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს ერთობლივი თანხის გადახდა, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან, 01.06.2015 წლიდან სარჩელის აღძვრამდე, 12.08.2016 წლის ჩათვლით, ჯამში 8330 ლარის ოდენობით (ყოველთვიური სარჩოს სახით 595 ლარის ოდენობით) (1.1. პუნქტი); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 12 აგვისტოდან სარჩოს გადახდა ყოველთვიურად 595 ლარის ოდენობით, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით (1.2. პუნქტი); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ხარჯის (მეორე ოპერაციის თანხა) 2200 ლარის ანაზღაურება (1.3. პუნქტი).

9. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1.2. პუნქტში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს გადახდა ყოველთვიურად 595 ლარის ოდენობით, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, 2016 წლის 12 აგვისტოდან მოსარჩელის მიერ საპენსიო ასაკის (65 წელი) მიღწევამდე; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ უბედური შემთხვევა მოსარჩელის უყურადღებობით იყო გამოწვეული. სასამართლოს განმარტებით, ამგვარ შეფასებას სრულად გამორიცხავს საქმეში წარდგენილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 04.04.2016წ. კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დგინდება, რომ რ.ს–ძე, რომელიც მუშაობდა მ–ის სახელობის მაღაროს სამთო ოსტატად, 2014 წლის 11-12 ნოემბერს პასუხისმგებელი იყო აღნიშნულ საწარმოში უსაფრთხოების წესების დაცვაზე. მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ,,ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის’’ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის შედეგადაც 2014 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 3 საათსა და 10 წუთზე, ქ. ტ. მ–ის სახელობის ,,შახტაზე’’ სამთო სამუშაოების წარმოებისას ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო სამთო მუშამ, მოსარჩელემ. აღნიშნული ასევე დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, სამსახურებრივი მოკვლევის მასალებითა და მოსარჩელისა და თავად რ.ს–ძის ჩვენებებით. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები ვერ გაბათილდება მოპასუხის მიერ შედგენილი უბედური შემთხვევის აქტით, რომლის თანახმად, უბედური შემთხვევის მიზეზს თვით ტრავმირებულის მოდუნება წარმოადგენდა.

13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ბრალეულმა ქმედებამ, საწარმოში უსაფრთხოების წესების დაუცველობამ, მოსარჩელის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, რასაც შედეგად მოჰყვა მისი პროფესიული და საერთო შრომის უნარის დაკარგვა 70%-ით, უვადოდ. აღნიშნული წარმოადგენს საწარმოო ტრავმას, რაც ზიანის ანაზღაურების, სარჩოს დაკისრების საფუძველია.

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების, საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში, დასაბუთებულია ვარაუდი, რომ მოსარჩელე, რომელიც 63 წლის არის, იმუშავებდა თავისი პროფესიით და მიიღებდა იმ შეღავათებსა და უპირატესობას, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი მუშაკი. რაც შეეხება სარჩოს გადახდის პერიოდს, იმისათვის, რომ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომაც განხორციელდეს სარჩოს გადახდა, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ მის ასაკში მყოფი პირები დასაქმებულნი არიან კონკრეტულ დარგში და ხანდაზმული ასაკი ამისათვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მას ზიანის არარსებობის პირობებში შეეძლო შეესრულებინა აღნიშნული სამუშაო იმგვარად, რომ დამსაქმებელთან შეენარჩუნებინა მისთვის ამ მიმართულებით სამუშაო ადგილი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც.

15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 408-ე, 411-412-ე, 992-ე, 997-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩოს გადახდის დაკისრება მიზანშეწონილად მიიჩნია საპენსიო ასაკის მიღწევამდე.

16. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარდგენილ კომისიური ექსპერტიზის №01-02/11 დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი მოსარჩელის ავადმყოფობის ისტორია და ის ოპერაციები, რაც მას აქვს ჩატარებული. შესაბამისად, ამით დადგენილია, რომ მან მეორე ოპერაციისთვის გასწია ხარჯი 2200 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

17. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

18. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

18.1. სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია კონკრეტული ნორმა, რომელიც ადგენს შეძლებდა თუ არა დასაქმებული 65 წლის ასაკის შემდგომ სამუშაოს გაგრძელებას იმავე ან სხვა საწარმოში. ყველა ადამიანის შრომისუნარიანობა ინდივიდუალურია, შესაბამისად, კანონით ასეთი ასაკობრივი აკრძალვა არ არსებობს;

18.2. მოპასუხე საწარმოში დასაქმებული არიან საპენსიო ასაკს გადაცილებული პირები, შესაბამისად, ამ მოტივით გადაწყვეტილების შეცვლისას სასამართლოს მტკიცების ტვირთი მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინა.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

24. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

25. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დაზარალებულისათვის სარჩოს საპენსიო ასაკის მიღწევამდე დანიშვნის მართლზომიერება.

26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა დაკავშირებულია დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან. სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის შრომით ანაზღაურებას. სარჩოს მიღებით პირი შემოსავლით უზრუნველყოფილია ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსარჩელის მიერ სამუშაოსა და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობის დაკარგვა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს, თუმცა განუსაზღვრელი ვადით სარჩოს დაწესება თავისთავად არ გულისხმობს სარჩოს უვადოდ გადახდის ვალდებულებას. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმდენით, რამდენითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას.

28. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პრეზუმირებულია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული საწარმო აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საპენსიო ასაკის მიღწევისას კი, იცვლება პრეზუმფციის შინაარსი და იგი მოქმედებს საწინააღმდეგო მნიშვნელობით. ვარაუდის ჭრილში უკვე განიხილება დაზარალებულის მუშაობის პერსპექტივა და ამგვარი საგამონაკლისო შემთხვევების დადასტურების მოვალეობა დაზარალებულის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნულის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც გონივრულად არის მოსალოდნელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

29. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია სარჩოს დაკისრებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-738-690-2017, 11 ივლისი, 2017 წელი; №ას-1062-2018, 21 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-52-48-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი; №ას-1039-2018, 06 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-1392-2018, 14 დეკემბერი, 2018 წელი; ას-1349-2018, 31 მაისი, 2019 წელი; №ას-1810-2018, 31 მაისი, 2019 წელი), ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის არაკვალიფიციური, დაუსაბუთებელი და არ შეიცავს კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას. კასატორმა ვერ დაადასტურა, რომ მას ზიანის არარსებობის პირობებში შეეძლო შეესრულებინა მიწისქვეშა წმენდითი სანგრევის სამთო მუშის ფუნქციები და სამუშაო ადგილი შეენარჩუნებინა საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

32.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ო.ტ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ო.ტ–ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე