Facebook Twitter

საქმე №ას-1294-2022 23 დეკემბერი, 2022 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ა–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ი.ა–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი გ.ბ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 44 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი სამართლებრივი საკითხები განმარტა:

3.1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება მარკა, მოდელი - CADILAC GTS, რეგისტრაციის ნომერი LL838UU, გამოშვების წელი 2016, სედანი, ფერი - რუხი 7/8 საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე;

3.2. 2018 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, .... ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, მოპასუხემ, რომელიც მართავდა BMW-ს მარკის ავტომობილს, რეგისტრაციის ნომერი …., ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და დაეჯახა მოსარჩელის მართვის ქვეშ მყოფ, CADILAC- ის მარკის ავტომობილს (იხ. 3.1 ქვეპუნქტი). ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის შვილმა - ე.ა–ძემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება;

3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით დადგენილია, რომ მოპასუხემ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი დაარღვია, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ კვალიფიკაციით ცნობილი იქნა დამნაშავედ;

3.4. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 22 ნოემბრის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი CADILAC-ის მარკის ავტომობილისათვის, რეგისტრაციის ნომერი .., მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა 44 000 ლარს შეადგენს;

3.5. მოპასუხის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2021 წლის 22 მარტის N001919221 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპლუატაციაში ნამყოფი 2016 წელს დამზადებული CADILAC CTS -ის მახასიათებლების ავტომობილის ძრავის საბაზრო ღირებულება, დასკვნის შედგენის დროისთვის, შეადგენდა: ძრავი - 3 300 ლარს, გადაცემათა კოლოფი - 3 300 ლარს, საჭის აირბალიში - 600 ლარს, მოწყობილობათა დაფა აირბალიშით - 1 000 ლარს;

3.6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს მოთხოვნის დამფუძნებლი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის სჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები;

3.7. სსკ-ის 992-ე მუხლი ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომლის არსი ისაა, რომ იგი არასახელშეკრულებო ზიანის საფუძველზე წარმოიშობა, განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამ მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“). პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (სუსგ-ები: N ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; N ას-176-163-2015, 04.10.2016; N ას-1426-2018, 11.04.2019);

3.8. როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც განსახილველ სასამართლო პროცესში მოსარჩელეს წარმოადგენს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესების წონასწორობის აღდგენაზე (სუსგ N ას- 1322-2018, 4.04.2019);

3.9. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის ნორმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო კომპონენტის/წინაპირობის არსებობა: მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის; მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ ზიანის ოდენობა;

3.10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, „ქონებრივი] ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი)“ (იხ. სუსგ-ები: Nას-201-2019(b), 14.03.2019, §46; N ას-929-869-2017, 27.12.2017, §64; N ას-167-163-2016, 01.07.2016, §58);

3.11. ზიანის მოცულობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, სასამართლო გაიმეორებს, რომ დელიქტური ვალდებულების ფარგლებში, ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების საგანს. ზიანის მოცულობაზე შედავების ვითარებაში, კი მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს სათანადო მტკიცებულება, რომლითაც გაბათილდება მოსარჩელის მიერ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცება. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან;

3.12. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ზიანის ოდენობის მტკიცების მიზნით წარმოდგენილი აქვს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა (იხ. 3.4 ქვეპუნქტი), რომელიც ჩატარებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის 2018 წლის 5 ნოემბრის მიმართვის საფუძველზე, მოპასუხის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. მოპასუხემ სადავო გახადა მითითებული დასკვნა და მის გასაბათილებლად წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (იხ. 3.5 ქვეპუნქტი), რომლითაც დადგენილია 2016 წელს გამოშვებული CADILAC-ის მარკის ავტომობილის მეორადი ორიგინალი ძრავის და წინა უსაფრთხოების ბალიშების საბაზრო ღირებულება;

3.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 172-ე მუხლის მიხედვით ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (სუსგ N ას-1125-1389-09, 26.03. 2010 წ.);

3.14. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სასამართლო სხდომაზე მოწვეული ექსპერტის - ზურაბ შანიძის ახსნა-განმარტება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დეტალურად აღწერა მეთოდოლოგია, რაც გამოიყენა ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის შეფასებისას; ექსპერტმა განმარტა, რომ წარმოდგენილი დასკვნის შედგენისას იხელმძღვანელა მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე არსებული ფასებით, ასევე, - ავტონაწილების მაღაზიებში ახალი ნაწილების ფასებით, რასაც გამოაკლო ცვეთის შესაბამისი ღირებულება. ასევე განმარტა, რომ დაზიანებული ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის მოცულობის და დაზიანებული ნაწილების ფასების გათვალისწინებით, მიზანშეუწონელი იყო მისი აღდგენა; დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტმა უშუალოდ დაათვალიერა აღნიშნული ავტომობილი. აღწერილია ცალკეული დაზიანებები: ავტომობილის დეფორმირებული, დამტვრეული და დაზიანებული ნაწილების სახით; პასუხი აქვს გაცემული კითხვას, თუ რატომ შეაფასა ექსპერტმა ზიანი ავტომობილის დაზიანებამდე მისი საბაზრო ღირებულებისა და მისი ნარჩენი ღირებულების სხვაობით. საააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნის გაცემის თარიღია 2018 წლის 22 ნოემბერი, შესაბამისად, ის ჩატარებულია ავტოსაგზაო შემთხვევის თარიღიდან მოკლე დროში, ასახავს კონკრეტულ დაზიანებებს და დასაბუთებულად ადგენს ზიანის მთლიან ღირებულებას;

3.15. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი დასკვნის შესწავლისა და ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ იგი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის გაქარწყლების საფუძვლად არ გამოდგება, ვინაიდან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნით მხოლოდ დაზიანებული ავტომობილის ანალოგიური მახასიათებლების ცალკეული ნაწილების საბაზრო ფასია დადგენილი. მოპასუხის დასკვნა არ არის მიმართული მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების - ზიანის ოდენობის დადგენისკენ. იგი არ შეიცავს ინფორმაციას სადავო ავტომობილის საბაზრო ღირებულებისა თუ ნარჩენი ღირებულების შესახებ, რაც შეიძლებოდა შეფასებულიყო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლებოდა განხილულიყო მოცემულ საქმეზე ზიანის ოდენობის დადგენისთვის მნიშვნელობის მქონე შესატყვის მტკიცებულებად;

3.16. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საპირისპირო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარი ექსპერტის (21 წლის პროფესიული სტაჟით) სასაქონლო დასკვნა (იხ. წინამდებარე განჩინების 3.4 ქვეპუნქტი), რომლის მიხედვითაც მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელის მიმართ დამდგარი ზიანის ოდენობა 44 000 ლარს შეადგენს, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას და შესაბამისად, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელის კუთვნილი მარკის ავტომობილის დაზიანებით, მას 44 000 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა;

4.2. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია არაკვალიფიციურად და რეალურად არ ასახავს, თუ რა ღირებულების ზიანი მიადგა მოსარჩელეს. როგორც ექსპერტმა დაკითხვისას განაცხადა, მოცემულ შემთხვევაში, მან დაზიანებული ნივთის აღდგენის შეფასების მიმართ გამოიყენა შედარების მეთოდი, თუმცა დასკვნით არ დგინდება, თუ რა რას შეადარა და როდის განახორციელა მან ეს შედარება;

4.3. მოპასუხის მიერ დანიშნული იყო ალტერნატიული ექსპერტიზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, თუმცა ვერ ჩატარდა იმის გამო, რომ მოსარჩელის განცხადებით, ავტომანქანის ნაწილების გარკვეული ნაწილი უკვე გასხვისებული იყო და არ არსებობდა საგანი, რაზედაც შესაძლებელი იქნებოდა ექსპერტიზის ჩატარება. შემდეგ მოპასუხემ დააყენა შუამდგომლობა, რომ მოსარჩელისგან გამოთხოვილიყო ინფორმაცია, თუ რა ფასად იყო შესაბამისი ავტომანქანის ნაწილები რეალიზებული, რაზედაც მოსარჩელის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს, ხოლო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

8. საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერ არის მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

10. საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა, აგრეთვე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება და სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად ზემდგომი ინსტანციის სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არაკვალიფიციურია. კასატორის განმარტებით სასამართლო არასწორად დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვა და ის გარემოება, რომ მოპასუხეს მოსარჩელემ შეუშალა ხელი დეტალური ხარჯთაღრიცხვის შედგენაში. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნების შესწავლისა და ექსპერტის ახსნა-განმარტების მოსმენის საფუძველზე (იხ. ამ განჩინების 3.12-3.15 ქვეპუნქტები), სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სარწმუნოა და მასში მითითებული თანხა ადეკვატურად ასახავს იმ ზიანს, რაც მოპასუხემ მოსარჩელეს რეალურად მიაყენა.

12. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რადგან ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადეკვატურობა.

13. დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელი ოთხივე წინაპირობა სახეზეა, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ (იხ. ამ განჩინების 3.9 ქვეპუნქტი), დაკმაყოფილებულია სსკ-ის 992-ე, 408.1-ე, 409-ე მუხლების გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები (იხ. ამ განჩინების 3.6 ქვეპუნქტი) და შესაბამისად, მართებულია, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა (იხ. ამ განჩინების 3.16 ქვეპუნქტი), მოპასუხისათვის მოსარჩელის სასრგებლოდ, სარჩელით მოთხოვნილი 44 000 ლარის დაკისრების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მტკიცებულების ერთ-ერთ სახედ იცნობს ექსპერტიზის დასკვნას (სსსკ-ის 162 მუხლი), ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევი მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა კი, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ექსპერტის დასკვნის მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებულია მთელ რიგ პროცედურულ ასპექტებზე, კერძოდ, სწორად გაიგო თუ არა ექსპერტმა დასმული კითხვა და რამდენად სწორად არის ეს გადმოცემული მის დასკვნაში; რამდენად სწორ საფუძვლებსა და წინაპირობებს ეყრდნობა ექსპერტი; მოყვანილია თუ არა დასკვნაში ის ხერხები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ექსპერტი მივიდა შესაბამის შედეგებამდე; იყო თუ არა გამოსაკვლევი მასალა (ნიმუში) საკმარისი; არის თუ არა გასაგები დასკვნის შედეგი“ (იხ. სუსგ N ას-406-383-2014, 17.04.2015წ; შეად. N ას-917-2021, 17.10.2021წ; ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122).

15. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და დასაბუთებული, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

16. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ჰქონდა გადავადებული და საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 30%-ის გადახდა დაეკისრება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ.ბ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გადავადებული, სახელმწიფო ბაჟის - 2200 ლარის 30%-ის 660 ლარის გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე